რუსთავში აფეთქების შედეგად დაშავებული 9 წლის გოგონას მდგომარეობა კვლავ მძიმეა
„ინტერპრესნიუსს“ ბოკერიას სახელობის თბილისის რეფერალური ჰოსპიტლის მენეჯერმა ქეთევან შარანგიამ განუცხადა. მისივე თქმით, პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზეა. მას დამატებით კვლევები უტარდება.
9 წლის გოგონას გადაუდებელი ოპერაცია თბილისში გადმოყვანამდე, რუსთავის საავადმყოფოში ჩაუტარდა. „პაციენტს დაზიანება ძირითადად მუცლის ღრუში აღენიშნება. მას ოპერაცია რუსთავში ჩაუტარდა, თუმცა შემდეგ გოგონა ჩვენს კლინიკაში გადმოიყვანეს. ბავშვი ამჟამად შოკურ მდგომარეობაში იმყოფება და დამატებით კვლევები უტარდება. ნაწლავების დაზიანების გარდა, გოგონას თეძოს ძვლის დაზიანებაც აღენიშნება“, - განაცხადა შარანგიამ.
რუსთავში, მე-19 მიკრორაიონის ერთ-ერთ საცხოვრებელი კორპუსის ეზოში გუშინ ფიზიკური პირის ავტოფარეხის დემონტაჟის დროს, დაქირავებულ მუშებს მუშაობისას ჟანგბადის ბალონი აუფეთქდათ. აფეთქების ტალღა იმდენად ძლიერი იყო, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ფეხბურთის სტადიონზე და ეზოში ჯამში 14 ადამიანი დაშავდა, მათგან 5 ბავშვია.