მარტოხელა მამაკაცის სახელმძღვანელო
2. არ გაწუროთ და არ გააშროთ სარეცხ მანქანაში - შემდეგ უფრო ადვილად დააუთოებთ.
3. თუ ხელით რეცხავთ, ნუ გაწურავთ.
4. გააშრეთ საკიდზე.
5. პერანგის საყელო და მანჟეტები კისრისა და ხელის კანს მუდმივად ეხება და მალე ჭუჭყიანდება. საყელოს გასარეცხად გამოიყენეთ სპეციალური სარეცხი საშუალება, მაგრამ არასოდეს გახეხოთ ჯაგრისით ან ხელით - ქსოვილი გაცვდება და საყელო ფორმას დაკარგავს.
დაუთოების წესები
1. სასურველია, უთოს ჰქონდეს უჟანგავი ლითონის ან სპეციალური დამცავი ფენით დაფარული ზედაპირი, რომელიც ქსოვილს არ დააზიანებს. შეიძლება ორთქლის ფუნქციის გამოყენებაც, მაგრამ უკეთეს შედეგს მიიღებთ, თუ პერანგს ბოლომდე არ გააშრობთ, ოდნავ ნოტიოს ჩამოხსნით და ისე დააუთოებთ. მშრალი პერანგი დანამეთ პულვერიზატორით და მცირე ხნით მოათავსეთ პოლიეთილენის პაკეტში, რათა თანაბრად დაინამოს.
2. ტემპერატურული რეჟიმი დამოკიდებულია იმაზე, რა ქსოვილისაგან არის შეკერილი პერანგი.
ყველაზე ადვილია შერეული ქსოვილის - ბამბისა და პოლიესტერის ნარევის - დაუთოება. საკმარისია 110 გრადუსი ტემპერატურა, ცოტაოდენი ორთქლი და უთოზე მსუბუქი ზეწოლა. ვისკოზისგან შეკერილი პერანგების დაუთოებაც ადვილია. საჭიროა 120 გრადუსი ტემპერატურა, ორთქლი და მცირედი ზეწოლა. წყალმა შესაძლოა ლაქები დატოვოს, ამიტომ გამოიყენეთ მხოლოდ ორთქლი. სუფთა ბამბის ქსოვილის პერანგის დაუთოებისას დიგჭირდებათ უთოზე შედარებით დიდი ძალით ზეწოლა, 150 გრადუსი ტემპერატურა და ორთქლით დანამვა. ბამბისა და სელის ნარევისგან შეკერილი პერანგი დააუთოეთ 180-200 გრადუსზე უხვი ორთქლით, ძლიერი ზეწოლით. სელის ქსოვილის პერანგი დააუთოეთ 210-230 გრადუს ტემპერატურაზე, ძლიერი ზეწოლით. მოჭმუჭნილი ქსოვილის პერანგის დაუთოებისას უთო 110 გრადუსამდე გააცხელეთ, დააუთოეთ ორთქლის გარეშე. მუქი ქსოვილი დაუთოებისას შესაძლოა აპრიალდეს, ამიტომ უმჯობესია, დააუთოოთ უკუღმა მხრიდან. წაღმა პირიდან გაუთოების შემთხვევაში გამოიყენეთ ორთქლი და ქსოვილს მსუბუქად შეახეთ უთო. თავდაპირველად დააუთოეთ მცირე ზომის დეტალები - საყელო, მანჟეტები, ღილკილოები, შემდეგ - სახელოები, ბოლოს - ზურგი და კალთები.
უთო ნართის გასწვრივ, სიგრძივ ამოძრავეთ, რათა თავიდან აიცილოთ ქსოვილის გაჭიმვა და დეფორმაცია. საყელო დააუთოეთ კუთხეებიდან შუაგულისკენ ისე, რომ გარეთა ზედაპირზე ნაკეცები არ დარჩეს, ჯერ - უკუღმა, ხოლო შემდეგ წაღმა პირიდან.
აუთოეთ, ვიდრე საყელო სულმთლად არ გაშრება. კარგად დაუთოებელ პერანგზე პატარა ნაკეცებიც კი არ უნდა იყოს. საყელოს გადანაკეცის დაუთოება არ არის აუცილებელი. სახელო აუთოეთ შუაგულიდან კიდეებისაკენ. სხვაგვარად ქსოვილს ნაკეცები გაუჩნდება. თუ საუთოო დაფას იყენებთ, სახელო მასზე წამოაცვით და გადაჭიმეთ - ასე დაუთოება უფრო ადვილია. ეცადეთ, სახელოებზე ნაკეცები არ დარჩეს - ეს უგემოვნობის ნიშანია. მანჟეტები დააუთოეთ ჯერ უკუღმა, შემდეგ წაღმა პირიდან. ორმაგი მანჟეტი ჯერ გაშალეთ და ნაკეცის გარეშე დააუთოეთ, შემდეგ შესაბამის ადგილას გადაკეცეთ და დააუთოეთ გადანაკეცი. პერანგის ზურგი მოათავსეთ საუთოო დაფაზე, უკუღმა მხრიდან ქვევით, გაასწორეთ და გააუთოეთ. ყურადღება მიაქციეთ ცენტრალურ ნაკეცს - ის სიმეტრიულად უნდა იყოს გაუთოებული. ნაკეცი საუთოო დაფის კიდეზე გვერდითი ნაკერის პარალელურად მოათავსეთ, პერანგი მჭიდროდ დაიჭირეთ და ნაკეცს უთო დაუსვით. მთელი პროცედურა გაიმეორეთ მეორე მხრიდანაც. ამის შემდეგ დაფაზე მოათავსეთ ცალი კალთა წაღმა პირით ზემოთ და გააუთოეთ. ფრთხილად გაუსვით უთო ღილებს შორის არეებს. პერანგს გაგრილება აცადეთ და საკიდზე ჩამოკიდეთ.