მამაკაცის გარეთა სასქესო ორგანოს ზოგიერთი დაავადება და დეფექტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მამაკაცის გარეთა სასქესო ორგანოს ზოგიერთი დაავადება და დეფექტი

* ასოზე მაქვს თეთრი ხაჭოსებრი ნადები და ძალიან უსიამოვნო სუნი. ვიყავი ექიმთან, ჩავიტარე გამოკვლევა და გავიკეთე ნაცხის ანალიზი, - ყველაფერი ნორმაში მაქვს. სხვა პრობლემა არ მაწუხებს.

* ვიყავი უროლოგთან და მითხრა, რომ ჩუჩის თავი მაქვს ოდნავ შევიწროებული, რის გამოც ერექციის დროს კანი ძნელად გადადის. მითხრა, მალამოს ხმარების შემდეგ პრობლემა ადვილად მოგეხსნებაო, მაგრამ მაშინ ისე მოხდა, რომ დანიშნულების გამოწერა ვეღარ მოხერხდა იქნებ დამეხმაროთ და მითხრათ ამ მალამოს სახელი. რამდენად მისაღებია მხოლოდ მალამოთი მკურნალობა? ფიზიოლოგიურ (ჩვეულებრივ) მდგომარეობაში ასოზე ჩუჩა გადადის, მაგრამ ერეგირებულ მდგომარეობაში - არა. აუცილებელია ამ შემთხვევაში წინადაცვეთა? ჩაჭრა თუ უშველის?

* სასქესო ორგანოსთან მაქვს რამდენიმე ახლო-ახლო განლაგებული მეჭეჭი (სავარაუდოდ, მახვილწვერა კონდილომები). როგორ ვიმკურნალო სახლის პირობებში უსაფრთხოდ?

ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად, ასევე - მამაკაცის სასქესო ორგანოს დაავადებებზე, ტრავმებსა და განვითარების ანომალიებზე სასაუბროდ ბერძნული სამედიცინო ფონდის "ჰიპოკრატეს" კლინიკის ექიმს, უროლოგ ზურაბ ცაცაშვილს ვეწვიეთ.

- ბატონო ზურაბ, რა მნიშვნელობა აქვს მამაკაცის სასქესო ასოს ორგანიზმისთვის და როგორია მისი ნორმული აგებულება?

- მამაკაცის შარდსასქესო ორგანოთაგან სასქესო ასო თავისი ფუნქციით უმნიშვნელოვანესია. ის აერთიანებს შარდსადენი მილის უდიდეს ნაწილს, მღვიმოვან და ღრუბლისებრ სხეულებს, რომელთა ჭარბი სისხლსავსეობა განაპირობებს ერექციას, ასოს ზრდასა და გამკვრივებას, რაც აუცილებელია სქესობრივი კავშირისა და განაყოფიერებისთვის. ასო შედგება მღვიმოვანი სხეულებისგან, რომლებიც ერთმანეთს უკავშირდებიან და გახვეულნი არიან ერთიან ელასტიკურ გარსში. უკანა ზედაპირზე დევს საშარდე მილი, რომელიც ვენურ ქსელსა და ღრუბლისებრ სხეულშია გახვეული. ეს უკანასკნელი ქმნის ასოს თავს და მნიშვნელოვანი მექანიკური დამცავი როლი აკისრია. გარედან ასო დაფარულია კანით, რომელიც ასოს თავის არეში ჩუჩას ქმნის. თავისუფლად შეიძლება მისი გადაწევა და ასოს თავის გაშიშვლება. განასხვავებენ ჩუჩის გარეთა და შიგნითა ფურცლებს. შიგნითა ფურცელი ლაგამით არის დაკავშირებული ასოს თავთან. მის ირგვლივ არსებული ცხიმოვანი ჯირკვლები გამოიმუშავებენ ფიზიოლოგიურ ცხიმოვან საცხს, რომელიც აუცილებელია სქესობრივი აქტის უმტკივნეულოდ ჩასატარებლად.

- ზოგიერთი მამაკაცი მეტისმეტად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ასოს ზომას. არის თუ არა ეს მამაკაცური ძლიერების განმსაზღვრელი კრიტერიუმი?

- მამაკაცის სქესობრივი ძლიერება, მით უმეტეს, სქესობრივი აქტიურობა, სასქესო ასოს ზომაზე არ გახლავთ დამოკიდებული. მოსვენებისას ასოს დაკიდული ნაწილის საშუალო სიგრძე 9-10 სმ-ია, ხოლო გარშემოწერილობა - 6 სმ, მაგრამ ზომა უფრო ნაკლებიც რომ იყოს, სრულყოფილი ერექციის შემთხვევაში სავსებით შესაძლებელია საშოში შეღწევა, ფრიქციების ანუ ბიძგისებური მოძრაობების განხორციელება, ორმხრივი ორგაზმის მიღწევა, სპერმის ადეკვატური დანთხევა და განაყოფიერება.

- რა არის ჰიპოსპადია და ეპისპადია? როგორ მკურნალობენ მათ?

- ეპისპადია და ჰიპოსპადია ასოს ყველაზე ხშირი თანდაყოლილი დეფექტები გახლავთ: საშარდე მილის გარეთა ხვრელი იხსნება არა ასოს თავის წვერის ცენტრალურ წერტილში, არამედ ასოს წინა ან უკანა ზედაპირზე, ასოს თავის წვერიდან სხვადასხვა მანძილზე (თავზე, თავისა და სხეულის საზღვარზე, ასოს სხეულზე, სათესლე პარკზე, ბოქვენზე ან შორისზე). რაც შეეხება მკურნალობას: თუ პათოლოგია მსუბუქი ხარისხისაა, მაგალითად, თავის არეში არსებული ხვრელი არ არის მეტისმეტად წვრილი (ნემსისებური), - ეს, წესისამებრ, არ აბრკოლებს არც შარდვას და არც სპერმის გამოყოფას, შესაბამისად, არც ოპერაცია სჭირდება, უფრო მძიმე ფორმები კი ადრეულ პლასტიკურ ოპერაციას მოითხოვს.

- მინდა, საშარდე მილის ანთებით დაავადებებზეც გკითხოთ. რა არის ბალანიტი და ბალანოპოსტიტი? როგორ მკურნალობენ მათ?

- ჩუჩის ანთება - ბალანიტი და ასოს თავის ანთება - პოსტიტი ცალ-ცალკე იშვიათად გვხვდება, ამიტომ, ჩვეულებისამებრ, საუბრობენ ერთობლივ ანთებაზე - ბალანოპოსტიტზე. ის მწვავეც შეიძლება იყოს და ქრონიკულიც. ანთება ვითარდება როგორც ბანალური (სტრეპტოსტაფილოკოკური), ასევე სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების (სოკო, ტრიქომონიაზი, გონორეა, სიფილისი და სხვა) შედეგად. მის განვითარებას ხელს უწყობს ჰიგიენის დაუცველობა, ავიტამინოზი, იმუნიტეტის დაქვეითება, შაქრიანი დიაბეტი, საშარდე გზების ინფექცია.

სქესობრივი თავშეკავებისას, ასევე - ძალიან იშვიათი კონტაქტების შემთხვევაში ჩუჩა, ბუნებრივია, იშვიათად იხსნება, ამიტომ მის შიგნითა ფურცელსა და ასოს თავზე, უპირატესად - გრძელი და ვიწრო ჩუჩის შემთხვევაში, გროვდება სმეგმა - ცხიმოვანი ჯირკვლების მიერ გამომუშავებული საცხი, ჩამოფცქვნილი ქსოვილოვანი ეპითელიუმი და შარდის მარილები. თუ ამას ინფექციაც დაერთო, ვითარდება ბალანოპოსტიტი. ასეთი პრობლემური, დახურული ჩუჩის შიგნით შესაძლოა კენჭები ჩამოყალიბდეს და სიმსივნეც კი განვითარდეს.

ანთების პროფილაქტიკა ითვალისწინებს ჩუჩის რეგულარულ გახსნას და გადაწევას. სუნიანი ნადების არსებობისას სასურველია გაკეთდეს ჯერ სოდიანი წყლის, შემდეგ კი გვირილისა და სალბის ნაყენის თბილი ადგილობრივი აბაზანები. ჭარბი ცხიმიანობის შემთხვევაში ამ აბაზანების შემდეგ ჩუჩის შიგნითა ფურცელი, განსაკუთრებით კი ლაგამის არე, თეთრი (უფერო) კასტელანის ხსნარით უნდა დამუშავდეს.

ხშირია საშარდე მილის მწვავე და ქრონიკული ანთებაც. ისიც შესაძლოა გამოიწვიოს როგორც ბანალურმა, ასევე ვენერულმა ინფექციამ. ვლინდება საშარდე მილიდან სხვადასხვა ფერის მეტ-ნაკლები გამონადენით, შარდვის დროს წვითა და ტკივილით, ასოს თავისა და ჩუჩის მეორეული ანთებით. ამ დაავადებას ურეთრიტი ეწოდება და მისი თვითმკურნალობა დაუშვებელია.

- რას გვეტყვით ფიმოზზე? ახალშობილი ბიჭუნას სასქესო ასოს მდგომარეობის შეფასებისას განსაკუთრებით რას უნდა მივაქციოთ ყურადღება და როგორ მოვუაროთ?

- ფიმოზი ჩუჩის თანდაყოლილი ან შეძენილი შევიწროებაა (შეძენილი ფორმა შესაძლოა განვითარდეს ქრონიკული და ხშირი ანთების დროს, დიაბეტის ფონზე). განასხვავებენ ასევე ფიმოზის ნაწილობრივ და სრულ ფორმებს. მოშვებული ასოს თავი თავისუფლად შიშვლდება, მაგრამ ერექციის დროს შესაძლოა თავი იჩინოს ჩუჩის გადაწევის ან გადმოწევის პრობლემამ. ეს მეტ-ნაკლებად აბრკოლებს შარდვას, სქესობრივ ურთიერთობას, ხელს უწყობს ქრონიკულ ანთებით და სიმსივნურ დაავადებებს, ქმნის პარაფიმოზის განვითარების რისკს (ეს ის მდგომარეობაა, როდესაც შეუძლებელია გადაწეული ჩუჩის უკან გადმოწევა და აუცილებელი ხდება სასწრაფო ოპერაციული ჩარევა ასოს თავისა და ჩუჩის სხვა ნაწილების დაზიანების თავიდან ასაცილებლად).

ჩუჩის შევიწროების მკურნალობა იწყება ადრეული ბავშვობიდან, თითქმის ჩვილი ასაკიდან. ბავშვის ასო ყოველდღიურად უნდა იქნეს ჩაბანილი უკანა ტანისგან იზოლირებულად. კანი უნდა დამუშავდეს დამცავი კრემით ან მისაფრქვევლით. ყოველი აბაზანის დროს თანდათანობით, ძალდაუტანებლად გაშიშვლდეს ასოს თავი, მოიბანოს სუსტი სოდიანი ხსნარით და დამუშავდეს საბავშვო მალამოთი ჩუჩის ელასტიკურობის გასაზრდელად. ამასთანავე, ყურადღება უნდა მიექცეს სათესლე პარკს, მასში სათესლე ჯირკვლების არსებობას.

ზრდასრულ ასაკში ფიმოზი, წესისამებრ, მოითხოვს ოპერაციულ მკურნალობას - ჩაჭრას ან ჩუჩის შემოკვეთას საღი ქსოვილის ფარგლებში. რაც შეეხება მოკლე ლაგამს, იგი ქირურგიულად უნდა ჩაიკვეთოს.


- სასქესო ასოს კიბოსწინარე დაავადებებზე რა შეგიძლიათ გვითხრათ?

- სასქესო ასოს კიბოსწინარე დაავადებებიდან ყველაზე მეტად არის გავრცელებული ადამიანის პაპილომავირუსით გამოწვეული სქესობრივი გზით გადამდები წვეტიანი კონდილომები ასოს თავსა და ჩუჩაზე (ქალებში აღნიშნული ვირუსი შესაძლოა საშვილოსნოს ყელის სიმსივნის მიზეზად იქცეს). შედარებით იშვიათად გვხვდება ვირუსული წარმოშობის დიდი ზომის შეუხორცებელი მუწუკი - პაპულა - და ასევე იზოლირებული გიგანტური კეთილთვისებიანი სიმსივნე - კონდილომა. ასევე იშვიათია ასოს თავზე წითელი (შინდისფერი) სველი ლაქა - ერითროპლაზია. ხშირია ეგრეთ წოდებული კანის რქა ტრავმის ან ძველი მეჭეჭის მოცილების შემდეგ ჩუჩის გარედან გაჩენილი წვეტიანი უხეში გარქოვანების სახით. ქრონიკული ანთებისა და გაღიზიანების გამო ხშირია წყლულები ჩუჩაზე (შიგნიდან) და ასოს თავზე, ეროზიები, ლეიკოპლაკიები, ნახეთქები. ვინაიდან ყველა ჩამოთვლილი პათოლოგია კიბოსწინარედ მიიჩნევა, არამც და არამც არ შეიძლება თვითმკურნალობა. ასეთ დროს ნაჩვენებია ბიოფსია, მასალის გამოკვლევა და მხოლოდ ამის შემდეგ მოწვა, ამოჭრა, ელექტროკოაგულაცია, ლაზეროთერაპია, სტეროიდული ან ანტივირუსული მალამოების გამოყენება ექიმი სპეციალისტის მეთვალყურეობით.

- სასქესო ასოს რა სახის ტრავმას ხვდებით უმეტესად და რას გულისხმობს ასეთ დროს პირველი დახმარება?

- სასქესო ასოს ტრავმა შეიძლება გამოიწვიოს ნებისმიერმა (ბლაგვმა, ბასრმა, ცეცხლსასროლმა) ფიზიკურმა დამაზიანებელმა, მაგრამ მკითხველისთვის ალბათ უფრო საინტერესო იქნება სქესობრივი ურთიერთობის დროს, განსაკუთრებით - გამოუცდელობისას, სიმთვრალისას, არასრულყოფილი ერექციითა და უხეში ქმედებით გამოწვეული ისეთი ტრავმები, როდესაც საშარდე მილი არ ზიანდება: ე. წ. ასოს მოტეხილობა (მღვიმოვანი სხეულების გარსის დაზიანება), ასოს საფიქსაციო იოგების დაზიანება, ე. წ. ამოვარდნილობა და ჩუჩის ლაგამის (მეტწილად - მოკლესი) ჩახევა. უკანასკნელ შემთხვევაში საჭიროა გარეგანი სისხლდენის შეჩერება (რაც ადვილად ხერხდება ნახვევის დადებით) და ექიმთან მისვლა, მოტეხილობისა და ამოვარდნილობის შემთხვევაში კი პირველი დახმარება გულისხმობს შინაგანი სისხლდენის შემცირებას ჰიპოთერმიით (ყინულით, ცივი საფენებით), ასოს იმობილიზაციას (მუყაოზე ან ფანერზე ფიქსირებას), ტკივილგამაყუჩებლის მიღებას და დაუყოვნებლივ სპეციალისტთან მისვლას ერექციული დისფუნქციის თავიდან ასაცილებლად.

- რა შეიძლება იყოს სქესობრივი აქტის დროს ასოს ტკივილის მიზეზი?

- სქესობრივი აქტის დროს ტკივილის მიზეზი შესაძლოა იყოს:

  • ასოს თავისა და კანის ანთებითი დაავადებები, მოკლე ლაგამი, ჩუჩის შევიწროება;
  • მღვიმოვანი სხეულების ანთება ან თრომბოზი;
  • პეირონის დაავადება.

ყველა ეს პათოლოგია კვლევასა და კვალიფიციურ მკურნალობას მოითხოვს.

- იქნებ ისიც გვითხრათ, რა არის პეირონის დაავადება, როგორ ვლინდება და როგორ მკურნალობენ.

- პეირონის დაავადება სასქესო ასოს შეძენილი დეფორმაციაა, რომელიც უმეტესად 40 წლის შემდეგ ვითარდება. ასოს მღვიმოვანი სხეულების გარსებში, ერთ ან რამდენიმე ადგილას, ჩნდება სხვადასხვა ზომის გამკვრივებული უბნები - ფოლაქები, რომლებიც ხელითაც ისინჯება, ერექციის დროს კი ასო იღუნება სიმკვრივის მხარეს. ამ შემთხვევაში ერექცია მტკივნეულია, არასრულფასოვანი, რაც მკვეთრად ამცირებს მამაკაცის სქესობრივ აქტიურობას.

საწყის სტადიაში დაავადებას მკურნალობენ E ვიტამინის დიდი დოზებით, გამწოვი საშუალებებით (ისეთებით, როგორიც არის ლიდაზა, მინისებრი სხეული), ფიზიოთერაპიით, ლაზეროთერაპიით, ხოლო უხეში დეფორმაციის დროს ოპერაციას ატარებენ - გამკვრივებულ უბანს კვეთენ ან სხვაგვარად ახდენენ პათოლოგიის კორექციას.

- რა არის პრიაპიზმი? რას გვთავაზობს ამ დროს მედიცინა?

- პრიაპიზმი ასოს გახანგრძლივებული, პათოლოგიური, არაადეკვატური, მტკივნეული ერექციაა, რომელსაც თან არ ახლავს სქესობრივი ლტოლვა და არ განიტვირთება ეაკულაციით - სპერმის გამოყოფით. პრიაპიზმის პროვოცირებას ახდენს:

  • ნერვულ-ფსიქიკური დაავადებები: შიზოფრენია, ეპილეფსია;
  • სასქესო ორგანოების ადგილობრივი პათოლოგიები: ფიმოზი, პარაფიმოზი, ურეთრიტი, პროსტატიტი, საშარდე მილის კენჭი;
  • სისხლის დაავადებები;
  • ნარკომანია;
  • ალკოჰოლიზმი.


პრიაპიზმი ხშირია ერექციის გამაუმჯობესებელი მედიკამენტების დიდი დოზით მიღებისას, განსაკუთრებით - ნემსით მათი უშუალოდ ასოში შეყვანისას. პრიაპიზმი შესაძლოა შესუსტდეს:

  • შარდის ბუშტისა და სწორი ნაწლავის დაცლით;
  • ინტენსიური ფიზიკური დატვირთვით;
  • ანტისპაზმური, საძილე, დამამშვიდებელი და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების მიღებით;
  • ადგილობრივი ჰიპოთერმიით (ცივი საფენები, ყინული);
  • სასქესო ასოს, წინამდებარე ჯირკვლის ინტენსიური მასაჟით.

თუ ერექცია 4 საათზე მეტხანს გაგრძელდა, ექიმის დაუყოვნებელი ჩარევაა საჭირო.

- რამ შეიძლება გამოიწვიოს ასოს თავის მგრძნობელობის დაქვეითება?

- ქრონიკულმა ანთებამ, ქსოვილების ნაწიბუროვანმა ცვლილებებმა, ასაკობრივმა ჰორმონულმა ნაკლოვანებებმა, ისეთმა თანმხლებმა დაავადებებმა, როგორიც არის შაქრიანი დიაბეტი, სხვადასხვა ეტიოლოგიის ნეიროპათია, ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის პათოლოგია. ეს მდგომარეობა მიზეზობრივ მკურნალობას მოითხოვს.

- რა შეიძლება იყოს ნაადრევი ეაკულაციის მიზეზი? შესაძლებელია თუ არა მისი მკურნალობა და პროფილაქტიკა?

- ნაადრევი ეაკულაცია სპერმის სწრაფი, ნაადრევი დანთხევაა (ზოგ შემთხვევაში - სქესობრივი აქტის დაწყებამდეც კი). ეს პათოლოგია მეტწილად ახალგაზრდა და შუახნის მამაკაცების პრობლემაა და ხშირად იქცევა პარტნიორებს შორის დისჰარმონიის მიზეზად. ნაადრევი ეაკულაცია ხშირია:

  • ნევროზული მდგომარეობის;
  • ეაკულაციის სპინალური ცენტრების მომატებული აღგზნებადობის;
  • პროსტატასა და სათესლე ბუშტუკებში ანთებითი პროცესის არსებობის;
  • არასრულფასოვანი ერექციის დროს.

ამ პათოლოგიის მკურნალობა შესაძლებელია:

  • ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით;
  • ერექციის გაუმჯობესებით;
  • პარტნიორებში განსაზღვრული სქესობრივი უნარ-ჩვევების დანერგვით;
  • პაციენტის ზოგადი გაჯანსაღებით;
  • ფსიქონერვულ სისტემაზე ზემოქმედებით.

ყველა ეს ღონისძიება, ცხადია, სპეციალისტის მეთვალყურეობით უნდა განხორციელდეს.

- სასქესო ასოს პრობლემებზე საუბრისას არ შეიძლება არ შევეხოთ ერექციულ დისფუნქციას...

- ერექციული დისფუნქცია, ძველი ტერმინოლოგიით - იმპოტენცია, ის მდგომარეობაა, როცა ადეკვატური სქესობრივი გამაღიზიანებლისა და სექსისთვის ადეკვატური პირობების არსებობისას მამაკაცი ვერ აღწევს ერექციას ან ვერ ინარჩუნებს მას სქესობრივი აქტის შესასრულებლად. ერექციული დისფუნქციის ძირითადი მიზეზებია:

  • სტრესი, შფოთვა, დეპრესია;
  • ალკოჰოლისა და თამბაქოს ჭარბი მოხმარება;
  • ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებები (ინსულტი, ნეიროპათია, გაფანტული სკლეროზი, ალცჰაიმერის დაავადება);
  • სისხლძარღვთა დაავადებები: ათეროსკლეროზი, ანგიოპათია;
  • თირკმელების, ღვიძლის ქრონიკულ დაავადებათა მძიმე ფორმები;
  • მცირე მენჯის ორგანოებზე ქირურგიული ან სხივური ზემოქმედება;
  • ზოგიერთი მედიკამენტის (წნევის დამწევი, შარდმდენი, ანტიდეპრესიული, ქოლესტერინის დამწევი და ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალებების) რეგულარული მიღება;
  • სასქესო ასოს დაავადებები და დეფექტები.