კვლევა აჩვენებს, რომ D ვიტამინს COVID19-ით გამოწვეული ფილტვების ანთების შეჩერება შეუძლია
პერდუს უნივერსიტეტისა და ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის (NIH) მიერ ჩატარებული ახალი ერთობლივი კვლევა აჩვენებს, რომ D ვიტამინის აქტიური მეტაბოლიტი (D ვიტამინის ფორმა, რომელიც რეცეპტის გარეშე (OTC) არ გაიცემა) კოვიდ19-ის ინფექციის დროს, ორგანიზმს ანთებითი პროცესების „გამორთვაში“ ეხმარება. აქ საუბარია D ვიტამინის საკმაოდ მაღალ, ე.წ. დარტყმით დოზებზე (50000 IU).
კვლევა გამოქვეყნდა ჟურნალში „Nature Immunology“.
მკვლევარებმა შეისწავლეს კოვიდ19-ით ინფიცირებული 8 ადამიანის ფილტვის უჯრედები.
მათ აღმოაჩინეს, რომ აღნიშნულ უჯრედებში SARS-CoV-2-ის მიმართ (ვირუსი, რომელიც კოვიდ19-ს იწვევს) ორგანიზმის იმუნური პასუხი გადაჭარბებული იყო და ეს ფილტვის ანთებას ამწვავებდა.
D ვიტამინის გამოყენების შემდეგ (ჩატარდა ლაბორატორიული ექსპერიმენტი), ფილტვის უჯრედების ანთება შემცირდა.
D ვიტამინის მსგავსი მოქმედება მკვლევარებმა „დამხმარე“ T უჯრდებს დაუკავშირეს, კერძოდ, CD4+T უჯრედებს.
ეს არის იმუნური უჯრედები - CD4+ ჰელპერები, რომელთა ფუნქციაც იმუნური პასუხის რეგულაციაა.
T უჯრედები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ „ციტოკინური შტორმის“ განვითარებაშიც, რომელიც ხშირად კოვიდ19-ით ინფიცირებული პაციენტების გარდაცვალების მიზეზი ხდება.
ტრადიციულად D ვიტამინის მოქმედების გააქტიურება თირკმელზეა დამოკიდებული, თუმცა მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ T უჯრედებს აქვთ დამოუკიდებელი სისტემა, რომელიც თირკმელებისაგან დამოუკიდებლად რეაგირებს და ააქტიურებს D ვიტამინს.
მათ გამოთქვეს ჰიპოთეზა, რომ მაღალკონცენტრირებული ინტრავენური D ვიტამინის მეტაბოლიტის გამოყენება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად შესაძლოა, კოვიდ19-ის მქონე პაციენტებს გამოჯანმრთელებაში დაეხმაროს.
თუმცა საჭიროა კლინიკური კვლევების ჩატარება.
აღსანიშნავია ისიც, რომ ფართო საზოგადოებაში გავრცელებული რწმენა, რომ D ვიტამინის მეგადოზების მიღება, კოვიდ19-ისგან დაგიცავთ, საეჭვოა. როგორ მოქმედებს აღნიშნული ვიტამინი COVID19-ზე დაზუსტებით არავინ იცის და მეცნიერულად არ არის დამტკიცებული მისი ეფექტურობა.
ჭარბი რაოდენობით D ვიტამინის მიღება საფრთხის შემცველია.