მამაკაცურობის ცნება
"მამაკაცი", "ვაჟკაცი" - ეს სიტყვები ქართულ განმარტებით ლექსიკონში ასეა ახსნილი: მამაკაცი - კაცი, საპირისპირო დედაკაცის, ქალის; ქმარი - ცოლის მეუღლე (საბას განმარტებით); ვაჟკაცი - მამაცი, ღონიერი, გულადი, საფრთხისას შეუდრეკელი, შეუპოვარი მეომარი... ქართულში "ვაჟკაცი" ქმრის სინონიმადაც იხმარება. ქმარს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ვაჟკაცის თვისებები, წინააღმდეგ შემთხვევაში ოჯახი არ იქნება მყარი. "მამაკაცურობა" კრებითი ცნებაა, იგი მუდმივად ვითარდება, ისტორიული ეპოქების მიხედვით ახალ შინაარსს იძენს. ამ ცნებაში მთავარი ადგილი უკავია შრომას. სიმამაცე ყველა დროში ფასობდა, როგორც მამაკაცის ხასიათის გარდაუვალი ღირებულება, თუმცა სიმამაცე წარმოუდგენელია ამტანობის, ნებისყოფის, საკუთარი თავის ფლობის გარეშე. მამაკაცის ხასიათის არანაკლებ დაფასებული თვისება იყო და არის სიტყვის ერთგულება, მოვალეობის გრძნობა. ვაჟკაცურობის ცნება განუყოფელია მამაკაცური ღირსების, კეთილშობილების ცნებებისგან. მამაკაცის ღირსების საზომად ოდითგანვე მიიჩნეოდა ქალისადმი მისი დამოკიდებულება. სამწუხაროდ, ყველაფრიდან ჩანს, რომ რაინდების დრო წარსულს ჩაბარდა, უფრო და უფრო ხშირად აღიარებენ, რომ რაინდები იშვიათადღა გვხვდებიან. ჩვენმა საზოგადოებამ ბევრი რამ გააკეთა ძველი ყოფის გადმონაშთების დასაძლევად, მაგრამ ეს გადმონაშთები დღესაც ხშირად გვხვდება, განსაკუთრებით - ქალისადმი დამოკიდებულებაში. საიდუმლო როდია, რომ ვაჟიშვილები დედებს ხშირად ისე უყურებენ, როგორც მოსამსახურე პერსონალს, მოგვიანებით კი ასეთი დამოკიდებულება ცოლებზეც გადააქვთ. თანამედროვე ქალი კი სულ უფრო იშვიათად ეგუება ასეთ მდგომარეობას, რაც მრავალი კონფლიქტის მიზეზი ხდება. ფსიქოლოგები ხშირად მიმართავენ გამოკითხვას, ანკეტირებას მამაკაცურობისა და ქალურობის პრობლემების შესახებ. ადამიანები აქტიურად ებმებიან საუბარში იმის შესახებ, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი მამაკაცისა და ქალის ბუნებაში. არსებობს მრავალი განსხვავებული მოსაზრება, მაგალითად: "აუცილებელია ადამიანის პატივისცემა, სხვისი აზრის, გემოვნების, შრომის, დროის პატივისცემა, მოხუცებულების, ბავშვების, ქალების და, ბოლოს, საკუთარი თავის პატივისცემა. მიმაჩნია, რომ ეს თვისება უნდა იყოს მამაკაცისათვის ნომერი პირველი" (გიორგი, 30 წლის, არქიტექტორი). "პირველ რიგში, მინდა დავასახელო ისეთი თვისება, როგორიცაა ინტელიგენტობა. ლათინურად ეს ნიშნავს გაგებას. ინტელიგენტი მამაკაცი შესაძლოა არ იყოს რაინდი, მაგრამ მას კარგად ესმის, რომ პატივი უნდა სცეს ქალს. მან შესაძლოა ვერ მოამზადოს გემრიელი სადილი, მაგრამ ესმის, რომ ქალს უნდა დაეხმაროს სამეურნეო საქმეებში" (ირაკლი, 43 წლის, ექიმი). "მამაკაცის მთავარი თვისება სულის კეთილშობილებაა, ეს პატიოსნებაცაა, წესიერებაც და უანგარობაც. აქედან წარმოდგება ყველა სხვა დადებითი თვისება" (ელენე, 45 წლის, ფილოლოგი). "მამაკაცში ვაფასებ ქალის ხასიათის უცნაურობებისადმი ფილოსოფიურ დამოკიდებულებას" (ნინო, 38 წლის, ხელოვნებათმცოდნე). "მამაკაცში ყველაზე მეტად ვაფასებ სიყვარულის უნარს. ჯერ ერთი, თუ მას უყვარს სამუშაო, გამოავლენს ჭკუასაც, მეგობრობის, პასუხისმგებლობის გრძნობასაც და მაღალ პროფესიონალიზმსაც. მეორე - თუ მამაკაცს უყვარს სპორტი და სერიოზულად არის გატაცებული, აუცილებლად კეთილი გულისა და პატიოსნების, შემწყნარებლობის, რაინდობის განსახიერება იქნება" (ირინა, 20 წლის, სტუდენტი). თანამედროვე მამაკაცის თვისებებზე, ალბათ, ბევრის თქმა შეიძლება. რამდენი ადამიანიცაა, იმდენი აზრია. და მაინც, ამ საკითხის განხილვის მონაწილეთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ მამაკაცურობის ძირითადი ნიშნებია: შრომისმოყვარეობა, ზნეობრივი სიწმინდე, პასუხისმგებლობა, პატიოსნება, ჭკუა, ნებისყოფა, სამართლიანობა, სიმამაცე და გამბედაობა, ზრდილობა, კეთილშობილება, თავის ფლობა, მოკრძალება, თავაზიანობა, ქალის პატივისცემა, სუსტის დასაცავად მზადყოფნა, მოვალეობის გრძნობა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ზოგიერთ ახალგაზრდას მცდარი, პრიმიტიული წარმოდგენა აქვს მამაკაცურობაზე - ამ ცნებაში მოიაზრებს თანატოლებისა და უფროსებისადმი ქედმაღლურ დამოკიდებულებას, ზემოდან ყურებას, ცინიზმს, ნიჰილიზმს, ბაქიაობას, განგებ უხეშობას, გამომწვევ თავქარიანობას, ლანძღვა-გინებას. საჭიროა ვესაუბროთ ყმაწვილებს ასეთი შეხედულებების ჩამორჩენილობაზე, მცდარობასა და მავნეობაზე. "მამაკაცურობაზე" საუბრისას არ შეიძლება არ აღვნიშნოთ ქალისადმი მამაკაცის დამოკიდებულება. ყოველ დროში მამაკაცი ქალის ღირსებისა და პატიოსნების დამცველი იყო. ჭეშმარიტი მამაკაცი არავის მისცემდა ნებას, უპატივცემულოდ მოეხსენიებინა მისი სატრფო, მოურიდებლად შეეხედა მისთვის. როგორია ახალგაზრდა კაცის როლი სიყვარულში? ალბათ, აქაც, უპირველეს ყოვლისა, უნდა ვისაუბროთ ქალისადმი პასუხისმგებლობითა და მზრუნველობით აღსავსე დამოკიდებულებაზე. ნამდვილი მამაკაცისთვის დამახასიათებელია თავდაჭერა, თავშეკავება. მამაკაცი საღი აზრის მორჩილი უნდა იყოს.