პროსტატის დაავადებები

ამ და სხვა საკითხებზე ბერმანის კლინიკის უროლოგი დავით კობერიძე
გვესაუბრება.
- რა არის პროსტატა და რა ფუნქცია აკისრია მას?
- პროსტატა, წინამდებარე ჯირკვალი, მამაკაცის სასქესო ორგანოა. ის შარდის ბუშტის ყელის ქვემოთ მდებარეობს და ჯირკვლოვან-კუნთოვანი აგებულება აქვს, წონით კი 20 გრამია (+ 4 გრამი).
წინამდებარე ჯირკვალში გადის შარდსადენი - ურეთრა. წინამდებარე ჯირკვალი გამოყოფს სეკრეტს, რომელიც შეადგენს სპერმის დიდ ნაწილს და აუცილებელია სპერმატოზოიდების მოძრაობისა და კვებისათვის.
- წინამდებარე ჯირკვლის რომელ დაავადებებს გამოყოფდით?
- წინამდებარე ჯირკვლის დაავადებები პირობითად შეიძლება დავყოთ ორ დიდ ჯგუფად - ანთებით და სიმსივნურ პათოლოგიებად. ანთებითი დაავადებები ხანგრძლივობისა და მიმდინარეობის კვალობაზე შესაძლოა იყოს როგორც მწვავე, ასევე ქრონიკული, ხოლო სიმსივნეთა შორის განასხვავებენ კეთილთვისებიან (ადენომა) და ავთვისებიან (კიბო) დაავადებებს.
- ჩვენს მკითხველთა უმრავლესობა პროსტატიტს სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებს უკავშირებს. რამდენად საფუძვლიანია ეს შეხედულება?
- პროსტატიტი ხშირად მართლაც სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებს უკავშირდება, მიზეზი კი შარდსადენიდან წინამდებარე ჯირკვალში ინფექციის გავრცელებაა. აღნიშნული დაავადებების შედეგად აღმოცენებული ურეთრიტის - შარდსადენის მწვავე ანთების - დაგვიანებული და ზოგჯერ არასწორი მკურნალობა ხელს უწყობს ანთებითი პროცესის გავრცელებას პროსტატაზე, ჯერ მწვავე, შემდეგ კი ქრონიკული პროსტატიტის აღმოცენებას.
- რომელი მიკროორგანიზმები იწვევენ პროსტატიტს, შესაძლებელია თუ არა, დაავადების კლინიკური გამოვლინების მიხედვით ვივარაუდოთ, რომელია მისი გამომწვევი მიკროორგანიზმი?
- პროსტატიტი შესაძლოა გამოიწვიოს გონოკოკმა, ქლამიდიამ, აგრეთვე არასპეციფიკურმა მიკროორგანიზმებმა - სტრეპტოკოკმა, სტაფილოკოკმა და სხვა. თუმცა დაავადების გამოვლინება არასპეციფიკურია. ეს იმას ნიშნავს, რომ წინამდებარე ჯირკვლის ანთების კლინიკა ყველა გამომწვევის შემთხვევაში ერთნაირია. დაავადების სურათის მიხედვით შეუძლებელია ვივარაუდოთ, რომელი მიკროორგანიზმია პროსტატის ანთების მიზეზი.
- რა ახასიათებს მწვავე პროსტატიტს?
- მწვავე პროსტატიტის დროს პაციენტს შეიძლება აწუხებდეს ხშირი შარდვა, წვა შარდვისას, მოშარვის შემდეგ შარდის ბუშტის არასრული დაცლის შეგრძნება, ტკივილი ბოქვენზედა მიდამოში (ეს არის შარდის ბუშტის საპროექციო არე), ტკივილი საზარდულის, სათესლე ჯირკვლების არეებში, შორისისა და უკანა ტანის მიდამოში, ზოგადად ნებისმიერ ადგილზე, რომელიც ახლოსაა ჯირკვლის ანატომიური მდებარეობის არესთან, მაგალითად, კუდუსუნის, წელის არეში. შესაძლოა აღმოცენდეს შარდის ნაკადის შემცირება, წყვეტილი შარდვა. არ არის გამორიცხული მწვავე პროსტატიტის დროს ზოგჯერ შარდის შეკავების აღმოცენებაც.
- რა ახასიათებს ქრონიკულ პროსტატიტს?
- ქრონიკული პროსტატიტი ნებისმიერი ქრონიკული დაავადების მსგავსად ხასიათდება გამწვავებებისა და რემისიების მონაცვლეობით. გამწვავებისას დაავადების კლინიკური სიმპტომების მთელი სპექტრი იჩენს თავს, რაც ნიშნავს, რომ გამოვლინდება ზემოთ ჩვენს მიერ აღწერილი მწვევე პროსტატიტის სიმპტომები, რემისიისას კი დაავადების ნიშნები მინიმალურია ან საერთოდ არ ვლინდება. დაავადების გამწვავებას პაციენტები ხშირად სხეულის გადაცივებას უკავშირებენ.
- როგორ შეიძლება, თავიდან ავიცილოთ პროსტატიტის აღმოცენება?
- ვინაიდან მწვავე პროსტატიტი უმეტესად სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებთან არის დაკავშირებული, მნიშვნელოვანია შემთხვევითი სქესობრივი კავშირის თავიდან აცილება. გარდა ამისა, საჭიროა საშარდე გზების ინფექციის დროული მკურნალობა, რათა ინფექციური პროცესი არ გავრცელდეს წინამდებარე ჯირკვალზე. დადგენილია, რომ პროსტატიტის შემთხვევათა უმეტესი ნაწილი მეორეულია, ხშირ შემთხვევაში დაკავშირებულია საშარდე მილიდან წინამდებარე ჯირკვალზე ინფექციის გავრცელებასთან.
- შესაძლებელია თუ არა, პროსტატიტი სხვა გენეზისაც იყოს?
- პროსტატიტის შემთხვევათა მცირე ნაწილი დაკავშირებულია ორგანიზმში არსებული ბაქტერიული ანთებითი პროცესების პროსტატაში გავრცელებასთან სისხლის ანუ ჰემატოგენური გზით. თუმცა აღნიშნული გენეზის პროსტატიტის სიხშირე, როგორც აღვნიშნეთ, მცირეა. ამავე დროს, მსგავს შემთხვევებში აღინიშნება ბაქტერიული ინფექციის საკმაოდ თვალსაჩინო ზოგადი სიმპტომები. შესაბამისად, პროსტატიტის მიზეზიც ნათელია. მეორეული პროსტატიტის მკურნალობა უპირველეს ყოვლისა, ძირითადი დაავადების მკურნალობას გულისხმობს.
- შესაძლებელია თუ არა, მწვავე პროსტატიტი რაიმე სერიოზული გართულების მიზეზი გახდეს?
- თუ დაავადებას სათანადოდ არ ვუმკურნალეთ, არ არის გამორიცხული პროსტატის აბსცესის ანუ მისი შემოფარგლული ჩირქგროვის ჩამოყალიბება. ამ შემთხვევაში საჭიროა პუნქცია (ნემსით ჩხვლეტა) და ჩირქის ევაკუაცია. შესაძლოა, აუცილებელი გახდეს ქირურგიული ჩარევაც. სწორედ ამიტომ აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა მწვავე პროსტატიტის დროულ მკურნალობას.
- ჩვენი მკითხველები ხშირად აღნიშნავენ, რომ პროსტატის მდგომარეობის დასადგენად ექოსკოპია ჩაიტარეს. დაგვეთანხმებით, აღნიშნული კვლევა მართლაც პოპულარობით სარგებლობს პაციენტთა შორის. რა ინფორმაციას გვაძლევს ექოსკოპიური კვლევა?
- ექოსკოპია მართლაც მნიშვნელოვანი კვლევაა წინამდებარე ჯირკვლის მდგომარეობის შეფასების თვალსაზრისით. ის საშუალებას გვაძლევს, დავადგინოთ პროსტატის ზომები, მისი ექოსტრუქტურა. ქრონიკული პროსტატიტის შემთხვევაში შესაძლებელია გამოვლინდეს ჯირკვალში კალცინატების არსებობა. პროსტატის გარკვეული ზომები და კვანძების არსებობა შესაძლოა მიგვითითებდეს სიმსივნურ პათოლოგიებზე და ასე შემდეგ.