რატომ არის დელტა ვარიანტი ასე გადამდები და რატომ გახდა ის დომინირებული შტამი მთელ მსოფლიოში
ბინ ჩენიმ (Bing Chen) და მისმა კოლეგებმა გადაწყვიტეს გაერკვიათ რატომ გახდა ვირუსის ეს ვარიანტი დომინირებული შტამი მთელს მსოფლიოში. უჯრედული ანალიზის და ელექტრონული მიკროსკოპიის თანამედროვე მეთოდების გამოყენებით, მათ დეტალურად შეისწავლეს ვირუსის ეს ვარიანტი და აღმოაჩინეს მისი უნიკალური თავისებურებანი.
როგორც ცნობილია, იმისათვის, რომ SARS-CoV-2-მა მოახდინოს ადამიანის უჯრედების ინფიცირება მისი სპაიკ-ცილა უნდა მიემაგროს უჯრედის ზედაპირის ACE2- რეცეპტორებს. შემდეგ სპაიკ -ცილა მკვეთრად იცვლის ფორმას და არღვევს უჯრედულ მემბრანას, რის შემდეგაც ხდება ვირუსის გარსისა და უჯრედის მემბრანის შერწყმა, რაც ვირუსს უჯრედში შეღწევის საშუალებას აძლევს.
აღმოჩნდა, რომ დელტა შტამის სპაიკ-ცილას გააჩნია ვირუსისა და უჯრედის მემბრანის შერწყმის ეტაპის აქტიურად განხორციელების უნარი. ეს დელტას უჯრედში გაცილებით უფრო სწრაფად და ეფექტურად შეჭრის საშუალებას აძლევს, ვიდრე SARS-CoV-2-ის სხვა ვარიანტებს. სხვა ვარიანტებთან შედარებით განსაკუთრებული უპირატესობა დელტას აქვს იმ შემთხვევაში, როდესაც უჯრედებზე შედარებით ნაკლებია ინფექციის „კარიბჭე“ ACE2-რეცეპტორები.
მეცნიერებმა ერთმანეთს შეადარეს SARS-CoV-2-ის ექვსი ცნობილი ვარიანტის სპაიკ-ცილის სტრუქტურა, რათა დაედგინათ თუ როგორ მოქმედებდა მათზე მუტაცია. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ყველა ვარიანტის გენეტიკური ცვლილება ეხება სპაიკ-ცილის ორ საკვანძო უბანს, რომელზედაც რეაგირებს იმუნური სისტემა: RBD-ს, რომელიც უკავშირდება უჯრედის ზედაპირზე ACE2-რეცეპტორებს და N-ტერმინალური დომენი (NTD). ნებისმიერ ამ უბანზე მუტაცია აქვეითებს ანტისხეულების დამცავ უნარს.
აღმოჩნდა, რომ ყველა ვარიანტის, მათ შორის დელტას, მუტაცია ძირითადად ეხება NTD, და არა RBD. ეს უკანასკნელიც განიცდის ცვლილებას, მაგრამ გაცილებით ნაკლები ხარისხით. ამ უბნის სტრუქტურა შედარებით სტაბილური რჩება ყველა ვარიანტისთვის. შესაძლებელია იმიტომ, რომ პირველ რიგში მასზეა დამოკიდებული ვირუსის უნარი შეაღწიოს უჯრედში. დელტა შტამის შემთხვევაში მნიშვნელოვანი გენეტიკური ცვლილებები ხდება NTD-ში, რაც განაპირობებს მის მდგრადობას ანტისხეულებისადმი. თუმცა ეს ვარიანტი მგრძნობიარე რჩება RBD-ზე დამიზნებით მიმართული ანტისხეულებისადმი.
აქედან გამომდინარე, ჩენი და მისი კოლეგები დარწმუნებულები არიან, რომ ვაქცინებისა და ანტივირუსული პრეპარატების შემდეგი თაობა დამიზნებით უნდა მოქმედებდეს ვირუსის სპაიკ-ცილის RBD-ზე.