ინტიმური ჰიგიენის წესები მამაკაცებისათვის
მამაკაცის სასქესო ორგანოების ჰიგიენა მისი პირადი ჰიგიენის ნაწილია და მოიცავს გარკვეულ წესებს, რომელთა დაცვაც ეხმარება მამაკაცს ჯანმრთელობის შენაჩუნებასა და გაძლიერებაში, უზრუნველყოფს სასქესო ორგანოების ნორმალურ ფუნქციას და თავიდან არიდებს დაავადებებს.
სასქესო ორგანოების ჰიგიენა მოიცავს სასქესო ორგანოების, შორისისა და უკანა ტანის რეგულარულ მოვლას ადრეული ასაკიდანვე. სასქესო ორგანოებისა და შორისის სისუფთავის დაცვა უნდა იყოს ვაჟისა და ზრდასრული მამაკაცის ქცევის ნორმა მთელი ცხოვრების განმავლობაში.
რატომაა ეს საჭირო? მამაკაცის სასქესო ორგანოებში მრავალი სპეციფიკური საოფლე ჯირკვალია, რომლებიც ჭარბად გამოიმუშავებენ სეკრეტს.
განსაკუთრებით საყურადღებოა სასქესო ასოს თავისა და ჩუჩის მოვლა, რომლის ზედაპირი მოწყობილია და ფუნქციონირებს როგორც ჩვეულებრივი კანი, მაგრამ გარკვეული თავისებურებებით. ჩუჩის შიგნითა ფურცლის ჯირკვლები გამოიმუშავებენ სპეციალურ სეკრეტს – სმეგმას.
დღე-ღამის განმავლობაში წარმოიქმნება რამდენიმე წვეთი გამჭვირვალე სითხე, რომელიც ასოს თავს თხელ ფენად ფარავს. თუ რამდენიმე დღის განმავლობაში არ მოხდება ამ საცხის ჩამობანა, წარმოიქმნება მორუხო თეთრი ფერის ნადები, რაც სხვადასხვა მირკოორგანიზმების გამრავლებისთვის ხელსაყრელ გარემოს ქმნის და შეიძლება განვითარდეს ბალანოპოსტიტი.
ბალანოპოსტიტს ახასიათებს ასოს თავის ტკივილი, სიწითლე, შესაძლოა, ნახეთქები და გამონადენიც კი.
ეს უსიამოვნო მომენტი ხელს უშლის ნორმალურ სქესობრივ ცხოვრებას და შეაქვს მასში ფსიქოლოგიური სირთულეები, პარტნიორებს შორის უთანხმოება.
ამას გარდა, ინფექცია შეიძლება აღმავალი გზით პროგრესირდეს და პროცესში ჩაითრიოს შარდსადენი, წინამდებარე ჯირკვალი და სათესლეები.
ბალანოპოსტიტის მკურნალობა, ძირითადად, ადგილობრივია. დღეში 2-3-ჯერ ჩუჩა უნდა გადაიწიოს და სასქესო ასო ადგილობრივად დამუშავდეს ანტისეპტიკური ხსნარებით, წყლით. ზოგჯერ შესაძლოა ანტიბაქტერიული საცხების გამოყენებაც გახდეს საჭირო.
ზოგჯერ ბალანოპოსტიტი ვითარდება ზოგადი დაავადების – შაქრიანი დიაბეტის ფონზე. ამ დროს გამონადენი ჩირქიანი და ჭარბია, რამაც, გარკვეული პერიოდის შემდეგ, შესაძლებელია გამოიწვიოს ჩუჩის თავთან შეხორცება და სერიოზული დაავადების, ფიმოზის განვითარება. ამ მდგომარეობას შესაძლებელია ქირურგიული ჩარევაც კი დასჭირდეს. აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში მიაჩნიათ, რომ მამაკაცის ჰიგიენის ერთადერთი და ყველაზე ეფექტური მეთოდი და, შესაბამისად, შარდ-სასქესო სისტემაში ანთებითი პროცესების პროფილაქტიკის საშუალება არის ცირკუმციზია.
უნდა აღინიშნოს, რომ შესაძლოა ბალანოპოსტიტი მამაკაცს ნებისმიერ ასაკში განუვითარდეს.
ამ პრობლემის ასარიდებლად აუცილებელია ჰიგიენის ელემენტარული წესების დაცვა. მამაკაცმა დილას და საღამოს, შხაპის ან აბაზანის მიღებისას, უნდა გადაწიოს ჩუჩა და დაიბანოს სასქესო ასოს თავი თბილი წყლით, საპნის გარეშე.
ძალიან კარგია სასქესო ასოს თავის დაბანა ყოველი მოშარდვის შემდეგ, რათა გამონაყოფი არ დაგროვდეს. ზოგჯერ საცხის გაძლიერებული გამოყოფა, შესაძლოა, მამაკაცის ინდივიდუალური თავისებურება აღმოჩნდეს, რაც დაბანისას რბილი საპნის ან სპეციალური საშუალების გამოყენებას მოითხოვს.
ჩვეულებრივი საპონი სასქესო ასოს თავის დასაბანად არ გამოიყენება, რადგანაც ის აშრობს ლორწოვან გარსს. ჰიგიენური პროცედურის შესრულება განსაკუთრებით აქტუალურია სიცხეში, მაღალი ტემპერატურისას.
ზოგჯერ სათესლე პარკისა და სასქესო ასოს კანის ანთების მიზეზი შეიძლება იყოს ამ ორგანოების ტრავმა მოჭერილი ტანსაცმლის ტარების გამო. ამიტომ საჭიროა ბამბის რბილი ქსოვილის თავისუფალი მოდელის ტრუსებისა და შარვლის ხმარება.
შორისის არის კანის გაღიზიანების მიზეზი შესაძლოა იყოს მომატებული ოფლიანობა. ამ დროს მამაკაცმა, განსაკუთრებით ცხელ ამინდში, გრილი წყლით დღეში 2-3-ჯერ უნდა დაიბანოს შორისის არე.
სასქესო ასოს მოვლა
ყოველი მოშარდვის შემდეგ სასქესო ასო უნდა შემშრალდეს ტუალეტის ქაღალდით.
ქვედა საცვალი მამაკაცმა ყოველდღიურად უნდა გამოიცვალოს. მასზე შარდის წვეთების მოხვედრისას, სხეულის ტემპერატურის პირობებში, ბაქტერიები მრავლდება, რაც უსიამოვნო სუნის მიზეზია.
თეთრეული უნდა იყოს ბუნებრივი ქსოვილის, ჰაერის ცირკულაციისა და შორისის მიდამოში ტემპერატურის რეგულირებისათვის. არ გამოიყენოთ სინთეტიკური ქსოვილის თეთრეული. ის მჭიდროდ ეკვრის სხეულს და ჰაერის ცვლას უშლის ხელს, რამაც შეიძლება კანი გააღიზიანოს.
თუ არ არის შხაპის მიღების საშუალება, შეეცადეთ სწორად დაიბანოთ სასქესო ორგანოები. ამისათვის პირველად ხელები უნდა დაიბანოთ კარგად და გაიმშრალოთ. თავდაპირველად დაიბანეთ სასქესო ასო და საზარდულის მიდამო, შემდეგ გადასწიეთ ჩუჩა და დაიბანეთ სასქესო ასოს თავი. განსაკუთრებით კარგად დაიბანეთ ჩუჩის ნაკეცები.
როგორ მოვუაროთ სათესლე პარკს
სათესლე პარკის მიდამოში მაღალი ტემპერატურა არღვევს სპერმატოზოიდების გამომუშავების პროცესს. სათესლეში ტემპერატურა უნდა იყოს სხეულის ტემპერატურაზე 4 გრადუსით დაბალი. ამიტომ მოერიდეთ ყველაფერს, რაც გამოიწვევს ტემპერატურის მომატებას საზარდულსა და შორისის მიდამოში.
მჯდომარე ცხოვრების წესის მქონე მამაკაცები დროდადრო უნდა წამოდგნენ და გაიარონ, რათა სათესლეები მოშორდეს ცხელ სხეულს. შეეცადეთ ჩაიცვათ თავისუფალი სამოსი.
ჭარბი ცხიმი თეძოს შიგნითა ზედაპირზე, ბარძაყსა და მუცლის ქვედა ნაწილში ზრდის არა მარტო საზარდულის მიდამოს, არამედ მთელი სხეულის ტემპერატურას.
შორისისა და უკანა ტანის მიდამოს ჰიგიენა
დეფეკაციის შემდეგ ანუსის და შორისის მიდამო უნდა გასუფთავდეს ტუალეტის რბილი ქაღალდით წინიდან უკანა მიმართულებით. ეს თავიდან აგვაცილებს განავლისა და ნაწლავის ბაქტერიების სასქესო ორგანოებზე მოხვედრას. საუკეთესო გადაწყვეტილებაა გრილი წყლით ჩაბანა დეფეკაციის შემდეგ.
ჰიგიენა და სექსი
სქესობრივ აქტამდე და მის შემდეგ საჭიროა შხაპის მიღება და სასქესო ასოს, შორისისა და ანუსის კარგად დაბანა. მოზარდებს კი უნდა ავუხსნათ ჰიგიენის წესები პოლუციისა და მასტურბაციის შემდეგ.