მამაკაცური ელეგანტურობა
ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ადამიანს 30 წამი სჭირდება თანამოსაუბრეზე ზოგადი წარმოდგენის შესაქმნელად და ხუთი წელი - პირველი შთაბეჭდილების გასაფანტავად. ეს წარმოდგენა კი 80%-ით ემყარება სამოსს. თუ ქალისთვის საქმიან სტილშიც კი ნებადართულია ერთგვარი თავისუფლება, მამაკაცი კოსტიუმის ჩაცმისას ვალდებულია, კლასიკით განსაზღვრულ მკაცრ ელეგანტურობას მისდიოს. ბევრი რამ დამოკიდებულია სიტუაციაზეც. მაგალითად, ოფიციალური ბანკეტი განსაკუთრებულ მიდგომას მოითხოვს. მამაკაცების უმრავლესობა ოფიციალურ ვითარებაში კლასიკურ კოსტიუმს ამჯობინებს. კლასიკა მკაცრ წესებს დაქვემდებარებული სტილია. დიზაინერების ყურადღების ცენტრში ისევ კლასიკური კოსტიუმია - კონსერვატიული და რესპექტაბელური. თანამედროვე მამაკაცი სრულიადაც არ გაურბის ჩინოვნიკურ იერს და კოსტიუმს თავისუფალ დროსაც კი ატარებს, ხოლო ინდივიდუალობას დეტალების - ორიგინალური ჰალსტუხის, აქსესუარების - საშუალებით გამოხატავს. კლასიკას მოდა ნაკლებად ეხება, ამიტომ ერთი კოსტიუმი შეიძლება რამდენიმე წელი ატაროთ, თუმცა ტენდენციები მაინც გასათვალისწინებელია. ორ და სამღილიანი პიჯაკები კიდევ დიდხანს იქნება აქტუალური. ოთხი ღილი და მოკლე ლაცკანი უკვე აღარ არის მოდური.
მაშ, როგორი კოსტიუმი ავირჩიოთ?
სამეული, ტრადიციულად, რესპექტაბელურია და გახსნილი პიჯაკის ტარების საშუალებას იძლევა. შეიძლება მისი გახდაც. ჟილეტი კი მოხდენილად წარმოაჩენს როგორც ათლეტურ პრესს, ისე წამოზრდილ მუცელსაც. ერთბორტიანი კოსტიუმი კლასიკაა და ყველას უხდება. ორბორტიანი მეტად უხდებათ მათ, ვისზეც არ ითქმის “მეტისმეტად” - მეტისმეტად გამხდარი ან მსუქანი, მეტისმეტად მაღალი ან დაბალი. ლურჯი და რუხი კოსტიუმი ყველაზე უნივერსალურია. მათი უპირატესობა ის არის, რომ არ იპყრობს ყურადღებას და რესპექტაბელურ შთაბეჭდილებას ახდენს. იგი იდეალურია საქმიანი შეხვედრებისთვის. ოფიციალურ ფერებად არ არის აღიარებული ყავისფერი და მწვანე, განსაკუთრებით - თამბაქოსფერი და ზეთისხილისფერი. შავი და თეთრი უფრო ბანკეტს, წვეულებას მიესადაგება, ამასთან, თეთრი საზაფხულო ფერია. იტალიელებს მიაჩნიათ, რომ ჯენტლმენს უნდა ჰქონდეს: ერთი ტილოს კოსტიუმი, ერთი - სპორტული, ერთი - კლასიკური, ერთი წვრილზოლიანი და ერთიც სმოკინგი. თითოეული მათგანი შეიძლება მრავალი წლის განმავლობაში ვატაროთ. ინგლისელების ოთხეული ასე გამოიყურება:
1. ერთი სპორტულ-საქმიანი კოსტიუმი ყოველდღიურად, სამოგზაუროდ, მივლინებებში სატარებლად. ეს შეიძლება იყოს ტვიდის პიჯაკისა და სწორი შარვლის კომბინაცია.
2.საქმიანი შეხვედრებისთვის აუცილებელია კოსტიუმი, რომლის პიჯაკი და შარვალი ერთი და იმავე ქსოვილისგანაა შეკერილი.
3.საღამოსთვის საჭიროა ატლასით გაწყობილი შავი სმოკინგი, ფრაკი ან უბრალოდ ძვირფასი კოსტიუმი - თეთრი, შავი ან მუქი რუხი.
4.დაბოლოს, მსუბუქი და აუცილებლად ღია ფერის საზაფხულო დასვენებისთვის განკუთვნილი სელის, ბამბის ან აბრეშუმის კოსტიუმი სარჩულით ან მის გარეშე.
იმისთვის, რომ ყოველთვის ელეგანტურად გამოიყურებოდეთ, საკმარისია გახსოვდეთ რამდენიმე მარტივი წესი:
- კუბოკრულ ან ზოლიან პიჯაკთან ჩაიცვით სადა, ერთი ტონის შარვალი.
- კუბოკრულ ან ზოლიან შარვალს აუცილებლად სადა პიჯაკი შეუხამეთ.
- შარვლისა და პიჯაკის ფერები ერთმანეთს უნდა ეხამებოდეს.
- კონტრასტული ფერები ახალგაზრდას უფრო შეეფერება, ვიდრე მოწიფულ მამაკაცს.
- არასოდეს გაიკეთოთ ჰალსტუხი მოკლესახელოებიან პერანგზე. პერანგი უნდა იყოს ღია ფერის და ბამბის. პერანგის საყელო პიჯაკის საყელოდან ნახევარი სანტიმეტრით უნდა ჩანდეს, მანჟეტი კი სახელოდან - 1,5-2 სმ-ით.
- გულდასმით შეარჩიეთ ფეხსაცმელები. ისინი უნდა ეხამებოდეს შარვალს.
- ქამრის ფერი ფეხსაცმლისას უნდა შეესატყვისებოდეს.
- შარვალმა უნდა დაფაროს წინდა, თავად წინდა კი იყოს საკმაოდ გრძელი, რომ დაჯდომისას არ გამოჩნდეს შიშველი ფეხი. წინდის ფერი უნდა ეხამებოდეს შარვლის ფერს. შარვლის ტოტი იატაკიდან 0,5-1 სმ-ით უნდა იყოს აცილებული.
- ჰალსტუხი წელის ხაზს უნდა სწვდებოდეს.
- პიჯაკის ქვედა ღილი არ იკვრება.
- გულის ჯიბეში არ უნდა გედოთ არც კალამი, არც საფულე.
- არასოდეს ჩაიცვათ სპორტული ფეხსაცმელი კოსტიუმთან ერთად.
- კოსტიუმის ჩაცმისას არ დაიჭიროთ სპორტული ჩანთა. სასურველია, ქაღალდები და აუცილებელი ნივთები ატაროთ დიპლომატით, პორტფელით ან საქაღალდით. უკიდურეს შემთხვევაში, ჩანთა სადა, ერთი ტონისა უნდა იყოს.
- თუ კოსტიუმს ჩაიცვამთ, სასურველია, გაიკეთოთ ჰალსტუხიც. გამონაკლისია სპორტული პიჯაკი, რომელიც შეიძლება მაისურზეც ჩავიცვათ. მაგრამ ასეთი პიჯაკი არ მიეკუთვნება საქმიან სამოსს.
- ნუ ეცდებით, სამუშაო დროს თვალში საცემად გეცვათ. ყოველდღიურ ურთიერთობაში სადა სამოსი კარგ ტონად ითვლება.
- თუ არ იცით, რომელი ფეხსაცმელი ან პერანგი შეესაბამება ამა თუ იმ ვითარებას, ჩაიცვით თეთრი პერანგი და შავი ფეხსაცმელი - უტყუარია.
- თან გქონდეთ ორი ცხვირსახოცი. ერთი, “სამუშაო” - შარვლის ჯიბეში, მეორე, ყოველთვის სუფთა - პიჯაკის შიგნითა ჯიბეში.
- პერანგის საყელოდან არ უნდა ჩანდეს მაისური. შეგიძლიათ, კოსტიუმის პერანგი შიშველ ტანზე ჩაიცვათ. ეს არა მარტო მოდურია, არამედ სექსუალურიც.