თამარ მამაცაშვილი - ტკივილი ქართულ მედიცინაში მიმდინარე პროცესების გამო - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თამარ მამაცაშვილი - ტკივილი ქართულ მედიცინაში მიმდინარე პროცესების გამო

რომ მიწასთან არ გაასწორონ "უვიცი" და "უცოდინარი" ჩვენი მედიკოსები. სამაგიეროდ მიზანმიმართულად ხოტბას ასხამენ იმ ქვეყნების მედიკოსებს, საითაც ბოლო დროს დაუსრულებელ ნაკადად მიერეკებიან ისედაც გაწამებულ ჩვენს მოსახლეობას.

 

რა ხდება სინამდვილეში?

ნუთუ არ დადგა დრო, რომ საფუძვლიანად შევისწავლოთ და განვიხილოთ ის პრობლემები, რის წინაშეც ვდგავართ?

დღეს სამედიცინო ტურიზმი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი ბიზნესია. ძალიან დიდი ფული ტრიალებს ამ ბიზნესში! იმაზე დიდი, ვიდრე ვინმეს  წარმოუდგენია!

განა ადვილი არ არის ჯანმრთელობაშერყეული ადამიანის ნერვებზე და ფსიქიკაზე თამაში? სად არის შენი ხსნა? მხოლოდ იქ, სადაც ათეულათასობით დოლარს გადაგახდევინებენ. უნდა გაყიდო ყველაფერი და წახვიდე! ხომ მარტივია? ხოდა მიდიან და მიდიან. დიდ ნაკადად. ლამის ყელის ტკივილის გამოც იქით წავიდნენ. აქ ხომ არაფერი იციან? იქ კი - ყველაფერი!

სამაგიეროდ არავინ საუბრობს იმ უცხოეთში დაშვებულ სამედიცინო შეცდომებზე და იქ დაზარალებულ ადამიანებზე. მხოლოდ ერთეული ქართველი ექიმები ებრძვიან ხმალამოღებული ამ მაფიას. მხოლოდ ისინი, ვისაც საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების იმედიც აქვთ და ქვეყნის ბედიც ანაღვლებთ - ემუდარებიან თავიანთ პაციენტებს, ნუ წავლენ იქ, ნუ დაინგრევენ მთელ ცხოვრებას, ნუ გაყიდიან საცხოვრებელს, აქაც არის შესაძლებელი კარგი მკურნალობა და გაცილებით იაფად.

რას ჰყვება ონკოქირურგი ილია გოცაძე უცხოეთში სამკურნალოდ წასული პაციენტების შესახებ

მაგრამ მათი თითქმის აღარავის სჯერა. უკვე საკმაოდ კარგად იმუშავა პროპაგანდამ ქართველი ექიმის უვარგისობის შესახებ.

ყველაზე შემზარავი კი იცით რა არის? ამ ბიზნესში უკვე აშკარად ცდილობენ იმ ქართველი ექიმების ჩაბმას, რომლებსაც უცხოელი კოლეგები ყოველ გაგზავნილ პაციენტზე საკმაოდ სოლიდურ წილს სთავაზობენ. ხვდებით ალბათ, სადამდე მიგვიყვანს ეს ყველაფერი.

მიზანმიმართულად ნადგურდება ქართული მედიცინა და ამას მშვიდად ადევნებს თვალს ის, ვისაც მედიცინის განვითარებაზე ზრუნვა ავალია.

დიახ, არ უარვყოფთ, რომ არიან უვიცი და უცოდინარი ექიმებიც საქართველოში და ზოგჯერ, თუ წინასწარ არ გაიკითხე, ვისთან უნდა მიხვიდე ამა თუ იმ პრობლემის დროს, შეიძლება მძიმე მდგომარეობაშიც აღმოჩნდე. და ვისი ბრალია ეს? ვინ უნდა აკონტროლებდეს მედპერსონალის განათლების ხარისხს, მათ კვალიფიკაციას? ერთეული უცოდინრები ხომ მთელ სამედიცინო საზოგადოებას სცხებენ ჩირქს? რა გახდა ამ ერთეულების გამოვლენა და გამოხშირვა?

ასეთი ექიმების ბოლო დროს მომრავლების მიზეზი კი კუსტარულად შექმნილი სამედიცინო ფაკულტეტებია. ყოვლად დაუშვებელია ამ მიმართულებით განათლების სფეროში შეღავათების დაწესება!

მეორე დიდი პრობლემა გახლავთ ფარმაცევტული ბიზნესი, რომელმაც ობობას ქსელივით შემოახვია თავისი ძაფები ჩვენს მედიკოსებს და უკვე ისეთ მდგომარეობაში ვართ, აქედან თავის დაღწევა საერთოდ თუა შესაძლებელი, ძნელი წარმოსადგენია. ახლავე აგიხსნით რა სისტემაზე ვსაუბრობ:

ფარმაცევტული კომპანიები, უკვე წლებია, დადიან კლინიკებში და ფაქტობრივად აიძულებენ ექიმებს, რომ მათი პრეპარატები გამოუწერონ პაციენტებს. ამის სანაცვლოდ კი ყოველ გამოწერილ პრეპარატზე მოგებული თანხიდან საკმაოდ სოლიდურ წილს სთავაზობენ მათ. ამ ქსელში ჩაბმულნი არიან თითქმის ყველა რანგისა და კვალიფიკაციის ექიმები. აბა დავფიქრდეთ - აქვს კი ადამიანს იმის ძალა, რომ ასეთ დროს დარჩეს ობიეტური და პაციენტს ის წამალი არ გამოუწეროს, რომლისგანაც მეტ სარგებელს მიიღებს? ნუთუ დასაშვებია ეს სისტემა? და ამ ყველაფრს მშვიდად ადევნებენ თვალს ისევ და ისევ ისინი, ვისაც ჯანდაცვის კონტროლი ავალია. რატომ? იმიტომ რომ იმიტომ...

და მერე გაინტერესებთ, რატომ ძვირდება ლამის ყოველდღიურად მედიკამენტები? მაფიაა ბატონებო ეს, ფარმაცევტული მაფია! და თურმე ნუ იტყვით, იარაღის და ნარკოტიკების მაფიების შემდეგ, ფარმაცევტული მაფია მსოფლიოში მესამე ადგილზეა თავისი მასშტაბურობით.

ახლა სადაზღვევო სისტემა ავიღოთ: მინიმალური კვლევებით - მაქსიმალური დაიგნოზი! პრიველ ადგილას დგას სადაზღვევო კომპანიის ინტერესები. ოჯახის ექიმებმა ლამის ავიცენას დროინდელი მეთოდებით დაიწყონ დიაგნოზების დასმა, რადგან პაციენტზე გაწეული ხარჯი მინიმუმამდე უნდა შეამცირონ, თუ ამას არ გააკეთებენ, უბრალოდ დაკარგავენ სამსახურს. ყველაზე მთავარი კი ის არის, თავადაც სჯერათ, რომ ასეც უნდა იყოს - არ დაიჯერებენ და მათი აჯობებს.

სად არის პაციენტის ინტერესები? რომელ რგოლშია დაცული ობიექტურობა? ასე თუ გაგრძელდა, სავალალო შედეგებამდე მივალთ, და იქნებ მავანს ასეთი გეგმაც ჰქონდეს.

ახლა კი - გამოსავალი:

1. დაუყოვნებლივ უნდა აიკრძალოს სამედიცინო შემთხვევების გაშუქება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში ექიმთა ლანძღვა-გინებისა და ქართული მედიცინის განადგურების თანმდევი ტექსტებით! მით უმეტეს მაშინ, როცა ექიმის ბრალეულობა დამტკიცებული არც არის და რომც იყოს, რეაგირებას ასეთ შემთხვევებზე აქვს თავისი ფორმა, რომელიც ყველა ცივილიზებულ ქვეყანაშია დადგენილი. განა იქ არ ხდება მსგავსი შემთხვევები? ხდება და ძალიან ბევრიც ხდება, მაგრამ ამის გამო ქვეყნის მედიცინას არავინ ანადგურებს. დაუშვებელია ექიმისადმი პაციენტის ნდობის დაკარგვა! ნდობა მკურნალობის შედეგის ნახევარს განსაზღვრავს. იმავე ტოტს ვიჭრით, რაზეც ვსხედვართ. საქართველოში მართლა მოღვაწეობენ ისეთი ექიმები, რომელთა სახელი მსოფლიო მედიცინასაც კი ეამაყება. ჩვენ კი მათ ტალახს ვესვრით.

 

წაიკითხეთ: ქართველი ექიმის ტრიუმფი, გაოცებული მსოფლიო სამედიცინო საზოგადოება და გამარჯვებული საქართველო!

2. დაუყოვნებლივ უნდა შევიცვალოთ ექიმებმაც და პაციენტებმაც ჩვენი დამოკიდებულება იმ საკითხისადმი, რაზეც ვისაუბრეთ ფარმაცევტულ ბიზნესთან დაკავშირებით. სახელმწიფოებრივად აზროვნება უნდა დავიწყოთ დროულად თითოეულმა, თორემ თავზე დაგვენგრევა ის სახელმწიფოც, რაც აქამდე მოგვიტანია. გასაგებია, რომ კარგია ამ გზით შემოსული დივიდენდები და ყოველთვიურად უცხოეთში სეირნობა ფარმაცევტული კომპანიების მიწვევით, მაგრამ აბა დავფიქრდეთ, ყოველთვის ვართ მართლები პაციენტების წინაშე? აბა კრიტიკულად შევხედოთ, განა ხშირ შემთხვევაში არ შეიძლება იმ პრეპარატების იაფი ანალოგების გამოწერა? სახელმწიფოვ, ჩვენ კი ვიაზროვნებდით სახელმწიფოებრივად, შენ რომ შენს ადგილას იდგე და პრიორიტეტები სწორად დაგვისახო! მაგრამ შენც რომ არ შეგიძლია თავის გადადება? შენც რომ შენი ინტერესები გაქვს ამ ყველაფერში?

3. აუცილებლად უნდა შეწყდეს სამედიცინო ტურიზმის ხელშემწყობი პროპაგანდა ქვეყანაში და სახელწიფომ უნდა იზრუნოს იმ ქართველი ექიმების წარმოჩენაზე, რომლებიც მსოფლიოში არიან აღიარებულნი და აქვე, ჩვენ გვერდით მოღვაწეობენ. მათ უნდა ჰქონდეთ მაქსიმალური ხელშეწყობა იმისათვის, რომ აქეთ მოიზიდონ პაციენტები სხვა ქვეყნებიდან. ჩვენ რომ სახელმწიფოებრივი აზროვნება ამ საკითხშიც გვქონდეს, ნამდვილად გააჩნია ჩვენს მედიცინას ამის რესურსი. მაგრამ მერე ვიღამ ლანძღოს ქართველი ექიმები? ვიღამ აკეთოს ფული ქართველი პაციენტების უცხოეთში გაგზავნაზე?

არავინ არის სხვა ქვეყნის მედიკოსებთან ურთიერთთანამშრომლობის წინააღმდეგი თანაბარ პირობებში, მაგრამ აგრესიული სამედიცინო ტურიზმი მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული!

ვრცელი "ტკივილი" გამომივიდა. კიდევ ბევრია სათქმელი. ვიცი, დიდი აჟიოტაჟი და უკმაყოფილება მოყვება ამ წერილს, მაგრამ ისიც ვიცი, რომ დუმილი აღარ შეიძლება!