შემოდგომის მოდური ტენდენციები
თუ ყურადღებით დავაკვირდებით, შესაძლებელია დაახლოებით მაინც წარმოვიდგინოთ, როგორ ხდება იმ ძირითად მიმართულებათა ფორმირება, რომელთა მიხედვითაც მომდევნო სეზონების მოდა პოვებს განვითარებას. სავარაუდო ტენდენციების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, 2010 წლის შემოდგომის მოდა გამორჩეული იქნება თავშეკავებულობითა და სიმკაცრით. ყურადღების ცენტრში მოექცევა სისადავისა და პრაქტიკულობის იდეა.
წამყვანი დიზაინერები უპირატესობას კლასიკასა და თავისუფალ ქალაქურ სტილს ანიჭებენ. ფერთა გამაში დომინირებს შავი და რუხის ყველა ტონი.
მასალიდან პირველ ადგილზეა ნატი. 2010 წლის მოდური ტენდენციების ფორმირებისას თავშეკავებულობა, ზომიერება საკვანძო მომენტია. მამაკაცის ფეხსაცმელი, ქალისგან განსხვავებით, ყოველთვის სიმკაცრისა და თავშეკავებულობისკენ ისწრაფვის. არავითარი თვალში საცემი სამშვენისი, არაფერი ზედმეტი, აგრესიული. მცირე ზომის ლითონის აბზინდა, მსუბუქი პერფორირებული ორნამენტი სწორედ ის არის, რაც ხაზს უსვამს 2010 წლის მამაკაცის ფეხსაცმლის მოდის ზომიერებას.
პირველ ადგილზე დგას ხარისხი და სტილი. თანამედროვე მოდა კომფორტისა და უნივერსალურობისკენ მიისწრაფვის, რაც განპირობებულია ცხოვრების დაჩქარებული რიტმით. ადამიანები სულ უფრო მაღალ მოთხოვნებს უყენებენ ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ხარისხს. თანამედროვე მოდის არნახული დემოკრატიზმი ბადებს თამამი, უჩვეულო შეხამების შესაძლებლობას. დიზაინერები დიდ ყურადღებას უთმობენ მოგზაურობის მოყვარულებს, რომელთა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება.
ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ასეთი კოლექციების საფუძველი სპორტული სტილია, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაშიც დამსახურებულად სარგებლობს პოპულარობით. ის სამართლიანად მიიჩნევა თანამედროვე, მოძრავი და აქტიური ადამიანის სტილად. სწორად შერჩეული ფეხსაცმელი უცვლელი დამხმარეა გარკვეული სახის შექმნისას.
ბოტასები, კედები, სპორტული სანდლები, ფეხსაცმელები და შუზები - მოკლედ, ყველაფერი იმისთვის, რომ მამაკაცმა თანამედროვე ქალაქის რიტმში თავი ჰარმონიულად იგრძნოს, და თუ საუკუნის დასაწყისში სპორტული ფეხსაცმელი მეტად ერთფეროვანი იყო, დღეისთვის მწარმოებლები ფართო ასორტიმენტის მოდელებით გვაოცებენ: ფორმები, ფერები, მორთულობა, ჩანართები, მკვეთრად გამოხატული თუ ზომიერი რელიეფის მრავალფეროვნება... შეგვხვდება უნიკალური მოდელებიც, რომლებიც რამდენიმე სტილის ზღვარზე ბალანსირებს.
წარსულს ჩაბარდა ის დრო, როდესაც სპორტული ფეხსაცმლის ჩაცმა მხოლოდ სპორტულ კოსტიუმთან ერთად შეიძლებოდა. თანამედროვე სპორტული ფეხსაცმელი შესანიშნავად ეხამება არა მხოლოდ ჯინსებს, არამედ მამაკაცის კლასიკურ კოსტიუმსაც კი, რითაც ერთგვარად არბილებს მის ოფიციალურობას.
მოდური ტენდენციების ფორმირებაზე უდავოდ დიდ გავლენას ახდენს ახალგაზრდული სუბკულტურები. პარიზში გამართულ მამაკაცის მოდის კვირეულმა გოთური სტილისადმი დიზაინერების ინტერესი გამოავლინა. ამ სტილის საფუძველს წარმოადგენს შავი ფერი და ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების მეტალის ელემენტებით გაწყობა. ამ სტილისთვის იდეალური ფეხსაცმელია მაღალყელიანი შავი წაღა მძიმე ლანჩაზე რელიეფური ლითონის ფურნიტურით.
საინფორმაციო ტექნოლოგიების ეპოქამ უზარმაზარი გავლენა მოახდინა ადამიანის ცნობიერებაზე, გააფართოვა მისი ჰორიზონტი. ეს ერთ-ერთი მიზეზია უფრო და უფრო მრავალწახნაგოვანი და რთული სახეების წარმოშობისა. მეორე მხრივ, ცხოვრების ენერგიული რიტმი, განსაკუთრებით - დიდ ქალაქებში, თავის წესებს - სისადავისადმი სწრაფვას, ლაკონიურობასა და უნივერსალურობას გვკარნახობს. ამ ორი ურთიერთსაპირისპირო მიდგომის ზღვარზე აღმოცენდება ხოლმე ყველაზე უჩვეულო შეხამება: გახეხილი ჯინსი, როგორც აღმოჩნდა, ძალიან უხდება კლასიკურ ფეხსაცმელს.
თანამედროვე მოდის დემოკრატიულობა ფანტაზიას უსაზღვრო გასაქანს აძლევს. პერანგი არა მარტო გარდერობის აუცილებელი ატრიბუტია, არამედ თვითგამოხატვის საშუალებაც არის და სტატუსის მაჩვენებელიც. პერანგი, ჰალსტუხი, კოსტიუმი არანაკლებ მრავლისმთქმელია, ვიდრე ავტომობილი, საათი თუ ტელეფონი. ხშირად სოციალური წარმატებაცა და კარიერაც პერანგის სწორ არჩევანზეა დამოკიდებული.
რაც შეეხება ვარცხნილობას, 2010 წელს უფრო ვაჟკაცურ იერს ენიჭება უპირატესობა. საკუთარი სტილის ძიებისას უნდა გახსოვდეთ, რომ აზრი არ აქვს ისეთი ვარცხნილობის არჩევას, რომელიც არ შეესაბამება მის თვითშეგრძნებას, სოციალურ სტატუსს და ჩაცმის სტილს.
სტილის შერჩევისას, უპირველეს ყოვლისა, გაითვალისწინეთ, ვის გინდათ მოეწონოთ: მეგობრებს, საყვარელ ქალს, უფროსს თუ საკუთარ თავს. პროფესიონალი პარიკმახერის მიერ შესრულებულ მოდურ ვარცხნილობას ყოველთვის შესწევს უნარი, ზრდასრული, მოუვლელთმიანი მამაკაცი სრულიად სხვაგვარ - კრეატიულ, მოდურ, დროის ფერხულში ჩაბმულ პიროვნებად აქციოს.