წითელი ლაქები სასქესო ასოზე
რა აჩენს ლაქებს?
ჯანსაღი სასქესო ორგანო ლაქებით და გამონაყარით არ უნდა იყოს დაფარული. წითელი ლაქები ხშირად დაავადების ნიშანია. მისი მიზეზები ორ ჯგუფად იყოფა: ინფექციურად და არაინფექციურად. არაინფექციური მიზეზები დაკავშირებულია გარეგანი ფაქტორების ზემოქმედებასთან. ეს შეიძლება იყოს საცვლის ქსოვილით, ქიმიური ნივთიერებებით, მათ შორის - ლატექსით, გამოწვეული გაღიზიანება. ამიტომ მნიშვნელოვანია გამოვიყენოთ არატოქსიკური საშუალებები და ვატაროთ ისეთი ქსოვილის საცვალი, რომელიც არ იწვევს ალერგიულ რეაქციას. პირადი ჰიგიენის დაუცველობამაც შეიძლება გამოიწვიოს სიწითლე. რეგულარული შხაპი, სუფთა თეთრეული თავიდან აგვაცილებს მის განვითარებას. ინფექციური მიზეზი გაცილებით მეტია. ერთ-ერთი მათგანია რძიანა. ის გადაედება სქესობრივი გზით, თუმცა იშვიათად იმუნიტეტის დაქვეითების შედეგადაც ვითარდება. რძიანას გამომწვევია სოკო კანდიდა. მისი ძირითადი სიმპტომია თეთრი, ხაჭოსებრი ნადები სასქესო ასოს თავზე. ამ დროს სასქესო ორგანოზე შეიძლება გაჩნდეს არა მარტო სიწითლე, არამედ გამონაყარიც, თან ახლდეს ქავილი და უსიამოვნო, მჟავე სუნი. მსგავსი სიმპტომების არსებობისას უნდა მიმართოთ ექიმს. გამოკვლევის საფუძველზე ის დასვამს დაიგნოზს და დანიშნავს მკურნალობას სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებით. წითელი ლაქების მიზეზი შეიძლება ფსორიაზიც იყოს. გარეგნული ნიშნებით სასქესო ასოზე განვითარებული ფსორიაზი არ განსხვავდება სხეულის ნებისმიერ სხვა ადგილას არსებულისგან. მისთვის დამახასიათებელია ვარდისფერი, მკვეთრად შემოსაზღვრული ბალთები აქერცლილი ზედაპირით, ზოგჯერ - ქავილიც. ფსორიაზი ზამთრობით მწვავდება. სიწითლის მიზეზი შეიძლება იყოს გენიტალური ჰერპესიც. ამ დროს სიწითლე ასოს თავის მიდამოშია, ხოლო მთელ საზარდულის არეში აღინიშნება ქავილი. გენიტალური ჰერპესი იდენტიფიცირდება გარკვეული ნიშნით - სითხით სავსე ბუშტუკებით. ამ მდგომარეობას სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ, რადგან შესაძლოა გავრცელდეს პროსტატაზე ან შარდის ბუშტზე. ლაქები შეიძლება იყოს კიბოს მანიშნებელიც. სასქესო ასოს სიწითლის მიზეზის დადგენა მხოლოდ სპეციალისტს შეუძლია. თუ მამაკაცმა სიწითლე შეამჩნია, აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს. სათანადო ცოდნის გარეშე შეუძლებელია გაირკვეს, ჩვეულებრივი გაღიზიანებაა ეს თუ მძიმე დაავადების სიმპტომი. არაფრით არ შეიძლება მისი უგულებელყოფა ან თვითმკურნალობა - ამან შესაძლოა არასასურველ შედეგამდე მიგვიყვანოს.
როგორ ვუმკურნალოთ
რამდენადაც ლაქებს სხვადასხვა მიზეზი აქვს, მკურნალობაც მრავალფეროვანია. თუ ლაქა ალერგიული რეაქციის შედეგია, მკურნალობა მარტივია, თუმცა სხვადასხვაგვარი უშუალო მიზეზის შესაბამისად. თუ ლაქები პრეზერვატივის გამოყენების შედეგად გაჩნდა, მკურნალობის ყველაზე მარტივი გზაა ლატექსის შეცვლა პოლიურეთანით. თუ გაღიზიანების წყაროს მოცილებიდან გარკვეული ხნის შემდეგ ლაქები არ გაქრა, მიმართეთ ექიმს. თუ მიზეზი ალერგიული ხასიათისა არ არის, ე.ი. ინფექციურია. ამ შემთხვევაში პარტნიორმაც უნდა იმკურნალოს. დაიცავით ჰიგიენა. ნუ გამოიყენებთ სხვის პირსახოცს და თეთრეულს. იხმარეთ ისეთი ქიმიური საშუალებები, რომლებსაც მინიმუმამდე დაჰყავს ალერგიული რეაქციების რისკი. ერიდეთ შემთხვევით, დაუცველ სქესობრივ კონტაქტებს. აუცილებლად მიმართეთ ექიმს. თვითმკურნალობამ შესაძლოა არათუ შედეგი არ გამოიღოს, არამედ გააუარესოს კიდეც მდგომარეობა. სწორი დიაგნოზი გამოჯანმრთელების საწინდარია.