პროსტატიტი - მამაკაცების თავსატეხი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პროსტატიტი - მამაკაცების თავსატეხი

პროსტატიტი წინამდებარე ჯირკვლის - პროსტატის ანთებაა. ქრონიკული პროსტატიტი 50 წლამდე ასაკის მამაკაცებს შორის ყველაზე გავრცელებულ უროლოგიურ დაავადებას წარმოადგენს. ცხოვრების ხარისხზე ის თითქმის ისეთსავე გავლენას ახდენს, როგორსაც მიოკარდიუმის ინფარქტი ან სტენოკარდია. პროსტატიტს უმეტესად სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები იწვევს, თუმცა არსებობს არაინფექციური წარმოშობის ფორმებიც.

  • მიზეზები

პროსტატიტის განვითარებაში ორგანიზმის თავდაცვითი ძალების დაქვეითებასთან ერთად ფაქტორთა მთელ წყებას მიუძღვის ბრალი. ესენია:

  1. ქრონიკული ანთებითი დაავადებები;
  2. გადატანილი ვენერული და უროლოგიური დაავადებები (ქლამიდიოზი, ტრიქომონიაზი, სიფილისი, გონორეა, ურეთრიტი);
  3. ორგანიზმის ხშირი გადაცივება;
  4. კუჭის მოქმედების რეგულარული დარღვევა (ხშირი ყაბზობა);
  5. ცხოვრების უმოძრაო წესი (მჯდომარე სამუშაო);
  6. მდგომარეობები, რომლებიც განაპირობებს ორგანიზმის იმუნური სისტემის დათრგუნვას (ალკოჰოლის ჭარბი მიღება, თამბაქოს წევა, გადაჭარბებული ვარჯიში, რეგულარული უძილობა, ორგანიზმის გადაძაბვა, ქრონიკული სტრესი და სხვა.);
  7. შორისის ქრონიკული ტრავმა (ველოსიპედისტებს, მოტოციკლისტებს, ავტომობილისტებს შორის);
  8. არასრულფასოვანი, არასწორი, ერთფეროვანი კვება (მშრალი საკვები);
  9. ნივთიერებათა, განსაკუთრებით - მარილთა ცვლის დარღვევა;
  10. ხანგრძლივი სქესობრივი თავშეკავება ან, პირიქით, გადაჭარბებული სქესობრივი აქტივობა;
  11. საუნის მეტისმეტად ხშირი სტუმრობა.

ეს ფაქტორები აქვეითებს იმუნიტეტს, არღვევს მცირე მენჯის ღრუს ორგანოებში სისხლისა და ლიმფის მიმოქცევას და იწვევს ჰორმონულ ცვლილებებს. ასეთ მდგომარეობაში ინფექციამ შესაძლოა პროსტატიტის განვითარებას დაუდოს სათავე.

  • სიმპტომები

პროსტატიტი შესაძლოა უეცრად, მწვავე ანთებითი დაავადების სახით გამოვლინდეს. ასეთ შემთხვევაში იმატებს სხეულის ტემპერატურა, ავადმყოფს აწუხებს ტკივილი შორისისა და უკანა ტანის არეში, მტკივნეული შარდვა და დეფეკაცია. თუმცა ასეთი რამ იშვიათია.

პროსტატიტი უმეტესად ქრონიკული ფორმით ვითარდება და მამაკაცს პერიოდულად, არცთუ ისე მკვეთრი სიმპტომებით ახსენებს თავს. ქრონიკული პროსტატიტის სიმპტომები მრავალფეროვანია. ჩივილები, რომელთა გამო მამაკაცი ექიმს მიმართავს, ასეთია: ურეთრის ქავილი და წვა, შორისის არეში სიმძიმისა და ზეწოლის შეგრძნება, სხვადასხვა ინტენსივობის ტკივილი შორისისა და სწორი ნაწლავის არეში. არის შემთხვევები, როდესაც ავადმყოფი არაფერს უჩივის და დაავადება უროლოგიური გამოკვლევისას შემთხვევით ვლინდება. გაცილებით უფრო თვალსაჩინოა ფუნქციონალური მოშლილობანი, რომლებიც სამ ჯგუფად შეიძლება დავყოთ:

  1. მოშლილობანი საშარდე აპარატის მხრივ (ხშირი და მტკივნეული შარდვა, შარდის ნაწილობრივი შეკავება);
  2. მოშლილობანი სქესობრივი სისტემის მხრივ (ტკივილი ურეთრასა და სწორ ნაწლავში ეაკულაციის დროს, სუსტი ერექცია, ნაადრევი ეაკულაცია, ორგაზმის უნარის დაკარგვა და ა.შ.);
  3. მოშლილობანი ნერვული სისტემის მხრივ (ნევროზული დარღვევები, განპირობებული ავადმყოფის მიერ საკუთარ მდგომარეობაზე ყურადღების ფიქსირებით).
  • მკურნალობა

პროსტატიტის მკურნალობა საკმაოდ ხანგრძლივი, რთული პროცესია, რომელიც მოითხოვს დაავადებისადმი კომპლექსურ მიდგომას და მკურნალი ექიმის ყველა მითითებისა და რეკომენდაციის ზედმიწევნით დაცვას.

მკურნალობა ითვალისწინებს ანტიბაქტერიულ თერაპიას, წინამდებარე ჯირკვლის მასაჟს, იმუნომაკორეგირებელ თერაპიას და, რასაკვირველია, ცხოვრების წესის კორექციას.

შედეგიანია მკურნალობის ფიზიოთერაპიული მეთოდები (ლაზერული თერაპია, რეფლექსოთერაპია, ულტრაბგერა, წურბელებით მკურნალობა და სხვა), ზოგადგამაჯანსაღებელი საშუალებები. აუცილებლობის შემთხვევაში უნიშნავენ პროსტატის მასაჟის კურსს. ყოველ კერძო შემთხვევაში პროსტატიტის მკურნალობის ტაქტიკას პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით მკურნალი ექიმი არჩევს.

  • პროსტატიტი და პოტენცია

სამწუხაროდ, პროსტატიტი სქესობრივ ფუნქციაზე ახდენს გავლენას. ეს შესაძლოა გამოიხატოს ერექციული დისფუნქციით, სქესობრივი შეგრძნებების დაქვეითებით, ნაადრევი ეაკულაციით. ისიც უნდა ითქვას, რომ ეს გავლენა დამღუპველი ნამდვილად არ არის, პროსტატიტი შეუქცევად ფიზიოლოგიურ ცვლილებებს არ იწვევს. პროსტატიტისგან განკურნების შემდეგ პოტენციასთან დაკავშირებული პრობლემები თავისთავად გადაიჭრება, ხოლო თუ პოტენცია მთლიანად არ აღდგა, საჭიროა ფსიქონევროლოგიური კორექცია, ვინაიდან მიზეზი სწორედ ამ სფეროში ძევს. პოტენციის კორექციისას მნიშვნელოვანია მკურნალი ექიმის მიმართ ნდობა და მისი დანიშნულების ზუსტად შესრულება.

  • პროფილაქტიკა

პროსტატიტის პროფილაქტიკა ითვალისწინებს ფიზიკური აქტივობის გაზრდას - ვარჯიშს, სეირნობას, ასევე - ძილის მართებულ რეჟიმს, სრულფასოვან კვებას.

ეცადეთ, დიდხანს არ დარჩეთ სიცივეში, ნუ დაჯდებით ცივ ქვაზე, ბორდიურზე, თუ მჯდომარე სამუშაო გაქვთ, საათში ერთხელ სხეული მსუბუქად მაინც გაავარჯიშეთ. ხშირი ყაბზობისას მიიღეთ სასაქმებელი საშუალებები - დღეს ფარმაცევტულ ბაზარზე მათი ფართო არჩევანია. ეცადეთ, გქონდეთ რეგულარული სქესობრივი ცხოვრება, რაც არამარტო პროსტატიტის პრობლემას მოგიგვარებთ.

თუ სქესობრივი გზით გადამდები დაავადება გაქვთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს, ნუ დაიწყებთ თვითმკურნალობას და ნუ მიუშვებთ დაავადებას ნებაზე. გახსოვდეთ: ხშირად პროსტატიტის გამოვლინება უმნიშვნელოა. თუ დროდადრო გაწუხებთ სუსტი ტკივილი შორისის არეში, უსიამოვნო შეგრძნება მოშარდვის ან დეფეკაციის დროს, უმნიშვნელო გამონადენი შარდსადენი არხიდან, კონსულტაციისთვის აუცილებლად ეწვიეთ უროლოგს.

იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე. გახსოვდეთ, პროსტატიტი დაავადებაა, რომლის თავიდან აცილება უფრო იოლია, ვიდრე მკურნალობა, თუმცა შეუძლებელი არაფერია.