"სამჯერ აცრის 71%-იანი მაჩვენებლის შემდეგ აქ ერთი პაციენტია გარდაცვლილი... ადამიანურ ცხოვრებას დავუბრუნდით" - რას ჰყვება ისრაელში მოღვაწე ქართველი ექიმი?
თუმცა 13 ნოემბერს ისრაელმა გადაწყვეტილება შეცვალა. 14 ნოემბერს კი ცნობილი გახდა მეორე სიახლე, ისრაელი 5-დან 11 წლამდე ბავშვების აცრას დაუშვებს.
ისრაელიდან რეკანატის სახელობის გენეტიკის ცენტრის ექიმი-ლაბორანტი ნატო კიკაჩეიშვილი გვესაუბრება:
- ისრაელში თითქმის ყველა კოვიდშეზღუდვა მოხსნილია. მხოლოდ დახურულ სივრცეში, განსაკუთრებით საავადმყოფოებსა და სავაჭრო ცენტრებში რჩება ნიღბის ტარება სავალდებულო. ქორწილების და სხვა თავშეყრის ადგილებში, კოვიდპასპორტის პასპორტის წარდგენის პირობებში ნიღბის ტარება საჭირო აღარ არის. ახლახანს ისრაელში ჩატარდა 92 ათასი ტესტირება და მხოლოდ 600 ახალი შემთხვევა იყო. გარდაცვალების ერთი შემთხვევა დაფიქსირდა, პაციენტი სამწუხაროდ აუცრელი იყო. 600 ახალი შემთხვევიდან 60 პროცენტი ერთიდან 19 წლამდე მოზარდები არიან. ყველაზე ცოტა შემთხვევა 60 წელს ზემოთ არის, 5 პროცენტია და ისინიც აუცრელები.
- როგორია ისრაელის უახლესი სტატისტიკა?
- დღესდღეისობით ისრაელს ყავს 156 მძიმე ავადმყოფი, აქედან 100 აპარატზე.
- ბუსტერით ისრაელის რამდენი პროცენტი აიცრა?
- ბუსტერით უკვე აცრილია ისრაელის მოსახლეობის 71%. პირველი დოზა აქვს მოსახლეობის 90%-ს გაკეთებული, მეორე დოზა- 81 პროცენტს და ბუსტერი როგორც მოგახსენეთ - 71%-ს. რასაკვირველია აცრებმა ძალიან გაამართლა! წელიწადნახევრის განმავლობაში სულ კორონა-ლაბორატორიებში ვმორიგეობდი. დამხმარე ძალას სხვადასხვა ლაბორატორიებიდან გვიწვევდნენ. მორიგეობა კვირაში ორჯერ-სამჯერ მიწევდა, ახლა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში თუ დამიძახებენ. ნოემბერში თითქმის არ მქონია გამოძახება. ღმერთის წყალობით ისრაელი ადამიანურ ცხოვრებას დაუბრუნდა.
ისრაელმა დადო დასკვნა, რომ ბუსტერს მოქმედების ვადა აქვს ცხრიდან ათ თვემდე. თუმცა ვარაუდობენ, რომ შეიძლება ერთ წლამდეც გახანგრძლივდეს. დადგინდა, რომ ბუსტერული ვაქცინა განსხვავდება პირველი და ორი ვაქცინისგან გამომუშავებული ანტისხეულების რაოდენობით და ხარისხით. ამიტომ მესამე აცრა გაცილებით უფრო დიდხანს იწვევს იმუნიტეტს.
- საქართველოს მოსახლეობას ბუსტერს ურჩევდით?
- აუცილებლად! ისრაელში ერთი ადამიანისთვისაც კი საომარი მოქმედებები შეუძლიათ დაიწყონ და ასეთი სახელმწიფო რამე საშიშროების შემცველს არაფრით დაუშვებდა! მეტიც, პირველი არ იქნებოდა, რომელმაც ორმაგი გადაიხადა როგორც კი "ფაიზერმა" ვაქცინის არსებობის შესახებ გამოაცხადა. ისრაელში 71%-იანი სამჯერ აცრის შემდეგ ერთადერთი ადამიანია გარდაცვლილი და თუ ჩავუღრმავდებით, მას აუცილებლად თანმხვედრი, მძიმე დაავადება ექნებოდა...
საქართველო დღეს საერთოდ სხვა კონტინენტზეა... ხან მთავრობის, ხან ოპოზიციის მითითებით მრავალათასიანი აქციები იმართება, როცა ინფიცირების ამდენი შემთხვევებია და გარდაცვლილთა კატასტროფულად მაღალი მაჩვენებელი... შარშან საქართველოში, ზამთარში გრიპის შემთხვევები თითქმის არ იყო, რადგან მოსახლეობის უმეტესი ნაწილი მეტნაკლებად იზოლაციაში იყო. იცავდნენ დისტანციის, ნიღბის ტარების წესებს და წელს ვფიქრობ, მძიმე ზამთარი იქნება თუ გრიპის შემთხვევებიც მოიმატებს...