როგორ ჩნდება ფრჩხილის სოკოვანი დაავადება, როგორია მისი მკურნალობის მეთოდები და როგორ უნდა აირიდოთ დაავადება თავიდან
ეს დაავადება შეიძლება შეხვდეს ნებისმიერ ადამიანს, რომელიც სტუმრობს აუზს, საუნას, სილამაზის სალონს და ა.შ (გამომწვევ მიზეზებზე დეტალურად ქვემოთ ვისაუბრებთ).
როგორ უნდა მიხვდეთ, რომ ფრჩხილის სოკოვანი დაავადება გაქვთ?
ფრჩხილების სოკოვანი დაავადების დროს იცვლება ფრჩხილის ფირფიტის შეფერილობა, ფორმა, სტრუქტურა. ფირფიტის გარდა ზიანდება ფრჩხილის საწოლი, მის ირგვლივ ქსოვილები და ზოგჯერ მთლიანი ფალანგიც.
ფრჩხილის სოკოვანი დაავადება სხვადასხვანაირად ვლინდება. ფრჩხილის ფირფიტა შესაძლოა:
- მოცილდეს ფრჩხილის საწოლს ნაპირიდან (ონიქოლიზისი)
- დაკარგოს გამჭვირვალობა და შეიმღვრეს
- გაყვითლდეს ან გაუჩნდეს მრავლობითი წერტილოვანი მოთეთრო ლაქა
- გასქელდეს და გახდეს მტვრევადი
- მასზე გაჩნდეს სიგრძივი ან განივი ღარები
რა იწვევს ფრჩხილის სოკოვან დაავადებას?
ფრჩხილის სოკოვან ინფექციას რამოდენიმე სოკო-პარაზიტი იწვევს, თუმცა მარტო მათი არსებობა არ არის საკმარისი. კანში და ფრჩხილში სოკოს შეჭრას გარკვეული ხელის შემწყობი პირობებიც ახლავს. სოკო ადვილად მრავლდება ნესტიან გარემოში. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს დაავადება ხშირად იჩენს თავს იმ ადამიანებში, რომლებიც სტუმრობენ საცურაო აუზებს, საუნებს, სილამაზის სალონებს. ფრჩხილის სოკოვან დაავადებას ასევე შეიძლება ხელი შეუწყოს მჭიდრო ფეხსაცმლის ტარებამ, იმუნური სისტემის დაქვეითებამ, სხვადასხვა ქრონიკულმა დაავადებამ.
ფრჩხილის სოკოვანი დაავადება ასევე, შესაძლოა, გაჩნდეს სხვისი ჰიგიენური საშულებების, მაგალითად, სხვისი პირსახოცის, აბაზანის, ან სააბაზანო ნივთების გამოყენების შედეგად. საყურადღებოა სოკოვანი დაავადებების ოჯახური შემთხვევები.
გარდა ამისა, სოკოს გამრავლების ხელისშემწყობი მიზეზი შეიძლება იყოს ისეთი დაავადებები, როგორიცაა შაქრიანი დიაბეტი, შიდსი, ჭარბწონიანობა, ოფლიანობა.
შესაძლოა, სოკოთი დაავადებას ხელი შეუწყოს ანტიბიოტიკებმა, ასევე ორალურმა კონტრაცეპტივებმა და სხვა მედიკამენტების გამოყენებამ.
ფრჩხილის სოკოვანი დაავადებების პრევენცია
არსებობს მთელი რიგი ქცევის წესები, რომელთა დაცვითაც შეძლებთ, რომ თავიდან აიცილოთ, ან მინიმუმამდე დაიყვანოთ ამ ინფექციით დაავადების შესაძლებლობა. აუცილებლად გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები:
- არასოდეს გამოიყენოთ სხვისი ფეხსაცმელი და პირსახოცი
- არასოდეს გამოიყენოთ სხვისი მანიკურისა და პედიკურის იარაღები და ჰიგიენის სხვა საშუალებები.
- გამოიყენეთ ბუნებრივი, ბამბის ქსოვილის წინდები და მოხერხებული ფეხსაცმელი, რომელიც კარგად ნიავდება, რომ ფეხის გაოფლიანების ალბათობა იყოს მინიმუმამდე დაყვანილი.
მკურნალობა
იყო დრო, როცა დაზიანებულ ფრჩხილს კი არ მკურნალობდნენ, არამედ ქირურგიულად აშორებდნენ. ახლა ფრჩხილის მოშორება საჭირო აღარ არის. თანამედროვე მედიცინა, საბედნიეროდ, იძლევა ფრჩხილის სოკოვანი დაავადების ეფექტიანად მკურნალობის შესაძლებლობას.
თავიდანვე გაითვალისწინეთ, რომ მკურნალობა დამოკიდებულია ფრჩხილის საწყისი დაზიანების ხარისხზე. იგი შეიძლება იყოს სისტემური და კომბინირებული. არსებობს სისტემური, ანუ პერორალურად მისაღები სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატების სხვადასხვა ჯგუფი, საიდანაც თქვენთვის საჭირო პრეპარატი და მისი გამოყენების მეთოდიკა უნდა შეირჩეს მხოლოდ ექიმი-სპეციალისტის მიერ, გარკვეული რისკ-ჯგუფების, რისკ-ფაქტორებისა და, რაც მთავარია, პროცესის სიმძიმის გათვალისწინებით.
მიუხედავად იმისა, დაინიშნება თუ არა პერორალური საშუალება სამკურნალოდ, ყველა შემთხვევაში მიზანშეწონილია სოკოს საწინააღმდეგო ადგილობრივი საშუალებების გამოყენება, რომელიც შეიძლება დაინიშნოს როგორც მონოთერაპიის, ასევე კომბინირებული თერაპიის დროს. ადგილობრივი საშუალებები მარტივია გამოსაყენებლად, ეფექტურია, რადგან გააჩნიათ მაღალი შეღწევადობა და ამასთან უსაფრთხოა გამოსაყენებლად.
თანამედროვე ფარმაკოლოგიის მიღწევად უნდა ჩაითვალოს კრემებსა და მალამოებთან ერთად, ანტიმიკოზური საშუალებების გამოშვება სპრეისა და ხსნარის ფორმით, რაც ფრჩხილის სამკურნალოდ გამოსაყენებლად უფრო პრაქტიკულია და ხასიათდება მაღალი შეღწევადობით, ასეთი პრეპარატები უალტერნატივოა ფრჩხილების სოკოვანი ინფექციით დაავადების სამკურნალოდ.
R