ექიმის დამამშვიდებელი პასუხი, ხშირად, მკურნალობის ტოლფასია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ექიმის დამამშვიდებელი პასუხი, ხშირად, მკურნალობის ტოლფასია

კოვიდთან ბრძოლაში საქართველოში პანდემიის დაწყების დღიდან ჩავერთე, ჩვენს კლინიკაში პირველი პაციენტები, სწორედ, ამ დროიდან შემოვიდნენ, მაშინ მხოლოდ თეორიული ცოდნა გვქონდა ახალი კორონავირუსის შესახებ.

კოვიდპანდემიის ყველა ეტაპს განსხვავებული სირთულე ჰქონდა. პირველი ნერვიულობა და სტრესი მაშინ გამოვიარეთ, როდესაც სულ პირველი პაციენტი მივიღეთ, ვინაიდან მხოლოდ ლეგენდის დონეზე ვიცოდით უცნობი ვირუსის შესახებ და, პირისპირ, პაციენტის ნახვა და მისი მართვა ახალი გამოწვევა იყო ჩვენთვის. ვირუსის გავრცელების პირველ დღეებში, სრულ იზოლაციაში აღმოვჩნდით, თითქოს, გარიყულები ვიყავით სამყაროსგან, ყველა გვერიდებოდა და ჩვენც თავს ვარიდებდით სხვებთან სიახლოვეს, განსაკუთრებით, ოჯახის წევრებთან. ბევრ კითხვაზე თავადაც არ გვქონდა ზუსტი პასუხი.

გამორჩეულად რთული იყო მეორე ტალღა, როდესაც კოვიდპაციენტების მომართვიანობამ და ლეტალურმა შემთხვევებმა მოიმატა. ისეთი რეალობის წინაშე დავდექით, როგორიც, ალბათ, მხოლოდ მძაფრსიუჟეტიან ფილმებში გვინახავს. ჩვენს თვალწინ უამრავი ადამიანი ითხოვდა შველას, ჩვენ კი მაქსიმალური მონდომებისა და ძალისხმევის მიუხედავად, საკმარისი რესურსი აღარ გვრჩებოდა. ამ ყველაფერმა ჩვენი ცხოვრების წესი რადიკალურად შეცვალა - მაქსიმალური დატვირთვა სამსახურში, ნაკლები კონტაქტი საზოგადოებასთან, მონატრებული ახლობლები, მეგობრები, სიახლის მუდმივი ძიება და მოლოდინი იმისა რომ შექმნილი რეალობა ნებისმიერ დროს შეიცვლება. კოვიდსტატისტიკაზე აწყობილი ცხოვრების გრაფიკი - ერთი მხრივ, პაციენტების მომართვიანობის კუთხით და, მეორე მხრივ, შენი, როგორც ადამიანის, ყოველდღიურობა - შეძლებ კი შვილი გაუშვა სკოლაში, ან სრულფასოვნად დაისვენო, რაც, ასეთ ვითარებაში, მხოლოდ ოცნების საგანია. ექიმის სამუშაო საათები არც არასდროს არ ყოფილა განსაზღვრული, ექიმი ისვენებს მაშინ, როდესაც იცის, რომ მისი პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ყველაზე რთული გამოწვევაა, იყო ღირსეული ექიმი და, ამავდროულად, მზრუნველ დედად, მეუღლედ, შვილად, ყურადღებიან მეგობარად და ნათესავად დარჩე...

კოვიდპანდემიის დროს შეიცვალა ემოციური ფაქტორიც, არ აქვს მნიშვნელობა სად და რა ვითარებაში იმყოფები, მუდმივად სამსახურში ხარ და პასუხობ ყველას შეკითხვას, როგორც პაციენტის, ისე მისი ოჯახის წევრის ან ახლობელი ადამიანის მიერ დასმულს. ექიმის დამამშვიდებელი პასუხი, ხშირად, მკურნალობის ტოლფასია, ამიტომ შეკითხვაზე რამდენი საათი მუშაობთ, ჩვენ ვპასუხობთ, - სულ, ყოველ წუთს და ყოველ წამს!

მას შემდეგ, რაც საკუთარი მამა გახდა ჩემი კოვიდპაციენტი, რომლის მდგომარეობაც კრიტიკულად მძიმე იყო, ამ ფაქტორმა კიდევ უფრო გაამძაფრა ჩემი დამოკიდებულება პაციენტებთან მიმართებით. მამა იმ დროს გახდა ავად, როდესაც მძიმე პაციენტების მართვის არცთუ ისე დიდი გამოცდილება გვქონდა. ამ დროს გამიჩნდა კითხვა, რა არის უკეთესი, როდესაც პირდაპირ უყურებ შენთვის ძვირფასი ადამიანის ასეთ მდგომარეობას, თუ გარეთ ელოდები იმას, თუ რას გეტყვის მისი მკურნალი ექიმი. გაუსაძლისი იყო ის წუთები, როდესაც მისი სუნთქვის მაჩვენებელს მონიტორზე ვუყურებდი, თუ როგორ უარესდებოდა ეს მაჩვენებელი დღითი დღე. ყოველ შესვლაზე შიშით ვუყურებ იმ პალატის იმ საწოლს, სადაც მამა იწვა და იქ შესვლა, დღემდე, ყველაზე მძიმე და ემოციურია ჩემთვის. საბედნიეროდ, გავიმარჯვეთ! დღეს, როდესაც ერთად ვიხსენებთ იმ ჯოჯოხეთურ 2 თვეს, მხოლოდ ჩვენ ორმა ვიცით, რა გადავიტანეთ....

ყველაზე დიდი გამარჯვება დგება მაშინ, როდესაც დაპირება სრულდება! შეშინებულ, დათრგუნულ პაციენტს, რომელსაც არწმუნებ რომ კარგად იქნება და შენი სიტყვები მართლდება, განსაკუთრებით კი მძიმე პაცინეტის შემთხვევაში, როდესაც სიცოცხლის ნაპერწკალი ჩნდება და პირველ შვებას გრძნობს - ამაზე დიდი სიხარული ექიმისთვის არ არსებობს. ყოველი გაწერილი კოვიდპაციენტი გამარჯვებაა, რადგან ეს ის ვირუსია, რომელმაც, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, უამრავი ადამიანი იმსხვერპლა.

გულწრფელად მინდა, ადამიანებმა ერთი წუთით მაინც ჩაიხედონ ექიმის გულში და იგრძნონ ის ტკივილი, რომელსაც ჩვენ პაციენტის დაკარგვისას განვიცდით... ვხვდები, რთულია ამის დაჯერება, მაგრამ მძიმე პაციენტის სიკვდილისგან დახსნაზე დიდი ადრენალინი არ არსებობს. ეს არის ორი უზარმაზარი ემოცია – მარცხისა და გამარჯვების... თუ ამას თავად არ გამოცდი, ალბათ, ვერც დაიჯერებ. ამიტომაც არის ექიმობა ყველაზე მადლიანი, მძიმე და საპასუხისმგებლო პროფესია, რომელსაც მხოლოდ პაციენტებისადმი დიდი სიყვარული და თანაგრძნობა გატანინებს. და, რა თქმა უნდა, ადამიანთა თანადგომა, რომელიც, დღეს, აცრის სახით გამოიხატება. პანდემიას მხოლოდ ერთმანეთის მხარდამხარ, ერთად გავუმკლავდებით!

„ერთად გავუმკლავდეთ“ - ამ მოწოდების გარშემო გაერთიანდნენ პანდემიასთან შერკინების წინა ხაზზე მებრძოლი ადამიანები, რომელთაც ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო წარმოგიდგენთ. „კოვიდთან მებრძოლები“ და მათი მონათხრობი - ესაა ნამდვილი ისტორიები, რომლებიც უხილავ მტერთან ბრძოლისა და თავდადების ამბავს ასახავს. ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს პროექტი - „ერთად გავუმკლავდეთ“ - კოვიდვაქცინაციის პოპულარიზაციასა და სამედიცინო პერსონალის მხარდაჭერას ემსახურება.

#ერთადგავუმკლავდეთ

#ვაქცინაგვიცავს

#ჯანდაცვა2021 #ჯეს

#გავუმკლავდეთ