დედა მენატრება, მე უნდა ჩავეხუტო დედას და ჩემს აფხაზეთს... - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დედა მენატრება, მე უნდა ჩავეხუტო დედას და ჩემს აფხაზეთს...

„წარმოშობით აფხაზეთიდან გახლავართ, ჯერ კიდევ სტუდენტი, მე-5 კურსზე ვსწავლობ და ექთნად ვმუშაობ.

ჩემი მშობლები და ძმა გალში ცხოვრობენ. დედა დიასახლისია, მამა სატვირთო მანქანაზე მუშაობს, და კი ჩემთან, თბილისში ცხოვრობს. აფხაზეთი ჩემი სხეულის ნაწილია, ღია ჭრილობასავით მტკივა… როცა შვილი მეყოლება, მინდა, ზღვაზე, ჩემს მშობლიურ კუთხეში, ჩავიყვანო და იქაური ჰაერი ჩავასუნთქო…

ერთი წელია, კვირაში რამდენჯერმე, კლინიკაში ვმორიგეობ, დილის 10-დან საღამოს 10 საათამდე. ბავშვობიდან მინდოდა ადამიანებს დავხმარებოდი, ამიტომ ექიმობა გადავწყვიტე და, მგონია, ამ პროფესიის წყალობით, სამყაროში ჩემი ადგილი ვიპოვე.

ექთნობა დიდი გამოცდილებაა, აქ იგებ და გრძნობ იმას, რასაც წიგნებში ვერ ამოიკითხავ - პაციენტებს, ზოგჯერ, წამალზე მეტად თანაგრძნობა და მხარდაჭერა სჭირდებათ. მათ თვალებში ხშირად ვკითხულობ ერთსა და იმავე ფრაზას - „ხომ გადავრჩები?“ - მეც მთელი ჩემი ძალისხმევით იმედს ვუსახავ... არის მომენტები, როდესაც პასუხი ჩემს სხეულზეც ისახება - ზოგჯერ მხრები გამცემენ, ზოგჯერ - ხელები, მაგრამ სულ ვცდილობ, თუ პაციენტი მძიმეა, არ შემეტყოს, არ გავამხილო...

მათგანაც დიდი ენერგია და სითბო მოდის და ეს დიდი მოტივაციაა. ერთხელ, ისე დამლოცა ერთმა მამაკაცმა - იხარე და გამრავლდი, შვილოო, - გამეფიქრა, სად იცხოვრებენ ჩემი შვილები, ამ ორი საქართველოს რომელ მხარეს - პირაქეთა, თუ პირიქითა მიწაზე...

კოვიდი ჩემთანაც მოვიდა დეკემბერში, მსუბუქად მოვიხადე, კოვიდსასტუმროში ვცხოვრობდი... დედა ვერ ჩამოვიდა, რადგან აფხაზეთიდან გამოსვლის უფლება არ მისცეს. რეკავდა, მკითხულობდა და ტიროდა, ტიროდა აფხაზურად, ტიროდა, რადგან ვერ მხედავდა და ჩემი დაკარგვის ეშინოდა, კედლებს ეხეთქებოდა და სიმწრისგან ხელებს იჭამდა, - იქნებ, ჩემმა კოცნამ გიშველოს, დედა, მე კი ვერ გწვდებიო... რა თქმა უნდა, რომც ჩამოსულიყო, იზოლაციის პერიოდში, მაინც ვერ შევეხებოდი, მაგრამ ჩემზე მეტად, ეს დისტანცია, მტრის მიერ მონიშნული საზღვარი, მას ანგრევდა. ეგონა, რომ ყველაზე მეტად, სწორედ, იმ მომენტში მჭირდებოდა და, სადღაც, ახლოს უნდა ყოფილიყო... – „დედა, არავის მიეკარო, თავს გაუფრთხილდი, დაიცავი“,- ვპასუხობდი აქედან და მეც, ამ სასტუმროში გამომწყვდეულს, გული მასთან მრჩებოდა. ვიგებდი ამბებს კოვიდით გარდაცვლილი ნაცნობების, მეზობლებისა და მეგობრების შესახებ და სასოწარკვეთილებისგან დაზაფრული ვრჩებოდი...

ახლა სრულად ვაქცინირებული ვარ. აცრის მთავარი იდეა სწორედ ისაა რომ ვირუსი მსუბუქად გადავიტანოთ. მჯერა, ეს კოშმარი მალე ჩაივლის. ვიცი, კარგად ვიქნები, რადგან დედას დავპირდი... მინდა, ჩემი მშობლებიც გამარჯვებულები გამოვიდნენ ამ ბრძოლიდან... დედა მენატრება, მე უნდა ჩავეხუტო დედას და ჩემს აფხაზეთს... აცრა არის გზა ერთმანეთისკენ, აიცერით, ერთად გავუმკლავდეთ ამ საშინელ დაავადებას!“

“ერთად გავუმკლავდეთ!“- ამ მოწოდების გარშემო გაერთიანდნენ პანდემიასთან ომის წინა ხაზზე მებრძოლი ადამიანები, რომელთაც ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო წარმოგიდგენთ.

„კოვიდთან მებრძოლები“ და მათი მონათხრობი - ესაა ნამდვილი ისტორიები, რომლებიც უხილავ მტერთან ბრძოლისა და თავდადების ამბავს ასახავს.

#ერთადგავუმკლავდეთ

#ვაქცინაგვიცავს

#ჯანდაცვა2021 #ჯეს

#გავუმკლავდეთ