რას გვეუბნება ჰორმონული ანალიზი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რას გვეუბნება ჰორმონული ანალიზი

- ბატონო სულხან, როდის ტარდება ჰორმონული გამოკვლევა?

- ჰორმონული გამოკვლევა ტარდება მაშინ, როდესაც ექიმი ეჭვობს ენდოკრინული სისტემის სხვადასხვა შტოს - ფარისებრი ჯირკვლის, თირკმელზედა ჯირკვლის, სასქესო ჯირკვლების, ჰიპოფიზის ან ჰიპოთალამუსის პრობლემებს.

- რა კლინიკური ნიშნების საფუძველზე ჩნდება ეჭვი?

- სხვადასხვა ჰორმონის ნაკლებობა თუ სიჭარბე სხვადასხვა სიმპტომატიკას იძლევა. ექიმს მოეთხოვება, ზუსტად შეაფასოს ეს სიმპტომები და კვლევის სწორი მიმართულება მისცეს პაციენტს. ჰორმონი საკმაოდ ბევრია, ტესტირება კი არცთუ ისე იაფი პროცედურაა, ამიტომ პრინციპული მნიშვნელობა აქვს, რამდენად ზუსტად იქნება ორიენტირებული პაციენტის კვლევა.

- რა მასალას იკვლევენ ჰორმონებზე?

- უმთავრესად - სისხლის შრატსა და შარდს. საზღვარგარეთ ამ მიზნით ნერწყვის გამოკვლევაც ტარდება. ეს მეთოდი უფრო მარტივია, მაგრამ საკმაოდ დიდ ხარჯთან არის დაკავშირებული, ამიტომ ჩვენთან ჯერჯერობით არ დანერგილა.

- როდის ხდება ანალიზისთვის სისხლის აღება? ხომ არ სჭირდება პაციენტს საგანგებო მომზადება? რამე რეკომენდაციები ხომ არ ეძლევა მას ანალიზის ჩაბარების წინ?

- ზოგიერთი ანალიზისთვის არავითარი მომზადება არ არის საჭირო, არც იმას აქვს მნიშვნელობა, პაციენტი ნაჭამია თუ მშიერი, ზოგ შემთხვევაში კი მომზადება აუცილებელია. მაგალითად, როდესაც ქალის სასქესო ჰორმონებს ვიკვლევთ, უნდა დაველოდოთ ციკლის განსაზღვრულ დღეს. ჰორმონების უმრავლესობას ციკლური რიტმი ახასიათებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმში მათი ოდენობა მთელი დღე-ღამის განმავლობაში იცვლება. ასეთი ჰორმონების კვლევისას სისხლი დღე-ღამის განსაზღვრულ მონაკვეთში - დილით ან ღამით - უნდა იქნეს აღებული. ასევე, თუ ტესტი რომელიმე პათოლოგიის გამოსავლენად ტარდება, შესაძლოა, პაციენტს სპეციალური მომზადება დასჭირდეს. მაგალითად, თუ ეჭვი გვაქვს გლუკოზის მიმართ ტოლერანტობის დარღვევაზე, პაციენტმა განსაზღვრული ხნის განმავლობაში არ უნდა მიიღოს საკვები, ხოლო გამოკვლევის დღეს, დილით, უნდა დალიოს 75-80 გრამი გლუკოზის შემცველი 300 მლ სითხე და სხვა. თუ პაციენტი იღებს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონს, ვაფრთხილებთ, რომ გამოკვლევის ჩატარებამდე 24-48 საათის განმავლობაში წამალი არ მიიღოს. ზოგიერთი ანალიზის ჩატარებამდე რამდენიმე დღის განმავლობაში აკრძალულია ალკოჰოლური ნივთიერების მიღება - შესაძლოა, ტესტმა ცრუ დადებითი ან ცრუ უარყოფითი შედეგი მოგვცეს. ყოველი ცალკეული კვლევისას საჭიროა ენდოკრინოლოგის რჩევების გათვალისწინება და მათი ზედმიწევნით დაცვა.

- ჩვენში ძალიან არის გავრცელებული ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები - ჰიპოთირეოზი, ჰიპერთირეოზი... რომელი გამოკვლევები ტარდება ამ დაავადებების დიაგნოსტიკისთვის?

- დავიწყებ იმით, რომ ყველა დაავადებას, რომელიც კი ფარისებრ ჯირკვალს უკავშირდება, ხალხში ჩიყვს ეძახიან. ყველაფრისთვის ჩიყვის დარქმევა არასწორია. ჩიყვი არის ფარისებრი ჯირკვლის გადიდება, რასაც შესაძლოა ახლდეს მისი სტრუქტურული თუ ფუნქციური ცვლილებები, ჰორმონების ჭარბი ან ნაკლული წარმოქმნა. პირველს ჰიპერთირეოზი ეწოდება, მეორეს - ჰიპოთირეოზი. ამ დროს პაციენტის ახლობლების ყურადღებას იპყრობს გადიდებული ჯირკვალი. პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია გარდატეხის ასაკში, რასაც თავისი მიზეზები აქვს. საქმე ის არის, რომ როდესაც ბავშვი სწრაფად იზრდება, ფარისებრი ჯირკვალი შესაძლოა გადიდდეს, რათა ამის ხარჯზე დააკმაყოფილოს ორგანიზმის გაზრდილი მოთხოვნილება. რას ვიკვლევთ ამ დროს? უწინარეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია ულტრაბგერითი გამოკვლევა, რომელიც წარმოდგენას გვიქმნის ჯირკვლის ზომასა და სტრუქტურაზე - ხომ არ არის მასში რაიმე წარმონაქმნი, კვანძი, კისტა თუ სხვა რამ. მომდევნო ეტაპია ჯირკვლის ფუნქციური მდგომარეობის შესწავლა - არის თუ არა ფუნქცია შეცვლილი, ჰორმონის გამომუშავება - მომატებული ან დაკლებული. ძალიან გვეხმარება შარდში იოდის ოდენობის განსაზღვრაც, რადგან ძალიან ხშირად ჯირკვლის ზომა სწორედ იოდდეფიციტის გამო იმატებს. ამ შემთხვევაში პრობლემის მოგვარება მხოლოდ იოდის დეფიციტის კორექციით არის შესაძლებელი. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონული სპექტრიდან ყველაზე ხშირად იკვლევენ ჰიპოფიზის ჰორმონს - თირეოტროპულ ჰორმონს (TSH) და პერიფერიულ თავისუფალ თიროქსინს (FT4). როდესაც ჩნდება აუტოიმუნური თირეოიდიტის ეჭვი, ხდება სისხლში ანტისხეულების ტიტრის განსაზღვრაც. როდესაც ხელთ გვაქვს ჯირკვლის სტრუქტურის ანუ ექოსკოპიური გამოკვლევისა და ფუნქციის ანუ ჰორმონული გამოკვლევის შედეგები, მკურნალობაც მარტივდება, რადგან ვხვდებით, სად ვეძებოთ პრობლემის სათავე. როდესაც STH-ის მაჩვენებელი მაღალია, FT4-ისა დაბალია და პირიქით. პერიფერიული ჰორმონის დონის მატება იწვევს მისი მასტიმულირებელი ჰორმონის დაქვეითებას და პირიქით. მაგრამ გვხვდება მოსაზღვრე მდგომარეობებიც - ეგრეთ წოდებული სუბკლინიკური ჰიპოთირეოზი და სუბკლინიკური ჰიპერთირეოზი. ასეთ დროს ექიმი წყვეტს, დანიშნოს თუ არა ჰორმონული პრეპარატი.

არსებობს სხვა მეთოდებიც ფარისებრი ჯირკვლის სრულყოფილი გამოკვლევისთვის - ბიოფსია, რადიაქტიური იოდის ჩართვა და ა. შ.

- რას გვიჩვენებს STH-ის სიჭარბე ან ნაკლულობა?

- STH-ის მომატება გვიჩვენებს, რომ ფარისებრ ჯირკვალს მუშაობა უჭირს, რის გამოც ჰიპოფიზი გასცემს უფრო მეტ ბრძანებას, რათა ფარისებრ ჯირკვალს სათანადო ოდენობის ჰორმონის გამომუშავება აიძულოს. ამიტომაც არის ამ დროს თირეოტროპული ჰორმონი ჭარბი, ნორმაზე მეტი, მაგრამ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის, კერძოდ, თავისუფალი თიროქსინის დონე ნორმალურია. ეს არის სუბკლინიკური ჰიპოთირეოზი, რომელიც ზემოთ უკვე ვახსენე. ჰიპოფიზი ამას გაძლიერებული მუშაობის ხარჯზე უმკლავდება. შესაძლოა, პირიქით, თირეოტროპული ჰორმონი იყოს შემცირებული, ფარისებრი ჯირკვლის პერიფერიული ჰორმონი კი ნორმაში იყოს. ეს არის სუბკლინიკური ჰიპერთირეოზი. ეს მდგომარეობა ჩარევას არ მოითხოვს, თუმცა რამდენიმე თვის შემდეგ საჭიროა ანალიზის გამეორება მდგომარეობის შესაფასებლად. თუ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონი დაქვეითებულია, ხოლო თირეოტროპული ჰორმონი - მომატებული, ეს არის კლინიკური ჰიპოთირეოზი. ამ დროს აუცილებელია მკურნალობა. როდესაც, პირიქით, თირეოტროპული ჰორმონია დაქვეითებული, ხოლო თავისუფალი თიროქსინი - მომატებული, ეს არის კლინიკური ჰიპერთირეოზი, რომელსაც მკურნალობა ასევე სჭირდება.

- რას გვიჩვენებს პროლაქტინის მაჩვენებელი?

- პროლაქტინი ჰიპოფიზის ჰორმონია, რომელიც დიდ როლს ასრულებს ქალის ორგანიზმის ფუნქციობაში, კერძოდ, ამზადებს სარძევე ჯირკვლებს ლაქტაციისთვის. რძის წარმოქმნა სისხლში ამ ჰორმონის დონეზეა დამოკიდებული. სხვადასხვა მიზეზის გამო შეიძლება მისმა დონემ დაიწიოს და ადგილი ჰქონდეს შესაბამის კლინიკურ გამოვლინებას ციკლის შემცირებიდან სრულ ამენორეამდე. რეპროდუქციული ასაკის ქალბატონებში ასეთი დარღვევის მიზეზი ყველაზე ხშირად სწორედ პროლაქტინის დონის მომატებაა. ამ დროს შესაძლოა თავი იჩინოს გამონადენმა ერთი ან ორივე სარძევე ჯირკვლიდან, შეუძლებელი გახდეს დაორსულება. მსგავსი კლინიკური სურათის დროს აუცილებლად უნდა იქნეს გამოკვლეული პროლაქტინის დონე.


- როდის ტარდება და როგორ მიმდინარეობს ქალისა და მამაკაცის სასქესო ჰორმონების კვლევა? რომელი ჰორმონების კვლევაა უფრო მნიშვნელოვანი ან ერთ, ან მეორე შემთხვევაში?

- სასქესო ჰორმონების გამოკვლევას ქალებს ყველაზე ხშირად ციკლის მოშლის მიზეზის დასადგენად ვუტარებთ. ქალის ორგანიზმში სასქესო ჰორმონების პროდუქციას განაპირობებს 3 დონე:

  1. ჰიპოფიზი, რომელსაც მაკონტროლებელი ფუნქცია აქვს;
  2. საკვერცხეები - ქალის სასქესო ჰორმონების ძირითადი მაპროდუცირებელი ჯირკვლები;
  3. თირკმელზედა ჯირკვალი.

იმისდა მიხედვით, როგორია ჩივილები, - ციკლის მოშლა თუ შეწყვეტა, დაფეხმძიმების შეუძლებლობა, თმიანობა, - უნდა მოხდეს პაციენტის - როგორც ქალის, ასევე მამაკაცის - გამოკვლევა სასქესო ჰორმონებზე, კერძოდ, პროგესტერონზე, ესტროგენებზე, ასევე - ანდროგენებზე: ტესტოსტერონზე, დეჰიდროეპიალდოსტერონზე... ხშირად ამ გამოკვლევებით ვადგენთ, სად იღებს სათავეს პათოლოგიური პროცესი. მამაკაცის პოტენციის დაქვეითება ყველაზე ხშირად ჰორმონული დისბალანსის - ტესტოსტერონის შემცირების, პროლაქტინის მომატების შედეგია. პროლაქტინის დონის განსაზღვრა ამ შემთხვევაშიც მეტად მნიშვნელოვანია.

- გვერდს ვერ ავუვლით ძალზე გავრცელებულ პრობლემას - შაქრიან დიაბეტს. რას ვიკვლევთ მისი დიაგნოზის დასასმელად და როგორ კონტროლდება შემდგომ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

- არსებობს შაქრიანი დიაბეტის ორი ძირითადი ტიპი: პირველი - ინსულინდამოკიდებული, ვინაიდან ინსულინოთერაპიას საჭიროებს და მეორე - ინსულინდამოუკიდებელი. პირველი ტიპის დროს სიმპტომატიკა შესაძლოა მწვავედ და არასასურველი ფორმით გამოვლინდეს, რომელიც იმდენად დისკომფორტულია, რომ ამ დაავადებაზე ეჭვი ხშირად ყოფით დონეზეც კი შეიძლება გამოითქვას. დამახასიათებელი ნიშნებიდან ყურადსაღებია გაძლიერებული წყურვილი, ხშირი შარდვა, წონის კლება, ღამით მოსაშარდავად ადგომა, ახალგაზრდა ასაკი, სისუსტე. ზოგჯერ ამ ყველაფერს წინ ინფექცია უძღვის. იმატებს სისხლში კეტოსხეულების დონე, რაც ხშირად პირის ღრუში დამახასიათებელი აცეტონის სუნით გამოიხატება. ამ დროს, თუ მდგომარეობა ნებაზე მივუშვით, შესაძლოა კეტოაციდური კომაც კი განვითარდეს, რომელიც მძიმე გართულებაა და გადაუდებელ სამედიცინო ჩარევას მოითხოვს.

მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტის სიმპტომოკომპლექსი პირველის მსგავსია, თუმცა ნაკლებად მძაფრი და თითქმის არასდროს რთულდება კეტოაციდოზით. დაავადების ეს ტიპი, გარდა იშვიათი გამონაკლისისა, გვიანდელ ასაკში ვითარდება, უმეტესად ასოცირდება ჭარბ წონასთან, მემკვიდრეობასთან და სხვა.

შაქრიანი დიაბეტის დროს ლაბორატორიულად ვლინდება სისხლში გლუკოზის მაღალი დონე, ხოლო შარდში - გლუკოზურია, ტიპი 1-ის დროს - სისხლსა და შარდში კეტოსხეულების არსებობაც.

- საჭიროა თუ არა ინსულინოთერაპიის ფონზე სისხლში შაქრის დონის კონტროლი? კიდევ რისი კონტროლი უნდა მოხდეს?

- მკურნალობის პარალელურად აუცილებელია როგორც სისხლში გლუკოზის დონის, ასევე შარდში გლუკოზის, სისხლსა და შარდში კეტოსხეულების კონტროლი.

- რა სიხშირით და პერიოდულობით?

- გააჩნია დიაბეტის ხანგრძლივობასა და სიმძიმეს. რაც უფრო დიდხანს და მძიმედ მიმდინარეობს დაავადება, მით უფრო ხშირად უნდა ჩატარდეს კვლევები. გლუკოზის განსაზღვრა უნდა მოხდეს ყოველთვის, როცა კი ავადმყოფი ამას საჭიროდ ჩათვლის, რუტინულად - ჭამამდე და ჭამიდან 2 საათის შემდეგ ყოველდღიურად. კვირაში 1-ხელ მიზანშეწონილია სრული მონიტორინგის ჩატარება, კერძოდ, 6-7-ჯერადი მონიტორინგი გლუკოზის დონის განსაზღვრისათვის - ძილის წინ და ყოველი ძირითადი კვების წინ. გარდა ამისა, რეკომენდებულია 3 თვეში ერთხელ გლიკირებული ჰემოგლობინის განსაზღვრა, რომელიც აჩვენებს, როგორ იყო მოწესრიგებული ბოლო 3-4 თვის განმავლობაში გლიკემიური დონე სისხლში. ხშირად უნდა მოხდეს თირკმლის ფუნქციის კვლევა, შარდში მიკროალბუმინურიის, ცილის, სისხლში - კრეატინინის, შარდოვანას, აზოტის განსაზღვრა. შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებს სჭირდებათ ნევროპათოლოგის, კარდიოლოგის, ოფთალმოლოგის, ნეფროლოგის, ანგიოლოგის კონსულტაცია.

- რას გვეტყვით თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონების კვლევაზე?

- თირკმელზედა ჯირკვლის დისფუნქცია მრავალფეროვან და რთულ პათოლოგიებს, მათ შორის - კუშინგის დაავადებას, ადისონის დაავადებას, ფეოქრომოციტომას, სხვადასხვა სიმსივნეს, თირკმელზედა ჯირკვლის თანდაყოლილ ჰიპერპლაზიებს იწვევს. ეს არის საკმაოდ ძნელად შესაფასებელი ენდოკრინული ჯირკვალი, რომლის ფუნქციის შესაფასებლად საჭიროა მრავალი ტესტი და გამოკვლევა, ჰორმონული კვლევით დაწყებული, კომპიუტერული ტომოგრაფიით და სხვა რთული გამოკვლევებით დამთავრებული. თირკმელზედა ჯირკვლის პათოლოგიას ეჭვობენ მაშინ, როდესაც ადამიანს ეცვლება კანის ფერი, უჩნდება სტრიები, პიგმენტური ლაქები, თმიანობა, განსაზღვრული ტიპის სიმსუქნე, მაღალი არტერიული წნევა.

- ბოლო ხანს ბევრს ლაპარაკობენ ოსტეოპოროზის შესახებ. როგორ ხდება ამ დაავადების დიაგნოსტიკა?

- ოსტეოპოროზს ახასიათებს ძვლის სიმკვრივის დაქვეითება, რაც ძვლის დემინერალიზაციის ბრალია. მდგომარეობის შესაფასებლად ყველაზე მარტივი გზაა სისხლში კალციუმის დონის განსაზღვრა, მაგრამ ხშირად ეს საკმარისი არ არის. საჭირო ხდება დამატებითი კვლევა - პარათირეოიდული (ფარისებრახლო ჯირკვლის) ჰორმონის, შარდში კალციუმის ექსკრეციის, ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის განსაზღვრა. მეორე მნიშვნელოვანი კვლევაა დენსიმომეტრია - მინერალური ნივთიერებებით ძვლის გაჯერების შეფასება. გაჯერების ხარისხის მიხედვით, განვასხვავებთ რამდენიმე საფეხურს - მსუბუქ დეფიციტს, ოსტეოპენიას და ოსტეოპოროზს. მინდა გთხოვოთ, ექიმის კონსულტაციის გარეშე რეკლამირებული პრეპარატების მიღებისგან თავი შეიკავოთ. არსებობს პრეპარატები, რომელთა მიღება მხოლოდ მაშინ არის ნებადართული, როდესაც სისხლში კალციუმის დონე ნორმის ფარგლებშია. მაგალითად, კალციუმის დეფიციტის დროს ბიფოსფონატების მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ტეტანია. ამრიგად, ოსტეოპოროზის მკურნალობას კვალიფიციური და ზუსტი მიდგომა სჭირდება.

- რა არის მეტაბოლური ცვლის დარღვევის მარკერები?

- მეტაბოლური სინდრომი მოიცავს ცენტრალურ სიმსუქნეს, ჰიპერტრიგლიცერიდემიას, დაბალ HDL ქოლესტეროლს, ჰიპერგლიკემიას და არტერიულ ჰიპერტენზიას. მისი მიზეზი ყველაზე ხშირად ჭარბი კვებაა, თუმცა კი ბევრს ამის აღიარება არ სურს. სიმსუქნის ერთადერთი მიზეზია დისბალანსი მიღებულ და დახარჯულ კალორიებს შორის. ცხადია, არსებობს პათოლოგიებიც, რომელთა დროსაც ადამიანი სუქდება, ზოგჯერ - არაპროპორციულადაც. ასეთია, მაგალითად ჰიპოთირეოზი,  კუშინგის სინდრომი... ჭარბი წონის მიზეზი გამოცდილმა სპეციალისტმა უნდა დაადგინოს.