News - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

News

- ცოტაოდენი ძლიერი ანესთეტიკი საქსიტოქსინი ცხიმოვან კაფსულაში, ე.წ. ლიპოსომაში მოათავსეს. კვლევის დროს მეცნიერებმა გამოსცადეს ორი სახის ლიპოსომა, რომელთაგან ერთი შეიცავდა მხოლოდ საქსიტოქსინს, ხოლო მეორე - ანესთეტიკს, რომელსაც დამატებული ჰქონდა ჰორმონული პრეპარატი დექსამეტაზონი. ეს უკანასკნელი გასაუტკივარებელი ნივთიერების მოქმედებას აძლიერებდა. საქსიტოქსინიანი ლიპოსომების გამოყენების შემდეგ ანესთეზია ორ დღეს გრძელდებოდა, ხოლო ორი პრეპარატის შემცველი ლიპოსომების გამოყენებისას - კვირაზე მეტხანს. ერთ-ერთი მკვლევრის, დოქტორ დენიელ კოჰეინის თქმით, გასაუტკივარებელი ნივთიერების შემცველ ლიპოსომებს ის უპირატესობა აქვთ, რომ არ იწვევენ ნერვებისა და კუნთების ტოქსიკურ დაზიანებას, რაც, ჩვეულებრივ, მოჰყვება ხოლმე ანესთეტიკის შეყვანას. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ახალი საშუალება შესაძლოა გამოყენებულ იქნეს ხანგრძლივი გაუტკივარებისთვის ქირურგიული ჩარევის დროს და მას შემდეგ, ასევე - მწვავე და ქრონიკული ხასიათის ტკივილის მკურნალობისას.

რა აქვთ საერთო ტილსა და ბრონქულ ასთმას

ნოტინგემის (დიდი ბრიტანეთი) უნივერსიტეტში მეცნიერთა ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ დატილიანებული თაგვების იმუნური სისტემა ალერგიაზე უფრო მშვიდად რეაგირებდა, ვიდრე პარაზიტებისგან თავისუფალი თაგვების იმუნური სისტემა. ამ აღმოჩენამ შესაძლოა კარგი სამსახური გაუწიოს მეცნიერებს ბრონქული ასთმისა და სხვა ალერგიულ დაავადებათა მიზეზების ძიებისას. კვლევის შედეგი საფუძველს უმყარებს ე. წ. ჰიგიენურ ჰიპოთეზას, რომლის თანახმადაც ალერგიული დაავადებების გახშირება იმით არის განპირობებული, რომ განვითარებული ქვეყნების მოსახლეობა დღეს თითქმის სტერილურ სისუფთავეში ცხოვრობს. თუ ადამიანს ბავშვობიდანვე იცავენ გარესამყაროში არსებულ სხვადასხვა ნივთიერებასთან კონტაქტისგან, მისი იმუნიტეტი სათანადოდ ვერ გამოიწრთობა და შემდგომ უწყინარ გამაღიზიანებლებზე (მაგალითად, ყვავილის ან სახლის მტვერზე) მოახდენს რეაგირებას.

პარაზიტებს კი ძალუძთ, მწვრთნელის როლი იტვირთონ. ბრიტანელმა მეცნიერებმა შეისწავლეს იმ ტყის თაგვების იმუნური სისტემის მდგომარეობა, რომლებიც მათთვის ბუნებრივ გარემოში ბინადრობდნენ და იგი იმ თაგვების იმუნურ სისტემას შეადარეს, რომელთა თაობები ლაბორატორიაში, ზესუფთა გარემოში იზრდებოდნენ. "ძუძუმწოვრების იმუნური სისტემის შესახებ ჩვენი ცოდნა ეფუძნება იმ ლაბორატორიულ მღრღნელებზე დაკვირვებას, რომლებიც თავიანთი სიცოცხლის განმავლობაში ხვდებიან არაბუნებრივ პათოლოგიებს და თითქმის არასდროს განიცდიან სტრესს", - განაცხადა კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა. "სუფთა" თაგვების იმუნური სისტემა გაცილებით მგრძნობიარე აღმოჩნდა.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ტილები რაღაცნაირად თრგუნავენ თაგვების იმუნურ სისტემას სხვებისთვის პარაზიტებისა და მიკროორგანიზმების გადაცემის გზით ან თავიანთ ნერწყვში შემავალი ზოგიერთი ნივთიერების საშუალებით, რომლებიც თაგვის ორგანიზმში კბენისას შეჰყავთ. "ჰიგიენური" ჰიპოთეზის ერთ-ერთი პოსტულატი ასეთია: ადამიანის იმუნური სისტემა იმ პერიოდში ვითარდებოდა, როდესაც მასზე გამუდმებით პარაზიტობდნენ ჰელმინთები, უმარტივესები, მწერები და ტკიპები. ,,დღეს მსოფლიოს მოსახლეობა ჩვენი წინაპრებისგან აბსოლუტურად განსხვავებული ინფექციების ზემოქმედების ქვეშ იმყოფება", - წერენ მკვლევარები, - შესაძლოა, იმუნოლოგიური დარღვევების გახშირების მიზეზიც ის არის, რომ ჩვენი იმუნური სისტემა წინაპართაგან სრულიად განსხვავებული ამოცანების ამოსახსნელად არის ,,გადაწყობილი".

პესტიციდები პარკინსონის დაავადების განვითარების რისკს ზრდის

პესტიციდებთან ხანგრძლივი კონტაქტი ზრდის პარკინსონის დაავადების განვითარების რისკს. ეს დადგენილ იქნა მრავალწლიანი კვლევით, რომელიც კალიფორნიელ მეცნიერთა ჯგუფმა ჩაატარა.

1998-2007 წლებში მკვლევრებმა დაავადების 368 შემთხვევა შეისწავლეს. საკონტროლო ჯგუფის სახით იკვლევდნენ კალიფორნიის იმ რაიონის 314 მკვიდრს, სადაც 1974-1999 წლებში სოფლის მეურნეობაში გამუდმებით იყენებდნენ პესტიციდებს. აღმოჩნდა, რომ სოკოს საწინააღმდეგო აგენტ MANEB-ით და ჰერბიციდ Paraquat-ით დამუშავებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულებიდან 500 მეტრის რადიუსში მცხოვრებ ადამიანებს პარკინსონის დაავადების განვითარების ალბათობა 75%-ით მეტი ჰქონდათ. დაავადება 2-ჯერ უფრო ხშირი იყო იმ ადამიანებს შორის, რომლებსაც ერთ-ერთ პესტიციდთან ჰქონდათ კონტაქტი და 4-ჯერ ხშირი - ორივე პესტიციდთან კონტაქტის მქონე პირებში. კვლევის ერთ-ერთი ავტორის თქმით, ეს არის პირველი ეპიდემიური გამოკვლევა, რომელიც ამტკიცებს, რომ პესტიციდები ძლიერ ტოქსიკურ ზემოქმედებას ახდენს ნეირონებზე და საგრძნობლად ზრდის პარკინსონის დაავადების განვითარების ალბათობას იმ რაიონებში, სადაც ამ აგენტებს იყენებენ.

ოჯახური ბედნიერება სიცოცხლეს ახანგრძლივებს

თელ-ავივის უნივერსიტეტში ჩატარდა კვლევა, რომელმაც ცხადყო, რომ ოჯახური ბედნიერება სიცოცხლეს ახანგრძლივებს. კერძოდ, ბედნიერი ოჯახის პატრონი მამაკაცები უფრო მეტხანს ცოცხლობენ, ვიდრე მათივე სქესის ის წარმომადგენლები, რომელთა ოჯახური ცხოვრებაც სავსეა უთანხმოებით და სტრესით. ბოლო 15 წლის განმავლობაში შეკრებილი მონაცემების საფუძველზე მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ იღბლიანი ქორწინება საგრძნობლად ამცირებს ინსულტის განვითარების ალბათობას. პიტსბურგის უნივერსიტეტში მიღებული მონაცემების თანახმად კი ოპტიმისტები პესიმისტებზე გაცილებით მეტხანს ცოცხლობენ და იშვიათად ავადმყოფობენ. ოპტიმისტურად განწყობილი ქალების სიკვდილიანობა პესიმისტებისაზე 14%-ით ნაკლებია, გულის დაავადებათა განვითარების ალბათობა კი პესიმისტებს 30%-ით მეტი აქვთ.

არტერიული წნევის კონტროლის ახალი საშუალება

ამერიკელმა მეცნიერებმა არტერიული წნევის კონტროლის ახალი საშუალება აღმოაჩინეს. მათ დაადგინეს, რომ თაგვებს, რომელთაც ერთ-ერთი პროსტაგლანდინის მიმართ მცირე რაოდენობის რეცეპტორები აქვთ, აღენიშნებათ უფრო დაბალი არტერიული წნევა და სისხლძარღვების გაცილებით სუსტი ათეროსკლეროზული დაზიანება. პროსტაგლანდინები არის ფიზიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების განსაკუთრებული კლასი, რომელიც ადამიანისა და ცხოველების ორგანიზმის ანთებით, ტკივილისა და სხვა სახის რეაქციებში მონაწილეობს. პენსილვანიის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის მეცნიერთა ჯგუფმა მღრღნელებში არტერიული წნევის დონესა და ათეროსკლეროზის განვითარებაზე F2-ალფა ტიპის პროსტაგლანდინების გავლენა შეისწავლა. კვლევის პროცესში მათ გამოზარდეს თაგვების თაობა, რომელსაც არ გააჩნდა გამოსაკვლევი პროსტაგლანდინისა და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების რეცეპტორთა მაკოდირებელი გენი - ასეთ ცხოველებს F2-ალფა ტიპის პროსტაგლანდინებზე რეაგირება არ შეეძლოთ - და დაასკვნეს, რომ არტერიული წნევა და სისხლძარღვების ათეროსკლეროზული დაზიანების ხარისხი მათ ჩვეულებრივ თანამოძმეებზე დაბალი ჰქონდათ. ექსპერიმენტის ხელმძღვანელის თქმით, F2-ალფა ტიპის პროსტაგლანდინების რეცეპტორების ბლოკირება არტერიული წნევის დონის კონტროლის საშუალებას იძლევა და შესაძლოა, სისხლძარღვოვან დაზიანებათა პროფილაქტიკის საშუალებადაც იქცეს.

ნატურალური წვენი და - არავითარი სიმსუქნე!

მედიკოსების მტკიცებით, თუ ადამიანი ყოველდღე დალევს ერთ ჭიქა ასი პროცენტით ნატურალურ წვენს, მისი ჯანმრთელობა დიდი ალბათობით იქნება დაზღვეული სიმსუქნისგან. მინესოტის უნივერსიტეტში ჩატარებულმა ხუთწლიანმა კვლევამ ნათელყო, რომ მას, ვინც ყოველდღე სვამს ხილის ნატურალურ წვენს, აქვს უკეთესი მგრძნობელობა ინსულინის მიმართ და ნაკლები ალბათობა, დაემართოს მეტაბოლური დარღვევები, რომლებსაც, თავის მხრივ, შაქრიანი დიაბეტის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და ინსულტისკენ მივყავართ. კარგა ხანია ცნობილი, რომ ხილითა და ბოსტნეულით მდიდარი რაციონალური და ბალანსირებული კვება ქრონიკულ დაავადებებთან ბრძოლის ეფექტური საშუალებაა. მეცნიერებმა ისიც შეამჩნიეს, რომ წვენების რეგულარული სმა ხელს უწყობს ფიზიკურ გააქტიურებას და ამცირებს რაციონში ცხიმიანი და ჭარბი შაქრის შემცველი პროდუქტების წილს.

სარძევე ჯირკვლის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკა მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით

მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა სარძევე ჯირკვლის კიბოსთვის დამახასიათებელ იმ ცვლილებათა გამოვლენის საშუალებას იძლევა, რომელთა აღმოჩენა მამოგრაფიითა და ულტრაბგერითი კვლევით შეუძლებელია. აშშ-ში ჩატარდა ექსპერიმენტი, რომელშიც 434-მა ქალმა მიიღო მონაწილეობა. მათ ჩაუტარდათ სარძევე ჯირკვლის ულტრაბგერითი კვლევა, მამოგრაფია და მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა ძუძუს კიბოს ადრეული ნიშნების გამოსავლენად. 66 შემთხვევაში აღმოჩენილი სარძევე ჯირკვლის კიბო 66-ვე შემთხვევაში დაადასტურა მაგნიტურ-რეზონანსულმა კვლევამ, 54 შემთხვევაში მამოგრაფიამ და 57 შემთხვევაში - ულტრაბგერითმა კვლევამ. მაგნიტურ-რეზონანსული მეთოდით 4 მმ დიამეტრის კერებიც კი იქნა გამოვლენილი. ყველა საეჭვო დაზიანება ბიოფსიური ანალიზით გადამოწმდა. ასე რომ, ეჭვს არ იწვევს: განსაზღვრულ შემთხვევებში მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა მამოგრაფიასა და ექოსკოპიაზე უფრო ინფორმაციულია.