ყოველი დილა ახალი გამოწვევაა, ახალი ომია, რომელშიც მხოლოდ გამარჯვების მიზნით ვერთვებით, მაგრამ ისეთი მომენტებიც დგება, როდესაც უძლურები ვართ
„თვალებს მაინც ისევ ისე ვიხატავ… მართალია, მეორე მხრიდან, ემოცია და ენერგიაგამოცლილი ადამიანი მიყურებს, მაგრამ ეს ერთგვარი პროტესტია და სტიმული იმისა, რომ პაციენტს შეშინებული და დაღლილი „შინაგანი მე“ არ დავანახო. სხვათა შორის, კარგად მუშაობს, რადგან, სხვა გარემოში, სწორედ, ამ თვალებით გვცნობენ ჩვენი გამოჯანმრთელებული პაციენტები.
რთული და მძიმე დრო დაგვიდგა, ერთი შეხედვით, ჩვენივე არჩეული პროფესიაც ეს არის, მაგრამ აღმოჩნდა რომ სხვა, ძალიან უთანასწორო ომში მოვხვდით! ჯერ კიდევ პანდემიის დასაწყისში, როცა ისიც კი არ ვიცოდით, თუ სად იყო სიკვდილი ჩასაფრებული, რა იყო მთავარი იარაღი, როგორ გვემართა შიშშსა და უძლურებას შორის მოქცეული საკუთარი ემოციები, ბევრი კოლეგა დავკარგეთ, თუმცა, მათ შორის, პროფესიისთვის უპატიებელი კაპიტულაციის მიზეზითაც. იმას ვერ ვიტყვი, რომ, ასე ბრმად, ამ სასტიკ, უთანასწორო ბრძოლაში შესვლის არ გვეშინოდა, მაგრამ ეს ჩვენი არჩევანია, რადგან ექიმის პროფესია სხვისი სიცოცხლისთვის ბრძოლაა!
ახლა, როდესაც თეთრ ხალათიანებს „ახალი დროების გმირები“ გვიწოდეს, ხშირად, მეფიქრება, რომ ასეთი მადლიერების ფორმა კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას გვაკისრებს! ყოველი დილა ახალი გამოწვევაა, ახალი ომია, რომელშიც მხოლოდ გამარჯვების მიზნით ვერთვებით, მაგრამ ისეთი მომენტებიც დგება, როდესაც უძლურები ვართ და, ამ დროს, პროფესიის დაკარგვის ზღვარზე ვდგავართ! ასეთ მომენტებში, უხილავი ძალაა ის ენერგია, რომელიც არ გვაძლევს დანებების უფლებას, რადგან უკან იმდენი დაძლეული სირთულე და მოგებული ბრძოლაა, რომ ღირს ახალ ომში ჩართვა! ამ შერკინებას მხოლოდ ერთად ვუმკლავდებით – ერთმანეთის ნდობითა და, ჩვენი ზღვარს გადასული შესაძლებლობების, თქვენი მადლიერებით შევსებული ენერგიით. როგორც თქვენ გჭირდებით ჩვენ, ასევე, მთელი სიმძაფრით, გვჭირდება ჩვენ თქვენი დახმარება, ამიტომ აიცერით და მარტივად გავიაროთ ის განსაცდელი, რომელიც, მხოლოდ, ახალი მეგობრების შეძენითა და მადლიერებით აღსავსე ბედნიერი ისტორიებით დასრულდება!“
„ერთად გავუმკლავდეთ“ - ამ მოწოდების გარშემო გაერთიანდნენ პანდემიასთან შერკინების წინა ხაზზე მებრძოლი ადამიანები, რომელთაც ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო წარმოგიდგენთ. „კოვიდთან მებრძოლები“ და მათი მონათხრობი - ესაა ნამდვილი ისტორიები, რომლებიც უხილავ მტერთან ბრძოლისა და თავდადების ამბავს ასახავს. ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს პროექტი - „ერთად გავუმკლავდეთ“ - კოვიდვაქცინაციის პოპულარიზაციასა და სამედიცინო პერსონალის მხარდაჭერას ემსახურება.
#ერთადგავუმკლავდეთ
#ძლიერიჯანდაცვისთვის
#ვაქცინაგვიცავს
#ჯანდაცვა2021 #ჯეს