რას უჩივიან მამაკაცები
საინტერესოა, რას აკეთებდით მთელი ღამე! რას და თვალებდაჭყეტილი იწექით და წრიალებდით. იცით, რომ ინკვიზიციის დროს უძილობა ყველაზე საშინელ წამებად ითვლებოდა? დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია: თვითონვე ისჯით თავს, როცა სრულფასოვან ძილს ღამის კლუბებზე, კაზინოებსა და ინტერნეტზე ცვლით.
ამას ცხოვრებისეული პრობლემებიც დაურთეთ და... მშვიდობით, ძილო! არ ვარგა, ბატონებო! ცხოვრების ასეთი რიტმი ქრონიკულ დაღლილობას, შრომის უნარის დაქვეითებასა და ათას სხვა უსიამოვნებას იწვევს.
რჩევა: იძინეთ იმდენი, რამდენიც საჭიროა, რამდენსაც ორგანიზმი გთხოვთ, თორემ ერთი უძილო ღამე რომ აინაზღაუროთ, ორი ღამე მაინც დაგჭირდებათ (დღის ძილი არც ისე სასარგებლოა; იგი მხოლოდ ბიორიტმების შეცვლასა და ორგანიზმის მრავალი პროცესის დესინქრონიზაციას იწვევს).
განზე გადადეთ ყველაფერი, რაც დაძინებაში ხელს გიშლით: სიგარეტსა და ყავას დაწოლამდე 4-5 საათით ადრე დაემშვიდობეთ, ხოლო საჭმელი 2 საათით ადრე მიირთვით.
არ იკითხოთ საწოლში და არ უყუროთ ტელევიზორს. დაწექით, როცა ძილი მოგერევათ - ასე რეფლექსი გამოგიმუშავდებათ და დაწვებით თუ არა, მაშინვე დაგეძინებათ.
თუ უძილობა თვეზე მეტია გაწუხებთ, მიმართეთ სომნოლოგს, ნევროლოგს, ფსიქიატრს.
ერთი ფინჯანი, მეორე ფინჯანი...
მილიონობით ადამიანი დღეს ქაფქაფა ყავით იწყებს. უამრავ ხალხს კოფეინი დაღლილობისა და გამოფიტვის საწინააღმდეგო საუკეთესო საშუალებად მიაჩნია, მაგრამ თუ გგონიათ, ასეთ დროს ყავა რამეს გიშველით, ცდებით. ეს მხოლოდ ილუზიაა. კოფეინი გახლავთ ალკალოიდი, რომელიც ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედებს და ენერგიის მოზღვავების იმიტაციას იწვევს. იგი დაკარგულს კი არ აღადგენს, მხოლოდ დარჩენილ მარაგს კრებს და ორგანიზმს უფრო მეტად ფიტავს.
ქრონიკული უძილობისა და ძლიერი გადაღლილობის დროს ყავას ნუ მიეძალებით - უარესს გიზამთ: იგი კი არ აფხიზლებს, არამედ ძილს "დევნის" ორგანიზმიდან, თავის ტკივილსა და ხანგრძლივ უძილობას იწვევს.
რჩევა: ნუ დალევთ დღეში 2 ფინჯანზე მეტ ყავას. თუ დაღლილობას ვერაფერს უხერხებთ, სხვა სასმლით, მაგალითად, ლიმონიანი ჩაით ან მინერალური წყლით შეცვალეთ, ანდა სულაც კონტრასტული შხაპი მიიღეთ, სუნთქვითი ვარჯიში ჩაიტარეთ ან ათიოდე წუთი სუფთა ჰაერზე ისეირნეთ. ეს ყველაფერი დაღლილობას კოფეინზე უკეთ ამარცხებს.
ჭარბი წონა
გგონიათ, ზედმეტი ქონი მხოლოდ გარეგნობასა და გუნებას გიფუჭებთ? უფრო უარესი: თქვენ თვითონ გჭამთ. ხარბი და ზარმაცი ცხიმოვანი ქსოვილი არანაკლებ ჟანგბადსა და საკვებ ნივთიერებებს მოიხმარს, ვიდრე გული და ტვინი. ქსოვილი გულს აიძულებს, უფრო მეტი დატვირთვით იმუშაოს და თავის პრობლემებს სხვა ორგანოების: გულის, სისხლძარღვების, კუჭის, პანკრეასის, სახსრების - ხარჯზე აგვარებს. ამიტომაც გახლავთ სიმსუქნე გულ-სისხლარღვთა პათოლოგიების, შაქრიანი დიაბეტის, ოსტეოპოროზისა და სხვა დაავადებების რისკ-ფაქტორი.
რჩევა: გამოთვალეთ თქვენი იდეალური წონა - სიმაღლის მაჩვენებელს გამოაკელით 100, შედეგს შეგიძლიათ მიუმატოთ ან გამოაკლოთ 1-2 კილოგრამი, მაგრამ არამც და არამც ამაზე მეტი. თუ ჭარბი წონა აღმოგაჩნდათ, შეეცადეთ, ნელ-ნელა დაიკლოთ, მიირთვათ ნაკლები მაღალკალორიული საკვები, მეტი იმოძრაოთ და ივარჯიშოთ.
რაც უფრო მეტად ვითარდება ტექნიკა, მით უფრო მყარად მკვიდრდება პასიური ცხოვრების წესი: ავტომობილი, ტელევიზორი, კომპიუტერი, დივანი... ასეთ მდგომარეობას ჰიპოკინეზია ეწოდება. ის ორგანიზმისთვის ძალიან საშიშია და ყველანაირად უნდა ეცადოთ, არ მოგერიოთ. მაგრამ არც ის იქნება გონივრული, ფიზიკურ დატვირთვას შეუჩვეველ ორგანიზმს ათასგვარი ვარჯიში ერთბაშად მიაყაროთ.
რჩევა: ზომიერება, ზომიერება და კიდევ ერთხელ ზომიერება! რა თქმა უნდა, ფიზიკური აქტივობა ორგანიზმისთვის აუცილებელია, მაგრამ უნდა შეირჩეს ვარჯიშთა სისტემა, რომელიც ყველაზე უკეთ მიესადაგება თქვენს ორგანიზმს. კონსულტაციისთვის, ცხადია, სპეციალისტს უნდა მიმართოთ.
ქრონიკული დაღლილობის სინდრომი ჩვენი საუკუნისთვის სიახლე აღარ გახლავთ. ეს საკმაოდ უცნაური მდგომარეობაა: ერთი შეხედვით ჯანსაღი ადამიანი გამუდმებით სისუსტესა და დაღლილობას უჩივის. ეს საკმაოდ მძიმე დაავადებაა და მისგან განკურნებაც არ არის ადვილი, მაგრამ თუ კარგად დაიმახსოვრებთ ჩვენს რჩევებს და, რაც მთავარია, არ გიღალატებთ ნებისყოფა, გექნებათ სურვილი და რწმენა, განსაცდელს უთუოდ დაამარცხებთ.