კოვიდინფექცია და ნერვული სისტემა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კოვიდინფექცია და ნერვული სისტემა

ეს ცვლილებები შესაძლებელია იყოს ერთდროულიც - პოლისისტემური და პოლიორგანული, თუმცა ეს დაავადება განსაკუთრებული აფილირებით გამოირჩევა ფილტვის ქსოვილისა და სისხლის შედედების სისტემისადმი. არანაკლები გართულებები ფიქსირდება გულ-სისხლძარღვთა, ძვალ-სახსროვან, ენდოკრინულ, შარდ-სასქესო, იმუნურ სისტემებში. საყურადღებო ცვლილებები ვითარდება ცენტრა­ლურ და პერიფერიულ ნერვულ სისტემებში. რა სიმპტომებია ამ დროს? რა მორფოლოგიური და ფიზიოლოგიური ცვლილებები ფიქსირდება თავის ტვინსა თუ პერიფერიულ ნერვში? ამ კუთხით ბოლო მონაცემების გათვალისწინებით იქნება საუბარი ჩვენს მოკლე მიმოხილვაში.

აქ აუცილებლად უნდა გამოიყოს სინდრომები, რომლებიც ვითარდება კოვიდინფექციის მწვავე პერიოდში და მის შემდგომ - ე.წ. „პოსტკოვიდური სინდრომის“ დროს.

დაავადების მწვავე პერიოდში წარმოდგენილი თავის ტვინის ორგანული დაზიანებებიდან ყველაზე ხშირად ფიქსირდება თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლა, რაც ზემოთ ნახსენები სისხლის შედედების დარღვევებითაა განპირობებული. თავის ტვინის მრტ კვლევითა და მორფოლოგიურადაც დაფიქსირებულია მიკროთრომბოემბოლიების არსებობა. საბედნიეროდ, ამ გართულებებმა ბოლო პერიოდში საგრძნობლად იკლო, რაც სისხლის შედედების დროულ და ადეკვატურ წამლისმიერ კორექციას უნდა დავუკავშიროთ.

თავის ტვინის ორგანული დაზიანებებიდან შედარებით იშვიათია კოვიდთან ასოცირებული პირველადი მენინგიტები, მენინგოენცეფალიტები, მიელიტები, ე.წ. გიენ-ბარეს აღმავალი დამბლები, რაც გაცილებით ხშირად ვლინდება სხვა ვირუსული (მაგ. სარსის) პათოლოგიების დროს. ასე, მაგალითად, კოვიდის ფონზე განვითარებული პირველადი მენინგოენცეფალიტი დაფიქსირდა ეპიდემიის დაწყებიდან (ესეც საკამათოა, როდის დაიწყო?) მხოლოდ 1 თვის შემდგომ ქ. უხანში. 24 წლის სტუდენტს განუვითარდა მწვავე მენინგოენცეფალიტი მაღალი სიცხით, კომით (1.6 ქულა გლაზგოს სკალით), სერიული ტონურ-კლონური კრუჩხვებით. საყურადღებოა, რომ ე.წ. კეროვანი პათოლოგია არ დაფიქსირდა. პაციენტი დაახლოებით 3 კვირაში გამოჯანმრთელდა.

მეცნიერები თვლიან, რომ ვირუსი თავისუფლად გადის ჰემატო-ენცეფალურ ბარიერს და იწვევს თავის ტვინის, უპირატესად შუბლის წილის, თეთრი ნივთიერების არასპეციფიკურ ანთებას, ასევე უჯრედისა და ნერვის გარსის დაზიანებას - დემიელინიზაციას. მრტ-ზე დემიელინიზაციასთან ერთად გამოხატულია მიკროინსულტები და ლეიკოენცეფალოპათია. ანთებითი პროცესის ინტენსივობა დამოკიდებულია არა მარტო ორგანიზმში მოხვედრილი ვირუსების რაოდენობაზე, არამედ ორგანიზმის თ და B ლიმფოციტების მდგომარეობაზე, ანუ იმუნური სისტემის მზადყოფნაზე.

მწვავე პერიოდში კოვიდინფექციების დროს პაციენტებს ძირითადად უვითარდებათ მენტალური, ე.წ. „კოგნიტური“ ფუნქციების მოშლა: მეხსიერების, ინტელექტის, აბსტრაქტული აზროვნების დაქვეითება, გარე სამყაროს არასწორი აღქმა: დერეალიზაცია, დეპერსონალიზაცია და სხვა.

მაგალითისთვის, ახლახან ჟურნალ ლანცეტში (The Lancet) გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, კოვიდგადატანილ პაციენტს მთელი 7 ქულით შეუმცირდა IQ კოეფიციენტი. კოვიდინფექცია მნიშვნელოვან ზემოქმედებას ახდენს პერიფერიულ ნერვულ სისტემაზეც, თავის ტვინის თორმეტივე წყვილ ნერვზე, განსაკუთრებით ყნოსვისა და სმენის ნერვებზე, ასევე ვითარდება მონო- და პოლინეიროპათიები, კიდურებში ჩხვლეტა, დაბუჟება, მგრძნობელობის სხვადასხვა ტიპით მოშლის სახით, მიალგიება (კუნთის ტკივილი). მეცნიერთა აზრით, ყველა ეს სიმპტომი უკუქცევადია დროთა განმავლობაში, თუ პაციენტს არ აქვს თანმდევი დაავადებები. მკვლევრები განსაკუთრებით გამოყოფენ ალცჰაიმერის და პარკინსონის დაავადებებს, ასევე შაქრიან დიაბეტს, მიმდინარეს ნეიროპათიებით, რომლის დროს, მსგავსად კოვიდისა, აღინიშნება დემიელინიზიაცია.

ძირითადი გამოვლინებები ნერვული სისტემის მხრივ კოვიდინფექციების დროს, როგორც მწვავე, ისე პოსტკოვიდურ პერიოდში, არის ნევროზული წრის ფსიქოემოციური ტიპის დარღვევები, თუმცა მწვავე პერიოდში გვხვდება ფსიქოზური დარღვევებიც, სმენითი და მხედველობითი ჰალუცინაციებით, ბოდვითი ინტერპრეტაციებით, ცნობიერების სხვადასხვა ტიპის მოშლით (დელირიუმი, ამენცია). ამ სიმპტომების გაჩენა ისევ და ისევ დამოკიდებულია თანმდევ დაავადებებზე: ცერებრულ ათეროსკლეროზზე, ქერქულ ატროფიებზე და სხვა. სხვადასხვა მონაცემით, კოვიდინფექციების დროს 30-80%-ში ვლინდება ნერვული სისტემის ესა თუ ის დაზიანება. სტატისტიკით, სინდრომოლოგიურ გამოვლინებათა კვლევის შედეგები ასეთია:

  • ყნოსვის და გემოვნების დაკარგვა - 72%;
  • ფსიქომოტორული აგზნება - 68%;
  • უძილობა - 42%;
  • ყურადღებისა და კონცენტრაციის დაკარგვა - 38%;
  • შფოთვა - 36%;
  • მნესტიური (მეხსიერების) დარღვევები - 34%;
  • დეპრესია - 33%;
  • თავის ტკივილები - 14%;
  • კრუნჩხვითი განტვირთვები - 0.7-1%.

აღსანიშნავია, რომ ეს სიმპტომოკომპლექსი შესაძლებელია განვითარდეს კოვიდის ძირითადი სიმპტომების გარეშეც (სუნთქვის დარღვევების, ტემპერატურის მომატებისა და ა.შ.). კოვიდის შემდგომ დამახასიათებელია უკვე არსებული დაავადებების გამწვავება.

პოსტკოვიდურ პერიოდში ძირითადად ვითარდება ქროიკული დაღლილობის სინდრომი, დეპრესია მიმდინარე ასთენიით, აპათიით, უღონობით ან პირიქით, აგზნებით, აფორიაქებით, მოუსვენრობით - ე.წ. აჟიტირებული დეპრესიით, უძილობით, პანიკური შეტევებით ან პანიკის გარეშე შემცივნება-წამოხურებით, პულსისა და წნევის თამაშით, შიშებით, აკვიატებებით, თავის ტკივილით, თავბრუსხვევით, სუნთქვის გაძნელებით და სხვა მრავალი სიმპტომით, რომლებიც დამახასიათებელია, საზოგადოდ, ნევროზული წრის დარღვევებისთვის.

ამ გამოვლინებათა მიზეზი არის სტრესი, რომელიც გამოწვეულია კოვიდინფექციის დაფიქსირებით და მის მიერ გამოწვეული ინტოქსიკაციისა თუ გართულებებისგან, რომლებიც ასევე სტრესოგენულია პაციენტებისთვის, და არა კოვიდით გამოწვეული ნერვული სისტემის ზემოხსენებული ორგანული დაზიანებებით. ამას დაუმატეთ ქრონიკული სტრესოგენული სიტუაცია: პანდემიის დაწყებიდანვე სრული დაბნეულობა, გაურკვევლობა, ინფორმაციის დეფიციტი, ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია, ძლიერი შიში დაავადების შედეგებზე, მის მასშტაბებზე, სიკვდილის შიში, ყოველდღიური ინფორმაციები ინფიცირებულთა მზარდი რაოდენობისა და სიკვდილის შესახებ, გამოცხადებული სოციალური შეზღუდვები, ე.წ. „იზოლაციური სინდრომი“, ამასთან ერთად, ეკონომიკური პრობლემები, მძიმე პოლიტიკური სიტუაცია და ა.შ.

საბედნიეროდ, უნდა აღინიშნოს, რომ ნევროზული წრის გამოვლინებათა კორექცია პრობლემა არ არის.

დაბოლოს, გისურვებთ ყველას ჯანმრთელობას! მოგიწოდებთ გაიკეთოთ ვაქცინა თქვენი, თქვენი ახლობლების, ქვეყნის გადარჩენისთვის.