სიმართლე მამაკაცებზე
რათა ურთიერთხელსაყრელ, პატიოსან თანამშრომლობას მიაღწიონ. იმისათვის, რომ ურთიერთობა სწორად ააგო, უნდა იცოდე პარტნიორის ქცევის მოტივები, სამყარო მისი თვალით დაინახო, მასავით შეიგრძნო, გაიგო, რა სურს და რატომ. ცოლქმრული ცხოვრებაც ერთგვარი თანამშრომლობაა. ოჯახური თანაცხოვრების პირველი წლები ყველაზე კონფლიქტურია. მამაკაცებს უფრო სწრაფად უყვარდებათ, ვიდრე ქალებს. მანდილოსნებში, ყოველ შემთხვევაში, ურთიერთობის საწყის ეტაპზე მაინც, გონება გრძნობას ჯაბნის.
მამაკაცები ქალებზე საშუალოდ 8 წლით ნაკლებს ცოცხლობენ, თანაც საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა არ უყვართ. მათში ქვეცნობიერად ზის აზრი, რომ წუწუნი და ექიმებთან სირბილი არამამაკაცური საქციელია. თქვენ ვერასოდეს დააინტერესებთ მამაკაცს დაავადებასა თუ დიეტაზე საუბრით და ვერც საკუთარი ტანჯვის აღწერით გამოიწვევთ მის თანაგრძნობას. ვერც იმას ეღირსებით, ყოველდღიური პრობლემებისგან გაგათავისუფლონ - უკიდურესად ღონემიხდილიც რომ იყოთ, სადილ-ვახშამზე, სახლში წესრიგსა და ოჯახის წევრების ჯანმრთელობაზეც კი თქვენ უნდა იზრუნოთ. ქალი ფიზიკურადაც და ფსიქიკურადაც გაცილებით ამტანია. იმუნური სისტემა ქალს უფრო მყარი აქვს, ხოლო მისი ფსიქიკა, უბრალოდ, უწყვეტი ადაპტაციისთვის არის შექმნილი. გემის კატასტროფის დროს გადარჩენილი ქალი პროცენტულად მამაკაცზე გაცილებით მეტია. არა მარტო იმის გამო, რომ ძლიერები სუსტებს უთმობენ ადგილს - უფრო იმიტომ, რომ ქალის ორგანიზმი უფრო სრულყოფილია და გონებაც უფრო სწრაფად ერგება ახალ სიტუაციას.
მამაკაცებს უფრო სქელი კანი აქვთ (არა გადატანითი, არამედ პირდაპირი მნიშვნელობით), ამიტომ ნაოჭები გვიან უჩნდებათ და თანატოლ მეუღლეებზე გაცილებით ახალგაზრდულად გამოიყურებიან, მაგრამ მხოლოდ გარეგნულად. მამაკაცები და ქალები სხვადასხვანაირად აზროვნებენ. მამაკაცს შეუძლია, ერთდროულად აკეთოს ორი საქმე, მაგალითად, უკირკიტოს მანქანას და იმსჯელოს მიმდინარე მოვლენებზე. ამ შემთხვევაში მანქანაზე ტვინის ერთი ნახევარსფერო აგებს პასუხს, საუბარზე კი მეორე. ქალი პრობლემის გადაჭრაში ორივე ნახევარსფეროს რთავს, ამიტომ საკითხს უფრო სწრაფად აგვარებს და უფრო გამჭრიახიც არის. ყველა მამაკაცი ბავშვია - ასე თქვა კოკო შანელმა. თუ ქალმა გაიგო ეს, ესე იგი, ყველაფერს გაიგებს. მამაკაცს 50 წლის ასაკშიც შეუძლია, რბილად რომ ვთქვათ, ალოგიკური და აუხსნელი საქციელის ჩადენა.
საინტერესოა ის ფაქტიც, რომ მამაკაცებს უფრო ხშირად უცრუვდებათ იმედი ცხოვრების თანამგზავრთან დაკავშირებით. ეს მარტივი ასახსნელია: ქალები უფრო დაკვირვებულნი არიან და იციან, ვის მიჰყვებიან ცოლად, მამაკაცები კი ლამაზი თვალებისა და ფეხების იქით ვერაფერს ხედავენ და არც იციან, რა ელით ოჯახურ ცხოვრებაში. მათი უმრავლესობა საკუთარ თავს აღიქვამს დიდ ბავშვად, რომელსაც უვლიან და ეფერებიან, ქორწინების შემდეგ კი აღმოაჩენს, რომ ცოლს მისი მოვლის გარდა სხვა ინტერესებიც აქვს.
ყველა ცოლიანი მამაკაცი მოუთმენლად ელის შთამომავალს, მაგრამ ბავშვის გაჩენის შემდეგ ოჯახები ინგრევა: ელიან ერთს - ბედნიერებას, მილოცვებს, და იღებენ მეორეს - საფენების გროვას და თეთრად გათენებულ ღამეებს...
მამაკაცებს წარმატება სწყურიათ. მიზანი, კარიერა, ფული მათთვის მთავარია, სამსახურიდან დათხოვნა - ყველაზე დიდი ტრაგედია. მამაკაცი, რომელიც სამსახურს კარგავს, თავს უსუსურ არსებად აღიქვამს.
მამაკაცები არასდროს ამბობენ უარს სხვა ქალთან არშიყზე. მოსიყვარულე მამასა და მეუღლესაც კი შესწევს უნარი, დააფასოს ახალგაზრდა ქალის მოხდენილი ფეხები და ფლირტი გააბას. 40-50 წლის ასაკში ფლირტი თვითდამკვიდრების ერთგვარი მეთოდია - მამაკაცი თითქოს კიდევ ერთხელ ახდენს იმ ღირსებების დემონსტრირებას, რომლებსაც ცოლი უკვე აღარ აფასებს... რას ვიზამთ, კლეოპატრასაც კი ღალატობდნენ. პოტენცია მამაკაცის სიამაყეა, მისი დაკარგვა კი ტრაგედია. არასოდეს შეეხოთ მამაკაცისთვის მეტად სათუთ ამ სფეროს დაცინვითა და ირონიით. დაუკვირდით, დაფიქრდით, გამოიტანეთ სწორი დასკვნები - შესაძლოა, შეცდომები თავიდან აიცილოთ.