„როდესაც ქვეყანას ჰყავს დიდი პროფესიონალები“ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

„როდესაც ქვეყანას ჰყავს დიდი პროფესიონალები“

სიმსივნის დიაგნოზი ხომ, ფაქტობრივად, სასიკვდილო განაჩენია პაციენტისთვის, მისი ოჯახისა თუ, საზოგადოდ, ახლობლებისთვის. წარმოიდგინეთ ახლა შარდის ბუშტის კიბოს დიაგნოზი, ერთ-ერთი ვერაგი და სწრაფპროგრესირებადი სიმსივნისა. თუ იმასაც გაითვალისწინებთ, რომ შარდის ბუშტის კიბოს ქირურგიული მკურნალობა ერთ-ერთი ურთულესი ოპერაციაა ონკოლოგიურ ქირურგიაში (მას ამერიკელ უროლოგთა მხოლოდ 9% აკეთებს) და ქართველ პაციენტებს არ სჭირდებათ ამ ოპერაციისთვის უცხოეთში გამგზავრება, რადგანაც ის წარმატებით ხორციელდება პროფესორ გურამ ქარაზანაშვილის მიერ, მიხვდებით, რომ ეს მართლა ფრთების გაშლაა ყოველმხრივ შეჭირვებული ადამიანებისთვის. მით უფრო, რომ ოპერაციის შემდეგ ისინი არავითარ დისკომფორტს არ განიცდიან, შარდის გამომტანი მილით (შარდსადენით, ურეთრით) ჩვეულებრივ, ბუნებრივად, ფიზიოლოგიურად შარდავენ, ოღონდ უკვე ე.წ. ხელოვნური, ანუ მათივე ნაწლავიდან შექმნილი რეზერვუარიდან.

ეს სიტყვებითაა მარტივად გამოსათქმელი, რეალურად კი რამდენად რთული ოპერაციისა და პროფესიონალთა როგორი ძალისხმევით მიიღწევა - ქვემოთ შეიტყობთ.

მანამდე კი ცოტა რამ ჩვენი ქვეყნის უდიდეს პროფესიონალზე, გამორჩეულ ექიმსა და საოცარ პიროვნებაზე - პროფესორ გურამ ქარაზანაშვილზე:

იგი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური პროფესორი და „ემ-ემ-ტე“ ჰოსპიტალის წამყვანი სპეციალისტია უროლოგიაში. ამავე დროს ამერიკის უროლოგიური ასოციაციის წარმომადგენელი საქართველოში, ევროპის უროლოგთა ასოციაციის სრულუფლებიანი წევრი, ევროპის უროლოგთა ასოციაციის ონკოლოგიური უროლოგიის სექციის საბჭოს ასოცირებული და საქართველოს უროლოგიური ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, ამერიკის უროლოგთა ასოციაციის ინტერნაციონალური და ევროპის უროლოგთა ასოციაციის კლინიკური კვლევების ოფისის წევრი, თავად არაერთი ფონდის სტიპენდიანტი, არაერთი ჯილდოსა და პრემიის მფლობელი, გერმანიის ყოფილ სტიპენდიანტთა საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრიცაა.

მიღებული აქვს საქართველოს ეროვნული პრემია - პროსტატის კიბოს სამეცნიერო კვლევაში მიღწეული წარმატებებისთვის, პრიზი საუკეთესო მოხსენებისთვის - „პროგრესი და წინააღმდეგობები ონკოლოგიურ უროლოგიაში“ (როტერდამი, ჰოლანდია).

საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს საატესტაციო კომიტეტის გადაწყვეტილებით, დასახელებულია უმაღლესი კატეგორიის უროლოგად.

კლინიკური და სამეცნიერო სტაჟირება გავლილი აქვს:

  • ვივანტეს კლინიკის უროლოგიურ დეპარტამენტში (ბერლინი, გერმანია);
  • ბონის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის უროლოგიურ დეპარტამენტში (ბონი, გერმანია);
  • ევროპისა და ამერიკის უროლოგიური ასოციაციების აკადემიური გაცვლის პროგრამით მეიოს კლინიკაში, დუკის, ჩიკაგოსა და ვანდერბილდტის უნივერსიტეტებში (ამერიკის შეერთებული შტატები);
  • ლუნდის უნივერსიტეტსა და მალმოს საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის უროლოგიურ დეპარტამენტში (მალმო, შვედეთი);
  • ვენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის უროლოგიურ დეპარტამენტში (ვენა, ავსტრია);
  • ოფენბახიმაინზე ქალაქის ჰოსპიტლის უროლოგიურ დეპარტამენტში (ოფენბახიმაინზე, გერმანია);
  • რადბაუდის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის უროლოგიურ დეპარტამენტში (ნაიმეგენი, ნიდერლანდები).

აი, რას წერს ბონის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის უროლოგიური კლინიკის დირექტორი, გერმანიის უროლოგთა საზოგადოების ექს-პრეზიდენტი, პროფესორი შტეფან მიულერი ჩვენს ქართველ ექიმზე:

“17 წლის წინ გერმანიის გაცვლითი პროგრამის გრანტით პროფესორი ქარაზანაშვილი ჩემს დეპარტამენტში ახალგაზრდა უროლოგად მოვიდა. მან ჩემი ყველა კოლეგა მოხიბლა თავის საქმეში განათლებითა და მოწადინებით. ის მოსკოვში სწავლობდა და ხელიდან არ გაუშვა შესაძლებლობა, მოევლო მსოფლიო, წასულიყო სამუშაოდ ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა შვედეთი, ნორვეგია, ავსტრია და აშშ. ასე რომ, როგორც უროლოგს, მას უკვე ძალიან დიდი გამოცდილება ჰქონდა, როდესაც ჩვენთან სამუშაოდ მოვიდა. გერმანიაში მან მხოლოდ ის არ დაამტკიცა, რომ ბრწყინვალე უროლოგია, ჩვენ ძალიან ძლიერი მეგობრული ურთიერთობები ჩამოგვიყალიბდა, რისი წყალობითაც მეც არაერთხელ ვიყავი საქართველოში. პროფესორი ქარაზანაშვილი მთელ მსოფლიოშია ცნობილი თავისი ცოდნით, გამოცდილებითა და მეცნიერული მიღწევებით. ამ ყოველივეზე დაყრდნობით, მან ძალზე დააწინაურა და განავითარა უროლოგიის დარგი საქართველოში. მე ბედნიერი ვარ, რომ ასეთი გამორჩეული ახლო მეგობარი მყავს საქართველოში”.

ჩვენ კი ბედნიერები ვართ, რომ ასეთი გამორჩეული ქირურგი გვყავს საქართველოში! გურამ ქარაზანაშვილი გამორჩეულია არა მხოლოდ პროფესიონალიზმით, არამედ პიროვნული თვისებებითაც. ქების ღირსია მისი წესიერება, დიდი შინაგანი კულტურა, პასუხისმგებლობა, სითბო და გულისხმიერება პაციენტებისადმი, ღირსეული დამოკიდებულება კოლეგებისადმი, რაც, სამწუხაროდ, იშვიათია ჩვენს რეალობაში. ის კურნავს არა მხოლოდ პროფესიონალი მარჯვენით, როგორც დიდოსტატი ქირურგი, არამედ, უპირველესად, თბილი და სათუთი დამოკიდებულებით, როგორც ჭეშმარიტი მკურნალი. ამას ადასტურებს მისი ყველა პაციენტი. აი, ზოგიერთი მათგანის კომენტარი:

შაქრო გ. 65 წლის, აბაშიდან:

“მადლობის მეტი არაფერი მეთქმის გურამ ქარაზანაშვილისა და გიორგი კალანდიას მიმართ. საოცარი ექიმები და ადამიანები არიან. მე ასეთი ხალხი არ შემხვედრია. საერთოდაც, მთელი კოლექტივი, ყველანი კარგები არიან, თვალებში შემოგციცინებენ, ოღონდ კარგად გახდე და ფეხზე წამოდგე. სად ხდება დღეს ასე, თან ჰყვებოდნენ ავადმყოფს?! გურამის წყალობითაა, რომ მე დღეს კარგად ვარ. მან 2010 წლის დეკემბერში ჩემივე ნაწლავიდან რეზერვუარი გამიკეთა. მას შემდეგ ისე ვარ, როგორც ჩვეულებრივი ადამიანი, რასაც მინდა იმას ვაკეთებ, ვჭამ, ვსვამ. გურამი უძლიერესი ექიმი და დიდებული კაცია. მადლობის მეტი რა მეთქმის!”

ლ. რ., 57 წლის, ზუგდიდიდან:

“დიდი მადლობა გურამს, ძალიან კარგი პიროვნებაა. 4 თვის წინ გამიკეთა ოპერაცია. ძალიან კარგად მიმიღო, გაუხარდა, როცა გაიგო, რომ მეც კომაროველი (კომაროვის სკოლადამთავრებული) ვარ. ღიმილით სულ იმას ამბობდა, ჩვენ ერთი სკოლელები ვართო. საერთოდ ძალიან კარგი დამოკიდებულება აქვს პაციენტებთან, ასევეა მის კლინიკაში მომუშავე ყველა ექიმი ძალიან თბილი და ყურადღებიანია. ოპერაციიდან 15 დღეში ფეხზე დამაყენეს. საოცარი ის არის, რომ კლინიკიდან გაწერის შემდეგ თავად მირეკავდნენ, როგორ ხართ, რაიმე პრობლემა ხომ არ გაქვთო. ასეთი რამ გაგიგიათ, ექიმი ავადმყოფს ურეკავდეს მოსაკითხად?! მადლობის მეტი არაფერი მეთქმის, სიმსივნიანი კაცი გადამარჩინეს. აგერ, გავთამამდი, ერთი-ორი ჭიქა ლუდიც დავლიე და ყველაფერი კარგადაა!”

ფრიდონი გ. 54 წლის, წალენჯიხიდან:

“ოპერაცია 2012 წლის სექტემბერში გავიკეთე. შარდის ბუშტის სიმსივნე 4,5 სმ-მდე იყო გაზრდილი, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე სხვა კლინიკაში მოვიწვი. იქვე მითხრეს, ვერ ასცდები შარდის ბუშტის ამოკვეთასო. გურამი ათი საათი მიკეთებდა ოპერაციას, მე, რა თქმა უნდა, არაფერი მახსოვს, მერე 5 დღე რეანიმაციაში ვიწექი. პერსონალი ყურადღებას არ მაკლებდა, გურამი და მისი დამხმარეებიც ყოველდღე მაკითხავდნენ. ახლა ისე კარგად ვარ, მეტი არ შეიძლება. მიუხედავად იმისა, რომ მერე ქიმიოთერაპიის 6 კურსიც ჩავიტარე, გურამ ექიმის რჩევით. ჩვეულებრივ ვარ, ღვინოსაც ვსვამ. ქართველი კაცის ამბავი ხომ იცით, ღვინის სმა თუ მივატოვე, რაღა გამოვა? გურამი კი მამხნევებდა ოპერაციის შემდეგ - დალევის პრობლემა არ გექნება – რაც გქონდა, ორი იმხელა შარდის ბუშტი ჩაგიდგიო! უზომოდ კმაყოფილი ვარ ამ კაცის. ხომ აქვს მნიშვნელობა, ექიმი როგორ გეპყრობა, ძალიან კარგი კაცია, გულთან მიაქვს ადამიანის ტკივილი, თავს გევლება, სახეზე რაც აწერია, ზუსტად ისეთი თბილია!

* * *

ახლა კი იმის შესახებ, როგორ იქმნება შარდის ხელოვნური რეზერვუარი და რას გულისხმობს შარდის ორთოტოპული დერივაცია (გადაყვანა).

- ბატონო გურამ, თუ შეიძლება განუმარტეთ მკითხველს, როდის ჩნება ე.წ. ხელოვნური შარდის ბუშტის შექმნის აუცილებლობა.

- შარდის ბუშტის სრული ქირურგიული ამოკვეთის (რადიკალური ცისტექტომიისა) და შესაბამისად, მისი აღდგენითი ოპერაციის, რეკონსტრუქციის (ხელოვნური რეზერვუარის შექმნის) საჭიროება დგება მენჯის ღრუს ავთვისებიანი სიმსივნეების დროს, მათ შორის ყველაზე ხშირად საკუთრივ შარდის ბუშტის კიბოს დროს, ასევე პროსტატის, საშვილოსნოს ყელის, ტანისა და საშოს გავრცობილი სიმსივნეების დროს, როდესაც ისინი ჩაზრდილია შარდის ბუშტში. ყველა ამ პათოლოგიის დროს (ქალებსა თუ მამაკაცებთან) დგება შარდის ბუშტის ლიკვიდაციის საკითხი შესაბამის ორგანოებთან ერთად. მამაკაცების შემთხვევაში შარდის ბუშტთან ერთად იკვეთება პროსტატა (ცისტოპროსტატექტომია), სათესლე ბუშტუკები, ქალებთან კი - საშვილოსნო და მისი დანამატები, ზოგჯერ საშოს პროქსიმული ნაწილიც.

ხანდახან კეთილთვისებიანი სიმსივნეების დროს, როდესაც შარდის ბუშტის მოცულობა შემცირებულია, პაციენტს ვუტოვებთ მისივე შარდის ბუშტის ნაწილს და ორგანოს ნორმალური ტევადობის აღსადგენად, მის მოცულობას წვრილი ნაწლავით ვზრდით. ეს ე.წ. ნაწლავური აუგმენტაციაა.

საერთოდ, ქირურგიული ჩარევის მასშტაბი და შარდის გადაყვანის მეთოდი განისაზღვრება დაავადების გავრცელების, პაციენტის ასაკისა და მისი საერთო მდგომარეობის გათვალისწინებით. მაგალითად, გავრცობილი კიბოს დროს, როდესაც შეუძლებელია სფინქტერის შენარჩუნება, კეთდება ილეალური კონდუიტი, იგივე უროსტომა.

აღნიშნული ოპერაცია გულისხმობს შარდის გამოყოფას პირდაპირ შარდსაწვეთიდან გარეთ, ურეთრის (შარდის გამომტანი მილის) გარეშე. თეძოს ნაწლავის ნაწილიდან ფორმირდება ხელოვნური სადინარი, რომელიც ორივე შარდსაწვეთის გაგრძელებაა და იხსნება კანზე, მუცლის წინა კედელზე, ერთი სველი წერტილით, საიდანაც შარდი ჩაედინება სპეციალურ კანზე მისაწებებელ ონკანიან შარდმიმღებში. ოპერაცია არის ეფექტური, მაგრამ პაციენტს დისკომფორტს უქმნის სველი წერტილის არსებობის გამო, რადგან ეს უკანასკნელი საჭიროებს მუდმივ მეთვალყურეობას (შარდმიმღების დაცლას) და კანის ჰიგიენას, თუმცა შარდის გადაყვანის სხვა მეთოდებისგან გამოირჩევა ოპერაციის შემდგომი გართულებების ნაკლები რისკებით.

არსებობს შარდის გადაყვანის მეთოდი სიგმა-რექტუმ ტოპრაკის (ფაქტობრივად, კლოაკის, რადგან მასში შარდი და განავალი ერთმანეთს ერევა) შექმნით. ამ დროს სიგმოიდურ და სწორ ნაწლავს (რექტუმს) შორის ხდება გასწვრივი განაკვეთის გატარება, რომელიც შემდგომ განივად იკერება. ამ გზით ნაწლავის აღნიშნულ ნაწილში სინერგიზმი ირღვევა, ნაწლავი ვეღარ იკუმშება და შესაბამისად, რეფლუქსის საშიშროებაც ლიკვიდირდება.

უროლოგიაში მომუშავე ქირურგისათვის, საზოგადოდ, აუცილებელია დერივაციის (შარდის გადაყვანის) ყველა მეთოდის ფლობა ყველაზე ოპტიმალური გამოსავლის მისაღებად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში პაციენტის მდგომარეობის მიხედვით. მიუხედავად იმისა, რომ შარდის ორთოტოპული დერივაცია ფიზიოლოგიურთან ყველაზე მიახლოებული მეთოდია და ყველაზე მეტად მისაღებიც მენჯის ღრუს სიმსივნეების მქონე პაციენტებისათვის, მისი განხორციელება ყოველთვის არ არის შესაძლებელი.

- უფრო კონკრეტულად რას გულისხმობს შარდის ორთოტოპული დერივაცია?

- ხელოვნური რეზერვუარის შექმნა, შარდის ბუშტის იმიტაციაა მსხვილი და წვრილი ნაწლავის ნაწილისგან. ოპერაციის არსი ისაა, რომ ნაწლავისგან იქმნება რეზერვუარი შარდისთვის, მასში ინერგება შარდსაწვეთები, უერთდება შარდსადენ მილს (ურეთრას) და ოპერაციის შემდეგ შარდი რეზერვუარიდან ურეთრის გავლით, ბუნებრივი გზით გარეთ გამოიყოფა. ოპერაციული ჩარევა რთულია, მაგრამ პაციენტს არ აქვს კოსმეტიკური დეფექტი და გამოიყურება ბუნებრივად. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შარდის შეკავების საკითხი ოპერაციის შემდგომ პერიოდში, ოპერაცია ტარდება ნერვშემნახველი ტექნიკით. ჩვენი კლინიკის სტატისტიკით, შარდის შეუკავებლობის მაჩვენებელი შეადგენს 2-3%-ს. პაციენტმა რეზერვუარი უნდა დაცალოს ხშირად (ყოველ 2-3 საათში), ახალი შარდის ბუშტი იცლება მუცლის წინა კედლის კუნთის შეკუმშვით და ხელის მიჭერით ბოქვენზედა არეში. დაუშვებელია რეზერვუარის გადავსება.

როგორც ბატონი გურამისგან შევიტყვეთ, შარდის ორთოტოპული (იმავე ადგილას) დერივაცია პრაქტიკულად ორი დეკადის შედეგია, მიუხედავად იმისა, რომ საკუთრივ ნაწლავური რეზერვუარის შექმნას დიდი ისტორია აქვს (100 წლის წინაც გამოიყენებოდა), ბევრ კლინიკაში შესაძლოა ახლაც კეთდება, მაგრამ არა შარდის ორთოტოპული გადაყვანით. ამ ურთულეს ოპერაციას საქართველოში მხოლოდ პროფესორი ქარაზანაშვილი აკეთებს. რატომ არ კეთდებოდა ის ადრე?

გ. ქარაზამაშვილი: - ამის მიზეზი ის არის, რომ ადრე არ ვიცოდით, როგორ შეგვენარჩუნებინა ქალებსა თუ მამაკაცებში ბუნებრივი სფინქტერი, საშარდე მილის ის კუნთი, რომელიც შარდს აკავებს. ეს არ იცოდნენ, საზოგადოდ, მთელი მსოფლიოს ქირურგებმა. შესაბამისად, შექმნილი რეზერვუარის ურეთრასთან მიერთებას აზრი არ ჰქონდა. ბუნებრივია, სფინქტერის გარეშე შარდის შეკავება ვერ მოხდება და პაციენტს მუდმივად პამპერსით მოუწევს ყოფნა. ნერვშემნახველი ტექნიკით ოპერაციის ჩატარება ანუ ბუნებრივი სფინქტერის შენარჩუნება ქირურგებმა რადიკალური პროსტატექტომიების ფართოდ გავრცელების წყალობით ვისწავლეთ. პროსტატის ლიკვიდაციის დროს ყოველთვის დგება სფინქტერის შენარჩუნების საკითხი, შესაბამისად, პროსტატექტომიების შემდეგ ყველაზე ხშირი გართულება სწორედ შარდის შეუკავებლობაა. ჩვენს კლინიკაში ეს მაჩვენებელი ნულამდეა დაყვანილი, მაშინ როცა ბევრ კლინიკაში ეს გართულება 10-12 %-ს აღწევს.

- გამოდის, რომ თუ ქირურგი რადიკალური პროსტატექტომიის ტექნიკას კარგად ვერ ფლობს, შარდის ორთოტოპულ დერივაციასაც ვერ გააკეთებს?

- ეს ნამდვილად ასეა, მეტიც, იმისათვის, რომ ეს ურთულესი ოპერაცია ჩაატარო, მუცლის ღრუში ნაწლავებთან მუშაობის ტექნიკას და ბევრ კომბინაციას კარგად უნდა ფლობდე. ეს მოითხოვს სპეციალურ ცოდნას, განათლებას, გამოცდილებას, რადგანაც ურთულესი, მრავალსაათიანი ოპერაციაა. მისი ყოველდღიურად შესრულება წარმოუდგენელია. საშუალოდ 7-8 საათს გრძელდება, შესაძლოა 10-12 საათსაც გაგრძელდეს. შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სტატისტიკით, ამ ოპერაციას უროლოგთა მხოლოდ 9 % აკეთებს. როდესაც მსოფლიოს წამყვან კლინიკებში წელიწადში 20-ზე მეტი ასეთი ოპერაცია ტარდება, მიიჩნევენ, რომ დიდი რიცხვია.

- თქვენს კლინიკაში როგორია ეს მაჩვენებელი?

- ჩვენს კლინიკაში წელიწადში დაახლოებით 30 ასეთი ოპერაცია კეთდება. როგორც უკვე მოგახსენეთ, მას ყოველდღე ვერ ჩაატარებ, რადგან ძალიან დიდი რესურსი სჭირდება. იმის გამო, რომ ოპერაცია ძალიან რთული და ხანგრძლივია, პაციენტებს ესაჭიროებათ ხანგრძლივი მეთვალყურეობა ოპერაციის შემდგომ პერიოდში. ნაოპერაციები ადამიანი 5-6 დღეს სრულიად მშიერი უნდა იწვეს რეანიმაციაში, ამ პერიოდში მას უამრავი ინფუზია (საკვების, ცილის, ვიტამინების გადასხმა-შევსება) და მედიკამენტი, 3 უძლიერესი ანტიბიოტიკი, უამრავი პარამეტრის გაკონტროლება და შესაბამისი გამოკვლევა სჭირდება. 24 საათის განმავლობაში ყოველ სამ საათში ერთხელ წარმოებს რეზერვუარის გამორეცხვა, რადგან ჭრილობის შეხორცებამდე მასში გამოყოფილი ლორწო გროვდება. ამგვარად, არა მხოლოდ ოპერაციის პროცესში, არამედ პოსტოპერაციულ პერიოდშიც უამრავი ტექნიკური ნიუანსია, უამრავი საკითხია საყურდღებო და გასაკონტროლებელი. ამას კი შეკრული, მომართული, პროფესიონალებით დაკომპლექტებული კოლექტივი სჭირდება.

- რა გართულებები ახლავს შარდის ორთოტოპულ გადაყვანას?

- სამწუხაროდ, ოპერაციას შეიძლება უამრავი გართულება მოჰყვეს, რაც არ არის მხოლოდ ქირურგის ოსტატობაზე დამოკიდებული: პრობლემა საშარდე მილთან შეერთების, შარდსაწვეთების ჩანერგვის ადგილზე, რეზერვუარის ნაკერის ან ნაწლავის შერთულის უკმარისობა, ჭრილობის ინფექცია და სხვა მრავალი. ევროპისა და ამერიკის უახლესი გაიდლაინებით (გზამკვლევი, სახელმძღვანელო), მოსალოდნელი გართულებები 5 საფეხურად იყოფა და ჯამში 30-64 %-ია, სიკვდილიანობა 1,3-2%-მდე აღწევს 30 დღის, ხოლო 8 %-მდე - 90 დღის განმავლობაში. ამის გამოა სწორედ, რომ აღნიშნული ოპერაცია არა მხოლოდ ონკოუროლოგიაში, არამედ მთელ ქირურგიაში ურთულეს ჩარევად არის მიჩნეული.

- ძალიან შემაშფოთებელი სტატისტიკაა...

- გეთანხმებით. ერთი შეხედვით ამ მაჩვენებლებით ეს ოპერაცია საერთოდ არ უნდა გააკეთო, მაგრამ მაშინ გამოდის, რომ შარდის ბუშტის სიმსივნიანი ადამიანი დაიღუპება. შარდის ბუშტის კიბო ხომ საშინლად ვერაგი, აგრესიული, სწრაფად პროგრესირებადი, მეტასტაზირებადი სიმსივნეა. სტატისტიკურად ცნობილია, რომ ერთი თვით ოპერაციის დაგვიანება პროგნოზს მნიშვნელოვნად აუარესებს. ეს არის სიმსივნე, რომელიც წამებით კლავს, პაციენტი ყოველ 5 წუთში ტუალეტშია, სისხლს შარდავს, იტანჯება ტკივილებით, აქვს შარდის შეკავება, სისხლდენა, გაჭედვები. ვისაც უნახავს შარდის ბუშტის კიბოს ტერმინალური სტადიის მქონე პაციენტი, დამეთანხმება, რომ მიუხედავად მოსალოდნელი გართულებებისა, ოპერაცია ერთადერთი ხსნაა.

* * *

ერთადერთი ხსნა და ალბათ ფრთების გაშლაც, რადგანაც, როცა ყოველივე კარგად ჩაივლის, პაციენტები (პრაქტიკულად სიმსივნისაგან განკურნებულნი) ბუნებრივად შარდავენ, ჭამენ, სვამენ და როგორც ზემოთ აღნიშნავდნენ გადარჩენილები, რასაც უნდა, იმას აკეთებენ!

საბედნიეროდ, ამ “ფრთების გამშლელი” ქირურგი ჩვენ გვყავს საქართველოში!

„საქართველოს ეკლესიის მრევლისა და საერთოდ მოყვასისადმი გაწეული უანგარო მსახურებისათვის“, სახელოვან მკურნალს, გურამ ქარაზანაშვილს, 2014 წლის 18 მაისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მადლობა გამოუცხადა.

ასე რომ, თავად განსაჯეთ, რაოდენ მნიშვნელოვანი და საამაყოა, „როდესაც ქვეყანას ჰყავს დიდი პროფესიონალები!“