მზად ხართ მამობისთვის?
ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, თითქოს თავში ურო ჩამცხეს. მივხვდი, რომ მამობისთვის მზად არ ვიყავი... მერე კი არაადეკვატური რეაქციისა ძალიან შემრცხვა.
"მალე მამა გახდები" - ყოველთვის რეაგირებენ თუ არა ქმრები ამ სიტყვებზე ისე, როგორც ამას ცოლები ისურვებდნენ? საერთოდ, რა შეიძლება მივიჩნიოთ ადეკვატურ რეაქციად? ამქვეყნად ყველაფერი ისე რომ იყოს, როგორც ქალებს სურთ, მამაკაცები მათ ესოდენ მნიშვნელოვანი მიზეზის გარეშეც ალერსითა და საჩუქრებით აავსებდნენ... საბედნიეროდ, მამაკაცები რობოტები კი არ არიან, არამედ ცოცხალი ადამიანები, რომლებმაც ზოგჯერ შესაძლოა სრულიად მოულოდნელი ემოციები გამოხატონ.
დროა, გავიგოთ
ცნობა მამობის შესახებ ნებისმიერ შემთხვევაში ამაღელვებელია, განურჩევლად იმისა, დაგეგმილი იყო ორსულობა თუ დაუგეგმავი. რეაქცია უფრო მამაკაცის ტემპერამენტზეა დამოკიდებული: ზოგიერთი შოკში ვარდება, ზოგიერთი კი მშვიდად მოისმენს ახალ ამბავს, აკოცებს ცოლს და სამსახურისკენ გასწევს.
სიხარულის მხურვალე გამოხატვა, ალერსი და ყვავილები მოგვიანებით იქნება - საღამოს ან ულტრაბგერითი გამოკვლევის კაბინეტში პირველი ვიზიტის შემდეგ. მამაკაცებს სჭირდებათ დრო.
ბავშვს ოჯახში ცვლილებები შემოაქვს. როგორი იქნება ეს ცვლილებები, მამაკაცმა ჯერ არ იცის, თუმცა მათი მასშტაბი უკვე აფრთხობს.
რა აშფოთებთ მომავალ მშობლებს
ცხადია, უწინარეს ყოვლისა, გაურკვევლობა. ზოგიერთი მამაკაცი კი ამას საკმაოდ თავისებურად გამოხატავს. მათ მთელი ეს მღელვარება მეუღლეზე გადააქვთ. მათგან შეიძლება გაიგონოთ ასეთი ფრაზები: "ნუ შეჭამ თევზს ყურძენთან ერთად - კუჭი არ აგეშალოს! ქუდი დაიხურე - გაცივდები! საჭესთან დაჯდომა არც იფიქრო - ეს სახიფათოა! მე თვითონ წაგიყვან სილამაზის სალონში! თუმცა რა დროს სალონია?! არ გაგიგონია, რომ ორსულობისას თმის შეჭრა ავის მომასწავებელია?"
ამ გადაჭარბებულმა ყურადღებამ ქალი არ უნდა გააბრაზოს - მეუღლეს ამით მხოლოდ იმის თქმა სურს, რომ ამიერიდან ორი ადამიანის სიცოცხლეზე აგებს პასუხს. მამაკაცების საყურადღებოდ კი უნდა ითქვას, რომ გადაჭარბებული მზრუნველობა მართლაც დამღლელი და გამაღიზიანებელია. მათ უნდა ესმოდეთ, რომ ყველაფერი, რაც მომავალ დედობასთან არის დაკავშირებული, თავად ქალებსაც არანაკლებ აღელვებთ. უდავოა, რომ ქალი ამ დროს განსაკუთრებულ დამოკიდებულებას საჭიროებს, მაგრამ ორსულობის გამო მას მძიმე ავადმყოფივით არ უნდა მოვექცეთ. ქალს ამ დროს შეუძლია იაროს სპორტულ დარბაზშიც, მართოს ავტომანქანაც და თათბირიც კი ჩაატაროს.
ქცევის მეორე გავრცელებული მოდელია რეალობისგან მოწყვეტა. მამაკაცი ისე იქცევა, თითქოს არაფერი მომხდარიყოს, დემონსტრაციულად არ იმჩნევს ქალის მდგომარეობას, აღიზიანებს მისი "უაზრო" ჭირვეულობა, სწყინს, რომ ვახშმად ისევ გაყინული კატლეტები აქვს და არა ახალი ხორცისგან მომზადებული...
ცრემლები და საყვედურები საქმეს ვერ უშველის. უმჯობესია, მიზეზი გაირკვეს. ერთ-ერთი მიზეზი: მამაკაცი მზად არ არის პასუხისმგებლობისთვის, ახალი ტვირთისა და მოთხოვნებისთვის. რა გასაკვირიც უნდა იყოს, არიან ქალები, რომლებსაც მამაკაცის ასეთი ქცევა მოსწონთ. ისინი სიამოვნებით ირგებენ ლმობიერი "დედიკოს" როლს დიდი ბავშვისთვის. ზოგიერთი მამაკაცი თავისი ორსული ცოლივით იქცევა. თავდაპირველად უმადობას უჩივის, მერე კი ცოლთან ერთად კრეფს კილოგრამებს. ზოგჯერ დილაობით გულისრევის შეგრძნებაც კი აქვთ. ამას კუვადის სინდრომს უწოდებენ (ფრანგ. სიტყვიდან couver - "ბარტყების გამოჩეკვა", "კრუხობა"). ასეთი რამ უმთავრესად ინფანტილურ და ნევროზულ მამაკაცებს ემართებათ - ცოლის სიყვარული მათ აიძულებს, მისი მდგომარეობა, მისი განცდები გაიზიარონ.
მამაკაცები იზრდებიან
30 წლამდე ასაკის მამაკაცების 47%-ს ეშინია, რომ ბავშვის გაჩენისთანავე მათი ცხოვრება უარესობისკენ შეიცვლება. მაგალითად, ისინი უწინდებურად ვეღარ შეძლებენ მეგობრებთან ერთად ბარებში სიარულს, ლუდის სმას და დროსტარებას, უქმე დღეებში შუადღემდე საწოლში ნებივრობას, შვებულების ზღვის სანაპიროზე გატარებას.
თუმცა, ასაკთან ერთად მათი შეხედულებები იცვლება: 35 წელს გადაცილებული მამაკაცების 72%-ს მიაჩნია, რომ მთავარი ოჯახია, ხოლო გართობა მოიცდის. დიახ, მამაკაცები იზრდებიან...