სიახლეები

ამერიკელმა მეცნიერებმა დაბადების თარიღსა და დღეგრძელობას შორის გარკვეული კავშირი დაადგინეს

ამერიკელმა მეცნიერებმა დაბადების თარიღსა და დღეგრძელობას შორის გარკვეული კავშირი დაადგინეს
ჩიკაგოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეიმუშავეს და ჟურნალ Journal of Aging Research-ში გამოაქვეყნეს დაბერების პროცესთან დაკავშირებული კვლევა. მათი დასკვნის არსი იმაშია, რომ შემოდგომით დაბადებულ ბავშვებს 100 წლამდე ცხოვრების მეტი შანსი აქვთ სხვა პერიოდში დაბადებულებთან შედარებით.

ბევრს დააინტერესებს ალბათ, როგორ დაადგინეს ეს მეცნიერებმა? რით განსხვავდებიან შემოდგომით დაბადებული ბავშვები დანარჩენებისგან? საკამათო არ არის, რომ ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობაზე ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას, მათ შორისაა, სამყარო, კვება, სპორტი, მავნე ჩვევები, სამედიცინო მომსახურება და სხვა უამრავი ცხოვრებისეული ფაქტორი. ამერიკელ მეცნიერთა კვლევებით არსებობს კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც დღეგრძელობის განმსაზღვრელად
გვევლინება, ეს დაბადების თვეა!

მკვლევრებმა გააანალიზეს იმ 5000 ადამიანის მონაცემი, რომლებიც დაიბადნენ 1880-1895 წლებში და დღეგრძელობით იყვნენ გამორჩეულნი. შემდეგ შეადარეს მათი 12 ათასამდე დედმამიშვილის (ძმისა და დის) და მეორე ნახევრების სიცოცხლის ხანგრძლივობა. გაირკვა, რომ აშშ-ს დღეგრძელთა 30 %, რომელიც 1880-1895 წლებში იყო დაბადებული, შემოდგომით იყო
მოვლინებული ქვეყანას.

დღეგრძელთა ყველაზე დაბალი მაჩვენებლით (40 %-ით ნაკლები) თურმე მარტი, მაისი და ივლისი გამოირჩევა.
ძალზედ საინტერესო დასკვნაა, შესაძლოა ბევრისთვის დაუჯერებელი, ბევრისთვის _ დამაფიქრებელი და ამაღელვებელი, მაგრამ ფაქტია, ეს არის ამერიკელ მეცნიერთა სტატისტიკურ მონაცემებზე დაფუძნებული კვლევის შედეგი.

თინათინ გოცაძე