პოსტკოვიდური სინდრომის ხანგრძლივობა შემცირდა
ბოლო პერიოდში, კორონავირუსული ინფექციის გადატანის შემდეგ, შედარებით ნაკლები ჩივილებით მიმართავენ მედიკოსებს. მანამდე ხშირი იყო დეპრესიული მდგომარეობა და ადამიანები ხანგრძლივად აღნიშნავდნენ კოვიდის გადატანის შემდეგ ამ მდგომარეობის სხვადასხვაგვარ გამოხატულებას.
მედიკოსების განმარტებით, პოსტკოვიდური სინდრომის ხანგრძლივობის შემცირება შეიძლება უკავშირდებოდეს იმას, რომ ადამიანები შედარებით ნაკლებ დროს უთმობენ ამ მდგომარეობას ან კიდევ უკვე შეეგუენ ვირუსს. ზოგადად, ადამიანს ნებისმიერ უხერხულობასთან ადაპტაციის უნარი გააჩნია. დაავადების გადატანის შემდეგ იწყებს თანდათანობით მოძრაობას, ზრდის დატვირთვის მოცულობას და ამგვარად ეგუება ყოველდღიურ ცხოვრებას.
პოსტკოვიდური სინდრომის ყველაზე გავრცელებული სიმპტომებიდან მედიკოსები გამოყოფენ ასთენიური მდგომარეობის სინდრომს: სისუსტე, დაღლილობა, შრომის უნარის დაქვეითება, გულმავიწყობა, ასევე შფოთვითი და დეპრესიული აშლილობა. აღნიშნული შეგრძნებები ადამიანისთვის უჩვეულოა, თუმცა COVID-19-ის შემდეგ ხშირია. ამის გამო არ უნდა შევშინდეთ. ეს არის დაავადების შედეგები, რომელიც გარკვეული პერიოდის შემდეგ, აუცილებლად გაივლის.