კერატოკონუსი - რისკ-ფაქტორები, მკურნალობა, პროგნოზი - გვესაუბრება კლინიკა „ახალი მზერა“-ს გენერალური დირექტორი, პროფესორი მერაბ დვალი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კერატოკონუსი - რისკ-ფაქტორები, მკურნალობა, პროგნოზი - გვესაუბრება კლინიკა „ახალი მზერა“-ს გენერალური დირექტორი, პროფესორი მერაბ დვალი

კერატოკონუსის საერთაშორისო ფონდის ინიციატივით ყოველწლიურად 10 ნოემბერს აღინიშნება კერატოკონუსის მსოფლიო დღე. ამ დღეს მთელი მსოფლიოს ოფთალმოლოგები ერთიანდებიანსაერთო მიზნით - მოსახლეობაში გაზარდონ კერატოკონუსის შესახებ ცნობადობა. აღნიშნულ კამპანიას საფუძვლად დაედო ის ფაქტი, რომ მოსახლეობაში დაავადების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობას უფრო მეტი ზიანის მოტანა შეუძლია, ვიდრე თავად დაავადებას! კერატოკონუსის შესახებ გვესაუბრება სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თვალის სნეულებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, კლინიკა „ახალი მზერა“-ს დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, პროფესორი მერაბ დვალი.

რა დაავადებაა კერატოკონუსი?

კერატოკონუსის პათოგენეზის შესწავლამ სრულიად შეცვალა მრავალი წლის განმავლობაში არსებული განმარტება - „რქოვანა გარსის ორმხრივი, არაანთებითი, პროგრესირებადი დაავადება, რომლის დროსაც რქოვანა თხელდება, არათანაბრად გამოიზნიქება წინ და კონუსისებრ პროფილს იღებს.“ სადღეისოდ ამოღებულია სიტყვა „არაანთებითი“, რადგან პათოგენეზური მექანიზმის შესწავლამ ცხადყო, რომ დაავადების განვითარებას გარკვეულად ანთებითი პროცესებიც განაპირობებს. ჩვენ ჯერ კიდევ 22 წლის წინ ამიერკავკასიაში პირველებმა დავიწყეთ თვალის ლაზერული ქირურგია და სწორედ ჩვენ გვქონდა საქართველოში იმ დროისათვის ერთადერთი, რქოვანას უკანა ზედაპირის შემსწავლელი ტოპოგრაფი. ლაზერული ქირურგიის პოტენციური კანდიდატების გამოკვლევამ შესაძლებლობა მოგვცა გამოგვევლინა კერატოკონუსის ფარული შემთხვევები.

რამდენად გავრცელებულია ეს დაავადება საქართველოში?

წლების განმავლობაში თქვენ ხშირად გსმენიათ ჩემგან და ჩემი კოლეგებისგანაც, რომ დაავადება გვხვდება 2000 ადამიანიდან ერთში.სწორედ რეფრაქციული ქირურგიის განვითარებამ შეუწყოხელი დაავადების სუბკლინიკური ფორმების გამოვლენას იმ სტადიაზე, როდესაც პაციენტს შესაძლოა ჩივილები ჯერ საერთოდ არ აღენიშნებოდეს და ამიტომაც სადღეისოდ აღნიშნული მაჩვენებელი 1.38-ს შეადგენს 1000 მოსახლეზე მსოფლიო მასშტაბით. კერატოკონუსის შემთხვევათა რაოდენობა ქვეყნების მიხედვით განსხვავებულია - მაგალითად, ირანში ეს რიცხვი 40-ს უტოლდება 1000 მოსახლეზე. ქვეყნებს შორის ცვალებადობა სხვადასხვა ფაქტორებითაა განპირობებული - გენეტიკური, გარემო, გეოგრაფიული მდებარეობა. მართალია, საქართველოში კერატოკონუსის გავრცელების ზუსტი სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს, თუმცა საკუთარი გამოცდილებით შეგვიძლია გითხრათ, რომ ჩვენი პაციენტების უმრავლესობა შავიზღვისპირეთის მაცხოვრებელია, რაც ნაწილობრივ გამოხატული სუბტროპიკული ჰავითაა განპირობებული.

რა იწვევს კერატოკონუსს?

მართალია, კერატოკონუსის გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია, მაგრამ გამოყოფილია მთელი რიგი რისკ-ფაქტორები, რომელიც დაავადების განვითარებას უწყობს ხელს:

  • გენეტიკური მიდრეკილება/ოჯახური ანამნეზი;
  • ზოგადიალერგიული ფონი;
  • მზის ულტრაიისფერი გამოსხივების ზეგავლენა;
  • კონტაქტური ლინზების ხანგრძლივი ან არასწორი მოხმარება;
  • თვალების სრესით განპირობებული თვალის კაკლის ზედაპირის მექანიკური გაღიზიანება.

თვალების სრესა ბოლო პუნქტად კი მოვიხსენიეთ, მაგრამ თანამედროვე სამეცნიერო კვლევებით დასტურდება, რომ აღნიშნული ფაქტორი კერატოკონუსის მაპროვოცირებელი ერთ-ერთი წამყვანი მიზეზია. როგორც მოგეხსენებათ, თვალების სრესა ეს ადამიანის ჩვევაა. რთულია, მოსახლეობის დარწმუნება იმაში, რომ ამ ერთი შეხედვით უწყინარმა ჩვევამ გარკვეული პერიოდის შემდეგ შესაძლოა ზიანი მიაყენოს მათი თვალების ჯანმრთელობას. თვალების სრესა არა მხოლოდ ხელს უწყობს დაავადების განვითარებას, არამედ კერატოკონუსის პროგრესირების მნიშვნელოვანი მაპროვოცირებელი ფაქტორი შესაძლოა გახდეს. ჩვენ ვიზიარებთ მსოფლიოს წამყვანი ექსპერტების მოსაზრებას და მიგავჩნია, რომ კერატოკონუსი მულტიფაქტორული დაავადება და მის განვითარებას საფუძვლად უდევს თვალების სრესის კომბინაცია გენეტიკურ და სხვა გარემო ფაქტორებთან.

რა ასაკის პაციენტებში გვხვდება დაავადება და როგორ ვლინდება?

კერატოკონუსი ახალგაზრდების დაავადებაა. იწყება უმეტესად 14-15 წლის ასაკში, კლინიკურად ვლინდება 25 წლამდე და პროგრესირებს 35-40 წლამდე – ეს ინდივიდუალურია და განპირობებულია რქოვანაში არსებულ კოლაგენურ ბოჭკოებს შორის კავშირის გამყარებით, რასაც ასაკობრივი ხასიათი აქვს. ადრე დაწყებული დაავადება უფრო სწრაფად პროგრესირებს.მთავარი, რასაც პაციენტები უჩივიან ექიმთან მისვლისას, არის მხედველობის თანდათანობითი გაუარესება, რომლის კორექციაც ძნელად ხერხდება სათვალით ან კონტაქტური ლინზებით. დაავადების საწყისი სტადიისთვის დამახასიათებელია ახლომხედველობის და/ან ასტიგმატიზმის განვითარება, სათვალეების ან კონტაქტური ლინზების ხშირი ცვლა, სინათლისადმი მომატებული მგრძნობელობა, საგნების დამახინჯებული აღქმა. პაციენტები ხშირად უჩივიან სინათლის წყაროს ფონზე “შარავანდედისა” და “ანარეკლის” არსებობას. თუ ანამნეზს უფრო მეტად ჩავუღრმავდებით, აღმოვაჩენთ, რომ მათ თვალების სრესის ხშირი სურვილი და ჩვევა აქვთ. ეს ყველაფერი გვაძლევს საფუძველს, ეჭვი მივიტანოთ კერატოკონუსზე, თუმცა, რასაკვირველია, უნდა ჩატარდეს სწორი და მიზანმიმართული გამოკვლევა და ამის საფუძველზე დაისვას ზუსტი დიაგნოზი.

როგორ ხდება კერატოკონუსის დიაგნოსტირება?

ამრიგად, კერატოკონუსის დასადასტურებლად საჭიროა ინსტრუმენტული კვლევების ჩატარება და ანამნეზური მონაცემების შეკრება. უკვე არსებობს კლასიკური და საკმაოდ ხანგრძლივი ისტორიის მქონე ხელსაწყოები და მარტივი მეთოდები, რომლებითაც უმეტესად შესაძლებელია დიაგნოზის დასმა, მაგრამ ზოგიერთი ფარული შემთხვევა ამ მეთოდებით შესაძლოა დროულად ვერ შევამჩნიოთ. სადიაგნოსტიკოდ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მეთოდია რქოვანას გარდატეხის ძალის გაზომვა და შესწავლა. დღესდღეობით არსებობს რქოვანას ტოპოგრაფები, რომლებიც საშუალებას იძლევა, შესწავლილ იქნას რქოვანა გარსის ყველა შრის (როგორც წინა, ისე უკანა ზედაპირის) სტრუქტურა, სისქე, შრეების მდგომარეობა. ბოლო 15-20 წლის განმავლობაში გაჩნდა ძალიან მაღალი დონის ხელსაწყოები, რომლებიც უფრო და უფრო იხვეწება, ამიტომ წამყვან კლინიკებში მომუშავე ექიმებს დღეს, არა მგონია, გამოეპაროთ კერატოკონუსი, შეცდომით დასვან დიაგნოზი ან მკურნალობის არასწორი მიმართულება მისცენ პაციენტს.

კერატოკონუსის მკურნალობის რომელი მეთოდები არსებობს?

კერატოკონუსის მკურნალობა მიზნად ისახავს დაავადების პროგრესირების შეჩერებას და მხოლოდ ქირურგიულია. ის მოიცავს ე.წ. ქროს-ლინქინგის მეთოდს – წინასწარ რიბოფლავინით (ვიტამინ B2-ით) გაჯერებული რქოვანას ქსოვილების ულტრაიისფერი ლაზერით დასხივებას. ტექნიკურად ოპერაცია საკმაოდ მარტივია და არავითარი საფრთხე არ ახლავს თან, თუმცა ეფექტურია მხოლოდ კერატოკონუსის ადრეულ სტადიაზე. კიდევ ერთი ნაცადი მეთოდია რქოვანას ინტრასტრომული რკალების იმპლანტაცია, რაც გულისხმობს მის სისქეში ინდივიდუალურად გათვლილი კლინიკურად ინერტული რკალების ჩანერგვას – ეს ნაწილობრივ აფერხებს დაავადების პროგრესირებას და უმეტეს შემთხვევაში აუმჯობესებს მხედველობის სიმახვილეს. დაავადების შორსწასულშემთხვევებში მიმართავენ რქოვანას გადანერგვას. ამ დროს პაციენტის რქოვანას დონორის ჯანსაღი რქოვანა გარსით ცვლიან. დაავადების პროგრესირების შეჩერების შემდეგ მხედველობის საკორექციოდ გამოიყენება ორიგინალური დიზაინის სკლერული კონტაქტური ლინზა ან „ჯადოსნური“ ფაკიური თვალშიგა ლინზის იმპლანტაცია.

თუ პაციენტს არ სურს კონტაქტური ლინზების ტარება, შესაძლოა შევთავაზოთ რქოვანას შიდა რკალების იმპლანტაცია, რომელიც საშუალებას იძლევა დაჭიმოს რქოვანას ზედაპირი, შეჩერდეს დაავადების პროგრესირება. გასათვალისწინებელია, რომ რკალები ყოველთვის ისე არ აუმჯობესებს მხედველობას, როგორც სკლერული კონტაქტური ლინზა ან ფაკიური თვალშიგა ლინზა, თუმცა სწორად შერჩეულ და იმპლანტირებულ რკალებს შეუძლია მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს მხედველობის სიმახვილის ხარისხი, ამიტომ მიდგომა ყოველთვის უნდა იყოს ინდივიდუალური. დაავადების I-II სტადიებზე მიზანშეწონილია რქოვანას ქროს-ლინქინგი და/ან ინტრასტრომული რკალების იმპლანტაცია, II-III სტადიებზე – ინტრასტრომული რკალების იმპლანტაცია, ხოლო IV სტადიაზე, შორს წასულ შემთხვევაში, როდესაც თხელი (400 მიკრონზე ნაკლები სისქის) რქოვანას გამო ეს მეთოდები უშედეგოა, რჩება ერთადერთი გზა – რქოვანას შრეობრივი ან გამჭოლი გადანერგვა.

რა გართულებები შეიძლება ახლდეს კერატოკონუსს?

კერატოკონუსის ყველაზე საშიში გართულება რქოვანას გახვრეტაა: დაავადების ავთვისებიან, სწრაფ პროგრესირებას რქოვანას გათხელებამდე და მთლიანობის დარღვევამდე მივყავართ. ასევე შესაძლოა, რქოვანას მკვეთრი გამოზნექილობის გამო მის ზედაპირზე შემაერთებელი ქსოვილი განვითარდეს, ნაწიბური ჩამოყალიბდეს და მხედველობა საგრძნობლად დაქვეითდეს.

როგორია დაავადების პროგნოზი?

დაავადების პროგნოზი იმაზეა დამოკიდებული, რომელ სტადიაზე აღმოაჩენენ მას. რაც უფრო ადრე ისმება დიაგნოზი, მით უფრო კეთილსაიმედოა პროგნოზი. სასურველია, სასწავლო დაწესებულებებში ხდებოდეს კერატოკონუსის სკრინინგი სპეციალისტების მიერ სათანადო ხელსაწყოთი, რისკ-ჯგუფების გამოვლენა და მონიტორინგი.დაავადების არსებობისას მისი პროგრესის შესაჩერებლად პაციენტებს ვურჩევთ, უმკურნალონ მშრალი თვალის სინდრომს. ამისთვის არსებობს ცრემლის შემცვლელი სპეციალური წვეთები თვალის ზედაპირის დასატენიანებლად, რომელთა ჩაწვეთება აუცილებელია დღეში 6-8-ჯერ. კარგი საშუალებაა ქვედა საცრემლე მილაკების დახშობაც სილიკონის „ლაკრიმალური საცობებით“, რათა ცრემლი ცხვირის ღრუშისრულად არ გადავიდეს და ნაწილობრივ თვალის ზედაპირზე დარჩეს. ეს თვალს გამოშრობისგან დაიცავს და თავიდან აგვაცილებს თვალის სრესის სურვილს, რომელიც შესაძლოა ჩვევაში გადაიზარდოს და რომელიც დაავადების პროგრესირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზია.

R