სამედიცინო სიახლეები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა იწვევს ახალშობილთა კოლიკას? (და სხვა ამბები)

მკვლევარებმა ივარაუდეს, რომ კოლიკის მიზეზი შესაძლოა ნაწლავური მიკროფლორის შემადგენლობის დარღვევა ყოფილიყო და ამ ჰიპოთეზის შესამოწმებლად ახალშობილთა განავლის მიკრობული და ამონასუნთქი ჰაერის აიროვანი შემადგენლობა შეისწავლეს. იმ ბავშვების განავალში, რომლებსაც კოლიკა ჰქონდათ, აღმოჩნდა კლებსიელას გვარის ბაქტერიები და ისეთი ნივთიერებები, რომლებიც ნაწლავთა ანთებას ადასტურებს.

პროფესორ მარკ როდსის აზრით, აღმოჩენილმა ბაქტერიებმა შესაძლოა ნაწლავებში გაააქტიუროს იმუნური რეაქციები და გამოიწვიოს ისეთი ანთებითი პათოლოგიები, როგორიც არის კრონის დაავადება ან არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი. სიცოცხლის პირველი სამი თვის განმავლობაში ნაწლავური კოლიკა ჩვილების 70%-ზე მეტს აწუხებს. კოლიკის ყველაზე ხშირი მიზეზია ნაწლავების ნერვკუნთოვანი აპარატისა და ფერმენტული სისტემის ფუნქციური უმწიფრობა, აგრეთვე აირთა გაძლიერებული წარმოქმნისადმი მიდრეკილება, რის გამოც ნაწლავები იბერება და ვითარდება კუნთოვანი სპაზმი.

ნარკოტიკებიდან ხველის საწინააღმდეგო პრეპარატებამდე

ნარკოლოგიური და ფსიქიატრიული სამსახურების თანამშრომლების გამოკითხვამ ცხადყო, რომ 12-დან 25 წლამდე ასაკის 3 მლნ-ზე მეტ ამერიკელს ერთხელ მაინც გამოუყენებია ხველისა და გაციების საწინააღმდეგო საშუალებები ნარკოტიკული ეფექტის მისაღწევად. ამრიგად, რეცეპტის გარეშე გასაცემ ხველისა და გაციების საწინააღმდეგო პრეპარატებს ამერიკაში ბოროტად იყენებს მოზარდებისა და ახალგაზრდების დაახლოებით 5%. ეს თითქმის იმდენივეა, რაც ლსდ-ს მომხმარებელთა რიცხვი და ოდნავ აღემატება იმ ახალგაზრდების რაოდენობას, ვინც ნარკოტიკად მეტამფეტამინს იყენებს.

რეცეპტის გარეშე გასაცემი გაციების საწინააღმდეგო პრეპარატების შემადგენლობაში შედის ხველის საწინააღმდეგო კომპონენტი - დექსტრომეტორფანი. ამ ნივთიერების დიდი დოზა იწვევს ჰალუცინაციებს, დეზორიენტაციას, მხედველობის გაუარესებას და მეტყველების დარღვევას, ზედოზირებამ კი შესაძლოა გამოიწვიოს პირღებინება, კუნთოვანი სპაზმები, გულის რიტმის დარღვევა და სიკვდილიც კი.

სიახლე გაფანტული სკლეროზის მკურნალობაში

ამერიკელი მეცნიერები გვამცნობენ, რომ გაფანტული სკლეროზის საწინააღმდეგო მედიკამენტის გამოკვლევის პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა. მეცნიერებმა ლაბორატორიულ თაგვებს ნერვული ბოჭკოების მიელინური გარსები აღუდგინეს. გაფანტული სკლეროზის მიზეზია ნერვული უჯრედების ღეროების - აქსონების - მიელინური გარსის დარღვევა. ამის შედეგად ირღვევა ნერვული იმპულსების გამტარობა, რაც იწვევს მეტყველებისა და მოძრაობის კოორდინაციის დარღვევას, კიდურების ტრემორს, კუნთების სპაზმსა და დამბლას და სხვა სიმპტომებს.

გაფანტული სკლეროზის მკურნალობის თანამედროვე მეთოდებმა მედიკოსებს საშუალება მისცა, შეეჩერებინათ პათოლოგიური პროცესი, მაგრამ უკვე დაზიანებული ნერვული უჯრედების ფუნქციას ისინი ვერ აღადგენენ. საქმე ის არის, რომ გაფანტული სკლეროზის დროს ნერვული უჯრედების რემიელინიზაციის პროცესი ირღვევა.

მეიოს კლინიკის მკვლევართა ჯგუფმა, რომელმაც პირველმა გამოიყენა სამკურნალოდ მონოკლონური ანტისხეულები, ანგარიში ამერიკის ნევროლოგიური საზოგადოების კონფერენციაზე წარადგინა. მათ მიერ სინთეზირებული ანტისხეულები ასტიმულირებს რემიელინიზაციის პროცესს თავისა და ზურგის ტვინის უჯრედებში. ანტისხეულების წყარო იმუნური უჯრედების კოლონიაა. მკვლევართა მონაცემებით, ექსპერიმენტული პრეპარატის შეყვანის შემდეგ საკვლევი ცხოველების ორგანიზმში მიელინური გარსების აღდგენის პროცესი დაიწყო.

ეს ეფექტი შესაძლებელს ხდის არა მარტო დაავადების განვითარების შენელებას, არამედ დაკარგული ფუნქციების აღდგენას. მკვლევარებს მიაჩნიათ, რომ შედეგები იმედის მომცემია და იმედს გამოთქვამენ, რომ მალე მედიკამენტის კლინიკური გამოცდაც დაიწყება, თუმცა მისი ფართო გამოყენება, წარმატებული შედეგის შემთხვევაშიც კი, მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ თუ გახდება შესაძლებელი.


ყავა ბლეფაროსპაზმის პროფილაქტიკისთვის

ბლეფაროსპაზმი თვალის ირგვლივი კუნთის სპაზმი ან კლონური და ტონური კრუნჩხვაა. მის მიზეზად შესაძლოა იქცეს: თვალის მწვავე დაავადება - კონიუნქტივიტი, ბლეფარიტი; რქოვანას დაავადება - კერატიტი, ელექტროფთალმია, მზის ოფთალმია, უცხო სხეულები, რქოვანას დამწვრობა; რეფრაქციის ესა თუ ის ანომალია; თვალის ტრავმა; იშვიათად - ისტერია და ტრავმული ნევროზი, ნევრასთენია; ბავშვებში - ჭიებით ინვაზია და სხვა. ყველა ამ დაავადების დროს ზიანდება მგრძნობელობითი ნერვები.

ბლეფაროსპაზმი უმთავრესად 50 წელს გადაცილებულ ქალებს ემართებათ. დაავადება იწყება ქუთუთოების გახშირებული, ელვისებური ხამხამით ან თვალის ირგვლივი კუნთის გახანგრძლივებული შეკუმშვით, რომელიც შემდეგ თვალის ან თვალების ინტენსიურ არაკონტროლირებად მოჭუტვაში გადადის. ხშირია ცრემლდენა, სინათლის შიში, შეუძლებელია თვალის გახელა. რამდენიმე წლის შემდეგ ბლეფაროსპაზმს შესაძლოა დაერთოს ორომანდიბულარული დისტონია (პირისა და ქვედა ყბის კუნთების ინტენსიური შეკუმშვები). დროთა განმავლობაში სპაზმები უფრო და უფრო ძლიერი და ხანგრძლივი ხდება. მის შედეგად ირღვევა ადამიანის აქტივობა: ავადმყოფს არ შეუძლია კითხვა, ტელევიზორის ყურება, ქუჩის გადაკვეთა და ა. შ. გარდა ამისა, ბლეფაროსპაზმით გამოწვეული თვალების არაკონტროლირებადი მოჭუტვა ზრდის საგზაო-სატრანსპორტო ტრავმის საფრთხეს.

ახლახან კი აღმოჩნდა, რომ ყავის მოყვარულებს ეს დაავადება გაცილებით იშვიათად ემართებათ. ყოველ შემთხვევაში, Journal of Neurology, Neurosurgery and Psychiatry-ს ცნობით, ასე მიაჩნიათ იტალიელ მეცნიერებს. მათი მონაცემებით, დამცავი ეფექტი რომ გამოვლინდეს, ადამიანმა დღეში ერთი ფინჯანი ყავა მაინც უნდა მიირთვას. ბარის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ბლეფაროსპაზმის მქონე 166 პაციენტი, მათი უახლოესი ნათესავები და სხვა ნევროლოგიური დარღვევების მქონე პაციენტები გამოიკვლიეს. ნევროლოგებს სურდათ დაედგინათ ბლეფროსპაზმის განვითარებასა და მიმდინარეობაზე ისეთი ჩვევების გავლენა, როგორიც არის სიგარეტის წევა და ყავის სმა. აღმოჩნდა, რომ ყავის მოყვარულებს ბლეფაროსპაზმი უფრო იშვიათად ემართებოდათ.

გარდა ამისა, ყავის დამცავი ეფექტი დოზასთან ერთად იზრდებოდა. რაც ყველაზე საინტერესოა, მიღებული ყავის ოდენობა ბლეფაროსპაზმის განვითარების ასაკზეც ახდენდა გავლენას: ყოველი დამატებითი ფინჯანი დაავადების განვითარებას 1,7 წლით აყოვნებდა. შესაძლოა, ყავის ამგვარი ზემოქმედების მიზეზი მასში შემავალი კოფეინი იყოს, მაგრამ ეს მოსაზრება ჯერ კიდევ დასამტკიცებელია. მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ ბლეფაროსპაზმზე კოფეინის გავლენა პარკინსონიზმზე გავლენის მსგავსია - ეს ნივთიერება ბლოკავს ტვინის რეცეპტორებს, რომლებსაც ტრემორის (კანკალის) განვითარებაზე აკისრიათ პასუხისმგებლობა.

ვიაგრა არტერიოლების სპაზმის წინააღმდეგ

პოტენციის აღსადგენად მოწოდებული პრეპარატი ვიაგრა შესაძლოა სრულიად მოულოდნელი კუთხით - ალპინიზმში იქნეს გამოყენებული, - გვამცნობს BBC News-ი.

გაისენის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ ვიაგრას შეუძლია, ალპინისტებს თავიდან ააცილოს ფილტვის პრობლემები, რომლებიც სიმაღლეზე ასვლისას იჩენს თავს: ჰაერის გაიშვიათების გამო სისხლში ნაკლები ჟანგბადი ხვდება, რამაც შესაძლოა ფილტვისმიერი ჰიპერტენზია გამოიწვოს.

არტერიულ ჰიპერტენზიას ფილტვის არტერიოლების რეფლექტორული სპაზმი განაპირობებს. ის სხვადასხვა დაავადების დროს ვითარდება და აშშ-სა და ევროპაში არანაკლებ 100 ათას ადამიანს აღენიშნება. მეცნიერებმა საკვლევ ობიექტებად გამოიყენეს 14 ჯანმრთელი ალპინისტი მამაკაცი, რომლებიც ევერესტზე ადიოდნენ. მათ ნაწილს ვიაგრას აძლევდნენ, ნაწილს - პლაცებოს (ნეიტრალურ ნივთიერებას) და აკვირდებოდნენ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას როგორც ზღვის, ისე საბაზო ბანაკის დონეზე. აღმოჩნდა, რომ ვიაგრა ორივე შემთხვევაში საგრძნობლად აქვეითებს მომატებულ არტერიულ წნევას და აუმჯობესებს ჟანგბადის ტრანსპორტირებას.

მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ ეს პირველი პრეპარატია, რომელიც ნებისმიერ სიმაღლეზე ერთნაირად კარგად მოქმედებს. ამ უცნაური გამოკვლევის ჩატარების იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც გაირკვა სასქესო ასოს (მღვიმოვანი სხეულების) და ფილტვის ალვეოლების სისხლის მიმოქცევის მსგავსება. ორივე შემთხვევაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფერმენტი ფოფოდიესტერაზა, რომელიც აბრკოლებს ერექციას და იწვევს ფილტვის არტერიოლების სპაზმს. ვიაგრას, რომელიც ფოფოდიესტერაზას ბლოკავს, არა მარტო ერექციის პრობლემების მოგვარება, არამედ ფილტვის ქსოვილის მიკროცირკულაციის გაუმჯობესებაც ძალუძს.

მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ გამოკვლევის შედეგები საშუალებას მისცემთ, იპოვონ ფილტვისმიერ ჰიპერტენზიასთან ბრძოლის მეთოდები ფილტვის ქრონიკული დაავადებების დროს.