დავხვეწოთ სხეული - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დავხვეწოთ სხეული

 

- ქალბატონო ქეთევან, როგორ განისაზღვრება ადამიანის იდეალური და ჭარბი წონა?

- იდეალური წონა - ეს არის განსაზღვრულ ასაკში განსაზღვრული სქესის, რასის, კონსტიტუციის ჯანმრთელი ადამიანის საშუალოსტატისტიკური წონა. ნორმალური წონა განისაზღვრება არა მარტო ანთროპოლოგიური მონაცემებით, არამედ ცხოვრების წესით, კვების კულტურით და სხვა. მიიჩნევა, რომ ადამიანს ნორმალური წონა 25 წლის ასაკში აქვს. შემდეგ სხეულის მასა შეიძლება მეტ-ნაკლებად გაიზარდოს, ხოლო მოხუცებულობისას რამდენადმე შემცირდეს. სიმსუქნეს უმეტესად მხოლოდ ერთი მაჩვენებლის - სხეულის მასის ინდექსის (სმი) - მეშვეობით აფასებენ, რომლის გამოსათვლელადაც გამოყენებულია პიროვნების სიმაღლესა და წონაზე დამყარებული მათემატიკური ფორმულა: სმი უდრის კილოგრამებში გამოსახული წონის განაყოფს მეტრებით გამოსახული სიმაღლის კვადრატზე, ანუ სმი=წონა(კგ)/სიმაღლე(მ)2. სმი-ს კატეგორიების მიხედვით განასხვავებენ წონის ნაკლებობას, ნორმალურ წონას, ჭარბ წონას და სიმსუქნეს. მიუხედავად იმისა, რომ სმი-ს ეს კატეგორიები ზედმიწევნით ვერ გამიჯნავს ერთმანეთისგან ჯანსაღ და არაჯანსაღ წონას, მათი გათვალისწინება მაინც გამოსადეგია. ადამიანი, ვისი სმი-ც 25-დან 29.9-მდეა, ჭარბწონიანად მიიჩნევა; ვისი სმი-ც 30 ან უფრო მეტია - მსუქნად. თუმცა სმი არც ცხიმისა და კუნთების ზედმეტ წონას შორის განსხვავებას ასახავს და არც იმას ადგენს, სახელდობრ რა ადგილებზეა განლაგებული ეს ცხიმი, მაგალითად, მუცელზე, სადაც მის განლაგებას ჯანმრთელობისთვის ყველაზე მძიმე შედეგი მოჰყვება თუ სხვაგან. ცალკეულ შემთხვევებში სმი შესაძლოა სწორედ კუნთოვანი ქსოვილის ხარჯზე იყოს მაღალი. ქალებისთვის დამახასიათებელია ცხიმის უფრო მაღალი შემცველობა იმავე სმი-ს მქონე მამაკაცებთან შედარებით; უფრო ასაკოვან ადამიანებს შესაძლოა სხეულის ცხიმი უფრო მეტი ჰქონდეთ, ვიდრე იმავე სმი-ს მქონე ახალგაზრდებს. წელის გარშემოწერილობის გაზომვა აბდომინური სიმსუქნის გამოსავლენი მარტივი საშუალებაა. წელის გარშემოწერილობა იზომება ნეკნთა რკალსა და მენჯს შორის, შუა ხაზზე. მამაკაცებში - 102 სმ-ზე, ხოლო ქალებში 89 სმ-ზე მაღალი მაჩვენებელი იმაზე მიანიშნებს, რომ მომატებულია წონასთან დაკავშირებული დაავადებების განვითარების რისკი. ჭარბი წონის გამოსავლენი მარტივი საშუალებაა წელისა და თეძოს გარშემოწერილობათა შეფარდება. წელი ყველაზე ვიწრო ადგილზე იზომება, ხოლო თეძო – ყველაზე განიერზე, მერე კი წელის გარშემოწერილობა თეძოსაზე იყოფა. მამაკაცისთვის - 1-ზე, ხოლო ქალისთვის 0.8-ზე მაღალი მაჩვენებელი სიმსუქნედ მიიჩნევა.

- რა იწვევს სიმსუქნეს?

- სამედიცინო თვალსაზრისით, სიმსუქნე არის დადებითი ენერგეტიკული და ცხიმოვანი ბალანსის დროს განვითარებული დაავადება. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, მიღებული კალორიები აჭარბებს მათ ხარჯვას. შედეგად ორგანიზმში ცხიმი გროვდება. სიმსუქნის პროვოცირება შეიძლება მოახდინოს:

  • არასწორმა კვებამ;
  • არასაკმარისმა ფიზიკურმა აქტივობამ;
  • ენდოკრინულმა დარღვევებმა;
  • გენეტიკურმა განწყობამ;
  • ფსიქოლოგიურმა ფაქტორებმა.

ბევრი ქალისთვის სიმსუქნის პრობლემა აქტუალური ხდება მშობიარობის შემდეგ. ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ქალის ნივთიერებათა ცვლა გადადის ენერგიის დაგროვების რეჟიმში, მაგრამ ეს ნორმალურია; არანორმალურია, როდესაც ცვლითი პროცესები ლაქტაციის შემდეგაც დაგროვებით ხასიათს ატარებს და ხდება ცხიმოვანი ქსოვილის ჩალაგება, შედეგად კი სიმსუქნე ვითარდება. ასაკი ერთ-ერთი ის ფაქტორია, რომელიც ჭარბი წონის განვითარებას უწყობს ხელს. საქმე ის არის, რომ 30 წლის შემდეგ თავის ტვინის სხვა ცენტრებთან ერთად გარდაქმნას განიცდის მადის ცენტრიც, რაც იმას ნიშნავს, რომ შიმშილის მოსაკლავად ადამიანს უფრო მეტი საკვები სჭირდება. ასაკობრივ სიმსუქნეს განაპირობებს მეტაბოლიზმის თავისებურებებიც. ცნობილია, რომ ახალგაზრდა ორგანიზმში ცვლითი პროცესები გაცილებით უფრო სწრაფად მიმდინარეობს. ისეთი ენდოკრინული დაავადებების დროს, როგორიც არის კუშინგის დაავადება, ჰიპოთირეოზი, ჰიპოგონადიზმი, ინსულომა, ასიდან 98 შემთხვევაში აღინიშნება ჭარბი წონა. სიმსუქნის გამოწვევი ფაქტორი შეიძლება იყოს გენოტიპიც, თუმცა სიმსუქნე მულტიფაქტორული დაავადებაა - მხოლოდ გენოტიპის თავისებურება მას ვერ განაპირობებს. ცხოვრების წესი ამ კუთხით მეტად მნიშვნელოვანია. მცირე ფიზიკური აქტივობა სიმსუქნის პროვოცირებას იმ შემთხვევაშიც კი ახდენს, როდესაც მიღებული კალორიების რაოდენობა არ არის ჭარბი. როცა ადამიანი ცოტას მოძრაობს, არც ეს ენერგია იხარჯება და ცხიმად გარდაიქმნება.

- რითია საშიში სიმსუქნე?

- სიმსუქნე შეიძლება იქცეს შაქრიანი დიაბეტის,  გულის უკმარისობის,  ჰიპერტონიული დაავადების, ქოლესტერინის მომატების, უნაყოფობის, მშობიარობის გართულებების, ერექციული დისფუნქციის, ართრიტის მიზეზად, შესაძლოა დაამძიმოს ასთმა და გააუარესოს ჯანმრთელობის მდგომარეობა.

- რა გამოკვლევები ტარდება ამ დროს?

- ჭარბი წონის და სიმსუქნის მიზეზებისა და შედეგების კვლევისას საჭიროა: გლუკოზის განსაზღვრა სისხლში უზმოზე და გლუკოზით დატვირთვის შემდეგ; ლიპიდური სპექტრის განსაზღვრა; ინსულინრეზისტენტობის ტესტი (HOMA-Iღ ინდეხ); შარდის საერთო ანალიზი; მუცლის ღრუს ექოსკოპია და სხვა გამოკვლევები, რომლებსაც პაციენტთან გასაუბრების შემდეგ ინდივიდუალურად შეარჩევს ექიმი.


- რით უნდა დავიწყოთ სიმსუქნესთან ბრძოლა?

- ჭარბ წონასთან გამკლავება ერთდროულად ადვილიც არის და რთულიც. ამ დროს მიცემული ყველა რეკომენდაცია შესაძლოა ბევრს გაცვეთილიც კი მოეჩვენოს, მაგრამ მათი დაცვა, წესისამებრ, ჭირს. ამიტომ მათ, ვისაც მართლა სურს ზედმეტი კილოგრამების მოშორება, ექიმები სიმსუქნის მიზეზებთან ბრძოლას ურჩევენ. პირველ რიგში, უნდა გავზარდოთ ფიზიკური დატვირთვა. გარდა ამისა, აუცილებელია ჰორმონული სტატუსისა და ნივთიერებათა ცვლის მაჩვენებლის განსაზღვრა. ადამიანის ჯანმრთელობა დამოკიდებულია იმაზეც, რამდენად სწორად იკვებება იგი. რაციონში სწორად უნდა იყოს დაბალანსებული ცილების, ცხიმების, ნახშირწყლებისა და მცენარეული უჯრედისის შემადგენლობა. უნდა ითქვას, რომ ჭარბი წონის, ღვიძლის ცხიმოვანი ჰეპატოზის, ქოლესტერინის სიჭარბის, პანკრეატიტის და ზოგიერთი სხვა დაავადების დროს ცილების, ცხიმებისა და ნახშირწლების `სტანდარტული~ თანაფარდობა მიუღებელია. ის ამა თუ იმ მხარეს უნდა შეიცვალოს. ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების შემცველობა პროდუქტებში უნდა დარეგულირდეს ასევე სისხლის ბიოქიმიური მაჩვენებლებისა და ორგანიზმის მრავალი სხვა კრიტერიუმის გათვალისწინებით.

- რა მეთოდებია მოწოდებული სიმსუქნის სამკურნალოდ?

- სიმსუქნესთან ბრძოლის ძირითადი მეთოდებია დიეტა, ქირურგიული ჩარევა და ფიზიკური დატვირთვა. სამკურნალო საშუალებები და სხვადასხვა ბიოლოგიური დანამატები დამატებით მეთოდებად განიხილება. სადღეისოდ იქმნება ახალ-ახალი გასახდომი პრეპარატები, რომლებიც შეიძლება რამდენიმე ჯგუფად დავყოთ:

  • პრეპარატები, რომლებიც აქვეითებს მადას;
  • პრეპარატები, რომლებიც გავლენას ახდენს ნივთიერებათა ცვლაზე;
  • პრეპარატები, რომლებიც ზრდის ორგანიზმის ენერგეტიკულ დანახარჯს.

ამ პრეპარატებს ზოგჯერ სერიოზული გვერდითი ეფექტები აქვს, ამიტომ დიეტა, ფიზიკური დატვირთვა და ვარჯიში სიმსუქნესთან ბრძოლის ძირითად მეთოდებად მიიჩნევა. არსებობს მრავალი ისეთი დიეტაც, რომლებიც მთლიანად გამორიცხავს ადამიანისთვის აუცილებელ რომელიმე პროდუქტს. ასეთი დიეტები კარგს არაფერს მოგვიტანს, მათი გამოყენება არ შეიძლება. საერთოდ, როდესაც ჭარბი წონის გამო დიეტას ვიწყებთ, არ არის საჭირო ჭამაზე უარის თქმა; მხოლოდ ულუფა უნდა შევამციროთ, რომ უარყოფითი ენერგობალანსი მივიღოთ. შედეგიანია ვარჯიშებისა და სწორი, ჯანსაღი კვების შერწყმა. ამ გზით მოშორებული კილოგრამები უკან აღარ დაგიბრუნდებათ. პლასტიკური ქირურგიული ჩარევა – ლიპოსაქცია და სხვა კოსმეტიკური ოპერაციები - ნებადართულია, მაგრამ, სამწუხაროდ, არც ერთი ქირურგიული ჩარევა, გარდა ბარიატრიული ოპერაციისა, პათოლოგიური სიმსუქნის დროს ეფექტურად არ მიიჩნევა. სიმსუქნის ზოგიერთ ფორმასთან გამკლავება მხოლოდ ქირურგიული გზით არის შესაძლებელი, მაგრამ ოპერაციის შემდეგ კვების რაციონს ერთიორად მეტი ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ.

- რა არის ბარიატრიული ოპერაცია?

- ეს ძალზე ეფექტური მეთოდია წონის გრძელვადიანი კლების მისაღწევად. სიმსუქნის მკურნალობის ქირურგიული მეთოდები ზრდის დანაყრების შეგრძნებას საკვების მიღების შემდეგ ისეთი პროცედურის მეშვეობით, როგორიც არის კუჭის დაპატარავება ან ამცირებს საკვები ნივთიერებების შეწოვას ნაწლავის სხვადასხვა მონაკვეთის შუნტირების გზით.

- თქვენ ვრცლად ისაუბრეთ სიმსუქნის სამკურნალოდ ფიზიკური აქტიურობის მნიშვნელობის შესახებ. რა როლი ენიჭება ამ დროს მასაჟს, ფიზიოთერაპიულ პროცედურებს?

- სიმსუქნის მკურნალობისას ეფექტურია სეგმენტური მასაჟი, რომელიც ხელს უწყობს ცხიმოვანი ჩანართების შემცირებას სხეულის ცალკეულ უბნებში და ასტიმულირებს ლიმფისა და სისხლის მიმოქცევას. მასაჟის ეფექტს ზრდის სამკურნალო ფიზკულტურა, დიეტა და წყლის პროცედურები.

- დღეს თბილისში ძალზე პოპულარულია თაფლით მასაჟი. რამდენად ეფექტურია იგი და რისთვის არის საჭირო?

- თაფლში არსებული სამკურნალო და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები კანიდან შეიწოვება და დადებით გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე. თაფლის მასაჟი ხელს უწყობს ქსოვილებში სისხლის მიმოქცევის მოწესრიგებას, კანის აღდგენას, მის ინტენსიურ კვებას და მისგან ტოქსიკური ნივთიერებების გამოყოფას. ასეთი ზემოქმედების შემდეგ კანი იღებს ჯანსაღ შესახედაობას, იზრდება მისი დრეკადობა, სუფთავდება ფორები. თაფლის მასაჟის კურსი მოიცავს 10-15 პროცედურას, რომლებიც დღეგამოშვებით უნდა ჩატარდეს, რათა ორგანიზმის გადაჭარბებული დატვირთვა თავიდან ავიცილოთ.

- რას გულისხმობს ჯანსაღი, დაბალანსებული კვება?

- ჯანსაღი კვების მნიშვნელოვანი კომპონენტია რეჟიმის დაცვა. დღის განმავლობაში აუცილებელია სამი ძირითადი კვება: საუზმე, სადილი, ვახშამი და ორი დამატებითი - ხილის ხარჯზე. ამასთან ერთად, აუცილებელია მიაღწიოთ დღის განმავლობაში ნახშირწყლების თანაბარ განაწილებას, არ იშიმშილოთ, საკვები შედგებოდეს მრავალფეროვანი კომპონენტებისგან - ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, მინერალური ნივთიერებებისა და ვიტამინებისგან. უნდა შეზღუდოთ ცხოველური ცხიმის მოხმარება და ის მცენარეული ცხიმით შეცვალოთ, რადგან ცხოველური ცხიმი შეიცავს ქოლესტერინს, რომელიც შესაძლოა სისხლძარღვთა კედლებზე ჩალაგდეს და ათეროსკლეროზული ფოლაქების ფორმირება გამოიწვიოს. ჭარბი წონის ადამიანები უნდა ერიდონ ყოველგვარ ცხიმს - როგორც ცხოველურს, ისე მცენარეულსაც.


- რა არის კალორია და რამდენი კალორია უნდა მიიღოს ადამიანმა დღის განმავლობაში, რომ გახდეს?

- პროდუქტების კალორიულობა მათი ქიმიური შემადგენლობით განისაზღვრება. ცხიმი ყველაზე მეტ ენერგიას შეიცავს - 1 გრამზე დაახლოებით 9 კკალ-ს, 1 გრამი ნახშირწყალი და ცილა კი დაახლოებით 4 კკალ-ს უტოლდება. ძალზე მაღალკალორიული (450-900 კკალ 100 გრამზე) პროდუქტებია:

  • მზესუმზირას ზეთი;
  • ერბო;
  • ნაღების კარაქი;
  • ღორის ცხიმიანი ხორცი;
  • ძეხვეული;
  • ნიგოზი;
  • შოკოლადი;
  • კრემიანი ნამცხვრები და სხვა.

მაღალკალორიულია (200-449 კკალ 100 გრამზე):

  • საქონლის ხორცი;
  • ღორის ხორცი;
  • ცხვრის ხორცი;
  • მოხარშული ძეხვი;
  • სარდელი, სოსისი;
  • იხვის ხორცი;
  • მდნარი ყველი;
  • ყველი;
  • არაჟანი;
  • ცხიმიანი ხაჭო;
  • ყველეული;
  • ხიზილალა;
  • ოკეანის ქაშაყი;
  • მოივა;
  • პური;
  • მაკარონი;
  • შაქარი;
  • თაფლი;
  • მურაბა.

საშუალოდ კალორიულია (100-199 კკალ 100 გრამზე):

  • უცხიმო ბატკნის ხორცი;
  • უცხიმო საქონლის ხორცი;
  • ხბოს ხორცი;
  • კურდღლის ხორცი;
  • ქათმის ხორცი;
  • ქათმის, მწყრის კვერცხი;
  • სკუმბრია;
  • სტავრიდა;
  • ზუთხი;
  • ნახევრად ცხიმიანი ხაჭო;
  • 6%-იანი ცხიმიანობის იოგურტი.

დაბალკალორიულია (30-99 კკალ 100 გრამზე):

  • რძე;
  • კეფირი;
  • უცხიმო ხაჭო;
  • მაწონი;
  • 1,5%-იანი და 3,2%-იანი ცხიმიანობის იოგურტი;
  • კუმისი;
  • ხეკი;
  • კამბალა;
  • კენკრა (შტოშის გარდა);
  • ხილი;
  • მწვანე ბარდა;
  • კომბოსტო;
  • კარტოფილი;
  • სტაფილო;
  • ლობიო;
  • ჭარხალი;
  • ბოლოკი.

ძალზე დაბალკალორიულია (30 კკალ-ზე ნაკლები 100 გრამზე):

  • კიტრი;
  • თალგამი;
  • სალათის ფურცლები;
  • პომიდორი;
  • მწვანილი.

- რას ნიშნავს დაბალკალორიული დიეტა?

- დაბალკალორიული დიეტის ზოგადი პრინციპებია:

  • რაციონის ენერგოკალორიულობის დაქვეითება  ცხიმებისა და ნაწილობრივ ნახშირწყლების შეზღუდვის ხარჯზე.
  • დიეტაში ცილის ნორმალური ან მომატებული შემცველობა;
  • ნახშირწყლების შეზღუდვა შაქრის, საკონდიტრო ნაწარმის, ტკბილი სასმელების რაციონიდან ამოღების ხარჯზე. პური უნდა შეიზღუდოს დღეში 100-150 გრამამდე, აუცილებლობის შემთხვევაში - 50 გრამამდე ანდა სრულად ამოღებულ იქნეს რაციონიდან.
  • დღიურ რაციონში ცხიმის ოდენობის 80 გრამამდე შემცირება;
  • სუფრის მარილის რაოდენობის შეზღუდვა;
  • ალკოჰოლური სასმელების რაციონიდან ამოღება, ვინაიდან ალკოჰოლი, გარდა იმისა, რომ თვითკონტროლს ადუნებს, თავადაც მაღალკალორიული პროდუქტია.
  • მადის აღმძვრელი პროდუქტებისა და კერძების რაციონიდან ამოღება.

პურპროდუქტებიდან ნებადართულია ცეხვილი ჭვავისა და ხორბლის პური. დაუშვებელია უმაღლესი და პირველი ხარისხის ფქვილის, ფენოვანი ცომის ნაწარმი. წვნიანი უნდა მომზადდეს სხვადასხვა ბოსტნეულისგან, ცოტაოდენი კარტოფილისა და ბურღულის დამატებით. ნებადართულია 250-300 გრამი ერთ ჯერზე. ხორცი და ფრინველი დღეში 150 გრამამდე შეიძლება. ეს არის უცხიმო საქონლის, ხბოს, კურდღლის, ქათმის, ინდაურის ხორცი. შეზღუდვით შეიძლება მივიღოთ ღორისა და ცხვრის მჭლე ხორციც. ეს ყველაფერი - უპირატესად მოხარშული და ჩაშუშული. უკიდურეს შემთხვევაში, შეიძლება შევწვათ მოხარშული ხორცი. რაციონიდან უნდა ამოვიღოთ ღორის, ცხვრის, საქონლის მსუქანი ხორცი, ბატის, იხვის ხორცი, ლორი, სოსისი, მოხარშული და შებოლილი ძეხვი, კონსერვები. უცხიმო თევზი დღეში 150-200 გრამამდე შეიძლება, ისიც - მოხარშული ან ღუმელში შემწვარი. რაციონიდან უნდა ამოვიღოთ ცხიმიანი ჯიშები, ასევე - დამარილებული, შებოლილი თევზი, კონსერვები, ხიზილალა. ნებადართულია რძე და რძის მჟავე დაბალკალორიული სასმელები. არაჟნით ნებადართულია მხოლოდ კერძის შეკაზმვა. შეიძლება ხაჭო, უმჯობესია უცხიმო - 200 გრამამდე დღეში. ასევე - უცხიმო ყველი. აკრძალულია ცხიმიანი ხაჭო, ტკბილი ყველეული, ტკბილი იოგურტი. ნებადართულია კვერცხი - დღეში 1-2 ცალი მაგრად მოხარშული, ასევე - ცილოვანი ომლეტი, ბოსტნეულიანი ომლეტი. ერბოკვერცხი აკრძალულია.


ბურღულეული იზღუდება. შეიძლება ბოსტნეულის წვნიანში მისი ჩამატება. აკრძალულია ბრინჯის, მანანის ბურღულის ფაფა, მაკარონი. ნებადართულია ყოველგვარი ბოსტნეული, უპირატესად - უმი. უნდა შეიზღუდოს მხოლოდ კარტოფილი და ჭარხალი, აგრეთვე - მწნილი. დესერტად ნებადართულია ხილი - როგორც უმი, ასევე მოხარშული; უშაქრო ჟელე და მუსი, უშაქრო კომპოტი. აკრძალულია მხოლოდ შაქრით მდიდარი სახეობები - ყურძენი (ქიშმიშიც), ბანანი, ლეღვი, ფინიკი. იკრძალება საკონდიტრო ნაწარმი, მურაბა, თაფლი, კისელი, ნაყინი. სასმელებიდან ნებადართულია ჩაი, შავი რძიანი ყავა, უშაქრო წვენები, გარდა ყურძნისა და სხვა ტკბილი წვენებისა. იკრძალება კაკაოც. ნაღების კარაქი იზღუდება. მცენარეული ცხიმით ნებადართულია კერძების შეზავება. აკრძალულია ცხოველური და კულინარიული ცხიმები.

დაბალკალორიული დიეტის მაგალითი

  • პირველი საუზმე: ხაჭო - 100 გრამი; ჩაშუშული სტაფილო - 200 გრამი; უშაქრო რძიანი ყავა - 200 გრამი
  • მეორე საუზმე: კომბოსტოს უმარილო სალათა არაჟნით - 170 გრამი
  • სადილი: ვეგეტერიანული წვნიანი - 200 გრამი, მოხარშული ხორცი - 90 გრამი, მწვანე ბარდა უცხიმოდ - 50 გრამი, ვაშლი - 100 გრამი
  • სამხარი: ხაჭო - 100 გრამი, ასკილის ნახარში - 180 გრამი
  • ვახშამი: მოხარშული თევზი - 100 გრამი, ბოსტნეულის რაგუ - 125 გრამი
  • ძილის წინ: კეფირი - 180 გრამი
  • მთელი დღის განმავლობაში - 150 გრამი ჭვავის პური

თუ ამგვარად წონის დაქვეითება ვერ მოხერხდა, საჭიროა კალორაჟის უფრო მეტად დაწევა ცხიმებისა და ნახშირწყლების რაოდენობის შემცირების ხარჯზე.

- გახდომა საშიში ხომ არ არის?

- გახდომის დროს მოსალოდნელია ცელულიტის განვითარება, ბულემია, ანორექსია, ცხიმოვანი ცვლის დარღვევა.

- როგორ მოვიქცეთ, რომ წონის დაკლების შემდეგ არ მოვდუნდეთ, წონა არ მოვიმატოთ და ჩვენი ძალისხმევა წყალში გადაყრილი არ აღმოჩნდეს?

- მკაცრი დიეტით ორგანიზმს ერთგვარ სტრესს ვაყენებთ. ისიც, როცა დიეტის შემდეგ ჩვეულ რაციონს ვუბრუნდებით, შავი დღისთვის ცხიმის მომარაგებას იწყებს, ამიტომ თუ დიეტის შემდეგ ისევ ძველებური რეჟიმით განაგრძეთ კვება, წონა უკანვე დაგიბრუნდებათ და შეიძლება, ადრინდელზე მეტადაც კი გასუქდეთ. დიეტის შემდეგ რომ არ მოვიმატოთ, მეტისმეტად სწრაფად არ უნდა გავხდეთ. ცხიმისგან ნელ-ნელა უნდა გავთავისუფლდეთ. იდეალური ვარიანტია კვირაში 500 გრამის დაკლება. დიეტის დასრულების შემდეგ რაციონში ნელ-ნელა უნდა დავაბრუნოთ სხვადასხვა პროდუქტი, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რა უბრალოდ გემრიელია და რა - გემრიელიც და სასარგებლოც. იკვებეთ რეგულარულად - დღეში 4-5-ჯერ. როდესაც დღეში ერთხელ ან ორჯერ გვიხდება საკვების მიღება, გვშივდება და ვჭამთ გაცილებით მეტს, ვიდრე რეგულარული კვებისას, ეს კი კუჭის მოცულობის გაზრდასაც იწვევს. წილადობრივი კვება, პირიქით, ხელს უწყობს სისხლში გლუკოზის ზომიერ ცვლას და ამით შიმშილის თავიდან აცილებაში გვეხმარება. ასე რომ, რაც უფრო იშვიათად ვჭამთ, მით უფრო მეტად ვიმატებთ წონას. წონის კორექციისთვის აქტიურად მისდიეთ სპორტს. საღამოობით ხანგრძლივი გასეირნებაც შეიძლება ჩაითვალოს ფიზიკურ ვარჯიშად. ამ გზით დიეტის შედეგს უფრო მეტხანს შეინარჩუნებთ.