შარდსასქესო ორგანოთა ანომალიები
გამოყოფენ შარდსასქესო ორგანოთა ანომალიების შემდეგ ჯგუფებს:
- თირკმლის ანომალიები;
- შარდსაწვეთების ანომალიები;
- შარდის ბუშტის ანომალიები;
- შარდგამომყოფი არხის ანომალიები;
- სათესლე ჯირკვლების ანომალიები;
- სასქესო ორგანოს ანომალიები;
- ურეთრის (საშარდე არხის) ანომალიები და ინფრავეზიკულური ობსტრუქცია.
განვიხილოთ ზოგიერთი მათგანი.
შარდსაწვეთების ანომალიები
შარდსაწვეთების ანომალიები შარდსასქესო სისტემის ანომალიათა 22%-ს შეადგენს. ისინი, ისევე როგორც სხვა ანომალიები, შესაძლოა ბავშვობაში შემთხვევით გამოვლინდეს სრულიად სხვა დაავადების დროს ჩატარებული გამოკვლევისას, თუმცა მათ შესაძლოა თან ახლდეს თირკმლის ფუნქციის დარღვევებიც. უმეტესად გვხვდება შარდსაწვეთის შევიწროება ან გაფართოება. შარდსაწვეთების ანომალია მრავალგვარია, თუმცა ყოველი მათგანი შარდის გადაადგილების, უროდინამიკის, დარღვევას იწვევს. უროდინამიკის დარღვევას, თავის მხრივ, თირკმლის ანთება და მისი ფუნქციის დარღვევა მოსდევს. ბავშვებში შარდსაწვეთების ანომალიები ხშირად ორმხრივი, მრავალგვარია და თირკმლის მძიმე დარღვევებამდე მივყავართ. ასეთი ანომალიები 6-10 წლის ასაკში იჩენს თავს. დიაგნოსტიკაში წამყვანი ადგილი ექსკრეტორულ უროგრაფიას უკავია.
შარდის ბუშტის ექსტროფია
ეს განვითარების უმძიმესი მანკია, რომლის დროსაც ადამიანს, ბავშვს ჩამოუყალიბებელი აქვს შარდის ბუშტის წინა კედელი და მისი შესაბამისი მუცლის წინა კედელი. ეს ანომალია ვაჟებში გოგონებზე ორჯერ ხშირად გვხვდება. ამ მანკის ბუნება ჯერ კიდევ გაურკვეველია. შარდის ბუშტის ექსტროფიას ყოველთვის ახლავს თან ტოტალური ეპისპადია და ბოქვენის ძვლების გახლეჩა. დიაგნოზი ბავშვის დაბადებისთანავე დაისმის. შარდის ბუშტის ექსტროფიის მკურნალობა მხოლოდ და მხოლოდ ქირურგიული გზით ხდება, ხოლო ოპერაციის მეთოდი მანკის ხარისხზეა დამოკიდებული.
შარდის ბუშტის დივერტიკული
ეს შარდის ბუშტის თანდაყოლილი ან შეძენილი ანომალიაა, რომლის დროსაც შარდის ბუშტის ერთ-ერთი კედლის ტომსიკისმაგვარი გამობერილობა ვითარდება. ბავშვებში ეს თანდაყოლილი მანკია. დივერტიკული შეიძლება ერთეული იყოს, ხოლო მეტად იშვიათად - მრავლობითი. ხშირად დივერტიკული შარდის ბუშტის უკანა და გვერდით კედელზეა განვითარებული. ჩვეულებრივ, დივერტიკულში შარდი გროვდება, რაც ცისტიტის განვითარებას უწყობს ხელს, ხოლო თუ მასში ერთ-ერთი შარდსაწვეთი იხსნება, ჩნდება პიელონეფრიტის განვითარების საშიშროება. რით იჩენს თავს შარდის ბუშტის დივერტიკული? ბავშვი შესაძლოა უჩიოდეს გაძნელებულ შარდვას, შარდის ორ ნაწილად გამოყოფას (ამ დროს ჯერ შარდის ბუშტი იცლება, შემდეგ - დივერტიკული). უროლოგმა შარდის ბუშტის დივერტიკულის დიაგნოზი შესაძლოა დასვას ცისტოსკოპიისა და ცისტოგრაფიის ჩატარების შემდეგ. ამ ანომალიას ქირურგიული გზით მკურნალობენ. ოპერაციის არსი შარდის ბუშტის დეფექტის მოშორებაში მდგომარეობს.
ურაქუსის ანომალიები
ურაქუსი - ეს საშარდე არხია, ანუ თავისებური მილი, რომელიც ნაყოფის მუცლად ყოფნის პერიოდში შარდის ბუშტს ჭიპლარის გავლით სანაყოფე წყლებთან აერთებს. ნორმაში ბავშვის დაბადების მომენტში ურაქუსი შეხორცებულია, მაგრამ ზოგჯერ, განსაზრვრული ფაქტორების გავლენით, ეს საშარდე არხი მხოლოდ ნაწილობრივ არის გადაკეტილი, რის შედეგადაც ყალიბდება მისი ანომალიები, რომელთა მკურნალობა უმთავრესად ქირურგიული გზით ხდება.
შარდის ბუშტის აგნეზია
ამ დროს შარდის ბუშტი საერთოდ არ არის ჩამოყალიბებული. ეს მეტად იშვიათი მანკი განვითარების იმ სხვა მანკებთანაა შეუღლებული, რომლებიც სიცოცხლესთან შეუთავსებელ მდგომარეობას ქმნიან.
შარდის ბუშტის გაორება
ამ დროს შარდის ბუშტში ჩამოყალიბებულია ძგიდე, ტიხარი, რომელიც მას ორ ნაწილად ყოფს. ასეთ ანომალიას თან ახლავს შარდსადენი არხის გაორებაც. მას მხოლოდ ქირურგიული გზით მკურნალობენ.
შარდის ბუშტის ყელის კონტრაქტურა
ეს შარდის ბუშტის ანომალიის ის სახეა, რომლის დროსაც შარდის ბუშტის კედელში შარდის გამოსვლის ადგილას ჭარბი შემაერთებელი ქსოვილი ვითარდება. ამ დაავადების სიმპტომები შარდვის გაძნელებიდან შარდის სრულ გამოუყოფლობამდე ვარირებს. ექიმი დიაგნოზს სვამს უროცისტოსკოპიისა და ურეთროცისტოგრაფიის შედეგების საფუძველზე. მკურნალობა ამ დროსაც ქირურგიულია.
ეპისპადია
ეს შარდგამომყოფი არხის თანდაყოლილი პათოლოგიაა, რომლის დროსაც მთელი არხის ან მისი წინა კედლის გახლეჩა ხდება. ეპისპადია იშვიათია, თუმცა ვაჟებს ის ხუთჯერ უფრო ხშირად აქვთ, ვიდრე გოგონებს. გამოყოფენ ეპისპადიის სამ ფორმას: სასქესო ასოს თავის ეპისპადიას (მხოლოდ თავის გახლეჩას), სასქესო ასოს ეპისპადიას (სასქესო ასოს სხეულის გახლეჩას) და ტოტალურ ეპისპადიას (შარდგამომყოფი არხის მთლიან გახლეჩას შარდის ბუშტამდე). ეპისპადიის დიაგნოზი, ჰიპოსპადიის დიაგნოზის მსგავსად, გარეთა სასქესო ორგანოების დათვალიერებით დაისმის. სასქესო ასოს თავის ეპისპადიის დროს შარდგამომყოფი არხის გარეთა ხვრელი თავის ზედა ნაწილზე მდებარეობს. ასო რამდენადმე გამრუდებულია, თუმცა ერექციის დროს ეს გამრუდება ქრება. სასქესო ასოს ეპისპადიის დროს შეინიშნება მისი ზედა ნაწილის არხისმაგვარი გახლეჩა. შარდგამომყოფი არხის გარეთა ხვრელი ამ დროს თავიდან ფუძემდე ნებისმიერ ადგილზე შეიძლება იყოს განლაგებული. არცთუ იშვიათად სიცილის, ხველის დროს მოსალოდნელია შარდის თვითნებური გამოყოფა. თუ ექიმმა სასქესო ასოს ეპისპადიის ან ტოტალური ეპისპადიის, შარდის შეუკავებლობით მიმდინარე ბოქვენქვეშა ეპისპადიის, ეპისპადიის ტოტალური ფორმის დიაგნოზი დასვა, აუცილებელია ქირურგიული მკურნალობა. ოპერაცია ყველაზე ხშირად 2-4 წლის ასაკში კეთდება. ეპისპადიის ქირურგიული მკურნალობის არსი ნორმალური შარდგამომყოფი არხის ფორმირებასა და შარდის შეუკავებლობის აღმოფხვრაში მდგომარეობს. შარდგამომყოფი არხის ჩამოყალიბების მეთოდები, როგორც წესი, ბავშვის სქესსა და ეპისპადიის ფორმებზეა დამოკიდებული.
ჰიპოსპადია
შარდგამომყოფი არხის განვითარების ეს მანკი, რომლის დროსაც შარდგამომყოფი არხის გარეთა ხვრელი სასქესო ასოს ქვედა ზედაპირზე, სათესლე პარკზე ან შორისზე იხსნება, ვაჟებში ამ ტიპის ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა. ის 150-დან 1 ბავშვს მაინც აქვს. გოგონებში ეს პათოლოგია ძალიან იშვიათად გვხვდება. ჰიპოსპადიის დროს შარდგამომყოფი არხი ბოლომდე არ არის განვითარებული და მისი სიგრძე ნორმაზე ნაკლებია. ამის გამო სასქესო ასო გამრუდებულია. ზოგჯერ გვხვდება მეტისმეტად მოკლე შარდგამომყოფი არხი, რომელიც ჩვეულ ადგილზე იხსნება, მაგრამ მისი სიმოკლის გამო სასქესო ასო კაკვივით არის მოხრილი. ერექციის დროს მოხრის კუთხე კიდევ უფრო იზრდება. ჰიპოსპადიის დიაგნოზი გარეგნული დათვალიერებით სამშობიაროშივე ისმება, მისი მკურნალობა კი ქირურგიული გზით ხორციელდება. შარდსაწვეთთა ანომალიებს შორის ხშირად გვხვდება შარდსაწვეთთა სტრუქტურის განვითარების მანკები. ასეთი ანომალიების ერთ-ერთი სახეა ურეთროცელე - შარდსაწვეთის კისტოზური გაფართოება შარდის ბუშტში ჩასვლის ადგილას. თუ ეს პათოლოგია ადრეულ ასაკში არ იქნა გამოვლენილი, ანომალია მრავალი დაავადების - პიელონეფრიტის, ურეთრიტის, ცისტიტის, შარდკენჭოვანი დაავადების და სხვათა განვითარების მიზეზად იქცევა. ურეთროცელე თავს იჩენს ისეთი სიმპტოებით, როგორებიცაა ტკივილი წელის მიდამოში, დიზურია, ჰემატურია. ექიმმა ეს პათოლოგია (ანომალია) შესაძლოა ცისტოსკოპიის ან ექსკრეტორული უროგრაფიის ჩატარებით გამოავლინოს. ურეთროცელეს მკურნალობა მხოლოდ ქირურგიული გზით არის შესაძლებელი. თუ ანომალიამ დიდ ზომებს მიაღწია, დაზიანებულ შარდსაწვეთს მთლიანად კვეთენ.
ანორქიზმი
ამ პათოლოგიის დროს ვაჟს ორივე სათესლე ჯირკვალი განუვითარებელი აქვს. ანორქიზმის დროს მკვეთრად არის დაქვეითებული მამაკაცის სასქესო ჰორმონების რაოდენობა და არ ყალიბდება მეორეული სასქესო ნიშნები (ევნუქოიდიზმი). ანორქიზმის მკურნალობა ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპიის საშუალებით ხორციელდება.
მონორქიზმი
ეს არის განვითარების ანომალია, რომლის დროსაც ვაჟს მხოლოდ ერთი სასქესო ჯირკვალი აქვს განვითარებული. მისი დიაგნოსტიკა ულტრაბგერითი გამოკვლევით დაისმის. ჩვეულებრივ, მონორქიზმი მამაკაცის განვითარებასა და მის სქესობრივ ცხოვრებაზე გავლენას არ ახდენს (მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა სათესლე ჯირკვლის ფუნქცია შენარჩუნებულია).
პოლიორქიზმი
განვითარების თანდაყოლილი ანომალიის ამ შემთხვევაში ვაჟს ერთდროულად სამი ან უფრო მეტი სათესლე ჯირკვალი აქვს. ამ პათოლოგიის მკურნალობა მხოლოდ და მხოლოდ ქირურგიული გზით არის შესაძლებელი.
სათესლე ჯირკვლების ჰიპოპლაზია
ეს სათესლე ჯირკვლის სტრუქტურის ანომალიაა. ამ დროს სათესლე ჯირკვლები არსებობს, თუმცა ბოლომდე არ არის განვითარებული. მათი ზომაც ჩვეულებრივზე ნაკლებია (5-7 მილიმეტრამდე). ჰიპოპლაზიას თან ახლავს ჰორმონული უკმარისობაც. მკურალობა ჩანაცვლებითი თერაპიით ტარდება.
კრიპტორქიზმი
სათესლე ჯირკვლების ეს ანომალია შედარებით ხშირად გვხვდება. ამ დროს სათესლე ჯირკვალი - ერთი ან ორივე - არ ეშვება სათესლე პარკში, მუცლის ღრუში ან საზარდულის არხში ჩერდება. კრიპტორქიზმი შეიძლება იყოს ორმხრივი, მარჯვენამხრივი და მარცხენამხრივი; ჭეშმარიტი და ცრუ. ამ უკანასკნელის დროს ექიმმა სათესლე ჯირკვალი შესაძლოა პალპაციის გზით სათესლე პარკში ჩამოიტანოს, მაგრამ გარკვეული ხნის შემდეგ ის აუცილებლად დაუბრუნდება პირვანდელ ადგილს. ჭეშმარიტი კრიპტორქიზმის დროს ჯირკვალი ან საზარდულის მიდამოშია, ან მუცლის ღრუში. ის ჩამორჩება განვითარებით და ჩვეულებრივზე ნაკლები ზომისაა. მუცლის ღრუში ტემპერატურა სათესლე პარკთან შედარებით 2-3 გრადუსით მეტია. ეს უარყოფითად მოქმედებს სათესლე ჯირკვალზე და შედეგად ამ უკანასკნელში დეგენერაციული ცვლილებები იწყება. ჭეშმარიტი კრიპტორქიზმი გავლენას ახდენს მამაკაცის სასქესო ჰორმონების გამომუშავების პროცესზე. ბავშვს ეწყება ჰორმონული დარღვევები, რის გამოც მამაკაცის სასქესო ნიშნები არასრულყოფილად ყალიბდება. ამ პათოლოგიის დიაგნოსტირება დათვალიერებით, ჯირკვლისა და საზარდულის არხის პალპაციით, რადიოიზოტოპური, ულტრაბგერითი და ლაპაროსკოპიული კვლევებით ხდება. იმისთვის, რომ შეუქცევადი ენდოკრინული დარღვევები თავიდან ავიცილოთ, კრიპტორქიზმის მკურნალობა 2-3 წლის ასაკში უნდა დაიწყოს. შესაძლებელია ჰორმონული თერაპიის ჩატარება. თუ საჭირო ეფექტი ვერ მიიღეს, საქმეში ქირურგია ერთვება. დროული ჩარევის დროს სათესლე ჯირკვლების ნორმალური ფუნქციის შენარჩუნება შემთხვევათა 85%-შია შესაძლებელი. დაგვიანებულ შემთხვევებში კი პროგნოზი არაკეთილსაიმედოა.
სათესლე ჯირკვლის ექტოპია
ეს განვითარების ანომალიაა, რომლის დროსაც სათესლე ჯირკვალი უჩვეულო ადგილას - საზარდულის მიდამოს კანქვეშ, ბარძაყზე, შორისის მიდამოში ან სათესლე პარკის საპირისპირო ნახევარში - იმყოფება. თუ ჯირკვალი სათესლე პარკის საპირისპირო ნახევარშია, მკურნალობა აუცილებელი არ არის, დანარჩენ შემთხვევებში კი რეკომენდებულია ქირურგიული მკურნალობა, რომელიც 6 წლამდე უნდა ჩატარდეს. პროგნოზი ამ შემთხვევაში კეთილსაიმედოა.
სასქესო ასოს თანდაყოლილი განუვითარებლობა
ეს იშვიათი ანომალიაა, რომლის დროსაც ურეთრა (საშარდე არხი) სწორ ნაწლავში ან შორისის მიდამოში იხსნება. ამ შემთხვევაში ბავშვის სქესის დადგენა ჭირს. თუ არსებობს მღვიმოვანი სხეულების ნარჩენები და მამაკაცის ფსიქოსექსუალური ორიენტაცია, შესაძლებელია კორექცია (სასქესო ასოსა და საშარდე არხის შექმნა).
სასქესო ასოს თავის თანდაყოლილი უქონლობა
ესეც იშვიათი ანომალიაა. თუ ამ დროს შეინიშნება საშარდე არხის გარეთა ხვრელის დავიწროება, მკურნალობაში ქირურგია ერთვება - ტარდება მიოტომია.
ფარული სასქესო ასო
განვითარების ამ ანომალიის დროს სასქესო ასო დამალულია ზედმეტად განვითარებულ მუცლის კანქვეშა ცხიმოვან შრეში - ბოქვენის სიმფიზის მიდამოში, იშვიათად - სათესლე პარკის ან შორისის მიდამოში. წესისამებრ, მასზე არ არის განვითარებული საკუთარი კანის საფარველი. მკურნალობა ოპერაციულია - ამ დროს ხდება სასქესო ასოს მობილიზაცია შემდგომი პლასტიკით (რეკომენდებულია, გაკეთდეს 6-8 წლის ასაკში).
სასქესო ასოს ექტოპია
ამ იშვიათი ანომალიის დროს, როდესაც სასქესო ასო სათესლე პარკის უკან მდებარეობს, კეთდება ქირურგიული ოპერაცია.
მეგალოპენისი
ეს ძალიან დიდი ზომის სასქესო ასოს ლათინური სახელწოდებაა. განვითარების ეს ანომალია შესაძლოა დაკავშირებული იყოს ნაადრევ მომწიფებასთან, ჰორმონულ დარღვევებთან. მეგალოპენისის დროს მამაკაცს სქესობრივი ცხოვრება არ შეუძლია.
ძგიდის მქონე სათესლე ასო
ესეც განვითარების ანომალიაა, რომლის დროსაც სათესლე ჯირკვლის კანი იწყება არა ასოს ფუძის კანის მიდამოდან, არამედ ასოს შუა ადგილიდან, ზოგჯერ კი - ასოს თავიდან. წარმოქმნილი კანის ნაკეცი ასოს ერექციას უშლის ხელს. მკურნალობა ქირურგიულია (სასქესო ასოს პლასტიკა კანის ნაფლეთების გადატანით).
სასქესო ასოს თანდაყოლილი გამრუდება
ასოს თანდაყოლილი გამრუდება საკმაოდ ხშირად გვხვდება. იდეალურად სწორი სასქესო ასო იშვიათი მოვლენაა. სასქესო ასოს თანდაყოლილი გამრუდების მიზეზებია: სასქესო ჰორმონების დაბალი დონე ნაყოფის ჩამოყალიბების ან სქესობრივი მომწიფების პერიოდში; სასქესო ჰორმონების მოქმედებისადმი ქსოვილების მგრძნობელობის დარღვევა. ეს პათოლოგია ხშირად სასქესო მომწიფების დროს, პირველი ერექციების დაწყებისთანავე ხდება შესამჩნევი. ასოს გამრუდების კუთხე შეიძლება 90 გრადუსამდე აღწევდეს. ამ დროს თავს იჩენს ტკივილები, სქესობრივი ცხოვრება შეუძლებელი ხდება. თუ შეინიშნება დისკომფორტი, ტკივილი ერექციისა და სქესობრივი აქტის დროს, შესაძლებელია სასქესო ასოს პლასტიკა.
მოკლე ლაგამი
ამ თანდაყოლილი ანომალიის დროს, რომელიც ხშირად გვხვდება, სასქესო ასოს თავი ყოველთვის კანით (ჩუჩით) არის დაფარული. ზოგჯერ შეინიშნება ასოს გამრუდებაც. მოკლე ლაგამი ჩუჩის გადაწევას უშლის ხელს, ამიტომ ასოს თავზე იწყება სმეგმის დაგროვება. მოკლე ლაგამი ერექციის განვითარებასაც აბრკოლებს. ერექცია ამ დროს საკმაოდ მტკივნეულია. არცთუ იშვიათად სქესობრივი აქტის დროს ლაგამი წყდება, რასაც თან ახლავს ტკივილი, სისხლდენა და სტრესი. მკურნალობა ოპერაციულია. ქირურგები მოკლე ლაგამის პლასტიკას აკეთებენ.
საშარდე არხის თანდაყოლილი ობლიტერაცია
ვაჟთა ეს ანომალია, საბედნიეროდ, იშვიათია. ამ დროს საერთოდ არ არის განვითარებული საშარდე არხი ან ის რომელიმე უბანზეა შეხორცებული. საშარდე არხის თანდაყოლილი ობლიტერაციის დროს შარდი ან ნაწლავში გამოიყოფა, ან იმ შეუხორცებელი საშარდე არხით, რომელიც შარდის ბუშტის ზედა ნაწილს ჭიპთან აერთებს ანუ შარდი პირდაპირ ჭიპიდან მოდის. ამ დაავადების დიაგნოზი ჩვილის დაბადებისთანავე, პირველი ორი დღის განმავლობაში დაისმის: ბავშვი დამოუკიდებლად ვერ შარდავს; შეუძლებელია შარდის ბუშტში კათეტერის ჩადგმა. რა თქმა უნდა, ამ პათოლოგიის მკურნალობაც მხოლოდ ქირურგიული გზით არის შესაძლებელი.