მამაკაცი და კრიზისი: სახელმძღვანელო ქალებისათვის
როდესაც მამაკაცი აღწევს კრიზისის პიკს, ასაფრენად გამზადებული კოსმოსური ხომალდივით იწყებს ყოველივე ზედმეტის მოცილებას - თანდათან კარგავს აზროვნების, თავდაცვის უნარს, გარესამყაროს მიმართ ინტერესს... ის ერთგვარი ავტოპილოტის რეჟიმში ცხოვრობს. გარემომცველ სინამდვილეს ყურადღებას, პრაქტიკულად, არ აქცევს, მხოლოდ საკუთარ განცდებზეა კონცენტრირებული და რომ არა მოვალეობათა მთელი წყება, ის სულიერი განცდების მორევში ჩაიძირებოდა.
დიდი გზის ეტაპები
მამაკაცი ბუნებით სუსტია, ცხოვრება კი მისგან ძლიერებას, საკუთარი თავისა და შესაძლებლობების რწმენას მოითხოვს. კაცს ბევრი რამ მიაქვს გულთან, მეტად იხრება თვითანალიზისკენ, მაგრამ მის მხრებს აწვება უამრავი სტანდარტი, რომლებსაც უნდა შეესაბამებოდეს. მამაკაცი, რასაკვირველია, აცნობიერებს, რომ ყველაფერი წარმავალია, მათ შორის - ცხოვრების რთული პერიოდებიც, მაგრამ მაინც განიცდის ამ მდგომარეობას და თვითგვემას ეძლევა. დაახლოებით 27 წლის ასაკში მამაკაცის ცხოვრებაში დგება კრიზისი N1. ის მოწიფულ ასაკში შედის და ეს არ სიამოვნებს. ცხოვრება აძლევს პირველ სიგნალს, რომ დროა, ამქვეყნად საკუთარი ადგილი დაიკავოს, იკისროს გარკვეული პასუხისმგებლობა და ისწავლოს გადაწყვეტილების მიღება. ხანმოკლე შესვენება, მოჩვენებითი სიმშვიდე და... 40 წლისთვის მამაკაცის ცხოვრებაში დგება კრიზისი N2 - საშუალო ასაკის კრიზისი. "ვინ ვარ, რას მივაღწიე ცხოვრებაში?" - ეს კითხვები შიგნიდან ღრღნის და მოსვენებას არ აძლევს მას. მეგობრები და კოლეგები თანაგრძნობით ეხუმრებიან. პასუხად მამაკაცი ნაძალადევად იღიმება, მაგრამ უფრო მეტად იწყებს ფიქრს ცხოვრებაში თავისი როლისა და ფუნქციის შესახებ, რითაც უფრო მეტად ღლის და აბეზრებს თავს ირგვლივ მყოფებს.
ამას მოჰყვება კრიზისი N3 50 წლის ასაკში და N4 პენსიაზე გასვლისას.
კრიზისულ სიტუაციას, როგორც წესი, თან სდევს უსიამოვნო გარეგნული მომენტები (ჭაღარა, სიმელოტე, ღიპი). რაც შეეხება სულიერ ნეგატიურ ფაქტორებს, ამ რეფლექსების ინტენსივობა უშუალოდ უკავშირდება ინტელექტს, ტემპერამენტსა და შემოსავალს. კრიზისი დასრულდება მაშინ, როდესაც მამაკაცი ამას თავად ისურვებს. ერთი მწერალი ამბობს: "სამი რამ შეიძლება გაუკეთოს ქალმა მამაკაცს: პირველი - არჩინოს, მეორე - ირწმუნოს მისი გენიალურობა და მესამე - თავი დაანებოს. ამასთან, მესამე არ გამორიცხავს მეორესა და პირველს". ეს ფორმულა პრაქტიკულად ყველა მამაკაცისათვის მისაღებია.
თუ მამაკაცმა ასე თუ ისე გააცნობიერა, რა ხდება მის თავს, ამ შემთხვევაში თქვენ მხოლოდ მის გვერდით დგომა მოგეთხოვებათ, რაც გულისხმობს მამაკაცის დაპურებას, სიყვარულს და მისი შესაძლებლობების რწმენას. მთავარია, ეს ისე გააკეთოთ, რომ მამაკაცმა საკუთარი განცდების გამო თავი დამნაშავედ არ იგრძნოს. კრიზისულ (და არამხოლოდ) პერიოდში გულგრილი ან აგდებული ტონი საშინელი იარაღია, რომელსაც დიდი ხანია წყალბადის ბომბის სტატუსი უნდა მიენიჭოს და კანონით აიკრძალოს. უბრალოდ, გესლიანი სიტყვები არა მასიური, არამედ ინდივიდუალური განადგურების იარაღია, თანაც ყოველთვის მიზანში ხვდება.
ჩვეულებრივ, მამაკაცები სტრესს მდუმარედ უმკლავდებიან. თუ შეამჩნიეთ, რომ თქვენი მეუღლე ან მეგობარი იტანჯება, ნუ შეაწუხებთ და ნუ ჩაეკითხებით, რა მოხდა. შეგიძლიათ, მხოლოდ ერთხელ შესთავაზოთ: "თუ საუბრის სურვილი გაგიჩნდება, მე მზად ვარ მოგისმინო". თუ შეიტყვეთ, რომ თქვენს რჩეულს სხვა ქალთან აქვს რომანი, ნუ მოსთხოვთ, სასწრაფოდ გააკეთოს არჩევანი თქვენსა და მას შორის. ჯერ ერთი, შესაძლოა, ცხელ გულზე სწორედ ის აირჩიოს. მეორეც, ასეთი რომანები, როგორც წესი, მალე მთავრდება. მამაკაცი დარწმუნდება იმაში, რომ ჯერ კიდევ "შეუძლია", ხოლო მისი საყვარელი - იმაში, რომ ცოლიან მამაკაცთან ურთიერთობა ნეტარება ნამდვილად არ არის. კრიზისის პერიოდში მამაკაცები ხშირად ხდებიან პესიმისტები. ეცადეთ, ყურადღება პოზიტიურ მოვლენებზე გაამახვილებინოთ.
თუ თქვენი ქმარი იპოქონდრიკად იქცა - გამუდმებით რაიმე დაავადებას ეძებს, დადის ექიმებში - თანაუგრძნეთ, მაგრამ ნუ იქცევით მის "დედიკოდ". გახსოვდეთ: ქმრები ავად მეტისმეტად მზრუნველ ცოლებს უხდებათ, ანჩხლ ქალებს მეუღლეები მუდმივ ტონუსში ჰყავთ.