უახლესი მონაცემებით, მსოფლიოში დაახლოებით 1.2 მილიარდი ადამიანი ებრძვის ჰიპერტენზიას და ეს მაჩვენებელი მუდმივად იზრდება. მიმდინარე კამპანია მიზნად ისახავს, ყურადღების გამახვილებას ჰიპერტენზიაზე და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ამ დაავადების მიმართ.
"არტერიული ჰიპერტენზია არის დაავადება, რომლის დროსაც სისხლის წნევა ნორმალური მაჩვენებლიდან რამდენიმე ათეულით იმატებს.

სტატისტიკურად, უკანასკნელი წლების განმავლობაში ჩატარებული კვლევების მონაცემებით, არტერიული ჰიპერტენზია ყველაზე მეტად გავრცელებული დაავადებაა ჩვენს ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის დაახლოებით 30-40 პროცენტი ჰიპერტენზიით ავადობს.
არტერიული ჰიპერტენზია საწყის ეტაპზე, ხანგრძლივი დროის მანძილზე, შესაძლოა უჩივილოდ, სიმპტომებისა და ყოველგვარი გამოვლინების გარეშე მიმდინარეობდეს. შესაძლებელია, ჰიპერტენზიით შეპყრობილი ადამიანი წნევასაც კი არ აკონტროლებდეს, უბრალოდ, ვერ ხედავდეს ამის საჭიროებას. დაავადების პირველმა ნიშნები შესაძლებელია გამოვლინდეს გართულებების განვითარების შემდეგ. ჰიპერტენზიას რაიმე სპეციფიკური ჩივილი არ ახასიათებს.
ის ხშირად წნევის შემთხვევითი გასინჯვისას ვლინდება და შესაძლოა ახლდეს თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ადვილად დაღლა. წნევის ხშირი მატებისას ადამიანს უვითარდება ქოშინი, ჰაერის უკმარისობა, გულის ფრიალი, ფიზიკური დატვირთვის დროს კი, ტკივილი გულის არეში, ზოგჯერ, ცხვირიდან სისხლდენა, პულსაციის შეგრძნება კეფის მიდამოში, კანის სიწითლე. ამ დროს საყურადღებოა, რომელი ორგანოა დაზიანებული არტერიული ჰიპერტენზიის შედეგად.
არტერიული ჰიპერტენზიის დროს ზიანდება გული და სისხლძარღვები. სისხლძარღვების დაზიანებისას სამიზნე ორგანოებია: თავის ტვინი, გული და თირკმელი. მაგალითად, თუ დაზიანდა თავის ტვინის სისხლძარღვები, ადამიანს ექნება თავის ტკივილი, პირღებინება, თავბრუსხვევის შეგრძნება, მხედველობის დაქვეითება. გულის პრობლემა გამოიხატება არითმიებით ან ჰაერის უკმარისობის შეგრძნებით. საზოგადოდ, ხშირია, თავის ტვინის, გულისა და თირკმელის სისხლძარღვების დაზიანება, - განმარტავს ექიმი-კარდიოლოგი, კლინიკა "ევრომედის" ხელმძღვანელი, გიგი ხაბეიშვილი.
"ნიუ ჰოსპიტალის" კარდიოლოგიური განყოფილების უფროსი ზვიად ყიფიანი აღნიშნავს, რომ არტერიულ ჰიპერტენზიაზე მიუთითებს თავის ტკივილი, ძილიანობა, გულისფრიალი, მხედველობის დაბინდვა, დაღლილობა, თავბრუხვევა, სუნთქვის გაძნელება, გულის რიტმის დარღვევა, სმენის პრობლემები. რა თქმა უნდა, ძირითადად, კონკრეტული ასაკის შემდეგ ვაწყდებით არტერიული წნევის მატებას. საბედნიეროდ, ძალიან იშვიათადაა ბავშვებსა და ახალგაზრდებთან, თუ რაიმე განსაკუთრებულ რისკის ჯგუფს არ მიეკუთვნებიან.
საზოგადოდ, ვარჯიშის დაწყებისა და დასრულების შემდგომ არავინ აკონტროლებს წნევას. ეს რამდენად სწორია?

ზვიად ყიფიანი განმარტავს: "ეს გლობალური პრობლემააა. სამწუხაროდ, არ არის ყველა სპორტდარბაზში იმის რესურსი, რომ იყოს ექიმი და არც არის ამის საჭიროება. თუ სარეაბილიტაციო ცენტრია, იქ, რა თქმა უნდა, ექიმი აუცილებელიც არის.
როდესაც ადამიანი მიდის სპორტდარბაზში, ამ დაწესებულების მესვეურებმა აუცილებლად უნდა მოითხოვონ ვარჯიშის მსურველის დატვირთვის ტესტი. დატვირთვის ტესტზე ჩანს, რა ხარისხით შეუძლია ადამიანს დატვირთვა, როგორია მისი არტერიული წნევა, არის თუ არა საწყისი ჰიპერტენზია, როგორ იცვლება პულსი. დატვირთვის ტესტზე ფიქისრდება როგორც არტერიული ჰიპერტენზია, ისე კარდიოგრამა.
ნებისმიერი ფიზიკური აქტივობის წინ, მით უმეტეს, ვარჯიშის დაწყების წინ, მით უფრო მაშინ, თუ ადამიანს მანამდე არ უვარჯიშია, აუცილებლად უნდა დაფიქსირდეს მისი ელექტრო კარდიოგრამა.
ძალზე სერიოზული პრობლემაა სპორტდარბაზებსა თუ ფეხბურთის მოედნებზე ახალგაზრდების უეცარი გარდაცვალება. ამიტომაც, აუცილებელია, რომ გარკვეული ასაკის შემდგომ ჩატარდეს დატვირთვის ტესტი. თუ ადამიანს აქვს არტერიული წნევა და ამის შესახებ იცის, ჯერ წნევის უნდა შემოწმდეს და შემდეგ დაიწყოს ვარჯიში".
როგორც სპეციალისტები განმარტავენ, სიკვდილიანობის მთავარი მიზეზი სადღესოდ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებია. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 2012 წელს მას 17.5 მილიონი ადამიანი ემსხვერპლა. მათგან 7.4 მილიონი გულის იშემიური დაავადებით გარდაიცვალა, 6.7 მილიონი კი, ინსულტით. ჯანმოსავე მტკიცებით, სიკვდილის შემთხვევათა 80%-ის თავიდან აცილება შესაძლებელია.
როგორ? იმ რისკ-ფაქტორების მოდიფიცირებით, რომლებიც გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებას განაპირობებს და ლეტალური შედეგის ალბათობას ზრდის. ამ ფაქტორებს შორის მოწინავე არტერიული ჰიპერტენზიაა.
პრობლემის მასშტაბურობის ნათელსაყოფად, ვფიქრობ, შემდეგი მონაცემებიც იკმარებს: ყოველწლიურად 9.4 მილიონი გარდაცვალება, ამა თუ იმ კუთხით, არტერიულ ჰიპერტენზიას უკავშირდება; ყოველი ათი ზრდასრულიდან სამს მაღალი არტერიული წნევა აქვს;
ჰიპერტენზიით დაავადებული 1.8 მილიარდი ადამიანიდან თითქმის ნახევარმა არ იცის ამის შესახებ; მათ შორის, ვინც იცის, ყველა არ ემორჩილება მკურნალობას. ყოველივე ამის გამო არტერიული ჰიპერტენზია თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთ უმთავრეს სამედიცინო პრობლემად მიიჩნევა. საშუალოზე მძიმეა მაჩვენებლები ჩვენს ქვეყანაში – ყოველი ათი გარდაცვლილიდან ხუთის სიკვდილის მიზეზი სწორედ არტერიული ჰიპერტენზიაა.
რაც ყველაზე საგანგაშოა, ჰიპერტენზიით დაავადებული ხუთი ადამიანიდან სამი არ მკურნალობს.
"საზოგადოების გარკვეული ნაწილი საერთოდ არ არის ინფორმირებული ჰიპერტენზიის შესახებ, ნაწილმა კი იცის დაავადების შესახებ, მაგრამ დიდ ყურადღებას არ აქცევს. კამპანიის უპირველესი მიზანია საზოგადოების ინფორმირება ჰიპერტენზიის გამომწვევი მიზეზებისა და რისკ-ფაქტორების შესახებ. აუცილებელია, მოვუწოდოთ ყველას, გაიზომონ არტერიული წნევა და მაღალი ციფრების აღმოჩენის შემთხვევაში, მიმართონ ექიმს შემდგომი დიაგნოსტირებისა და მკურნალობისათვის.
ზოგჯერ, მე ვიცი ჩემი წნევის დიაპაზონი და შესაბამისად, ვიზომავ მაშინ, როდესაც ვგრძნობ ამის საჭიროებას. საერთოდ, ერთი რამ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ყველას უნდა ჰქონდეს წნევა, თუ ადამიანს წნევა არ აქვს, ის ცოცხალი არც არის. წნევა ადამიანს ეხმარება გარემოსთან შეგუებაში. როდესაც ორგანიზმს სჭირდება უფრო მეტი სისხლი, მეტი ჟანგბადი, წნევა მატულობს. როდესაც არ არის ამის საჭიროება, წნევა დარეგულირებულია. სწორედ ეს გარემოებაა წარმართველი წნევის რეგულაციაში.
როცა ადამიანს წნევის მატება უფიქსირდება, ეს ნიშნავს იმას, რომ ორგანიზმში ამ დროს რაღაც პათოლოგიური პროცესი მიმდინარეობს, რომლის საპასუხოდაც წნევამ მოიმატა და გაჩერდა დიდი ხნის მანძილზე", - გვიამბობს ნ. ბოხუას სახელობის სისხლძარღვთა და გულის კლინიკის კარდიოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი, პროფესორი ზურაბ ფაღავა.