„პრობლემა 20-30 წლის ბიჭებშიც ხშირია“ – ონკოუროლოგი სოფიო აბაზაძე განმარტავს, რა გავლენას ახდენს „ჯანქ ფუდი“, მარიხუანა და გადახურება სპერმის ხარისხზე
„ლეპტოპი მუხლებზე, საუნა და მარიხუანა“ – ექიმი ონკოუროლოგი სოფიო აბაზაძე განმარტავს, რეალურად რა აუარესებს სპერმის ხარისხს
მამაკაცის რეპროდუქციული ჯანმრთელობა მხოლოდ შვილოსნობის საკითხი არ არის – ის ორგანიზმის საერთო მდგომარეობის უტყუარი ინდიკატორია. ბოლო ათწლეულებში ჩატარებული კვლევები სპერმის ხარისხისა და კონცენტრაციის შემცირების საგანგაშო ტენდენციას აჩვენებს, პრობლემა კი სულ უფრო ხშირად 20-30 წლის ახალგაზრდებშიც იჩენს თავს. ექიმი უროლოგი, ონკო უროლოგი სოფო აბაზაძე დეტალურად განმარტავს, რა იწვევს მამაკაცთა უნაყოფობას, რომელი მავნე ჩვევებია შექცევადი და როდის ხდება აუცილებელი სპეციალისტთან ვიზიტი
- ქალბატონო სოფო, რეალურად როგორია სტატისტიკა უშვილობაზე? მართლაც გაიზარდა კაცების უნაყოფობა ბოლო წლებში, თუ უბრალოდ დიაგნოსტიკამ მოიმატა?
- უშვილობა მსოფლიოში დაახლოებით ყოველი 6 წყვილიდან 1-ს ეხება. შემთხვევების დაახლოებით 50%-ში მამაკაცური ფაქტორი მთლიანად ან ნაწილობრივ მონაწილეობს. ბოლო ათწლეულებში არაერთმა კვლევამ აჩვენა სპერმის კონცენტრაციისა და საერთო რაოდენობის შემცირების ტენდენცია, თუმცა ამის მიზეზი მხოლოდ ბიოლოგიური ცვლილება არ არის. გაიზარდა დიაგნოსტიკური შესაძლებლობები, მიმართვიანობა და საზოგადოების ინფორმირებულობაც. დღეს უკვე ვიცით, რომ მამაკაცის რეპროდუქციული ჯანმრთელობა მნიშვნელოვანი ინდიკატორია მისი საერთო ჯანმრთელობისაც.
- როგორია დღეს ასაკობრივი ზღვარი საქართველოში – გაახალგაზრდავდა თუ არა ეს პრობლემა?
- პრობლემა მხოლოდ ასაკოვან მამაკაცებს აღარ ეხებათ. პრაქტიკაში ხშირად გვხვდებიან 20-30 წლის პაციენტებიც, რომლებსაც სპერმოგრამის მნიშვნელოვანი დარღვევები აქვთ. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ცხოვრების წესი, სიმსუქნე, მოწევა, გარემო ფაქტორები, ვარიკოცელე, ჰორმონული დარღვევები და სხვა დაავადებები. ამიტომ უნაყოფობა მხოლოდ ასაკთან დაკავშირებული პრობლემა აღარ არის.
- როგორ აისახება კვების რაციონი, „ჯანქ ფუდი“ და ჭარბი წონა სპერმოგრამის ხარისხზე?
- მნიშვნელოვნად. სიმსუქნე იწვევს ჰორმონულ ცვლილებებს, ტესტოსტერონის შემცირებას და ანთებითი პროცესების გააქტიურებას. ულტრა დამუშავებული საკვები, ტრანსცხიმები და ჭარბი შაქარი ასოცირებულია სპერმატოზოიდების კონცენტრაციის, მოძრაობისა და მორფოლოგიის გაუარესებასთან. პირიქით, ხმელთაშუაზღვის ტიპის კვება - ბოსტნეულით, ხილით, თევზით, თხილეულითა და ზეითუნის ზეთით - უკავშირდება უკეთეს რეპროდუქციულ მაჩვენებლებს.

- სად გადის ალკოჰოლისა და თამბაქოს უსაფრთხოების ზღვარი?
- რეპროდუქციული ჯანმრთელობისთვის თამბაქოს უსაფრთხო დოზა არ არსებობს. მოწევა ზრდის სპერმატოზოიდების დნმ-ის დაზიანების, მოძრაობისა და რაოდენობის შემცირების რისკს. ალკოჰოლის დიდი რაოდენობით მიღება ასევე უარყოფითად მოქმედებს ჰორმონულ სისტემასა და სპერმოგრამაზე. სასიხარულოა, რომ ცვლილებების ნაწილი შექცევადია და ცხოვრების წესის შეცვლიდან რამდენიმე თვეში გაუმჯობესება შესაძლებელია.
- ბევრი მარიხუანას უსაფრთხოდ მიიჩნევს. რეალურად რა გავლენას ახდენს ის სპერმატოზოიდებზე?
- არსებული მონაცემებით, მარიხუანა შეიძლება უკავშირდებოდეს სპერმატოზოიდების მოძრაობის, კონცენტრაციისა და ნორმალური მორფოლოგიის შემცირებას. ასევე განიხილება მისი გავლენა სპერმატოზოიდების დნმ-ის ხარისხზე. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველა მომხმარებელი აუცილებლად უნაყოფო იქნება. როგორც მოწევა არ იწვევს ყველა მწეველში ფილტვის კიბოს, ისე მარიხუანაც ინდივიდუალურად მოქმედებს. ფაქტი, რომ კონკრეტულ ადამიანს ჯანმრთელი შვილები ჰყავს, არ გამორიცხავს რისკს ზოგად პოპულაციაში.
- ტელეფონი ჯიბეში, ლეპტოპი მუხლებზე - თითქოს მოქმედებს მამაკაცის უნაყოფობაზე, რეალურია ეს საფრთხე?
- ამ თემაზე კვლევები კვლავ მიმდინარეობს. ამ ეტაპზე არ არსებობს მტკიცებულება, რომ მობილური ტელეფონის რადიაცია უშუალოდ იწვევს უნაყოფობას. თუმცა ლეპტოპის ხანგრძლივად მუხლებზე გამოყენება და ადგილობრივი გადახურება შეიძლება უარყოფითად მოქმედებდეს სპერმატოგენეზზე. ამიტომ პრაქტიკული რეკომენდაციაა, არ მოხდეს სათესლეების ხანგრძლივი გადახურება.
- რატომ არის სათესლე ჯირკვლებისთვის ტემპერატურის მატება ასეთი კრიტიკული?
- სპერმატოზოიდების წარმოქმნა ოპტიმალურად მიმდინარეობს სხეულის ტემპერატურაზე დაახლოებით 2-4°C-ით დაბალ გარემოში. სწორედ ამიტომ მდებარეობს სათესლეები სხეულის გარეთ. ტემპერატურის ქრონიკული მატება -იქნება ეს ვარიკოცელე, ხშირი საუნა, ცხელი აბაზანები თუ სხვა ფაქტორები -შეიძლება უარყოფითად აისახოს სპერმის ხარისხზე.

- რა კავშირია უროლოგიურ ონკოპათოლოგიებსა და უშვილობას შორის?
- ზოგიერთი ონკოლოგიური დაავადება, განსაკუთრებით სათესლე ჯირკვლის სიმსივნე, უკვე დიაგნოზის დასმის მომენტში შეიძლება ასოცირებული იყოს სპერმოგრამის დარღვევებთან. გარდა ამისა, ქიმიოთერაპიამ, სხივურმა თერაპიამ და ზოგიერთმა ქირურგიულმა ჩარევამ შესაძლოა რეპროდუქციული ფუნქცია დააზიანოს. ამიტომ ახალგაზრდა ონკოლოგიურ პაციენტებში ხშირად განიხილება სპერმის კრიოკონსერვაცია მკურნალობის დაწყებამდე.
- როდის უნდა მიმართოს კაცმა ანდროლოგს და რა არის მინიმალური კვლევა, რომელიც უნდა ჩაიტაროს?
- თუ წყვილს რეგულარული, დაუცველი სქესობრივი ცხოვრების ფონზე 12 თვის განმავლობაში ორსულობა არ დგება, აუცილებელია ორივე პარტნიორის ერთდროული შეფასება. 35 წელს გადაცილებული ქალის შემთხვევაში ეს ვადა 6 თვემდე მცირდება. მამაკაცისთვის საწყისი კვლევა მოიცავს ანამნეზს, ფიზიკურ გასინჯვას და სპერმოგრამას. საჭიროების შემთხვევაში ემატება ჰორმონული, გენეტიკური და ულტრაბგერითი კვლევები.
- შესაძლებელია თუ არა უშვილობის მკურნალობა მხოლოდ ცხოვრების წესის შეცვლით?
- ზოგიერთ შემთხვევაში - დიახ. თუ პრობლემა დაკავშირებულია სიმსუქნესთან, მოწევასთან, ალკოჰოლის ჭარბ მოხმარებასთან ან სხვა მოდიფიცირებად ფაქტორებთან, მათი კორექცია მნიშვნელოვნად აუმჯობესებს სპერმოგრამის მაჩვენებლებს. თუმცა არსებობს მდგომარეობები, როგორიცაა მძიმე გენეტიკური დარღვევები, სათესლეების მძიმე დაზიანება ან გამოხატული ობსტრუქცია, სადაც მხოლოდ ცხოვრების წესის ცვლილება საკმარისი არ არის.

- რას ეტყოდით მათ, ვისაც ექიმთან მისვლის შიში ან უხერხულობა აქვს?
- ანდროლოგთან ვიზიტი ისეთივე ბუნებრივი პროცესია, როგორც კარდიოლოგთან ან სტომატოლოგთან კონსულტაცია. უშვილობა არ არის „კაცრობის“ შეფასება და არც სირცხვილის მიზეზი. დროული დიაგნოსტიკა ხშირად მნიშვნელოვნად ამარტივებს მკურნალობას და ზოგჯერ სერიოზული დაავადებების ადრეულ აღმოჩენასაც უწყობს ხელს. ყველაზე დიდი შეცდომა პრობლემის იგნორირებაა.
მამაკაცის ფერტილობა მხოლოდ შვილოსნობის საკითხი არ არის. ის მამაკაცის საერთო ჯანმრთელობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. სწორედ ამიტომ, პრობლემის შემთხვევაში დროული შეფასება და სპეციალისტთან მიმართვა საუკეთესო გადაწყვეტილებაა.