მამაკაცის კოსმეტიკა: PRO ET CONTRA
სახეგადათეთრებული იაპონელი არისტოკრატი და ლუდოვიკოს ეპოქის ფრანტი, რომელიც საპუდრეს ქალბატონებზე ხშირად ხსნიდა. ერთი სიტყვით, მიუღებელია მამაკაცი კოსმეტიკური ნაკრებით, თუმცა კოსმეტიკური გიგანტების მარკეტინგული განყოფილებების მუშაკთა დაუღალავი შრომის შედეგად ეს სტერეოტიპი ნელ-ნელა იმსხვრევა.
დიახ, მამაკაცი არ ტირის, არ აჩენს ბავშვებს, არ იღებავს ფრჩხილებსა და სახეს. და საერთოდ, იყო დრო, როდესაც ის ბანჯგვლიანი და თმადაუვარცხნელი დასდევდა მამონტს და საკუთარი ოფლით მოიპოვებდა პურს არსობისას.
მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. დღეს ქალები ძლიერი სქესის წარმომადგენლებს შრომაში ტოლს არ უდებენ. შვედეთის პარლამენტის ნახევარს მანდილოსნები წარმოადგენენ. მამაკაცებმა რაღა დააშავეს, რა, თანასწორობა მხოლოდ ქალებისთვის არსებობს?
მამაკაცის კოსმეტიკის მოწინააღმდეგეთა მთავარი არგუმენტი ასეთია: მამაკაცებს სხვანაირი კანი აქვთ, ნაიარევები, სილურჯეები და ნაოჭები კი უხდებათ კიდეცო, მაგრამ ზრდასრულ მამაკაცს, როგორც აღმოჩნდა, ძალიანაც სჭირდება ანტიპერსპირანტები, აღმდგენი, მზისგან დამცავი, დამატენიანებელი საშუალებები, ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნი, თუნდაც იმისათვის, რომ შეძლებისდაგვარად უკეთ გამოიყურებოდეს და საშუალო ასაკის კრიზისი შედარებით იოლად გადაიტანოს. გარდა ამისა, არსად გამქრალა გარდატეხის ასაკის პრობლემები - ფერიმჭამელები ბიჭებს გოგონებზე ნაკლებად როდი აწუხებთ.
კამუფლაჟი
მამაკაცს, ზოგადად, მართლაც უხდება ნაიარევი, მაგრამ არა დირექტორსა თუ პოპულარულ წამყვანს. დღეს ფეისკონტროლი მაღალი პოსტისკენ მიმავალ გზაზე სერიოზულ ბარიერს წარმოადგენს. პრეზენტაბელური გარეგნობა, მოვლილი სახე ისეთივე ნორმაა, როგორიც თეთრი პერანგი ან სუფთა სამუშაო ხალათი.
პრობლემური კანის მოვლა
ფერიმჭამელა და გამონაყარი - გარდატეხის ასაკის ეს საშინელი ნიშნები - ვის არ უწყალებს გულს! ზოგი დერმატოლოგის კაბინეტში ათენებს და აღამებს და ეს სრულიადაც არ არის სასაცილო. უგუნურებაა, კოსმეტიკაზე მხოლოდ იმიტომ თქვა უარი, რომ ეს ქალების საქმეა, მაშინ, როდესაც ცხვირზე ვაშლისოდენა მუწუკი გაზის.
სიბერის პროფილაქტიკა
მამაკაცებს ნამდვილად უღიმით ბედი - ისინი ქალებზე ნელა და ლამაზად ბერდებიან. ჰემინგუეი, ფიდელ კასტრო, მასტროიანი, ბელმონდო... ისევე, როგორც კარგი ღვინო, მამაკაციც წლების მატებასთან ერთად განსაკუთრებულ ხიბლს იძენს. და მაინც, ახალგაზრდა კანი უფრო მიმზიდველია. ცხადია, მხოლოდ ჯადოსნური კრემების იმედად, რომლებიც, სხვათა შორის, არცთუ ისე იაფია, ვერ იქნებით. თუ ეწევით, სვამთ და დღე და ღამე არეული გაქვთ, პლაცენტისა თუ აფრიკული ნიანგის გამხმარი თათისგან დამზადებული სასწაულმოქმედი პრეპარატები ვერაფერს გიშველით. კანს სჭირდება ჟანგბადი, საკვები ნივთიერებები, მინერალები, ვიტამინები და წყალი. გარდა ამისა, სიბერეში ჰემინგუეის რომ დაემსგავსოთ, უნდა შეიძინოთ იახტა ან ბუნგალო, კუბაზე თუ არა, სადმე მადაგასკარზე მაინც, რაც უბრალო მოკვდავთათვის ბროლის კოშკის ტოლფასია. თანამედროვე კოსმეტოლოგები ცდილობენ, ცხოვრების წესის ხარვეზები SPA-ხაზებითა და ვიტამინოვანი კრემებით ამოავსონ, გადაღების წინა დღეს კი სპეციალური ნივთიერების კანქვეშ შეყვანა შესაძლოა ხსნად გექცეთ.
ბუნებრივი ფაქტორებისგან დაცვა
იცით, რომ პირველი მზისგან დამცავი კრემი ალპინისტმა გამოიგონა? გონივრულია, იმიტომ რომ კაცობრიობის ძლიერ ნახევარს წვიმისგან, მზისგან, თოვლისგან, ყინვისა და ქარისგან მაქსიმალური დაცვა სჭირდება.
დღეს ეკოლოგია ისეთი აღარ არის, როგორიც ქვის ხანაში იყო. ოზონის ხვრელები, დაბინძურებული ჰაერი, მომატებული რადიაცია... და მასთან მებრძოლი კანი, რომელსაც დამწვრობისა თუ მოყინვის შედეგად შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ასეთია სინამდვილე. ტუჩებზე მამაკაცებს ისეთივე ნაზი კანი აქვთ, როგორიც ქალებს, ზამთარში ტუჩები მათაც უსკდებათ, ზაფხულში კი უშრებათ. ცხადია, შეიძლება დასისხლიანებულმა იაროთ, მაგრამ რატომ, როცა არსებობს ჰიგიენური პომადა?
გაპარსვის შემდეგ
"ჯილეტის" ერთჯერადი საპარსის წყალობით პარსვა უფრო იოლი და სასიამოვნო გახდა. უჯრედების ზედა ფენის მოშორების ყოველდღიური პროცედურით მამაკაცები ახალგაზრდულ იერს ინარჩუნებენ. თუმცა ისიც ფაქტია, რომ პარსვა კანს აღიზიანებს და ამ პროცედურის შემდეგ სახეს დარბილება და დატენიანება სჭირდება. სწორედ აქეთ არის მომართული კოსმეტიკური მონსტრების ძალისხმევა: პარსვის შემდგომ წასასმელი ლოსიონები, გელები, კრემები... ისარგებლეთ ამ სიკეთით!
დაბოლოს, ერთი რჩევა: გელი უნივერსალური საშუალებაა. ის ისე ატენიანებს კანს, რომ არ ტოვებს ცხიმოვან ნაკვალევს.