მამაკაცის წვერი და მისი მოვლა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მამაკაცის წვერი და მისი მოვლა

უძველესი დროიდან წვერი ითვლებოდა მამაკაცური სიძლიერისა და ძალაუფლების სიმბოლოდ. სპორტსა და კინოში მრავლადაა წარმოდგენილი სხვადასხვა ფორმისა და ზომის წვერის მქონე ცნობილი პირები. ყოველთვის იყვნენ წვერის ტარების მსურველი მამაკაცები, თუმცა დღეისათვის მთელ მსოფლიოში აღინიშნება „წვერის ბუმი“.

ეს არის ერთგვარი მოდა და დღევანდელი შეხედულებით, წვერიანი კაცი ქალთა გულთამპყრობელადაა წარმოდგენილი. ამდენად, გასაგებია მამაკაცების, განსაკუთრებით ახალგაზრდების წუხილი, რომლებსაც არ ამოსდით წვერი, ნელა ეზრდებათ ან ძალიან მეჩხერი აქვთ. ჩვენ შევეცდებით განვიხილოთ ამ „პრობლემის“ მიზეზები და კონკრეტული რჩევებით დაგეხმაროთ მათ მოგვარებაში.

შექმენით წვერის ზრდისთვის იდეალური გარემო

1. გენეტიკა უშუალოდ უკავშირდება წვერის სიხშირესა და ზრდას

მრავალი გარეგნული თვისება, ისეთი, როგორებიცაა კანის, თვალისა და თმის ფერი, სიმაღლე, სიმსუქნისადმი მიდრეკილება და ა.შ., ადამიანს გადაეცემა მემკვიდრეობით. გენეტიკა განაპირობებს ზოგიერთი დაავადების არსებობას ან მიდრეკილებას. არც თმიანობაა გამონაკლისი. ალბათ, ყველას შეუნიშნავს, რომ ზოგი გვარის წარმომადგენელი გამოირჩევა ნაადრევი და უხვი თმიანობით, ხოლო სხვები დიდხანს ინარჩუნებენ თინეიჯერულ შეხედულებას და ვერავინ ხვდება მათ ნამდვილ ასაკს.

სწორედ ასეთი გენეტიკის მფლობელები წვალობენ, როდესაც უჩნდებათ წვერის ტარების სურვილი. თუ არ ამოგდით წვერი ან თქვენი სახის თმიანობა მეჩხერია, პირველ რიგში, დააკვირდით მამა-პაპას და დაადგინეთ, ხომ არ არის თქვენი „წუხილი“ განპირობებული გენეტიკით. გული არ გაიტეხოთ. ეს პრობლემა ნამდვილად მოგვარებადია, თუმცა მოითხოვს მოთმინებას.

კარგი ის არის, რომ თქვენი მწირი თმიანობა არ უკავშირდება ორგანიზმში რაიმე დარღვევას და დროთა განმავლობაში თავისით მოგვარდება. თქვენ მხოლოდ შეგიძლიათ ხელის შეწყობა იმ რჩევების გათვალისწინებით, რომლებზეც შემდგომ ვისაუბრებთ.

2. წვერის ზრდა უკავშირდება ეროვნულ, ეთნიკურ წარმომავლობას

მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენლები გამოირჩევიან განსხვავებული გარეგნობით და ეს სახის თმიანობასაც ეხება. ჩინელ მამაკაცებს 30 წლისთვისაც შესაძლოა ჯერ კიდევ არ ჰქონდეთ გამოხატული სახისა და სხეულის თმიანობა.

ჩრდილოეთის წარმომადგენლები, ვიკინგების წვეროსნობაზე წარმოდგენის მიუხედავად, გამოირჩევიან სახის მეჩხერი თმიანობით და ასაკთან შეფარდებით, წვერის ამოსვლის დაწყების გვიანი ვადებით. ამ მხრივ გაუმართლათ კავკასიელებს, რომლებიც უკვე 19-20 წლის ასაკში (შესაძლოა უფრო ადრეც) ამაყობენ წვერ-ულვაშით.

ეთნიკური წარმომავლობა უკავშირდება წვერის ზრდას

3. წვერის მოვლა და ჰიგიენა ჯანსაღი წვერისთვის

ცხადია, რომ წვერს ესაჭიროება სერიოზული მოვლა, რაც მის მუდმივ გასუფთავებასა და დატენიანებას გულისხმობს. იმ შემთხვევაში, თუ წვერის ქვეშ გამომშრალი კანი იქერცლება ან, პირიქით, კანზე გროვდება ცხიმი, წვერის ზრდა ფერხდება. თუ გადაწყვეტილი გაქვთ წვერის ტარება, თავიდანვე უნდა ისწავლოთ მისი მოვლა:

  • წვერი დღეში ორჯერ, დილა-საღამოს დაიბანეთ თბილი წყლით ან წვერის მოვლის ისეთი ბუნებრივი საშუალებებით, რომლებიც არ აღიზიანებს კანს. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ყოველდღიური საქმიანობა უკავშირდება ფიზიკურ დატვირთვას და, შესაბამისად, ოფლის გამოყოფას, ან ჭარბი ოფლიანობა სხვა მიზეზებითაა გამოწვეული, სახის დაბანა მოგიწევთ მეტჯერ. სასურველია გამოიყენოთ წვერის სპეციალური საპონი ან შამპუნი, რადგან წვერის თმა შედარებით უხეშია და მის დასაბანად არ გამოდგება თავის თმისთვის განკუთვნილი შამპუნი. გაითვალისწინეთ, რომ რაც უფრო კარგი ხარისხის იქნება წვერის მოვლის საშუალება, მით უფრო უკეთეს შედეგს მიიღებთ;
  • კანი ყოველთვის განიცდის განახლებას. ტანის დაბანისას ძველი კანი ღრუბლით გახეხვისას გვცილდება. სახის გაპარსვისას საპარსის მეშვეობით ხდება მისი ჩამოცილება. ცხადია, წვერის ქვეშ კანს აუცილებლად სჭირდება დახმარება, რათა არ დაიფაროს დაძველებული კანის ნარჩენებით, რაც გამოიწვევს დისკომფორტს, ქავილს და შეაფერხებს წვერის ზრდას. ამ მიზნით სასარგებლოა კანისთვის განკუთვნილი სკრაბის გამოყენება. წვერის ქვეშ კანი უნდა დაიფაროს სკრაბით, შემდეგ თითებით, შეზელის მსგავსი მოძრაობებით გასუფთავდეს ძველი ნარჩენებისგან და განახლდეს. ასეთი პროცედურით არა მხოლოდ სუფთავდება კანი, არამედ ღიზიანდება წვერის თმის ბოლქვები და წვერი უკეთ ამოსვლას იწყებს. წვერის ქვეშ კანის სკრაბით ხშირი დამუშავება არ არის სასურველი; ამის გაკეთება კვირაში ერთხელაც საკმარისია;
  • წვერის დაბანის შემდეგ ყოველთვის გამოიყენეთ დამატენიანებელი წვერის სპეციალური ზეთი. ამით გაიუმჯობესებთ წვერის თმის სტრუქტურას, წვერი უფრო რბილი და მორჩილი გახდება და გაჯანსაღებასთან ერთად, მოგეცემათ საშუალება შეუნარჩუნოთ თქვენთვის სასურველი ფორმა.

4. სწორი კვება დაგეხმარებათ ჯანმრთელი წვერის ზრდაში

თმის ფოლიკულების ფორმირებისათვის აუცილებელია სათანადო საკვები ნივთიერებების არსებობა, განსაკუთრებით ეს ეხება ვიტამინებს, რომელთა ნაკლებობა მკვეთრად აფერხებს წვერის ზრდას.

A ვიტამინი (რეტინოლი) – ხელს უწყობს კანისა და თმის ჯანსაღი მდგომარეობის შენარჩუნებას. მისი უკმარისობა იწვევს კანის სიმშრალეს, ქერტლს, თმის გამოფიტვას და სისუსტეს. თმა კარგავს ბზინვარებას, ჯანსაღ ელფერს და კარგად ვერ იზრდება. A ვიტამინის ნაკლებობას არ განიცდის ორგანიზმი, თუ საკმარისი რაოდენობით იღებს მწვანე, ყვითელ და ნარინჯისფერ ბოსტნეულს და ხილს: სტაფილო, ბროკოლი, მწვანილი და მწვანე სალათები, ბულგარული წიწაკა, გოგრა, გარგარი, ავოკადო და ა.შ. აგრეთვე A ვიტამინი უხვადაა კვერცხში, თევზსა და ღვიძლში.

С ვიტამინი (ასკორბინის მჟავა) – აძლიერებს იმუნურ სისტემას და იცავს ორგანიზმს დაავადებებისაგან, ხოლო ჯანმრთელ ორგანიზმში ყველა ორგანო ფუნქციონირებს ფიზიოლოგიურ ფარგლებში, არც კანი და არც თმაა გამონაკლისი. ასკორბინის მჟავა აძლიერებს სისხლის მიმოქცევას, რის გამოც უმჯობესდება თმის ბოლქვების საკვები ნივთიერებებით მომარაგება და თმა უკეთ იზრდება. ჩ ვიტამინს შეიცავს: კარტოფილი, კომბოსტო, პომიდორი, ასკილი, ლიმონი, ფორთოხალი, ქაცვი და სხვ.

E ვიტამინი (ტოკოფეროლი) – აუმჯობესებს სისხლის ცირკულირებას, უზრუნველყოფს ორგანიზმში ჟანგბადისა და საკვები ნივთიერებების ტრანსპორტირებას. E ვიტამინს აქვს სასარგებლო ანტიოქსიდანტური მოქმედება, იცავს კანს ეკოლოგიურად დაბინძურებული გარემოს მავნე ზემოქმედებისაგან, აჩქარებს დაზიანებული კანისა და თმის რეგენერაციულ პროცესს, იცავს კანს ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებისაგან და ამ ყველაფრის გამო ანელებს კანის დაბერებას და აჩქარებს დაზიანებული სტრუქტურის აღდგენას. E ვიტამინი აგრეთვე ხელს უწყობს ორგანიზმის მიერ A ვიტამინის ათვისებას. ორგანიზმში E ვიტამინის უკმარისობისას თმა კარგავს ბზინვარებას, ხდება მტვრევადი, ეყოფა ბოლოები. E ვიტამინს შეიცავს: ნიგოზი, ნუში, მზესუმზირა, ქაცვი, ასკილი, მცენარეული ზეთები, კერძოდ, ზეითუნისა და განსაკუთრებით არგანის ზეთები.

B ჯგუფის ვიტამინები – თმის ზრდის აქტიური ხელშემწყობი ნივთიერებებია:

  • B1 ვიტამინი (თიამინი) – მონაწილეობს კანისა და თმისათვის აუცილებელი ცილებისა და ცხიმების ცვლაში, რითიც ეხმარება თმის ამოსვლას და ზრდას. თიამინით მდიდარია ბურღულეული (განსაკუთრებით წიწიბურა), მწვანე ბოსტნეული და მწვანილი, ლუდის საფუარი, ხორცი, კვერცხი, ხაჭო;
  • B3 და B5 ვიტამინები აუმჯობესებენ სისხლის მიმოქცევას და სისხლის მიწოდებას თმის ბოლქვებამდე. ამ ვიტამინების შემცველობით გამოირჩევა ფრინველისა და საქონლის ხორცი, თევზი, კვერცხის გული, ავოკადო, რძე და ბურღულეული;
  • B6 ვიტამინი (პირიდოქსინი) – მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლაში, მათ შორის ჰორმონების, ცილისა და ცხიმების. ამ ვიტამინის ნაკლებობა იწვევს კანის გამოშრობას, ქერტლს და თმის ცვენას. პირიდოქსინით მდიდარია ხორბლის ღივები, ნიგოზი, თხილი, ისპანახი, კარტოფილი, სტაფილო, პომიდორი და ავოკადო;
  • B7 ვიტამინი, იგივე ბიოტინი ან H ვიტამინი – ყველაზე მნიშვნელოვანი ვიტამინია თმის ზრდის საქმეში. იგი აჩერებს თმის ცვენას, ხელს უწყობს თმის ამოსვლასა და ზრდის დაჩქარებას, აუმჯობესებს თმის სტრუქტურას, ამაგრებს და ასქელებს თმას. აღსანიშნავია, რომ ბიოტინის შემცველი ხელოვნური ვიტამინების კომპლექსები ვერ ახდენენ ისეთ ეფექტს, როგორიც ბიოტინით მდიდარი, ნატურალური საკვები პროდუქტები. ბიოტინი უხვადაა საფუარში, პომიდორში, ყვავილოვან კომბოსტოში, ისპანახში, სოიაში, კვერცხის გულში, სოკოსა და ღვიძლში. ჩამოთვლილი პროდუქტების ხშირი მიღება უზრუნველყოფს თმის ბუნებრივ და ჯანსაღ ზრდას;
  • B9 ვიტამინი, ანუ ფოლიუმის მჟავა, მოქმედებს თმის ძალასა და სისქეზე. ამ ვიტამინით მდიდარია ბურღულეული, ნიგოზი, პარკოსნები, საფუარი, მწვანე ბოსტნეული და მწვანილი;
  • B12 ვიტამინი (ციანკობალამინი) – ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებაა, რომელიც თმას უზრუნველყოფს ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით. B12-ის წყაროა საქონლის ღვიძლი, საფუარი, რძის ნაწარმი, სოია, კვერცხი, მწვანე ბოსტნეული და მწვანილი;
  • B ჯგუფის ვიტამინებით ორგანიზმის უზრუნველყოფა ძირითადად ხორციელდება საჭმლის მონელების სისტემიდან და სისხლიდან. კოსმეტიკური საშუალებები: გელები, შამპუნები, ნიღბები, რომელთა შემადგენლობაშიც B ჯგუფის ვიტამინებია, წარმოადგენენ მცირე დამხმარე საშულებებს, რადგან კანიდან მხოლოდ უმნიშვნელოდ ხდება აღნიშნული ვიტამინების ათვისება. ამიტომ ვისაც სურს ჰქონდეს ჯანსაღი, ძლიერი და ლამაზი წვერი, აუცილებელია დიდი ყურადღება მიაქციოს კვების რაციონს.

Zn – თუთია მნიშვნელოვანია ორგანიზმში ბუნებრივი ტესტოსტერონის დონის შესანარჩუნებლად. თუთია ხელს უწყობს ჯანსაღი სპერმის გამომუშავებას და სპერმატოზოიდების რაოდენობის მატებას. ორგანიზმში თუთიის ნაკლებობამ შესაძლოა გამოიწვიოს ტესტოსტერონის დონის დაქვეითება, ხოლო როგორც ერთ-ერთი შედეგი: თმის ცვენა და თმიანობის შემცირება. თუთიის სადღეღამისო დოზა შეადგენს 50-100 მგ-ს. თუთიის შემცველობით გამოირჩევიან: ხამანწკები (ბუნებრივი აფროდიზიაკი), ღვიძლი, ზღვის პროდუქტები, ფრინველის ხორცი, ნიგოზი, მზესუმზირა. საჭიროების შემთხვევაში ექიმის მიერ ინიშნება თუთიის პრეპარატი, რომელიც იყიდება აფთიაქებში.

C ვიტამინი ხელს უწყობს კორტიზოლის დონის დაქვეითებას და ტესტოსტერონის მატებას. ისევე, როგორც თუთია, C ვიტამინი ამცირებს ორგანიზმში ფერმენტ არომატაზას, რომელიც ტესტოსტერონს გარდაქმნის ესტროგენად. სასურველია უზრუნველყოფილ იქნეს ორგანიზმის მიერ C ვიტამინის 1000-1500 მგ ოდენობით ყოველდღიური მიღება.

მამაკაცებისთვის სასარგებლოა ჯვაროსანთა ოჯახის მცენარეების: უმი კომბოსტოს, ბროკოლის, ყვავილოვანი კომბოსტოს, ბოლოკის ხშირი მიღება, რადგან მათ შემადგენლობაში არის ნივთიერება – დიინდოლილმეტანი (DIM), რომელიც ორგანიზმს ეხმარება ზედმეტი ესტროგენის მოშორებასა და ტესტოსტერონის მატებაში.

ხელოვნურად შექმნილი ზრდის ჰორმონები, პესტიციდები, სტეროიდები შეიცავენ ქსენოესტროგენს, რომელიც სინთეთიკური ნივთიერებაა და თავისი მოქმედებით ბუნებრივი ესტროგენის მსგავსია. ანუ ქსენოესტროგენის ორგანიზმში მოხვედრა ცვლის ჰორმონულ ბალანსს ესტროგენის მატებისა და ტესტოსტერონის შემცირებისკენ. ამიტომ, ტესტოსტერონის კარგ დონეზე შესანარჩუნებლად საჭიროა ეკოლოგიურად სუფთა ხილისა და ბოსტნეულის მიღება და თუ ამის საშუალება არ არის, საჭიროა კარგად გარეცხვა მაინც, რათა მინიმუმადე დავიდეს ქსენოესტროგენის ორგანიზმში მოხვედრა; სასურველია, ვიცოდეთ, რომ ხორცი, რომელსაც მოვიხმართ, არ არის გაჯერებული ჰორმონებით, რადგან სწორედ ამ გზით მიიღწევა ფერმერების მიერ საქონლისა და ფრინველის დიდი წონა.

ქსენოესტროგენები გროვდება სხეულის ცხიმებში, ამიტომ მათგან საუკეთესო თავდაცვა ზედმეტი წონის მოცილებაა.

5. ფიზიკური აქტივობა ხელს უწყობს წვერის ზრდას

საინტერესოა, რომ ფიზიკური დატვირთვა უშუალოდ უკავშირდება წვერის ზრდას. საქმე ისაა, რომ ფიზიკური დატვირთვისას ორგანიზმში იზრდება მამაკაცური ჰორმონის – ტესტოსტერონის გამომუშავება, რაც თავისთავად ხელს უწყობს წვერისა და ულვაშის ზრდას. ამასთანავე, ფიზიკური დატვირთვა აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და უზრუნველყოფს მეტაბოლიზმის (ნივთიერებათა ცვლის) ნორმალურ დონეს, რის შედეგადაც უმჯობესდება კანისა და თმის ბოლქვების საკვები ნივთიერებებით მომარაგება და ხდება მათი სტრუქტურის გაუმჯობესება და თმის ზრდის დაჩქარება. თუნდაც დილის მსუბუქი გამამხნევებელი ვარჯიში და 3-5 კმ-იანი გასეირნება დააჩქარებს თმისა და კერძოდ, წვერის ზრდის პროცესს.

6. რაც შეიძლება ნაკლები სტრესი

დაძაბული, თანამედროვე ცხოვრების პირობებში რთულია წინ აღუდგე სტრესს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ სწორედ სტრესი მნიშვნელოვნად უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე. ხშირია სტრესის შემდგომი თმის ბუდობრივი ცვენა, ხოლო ნაკლებად თვალში საცემია, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი თმის ზრდის შენელება.

ფსიქოლოგიური და ფიზიკური გადაძაბვის შედეგად ითრგუნება ადამიანის იმუნური სისტემა, რაც თავისთავად აუარესებს ფიზიოლოგიური სისტემების ფუნქციონირებას, კერძოდ, ანელებს თმისა და წვერის ზრდის პროცესს.

როგორც წესი, განვიცდით უკვე მომხდარ უსიამოვნო ფაქტს, თუმცა ვეღარაფერს ვცვლით, ან ვნერვიულობთ იმის თაობაზე, რომ რაიმე უსიამოვნო ფაქტი არ მოხდეს და ამ შემთხვევაშიც ვერაფერს ვცვლით. თუ კარგად გავიაზრებთ ამ მარტივ მოცემულობას, იქნებ დავფიქრდეთ, რამდენად ღირს უაზრო ნერვიულობა და ამის შედეგად ჯანმრთელობის შენჯღრევა.

ცნობილია, რომ სტრესთან გამკლავებაში კარგი დამხმარეა მედიტაცია ან იოგა. შესაძლოა ყველამ ინდივიდუალურად შეირჩიოს სტრესთან ბრძოლის რაიმე საშუალება, მაგრამ რომელიმეს არჩევა ნამდვილად აუცილებელია იმისთვის, რომ შეძლოთ ჯანმრთელობის შენარჩუნება.

სტრესი ხელს უშლის წვერის ზრდას

7. ჯანსაღი ძილი ჯანსაღი წვერ-ულვაშისთვის

ჯანსაღი და სრულფასოვანი ძილი ორგანიზმის ყველა ფუნქციის უზრუნველყოფის საკვანძო მომენტია და არც წვერის ზრდაა ამ შემთხვევაში გამონაკლისი. ძილის დროს ინტენსიურად ხდება უჯრედების განახლება და, შესაბამისად, ინტენსიურად იზრდება თმაც. ექიმების რეკომენდაციით, ადამიანს უნდა ეძინოს არანაკლებ 8 საათისა და თუ ეს ვერ ხერხდება, შესაბამისად, ითრგუნება უჯრედების განახლების პროცესი და ფერხდება თმისა და წვერის ზრდა.

წვერის ზრდის და გახშირების ხელშემწყობი ხალხური რეცეპტები:

  • ევკალიპტის ზეთის ნიღაბი ხელს უწყობს წვერისა და ულვაშების ზრდას. ამისათვის საჭიროა წვერის ხშირი დატენიანება ევკალიპტის ზეთისა და წყლის ნაზავით პროპორციით 1/5, ანუ 1 წილი ევკალიპტის ზეთი და 5 წილი თბილი წყალი. ამ ხსნარში ასველებთ ბამბას და კარგად ატენიანებთ წვერს;
  • აბუსალათინის (კასტორის) ზეთის (Oლეუმ ღიცინი) ნიღაბი აგრეთვე სასარგებლოა წვერის გასაჯანსაღებლად და ზრდის დასაჩქარებლად. ამისათვის აბუსალათინის ზეთი კარგად უნდა განაწილდეს მთლიან წვერზე და შეიზილოს წვერის ქვეშ კანზე. წასმა-შეზელის შემდეგ სასურველია ცელოფნისა და ზემოდან პირსახოცის შემოხვევა და 15-20 წუთით დატოვება. ამ დროის გასვლის შემდეგ საჭიროა ზეთის ჩამობანა სპეციალური წვერის შამპუნით. ასეთი პროცედურა ტარდება კვირაში ერთხელ და საგრძნობ შედეგს უნდა ველოდოთ 6-8 კვირის შემდეგ;
  • ამლას ზეთი და მდოგვი. ამლა (Eმბილიცა ოფფიცინალის) არის მცირე ზომის ხე, რომელიც გავრცელებულია ინდოეთში და რომლის ნაყოფისგანაც მზადდება ზეთი. ამლას ზეთი გაჯერებულია ვიტამინებით და სხვა სასარგებლო ნივთიერებებით, იგი პოპულარულია აღმოსავლეთში და ფართოდ გამოიყენება ჩინეთისა და მრავალი აზიური ქვეყნის მედიცინასა და კოსმეტოლოგიაში. წვერის ზრდის დასაჩქარებლად იყენებენ 60 მლ ამლას ზეთისა და 3 სუფრის კოვზი მდოგვის ფხვნილის ნარევს, რომელიც კარგად შეიზილება წვერზე და ნიღბის სახით ჩერდება დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში, შემდეგ ჩამოიბანება თბილი წყლით. გამზადებული ნარევის გამოყენება შესაძლებელია 2-3 დღის განმავლობაში. ამ პროცედურის ჩატარების შემდეგ სასურველია რომელიმე წვერის ზეთის შეზელა;
  • დარიჩინისა და ლაიმის წვენის ნიღაბი წვერის ზრდის სტიმულირებისთვის გამოიყენება დღეში ორჯერ. ნაზავის მოსამზადებლად საჭიროა ერთმანეთს შევურიოთ 1 სუფრის კოვზი დაფქული დარიჩინი და 2 სუფრის კოვზი ლაიმის წვენი. საჭიროა ამ ნაზავის წვერზე კარგად წასმა და 25-30 წუთის განმავლობაში გაჩერება. იმ შემთხვევაში, თუ ნაზავის შეზელა გამოიწვევს კანის გაღიზიანებას, მისი გამოყენება უნდა შეწყდეს;
  • ნიორი უძველესი და საკმაოდ ეფექტური საშუალებაა. მისი მოხმარებაც ადვილია და ხელმისაწვდომიცაა. ერთი პრობლემა სუნია. თუ ამას გადალახავთ, შესაძლოა შედეგით კმაყოფილი დარჩეთ. ნივრის კბილი უნდა გადაჭრათ და გადაჭრილი, წვნიანი მხარე საგულდაგულოდ წაისვათ კანზე, იქ, სადაც თმის ამოსვლა გინდათ. საქმე ისაა, რომ ნივრის წვენი აღიზიანებს თმის ბოლქვებს და თმა იწყებს ამოსვლას. ეს პროცედურა უნდა ჩაიტაროთ შეძლებისდაგვარად დღეში 1-2-ჯერ, სულ მცირე, 10 დღის განმავლობაში. შემდეგ შეისვენოთ რამდენიმე დღე და თუ საჭირო იქნება, კვლავ განაახლოთ;
  • არსებობს კიდევ ერთი საშუალება. უწინ კაკლის ნაჭუჭს წვავდნენ და წვის შედეგად მიღებულ ნაცარს იყენებდნენ წყლულოვანი დაავადებების სამკურნალოდ. ეფექტის გასაძლიერებლად კაკლის ნაჭუჭის ნაცარს ურევდნენ ღვინოსა და მცენარეულ ზეთში. მიღებული მასა ეხმარება იარების სწრაფშეხორცებას. ასეთივე „მალამოთი“ სარგებლობდნენ სიმელოტესთან საბრძოლველად, რადგან იგი ხელს უწყობს თმის ამოსვლასა და ზრდის დაჩქარებას. შესაბამისი ეფექტი მიიღება წვერის შემთხვევაშიც. აღნიშნული მეთოდი ეფექტურია იმ შემთხვევაში, თუ საერთოდ არ იზრდება წვერი ან თმა რომელიმე მონაკვეთში, თუ მიზანი წვერის გახშირებაა, უმჯობესია სხვა ხალხური მეთოდების გამოყენება, რადგან ამ მეთოდმა შესაძლოა არსებული თმის/წვერის დაზიანება გამოიწვიოს. გამოყენების წესი: დამზადებული კრემის ტიპის მასა კარგად შეიზილეთ კანის იმ მონაკვეთში, სადაც საერთოდ არ იზრდება თმა, გაიჩერეთ 10 წუთი და ჩამოიბანეთ, გაიმეორეთ კვირაში 2-3-ჯერ, 2-3 კვირის განმავლობაში.