სიახლეები

მიჩნდება ეჭვი, რომ დღესაც ვიღაცები აფარებენ ხელს ჩემი შვილის მკვლელებს

მიჩნდება ეჭვი, რომ დღესაც ვიღაცები აფარებენ ხელს ჩემი შვილის მკვლელებს
სანდრო გირგვლიანის მამა გურამ გირგვლიანი ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის გარშემო მიმდინარე პროცესებს კვირისპალიტრა.გე-სთან საუბარში გამოეხმაურა.

"ჯერ ჩემი შვილის საქმეც არაა დასრულებული, გამოძიება ისევ მიმდინარეობს და დღემდე არ ვიცით, ვინაა მკვლელი, შესაბამისად, ის, რაც ახლა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში ხდება, საერთოდ არ მიკვირს. მე ჩემი პოზიცია, ზოგადად ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, მაშინ დავაფიქსირე, როცა მურუსიძე აირჩიეს მოსამართლედ. ვუყურებ ზაზა სარალიძეს და საკუთარი უბედურებაც ცხადად მიდგება თვალწინ, აბსოლუტურად მესმის მისი მდგომარეობა, ყველანაირად თანავუგრძნობ მას. ჩემთვის ცხადზე ცხადია, თუ რას განიცდის ის
ახლა, მაგრამ ჩემთვის უბედურებაა ისიც, რომ მის გვერდით დგანან ის ადამიანები, ვინც ჩემი შვილი მოკლა.
მე მხოლოდ ამ გარემოების გამო ვერ მივალ და გვერდით ვერ დავუდგები ზაზა სარალიძეს, კუპრავას გვერდში დაყენება როგორ შეიძლება?! თორემ სხვა მხრივ ყველანაირად თანავუგრძნობ და სოლიდარობას გამოვხატავ მის მიმართ. დღეს მთელი საქართველო
გვერდში უნდა დაუდგეს ამ კაცს, რადგან როგორ შეიძლება ამდენი ხალხი მონაწილეობდეს მკვლელობაში და საბოლოოდ ვერაფერი დადგინდეს. ბუნებრივია, ეს კითხვის ნიშნებს აჩენს. სხვათა შორის, ჩვენს დროს, როცა ვიკრიბებოდით, მაშინ 20-30 კაცი თუ იდგა ჩვენს გვერდით, ვცდილობდით, რომ ყველაფრისთვის პოლიტიკური სარჩული არ მიგვეცა. ჩემი შვილის საქმეზე სააკაშვილს და მერაბიშვილს წაუყენეს ბრალი, გულწრფელად რომ გითხრათ, მე არც ერთი მაინტერესებდა, რადგან მელნიკოვმა ჩვენებაში თქვა, რომ მას ჩემი შვილის მკვლელობა დაავალა თაკო სალაყაიამ, რომელიც დღეს თავისუფლად დადის ქუჩაში. მეც მიჩნდება ეჭვი, რომ დღესაც ვიღაცები აფარებენ ხელს ჩემი შვილის მკვლელებს", - განაცხადა გურამ გირგვლიანმა.