ცისტიტის პრობლემა ქალებთან

ყველაზე მეტად გავრცელებულია ცისტიტის მწვავე გაურთულებელი ფორმა, რომელიც ძირითადად გვხვდება შარდ-სასქესო სისტემის ანატომიური და ფუნქციური გადახრების არმქონე არაორსულ ქალებთან, სერიოზული თანმხლები პათოლოგიების გარეშე.
რა არის ქალთა ცისტიტის განვითარების ყველაზე ხშირი მიზეზი, უხშირესად რა შეცდომებს უშვებენ ქალები თვითმკურნალობისას, რატომ არის აუცილებელი დროულად ექიმ-სპეციალისტთან ვიზიტი, ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე გვესაუბრება პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის უროლოგიის კათედრის გამგე, ალ. წულუკიძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრის წამყვანი სპეციალისტი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტი უროლოგი - თეიმურაზ ჩიგოგიძე:
- ბატონო თემურ, ქალებს მამაკაცებთან შედარებით უფრო ხშირად აღენიშნებათ ცისტიტი. რა არის ამის ძირითადი მიზეზი?
- მწვავე ბაქტერიული ცისტიტი ძირითადად ვითარდება აღმავალი ინფექციის ხარჯზე. მიზეზი, რის გამოც ქალებთან უფრო ხშირად გვხვდება ცისტიტი, ვიდრე მამაკაცებთან, არის ანუსის, საშოს და ურეთრის გარეთა ხვრელის ერთმანეთთან ახლოს მდებარეობა. ქალებს, მამაკაცებთან შედარებით, ანატომიურად უფრო მოკლე და ფართო შარდსადენი მილი აქვთ, რის გამოც შედარებით იოლად ხდება ამ უკანასკნელის ფეკალური ორგანიზმებით დაბინძურება.
- რომელი სიმპტომები მიანიშნებს შარდის ბუშტის ლორწოვანი გარსის ანთებაზე?
- ცისტიტი კლინიკურად სხვადასხვა დიზურიული სიმპტომით გამოვლინდება, როგორებიცაა: ხშირი შარდვა, მოშარდვის იმპერატიული სურვილი (როდესაც მოშარდვის მოთხოვნილება იმდენად ძლიერია, რომ უბრძანებს პაციენტს სასწრაფოდ შარდი დაღვაროს), შარდვის დროს წვა და ტკივილი, მოშარდვებს შორის ბოქვენზედა მიდამოში ყრუ ტკივილი. შარდის ფერი იცვლება - მუქდება, უჩნდება არასასიამოვნო მძაფრი სუნი, რასაც შეიძლება თან სდევდეს მაღალი სიცხე და შემცივნება.
- რა თავისებურებებით გამოირჩევა ცისტიტი ქალებთან?
- ცისტიტი ქალებთან უხშირესად ვითარდება სხვა პათოლოგიების ფონზე, როგორებიცაა: ბაქტერიული ვაგინოზი, კანდიდოზური ვაგინიტი, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები - ქლამიდიოზი, ურეაპლაზმა, მიკოპლაზმა და სხვა, რის გამოც პირობითად პათოლოგიური ფლორა აღარ ექვემდებარება ორგანიზმის კონტროლს და იწვევს ანთებით რეაქციებს.
- რომელია თვითმკურნალობისას დაშვებული ყველაზე ხშირი შეცდომები? რა არ შეიძლება და რატომ ცისტიტთან ბრძოლისას?
- სამწუხაროდ, ხშირად ავადმყოფები არ აღიქვამენ ცისტიტს სერიოზულ პრობლემად და იწყებენ თვითმკურნალობას სხვადასხვა პრეპარატით, რომელთა დოზის შერჩევა არასწორად ხდება, ამეტებენ დოზას ან, პირიქით, აკლებენ, ღებულობენ მედიკამენტებს არასათანადო ხანგრძლივობით, რაც ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ანტიბიოტიკების მიმართ, განაპირობებს ბაქტერიების რეზისტენტული შტამების განვითარებას და შემდგომ უფრო ძლიერ მედიკამენტებსაც აღარ აქვთ სათანადო ეფექტი.
- რატომ არის მნიშვნელოვანი ექიმთან დროულად ვიზიტი? რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს ცისტიტს?
- ექიმთან დროული ვიზიტი საჭიროა იმიტომ, რომ ცისტიტს ახასიათებს ხშირი რეციდივები, ამას შეიძლება მოჰყვეს სერიოზული გართულებები, როგორებიცაა: პიელონეფრიტი, ინფექციის ფონზე განვითარებული შარდკენჭოვანი დაავადება, დროთა განმავლობაში შესაძლოა ჩამოყალიბდეს შარდის ბუშტის ჰიპერაქტივობა და ა.შ. ექიმმა უნდა გაატაროს დიფერენციალური დიაგნოსტიკა, რათა გამორიცხოს მთელი რიგი დაავადებები, როგორებიცაა ინტერსტიციული ცისტიტი, შარდის ბუშტის კიბო, შარდის ბუშტის ტუბერკულოზი, შარდის ბუშტის უცხო სხეული და ა.შ.
- რას ეფუძნება დიაგნოსტიკა?
- ცისტიტის დიაგნოსტიკა მოიცავს: შარდის საერთო ანალიზს, პათოლოგიური ფლორის დასადგენად შარდის ბაქტერიოლოგიურ კვლევას, საშარდე სისტემის ექოსკოპიურ კვლევას და სხვა.
ხშირი რეციდივებისა და მიკროჰემატურიის შემთხვევაში სასურველია შარდის ციტოლოგიური კვლევა და ცისტოსკოპიის ჩატარება, საჭიროების შემთხვევაში შარდის ბუშტის ბიოფსია (ონკოლოგიის გამოსარიცხად).
- რას გულისხმობს მკურნალობა, რა შემთხვევაშია ის ეფექტური?
- პირველადად გამოვლენილი მწვავე ცისტისტის შემთხვევაში რეკომენდებულია სითხის მიღების გაზრდა, მწარე და ცხარე საკვების შეზღუდვა.
პირველი რიგის პრეპარატებით ანტიბაქტერიული მკურნალობის დაწყება, მაგალითად, ანტიმიკრობული პრეპარატებით - ნიტროფურანებით, რომლის წარმომადგენელია ფურამაგი. მათ მიმართ რეზისტენტობა ვითარდება ძალიან ნელა და არ აღწევს მაღალ ხარისხს, მოქმედებს როგორც გრამდადებით კოკებზე: Streptoccocus spp., Staphyloccocus spp., ასევე გრამუარყოფით ჩხირებზე: Escherichia Coli, salmonella spp., Klebsiella spp., პროტეუსის რიგ შტამებზე და ა.შ. მოქმედების მექანიზმი - ახდენს ნუკლეინის მჟავების სინთეზის ინჰიბირებას, ბაქტერიციდულ და ბაქტერიოსტატიკურ ზემოქმედებას.
ჩატარებული მკურნალობის მიუხედავად, თუ პაციენტს განუვითარდა რეციდივი, მაშინ შემდგომი მკურნალობა უნდა გაგრძელდეს შარდის ბაქტერიოლოგიური კვლევისა და ანტიბიოტიკოგრამის მიხედვით. გაფრთხილება - არ მიიღოთ წამლები, სანამ არ ჩააბარებთ ანალიზს შარდის ბაქტერიულ გამოკვლევაზე!
- როგორ ავირიდოთ ცისტიტი? თქვენი საპროფილაქტიკო რეკომენდაციები.
- თუ ქალს ერთხელ დაემართა ცისტიტი, მას მომატებული აქვს რისკი მისი განმეორების, ამიტომ საჭიროა ქალებმა მიიღონ პროფილაქტიკური ზომები:
გადაციების თავიდან არიდება;მეტი მოძრაობა, სპორტი, განსაკუთრებით ეს ეხება ისეთ პაციენტებს, რომლებსაც აქვთ მჯდომარე ცხოვრების წესი;ნაკლები სტრესი;დიეტის დაცვა: სითხის მიღების გაზრდა, რაციონში მწარე, ცხარე, შებოლილი საკვების მაქსიმალურად შემცირება;შარდი დიდხანს არ უნდა დაყოვნდეს შარდის ბუშტში;საჭიროა კოიტუსის შემდგომ შარდის ბუშტის დროული დაცლა. მოშარდვის დროს შარდის ნაკადით წარმოებს ურეთრის სანაცია და გარკვეულწილად აღმავალი ინფექციის პრევენცია;სასქესო ორგანოების ყველა სახის ანთებითი დაავადებების დროული მკურნალობა;ყოველდღიური შხაპი - ჰიგიენის წესების დაცვა.