რა კავშირი აქვს მაღალ არტერიულ წნევას ერექციულ დისფუნქციასთან - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2019

კითხვა-პასუხი

რა კავშირი აქვს მაღალ არტერიულ წნევას ერექციულ დისფუნქციასთან

რა კავშირი აქვს მაღალ არტერიულ წნევას ერექციულ დისფუნქციასთან
მაღალი არტერიული წნევის ერექციულ დისფუნქციასთან კავშირის განხილვამდე მოკლედ შეგახსენებთ მამაკაცის სასქესო ასოს ანატომიას. როგორც მორფოლოგიური აგებულებით, ასევე ფუნქციური როლის მიხედვით, ასოს ძირითადი ნივთიერება შედგება ერთმანეთისაგან გამორჩეული ორი ნაწილისაგან - ასოს მღვიმოვანი სხეულისაგან, რომელიც მისი უმეტესი ნაწილია და შუაზე ორადაა გაყოფილი ღარით და ასოს კენტი ღრუბლისებრი სხეულისაგან. ასოს მღვიმოვან ნაწილს სხვაგვარად ერექციულ (ერეცტორ - გამმართველ) ნაწილსაც უწოდებენ, რადგან მასზეა დამოკიდებული ასოს ერეგირების ფუნქცია. მღვიმოვანი სხეული შედგება მრავლობითი წვრილი არტერიებისა და ვენებისაგან, გლუვკუნთოვანი ბოჭკოებისა და მღვიმოვანი ხარიხებისაგან, რომლებიც ერთმანეთისგან თავისუფალ სივრცეებს, ე.წ.
მღვიმეებს გამოყოფს.


ერექციის დროს სასქესო ასოს გლუვ კუნთებს თავის ტვინიდან მიეწოდება შესაბამისი იმპულსები, შედეგად მღვიმოვანი სხეულის ხარიხები დუნდება, არტერიათა სანათური კი ფართოვდება. საბოლოოდ, ასოს მღვიმოვანი სხეულის მღვიმეები სისხლით ივსება. სწორედ მღვიმეების სისხლით ავსება განსაზღვრავს
ასოს დაჭიმვის (ერექციის) დონეს. ასოს არტერიის საბოლოო ტოტები ხარიხების ქსოვილს მიჰყვება, ასოს ზომების ცვალებადობის გამო სპირალურად არის დახვეული და ასოს დაჭიმულობის შესაბამისად იცვლის ზომებს. ამ ნიშნის გამო მათ ეწოდება ჭავლისებრი (ხვეული) არტერიები, დასაწყის ვენებს კი დიდი სანათურის გამო - მღვიმოვანი ვენები.

სისხლის ნაკადის წნევის გამო მღვიმოვანი სხეულის გარემომცველი ქსოვილის ზეწოლით სასქესო ასოს ვენები იჭყლიტება. შედეგად სისხლი მღვიმეებში გროვდება, სასქესო ასო ფართოვდება, იმატებს მოცულობაში. ერექციის დასრულებისკვალად ასოს გლუვი კუნთები კვლავ იკუმშება, რის გამოც სისხლს შეუძლია ვენებში თავისუფლად გადაადგილება. სასქესო ასოს მოცულობა მცირდება და საწყის მდგომარეობას უბრუნდება.

იმპოტენციის განვითარებაზე მრავალი ფაქტორი მოქმედებს. მათ შორის ერთ-ერთია მაღალი არტერიული წნევა. ამერიკის გერიატრიული საზოგადოების ჟურნალში ჯერ კიდევ 1988 წელს დაიბეჭდა საინტერესო კვლევის შედეგები. როგორც გამოცემაშია მითითებული, არტერიული ჰიპერტონიით დაავადებული 40-დან 79 წლის ასაკის პაციენტების 49%-ს ერექციული დისფუნქცია აღენიშნებოდა. მოგვიანებით ჩატარებული კვლევების თანახმად კი, რომელთა შედეგებიც გამოქვეყნდა 2000 წელს ჟურნალ “უროლოგიაში” (აშშ), მაღალი არტერიული წნევის მქონე პაციენტთა 68%-ს იმავდროულად სხვადასხვა დონის ერექციული დისფუნქციის პრობლემაც ჰქონდა. ამასთან, იმპოტენციით დატანჯულ პაციენტთა 45%-ს ჰიპერტონიის მძიმე ფორმა აღენიშნებოდა.

ჰიპერტონიის დროს ირღვევა სასქესო ასოს მღვიმოვანი სხეულის სისხლით ავსებაზე პასუხისმგებელი არტერიების გაფართოება. გარდა ამისა, ირღვევა ასოს გლუვკუნთოვანი აპარატის მოდუნების უნარი (ფუნქცია) ტვინიდან მოსული იმპულსაციის საპასუხოდ. ყოველივე ამის შედეგად, ასოს მღვიმოვანი სხეულის მღვიმეებში ვერ აღწევს სათანადო რაოდენობით სისხლი ნორმალური ერეგირებისათვის. ყოველივე ზემოთ აღნიშნულს ემატება ისიც, რომ ჰიპერტონიის მქონე ზოგიერთ მამაკაცს სისხლში ტესტოსტერონის დაბალი დონე აღენიშნება. მოგეხსენებათ, ტესტოსტერონი მთავარი მამრობითი სასქესო ჰორმონია (მთავარი “მამაკაცური ჰორმონი”, როგორც მას ხშირად უწოდებენ), რომელიც დიდ როლს თამაშობს სქესობრივ აგზნებაში.

არაერთი კვლევითაა დადასტურებული, რომ ჰიპერტონიამ თავისთავადაც შეიძლება გამოიწვიოს იმპოტენცია. მაგალითად, ათეროსკლეროზის დროს, რომელიც თავად არის არტერიული ჰიპერტენზიის რისკფაქტორი, აღინიშნება ათერომული ფოლაქების განვითარება საზოგადოდ არტერიათა კედლებზე, მათ შორის, თეძოს არტერიების კედლებსა და აორტის ბიფურკაციის (გაყოფა-დანაწევრების) ადგილზე. სასქესო ასოს არტერიები კი სწორედ ამ მსხვილი არტერიებისაგან გამოიყოფა (უფრო კონკრეტულად, ასოს ღრმა და ზედაპირული არტერიები შიგნითა და გარეთა სასირცხო არტერიების ტოტებია). პათოლოგიური პროცესის გამო, საბოლოოდ, არტერიათა სანათური ვიწროვდება და მათში სისხლის ნაკადი ირღვევა.

საყურადღებოა ისიც, რომ ჰიპერტონიის სამკურნალო ზოგიერთი პრეპარატი, გვერდითი მოვლენის სახით, ასევე იწვევს ერექციულ დისფუნქციას. ასეთი ეფექტის მქონე პრეპარატებს შორის გამოიყოფა შარდმდენები (დიურეზული საშუალებები) და ბეტაბლოკატორები.

დიურეზული საშუალებები (ე.წ. დიურეტიკები) ის პრეპარატებია, რომლებიც თირკმლის საშუალებით აძლიერებს ორგანიზმიდან სითხის გამოდევნას. ისინი რეალურად სისხლის მიმოქცევის ქსელში (კალაპოტში) ამცირებენ სისხლის მოცულობას, შედეგად, ერექციის პროცესში სისხლის ნაკადი სასქესო ასოსკენაც მცირდება. გარდა ამისა, შარდმდენები ორგანიზმში თუთიის შემცველობას ამცირებს. თუთია კი ტესტოსტერონის პროდუქციისა და საზოგადოდ, წინამდებარე ჯირკვლის (პროსტატის) ნორმალური ფუნქციობისათვის უმნიშვნელოვანესი მინერალია. ბეტაბლოკატორებიც ხელს უწყობს იმპოტენციის განვითარებას, ამცირებს რა ნერვული იმპულსებით სასქესო ასოს კუნთოვანი აპარატის სტიმულაციას. გარდა ამისა, აღნიშნული პრეპარატები არღვევს არტერიათა გაფართოების უნარს ერექციის დროს და სასქესო ასომდე ბევრად ნაკლები სისხლი მოედინება. ისიც ცნობილია, რომ ბეტაბლოკატორები დეპრესიის აღმოცენებაშიც აქტიურად მონაწილეობს, ფსიქოლოგიურ განწყობას კი, ერექციის ფუნქციისა და საზოგადოდ, სქესობრივი აქტის ნორმალურად წარმართვისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

საყურადღებოა შემდეგიც, ჰიპერტონიასთან შეუღლებული ზოგიერთი მავნე ჩვევა აღრმავებს როგორც არტერიული ჰიპერტენზიის მიმდინარეობას, ასევე იმპოტენციის განვითარებას. ეს ეხება კონკრეტულად თამბაქოს მოწევას. მოწევა იწვევს წვრილი არტერიების შევიწროებას, აზიანებს სისხლძარღვთა კედლებს, არის ათეროსკლეროზული პროცესების განვითარების მთავარი რისკფაქტორი. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ არტერიული ჰიპერტენზიით დაავადებულ მწეველებთან იმპოტენცია გაცილებით მაღალი სიხშირით გვხვდება.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
ჯირკვლის ჯანმრთელობის ხელშეწყობისთვის-30აბი
ფასი: 69.9
ხვრინვის საწინააღმდეგო საშუალება-20მლ აეროზოლი
ფასი: 37.4
ამცირებს ქოლესტერინის და ცხიმის დონეს-50მლ
ფასი: 26.9
შრომისუნარიანობის შესანარჩუნებლად.-28 აბი
ფასი: 39.9
დიეტოლოგია
დიეტური კვება აუმჯობესებს ნაწლავის პერისტალტიკას და უზრუნველყოფს მის დროულ დაცლას;
წონის კორექციის მსურველებს დიეტოლოგები რამდენიმე რჩევას აძლევენ - არ შეიძლება ისეთი აბებისა თუ
მკვლევარებმა შეადარეს ეფექტი, რომელსაც დაბალი და მაღალი ენერგეტიკული სიმკვრივის პროდუქტები მადასა
კატეგორიის სხვა სტატიები
გაკეთებული მაქვს პროსტატის ოპერაცია (ტური). ამ შემთხვევაში სქესობრივი კავშირის დამყარება პარტნიორთან ხომ არ გამოიწვევს ჯანმრთელობის გაუარესებას?
ცისტიტი შარდსასქესო სისტემის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. ხშირად ის
სათესლე პარკის ცხიმგროვა (ათერომა, ლიპომა) - კანის კეთილთვისებიანი წარმონაქმნია,
ჯანმრთელი მამაკაცის სასქესო ასოზე ვენები პრაქტიკულად შეუმჩნეველია.
თირკმლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია სისხლის გაწმენდაა. ორგანიზმში გადაადგილებისას
სულ რამდნეიმე წლის წინ თირკმლის დიდი ზომის კენჭების მოსაშორებლად უროლოგები მეტად ტრავმულ
ზაფხული, სხვა ღირსებებთან ერთად, ხილის, ბოსტნეულისა და ბაღჩეულის მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა.
ჩვენს განწყობას ჩვენივე ტვინის ქიმია განსაზღვრავს. მისმა მცირე ძვრამაც კი შეიძლება დეპრესია გამოიწვიოს.
ბებიაჩემი გამუდმებით ჩამჩიჩინებს, რომ კანი კოსმეტიკით არ უნდა გადავტვირთო, რომ კონსერვანტები ზამთარშიც ეყოფა, ახლა კი დასვენება და ცოცხალი ვიტამინები სჭირდება. მართლა ასეა თუ არა?


ბაღი ნამდვილად ყველა სახლს დაამშვენებს. ბაღიან ეზოში დასვენება, განტვირთვა ძალიან სასიამოვნო და სასარგებლოა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად