როგორ იცვლება შარდი სხვადასხვა დაავადების დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ იცვლება შარდი სხვადასხვა დაავადების დროს

არცთუ იშვიათად საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს. ვიდრე უშუალოდ შარდის ფიზიკურ-ქიმიურ მაჩვენებლებზე გადავიდოდეთ, ორიოდე სიტყვით მოგახსენებთ, როგორ ინახება შარდი.

გამონაკლისების გარდა, გამოკვლევა უტარდება ახალშეგროვებულ შარდს. უკიდურეს შემთხვევაში, შეიძლება მისი მაცივარში შენახვა არა უმეტეს 1,5 საათისა. თუ ანალიზისთვის ახალაღებული შარდის გამოყენება ვერ ხერხდება, მაშინ აუცილებელია შემდეგი მაკონსერვირებელი საშუალებების გამოყენება: ტოლუოლი (ყველაზე მისაღები კონსერვანტია; 2 მლ 100მლ შარდზე); თიმოლი (100-150 მლ შარდს დამატებულმა თიმოლის ერთმა კრისტალმა შეიძლება ცილაზე ცრუ დადებითი რეაქცია გამოიწვიოს); ფორმალინი (1 წვეთი 100მლ შარდზე) - შესაძლოა გამოიწვიოს ცილის დალექვა და ბენედიქტის რეაქტივის აღდგენა; ბორის მჟავა (0,3 გრამი 120მლ შარდზე) - ამ დროს მოსალოდნელია საფუარა სოკოების რაოდენობის მომატება, ნალექში კი შარდმჟავას კრისტალების გამოლექვა.

შარდის ფიზიკური თვისებები

ფერი

ნორმალური ახალი შარდის ფერი ჩალისფერიდან ქარვისფერ-ყვითლამდე მერყეობს. შარდის ფერი განპირობებულია მასში პიგმენტ უროქრომის (ბერძ. “ურონ” - შარდი, “ხრომა” - ფერი) არსებობით. შენახვის დროს შარდი მუქდება, რაც მასში არსებული ბილირუბინოიდების დაჟანგვის გამო ხდება. შარდის შეფერილობა შეიძლება შეიცვალოს ორგანიზმში მიმდინარე პათოლოგიური პროცესების შედეგად. მის ფერზე ზოგიერთი საკვები (ჭარხალი, სტაფილო, მოცვი) და სამკურნალო პრეპარატიც ახდენს გავლენას.

შარდის ფერი და მისი ცვლილების მიზეზები

1. უფერო განზავებული - დიაბეტი, შარდმდენების ან ალკოჰოლის მიღება.

2. რძისმაგვარი თეთრი - შარდსასქესო ტრაქტის ჩირქოვანი დაავადებები, ქილურია (შარდში ლიმფის არსებობა).

3. ნარინჯისფერი - ცხელება, ოფლის გამოყოფის გაძლიერება, კონცენტრირებული შარდი.

4. მოწითალო - მაკროჰემატურია, ჰემოგლობინურია.

5. მუქი ყვითელი, ზოგჯერ - მომწვანო-მორუხო ელფერით - შარდთან ერთად ნაღვლის პიგმენტების გამოყოფა, რაც მექანიკური ან პარენქიმული სიყვითლის დროს ხდება. მექანიკური სიყვითლის დროს შარდი მომწვანო-მოყვითალოა, პარენქიმულის დროს მომწვანო-რუხი ფერი დაჰკრავს (ლუდის ფერი), მაგრამ ეს განსხვავებები ყოველთვის არ არის მკვეთრი.

6. მომწვანო ყვითელი - შარდში ჩირქის დიდი რაოდენობით არსებობა.

7. ჭუჭყიანი ლურჯი ან მწვანე - ლპობადი შარდი ტიფის ან ქოლერის დროს; მეთილენის ლურჯი.

8. მუქი ყავისფერი, მოყავისფრო-წითელი ან ყვითელი ზეკონცენტრირებული შარდი - მწვავე ცხელება; ბილირუბინურია.

9. ყავისფერი, მოშავო-ყავისფერი ან შავი - სისხლდენა საშარდე ტრაქტში (მომატებული მჟავიანობის მქონე შარდში); ჰემოგლობინურია; პორფირია; მეტჰემოგლობინურია.

პრეპარატები, რომლებიც ფერს უცვლის შარდს

1. წითელი - ანტიპირინი, ამიდოპირინი, სანტონინი (შარდის ტუტე რეაქციის დროს).

2. ვარდისფერი - აცეტილსალიცილის მჟავას დიდი დოზა.

3. ყავისფერი - ფენოლი, კრეზოლი, ლიზოლი, დათვისყურა, აქტივირებული ნახშირი.

4. მუქი რუხი - სალოლი, ნაფტოლი.

გამჭვირვალობა

ჯანმრთელი ადამიანის ახალშეგროვებული შარდი გამჭვირვალეა, რადგან მასში შემავალი ყველა კომპონენტი გახსნილია. თუ გამოყოფილი შარდი მღვრიეა, ეს იმას ნიშნავს, რომ მასში დიდი რაოდენობითაა სისხლის ფორმიანი ელემენტები, შარდგამომყოფი გზების ეპითელური უჯრედები, მარილები, ცხიმები და მიკროორგანიზმები. ამღვრევის მიზეზის დადგენა საორიენტაციოდ სხვადასხვა საშუალებით არის შესაძლებელი. კერძოდ, თუ სინჯარაში არსებული 4-5 მილილიტრი შარდი გახურების შემდეგ გამჭვირვალე გახდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ამღვრევა შარდმჟავა მარილებმა (ურატებმა) გამოიწვია. თუ ამღვრეული შარდი გახურებისას არ შეიცვალა, მას კონცენტრირებული ძმარმჟავას 10-15 წვეთს ამატებენ - ნალექის ნაწილობრივი ან მთლიანი გაქრობა იმაზე მეტყველებს, რომ შარდის ამღვრევა ფოსფორმჟავას მარილებით (ფოსფატები) იყო გამოწვეული. თუ ამღვრეული შარდი მარილმჟავას დამატებისას ხდება გაჭვირვალე, მაშინ მასში კალციუმის ოქსალატები ყოფილა. შარდში დიდი რაოდენობით ცხიმების არსებობა მტკიცდება მაშინ, თუ ამღვრეულ შარდს ეთერთან ან ეთილის სპირტთან ერთად შეანჯღრევენ და შარდი გამჭვირვალე გახდება. თუ ზემოთ ჩამოთვლილი ყველა მეთოდის გამოყენების შემდეგ შარდი მღვრიე დარჩა, დიდია შანსი, მისი ამღვრევა  მიკროორგანიზმებით იყოს გამოწვეული, რომელთა არსებობასაც მიკროსკოპიული გამოკვლევებით ადგენენ.


რეაქცია

ჯანმრთელი ადამიანის შარდის რეაქცია ნორმაში ჩვეულებრივი კვების დროს სუსტი მჟავა ან მჟავაა (pH - 5,0-7,0). შარდის pH-ის მერყეობა მიღებული საკვების შემადგენლობაზეა დამოკიდებული: უპირატესად ხორცეულის მოხმარება შარდის მჟავე რეაქციას განაპირობებს, მცენარეული პროდუქტებისა - ტუტე რეაქციას. შარდის pH-ის ცვლილებების მიზეზებია: მჟავე კეტოზი - დიაბეტი, შიმშილობა, ცხელება; სისტემური აციდოზი (რესპირატორული ან მეტაბოლური აციდოზი იწვევს შარდის მჟავიანობის მომატებას); ტუტოვანი სისტემური ალკალოზი; უხვი ღებინება, ტუტე საკვების სიჭარბე, ჰიპერვენტილაცია; თირკმლოვანი აციდოზი; გამატუტიანებელი თერაპია; შარდგამომტანი გზების ქრონიკული ინფექცია. შარდის პჰ-ის განსაზღვრა სხვადასხვა ეტიოლოგიის (წარმოშობის) ალკალოზის და აციდოზის დიფერენციალურ დიაგნოსტიკაში ეხმარება ექიმებს.

სუნი

ჯანმრთელი ადამიანის ახალ შარდს უსიამოვნო სუნი არ აქვს. ამიაკის სუნი მას ცისტიტის დროს დაჰკრავს, სიდამპლისა - შარდგამომყოფ გზებში განგრენული პროცესების არსებობისას, განავლისა - შარდის ბუშტ-რექტალური ფისტულის არსებობისას, ხილის სუნი შეინიშნება დიაბეტის დროს, ხოლო საკვებში დიდი რაოდენობით ნივრის, პირშუშხას ან სატაცურის გამოყენებისას შარდს მკვეთრი მყრალი სუნი ეძლევა.

შედარებითი სიმკვრივე

ჩვეულებრივ პირობებში ჯანმრთელი ადამიანის შარდის შედარებითი სიმკვრივე 1,010-დან 1,025-მდე მერყეობს და შარდში გახსნილი ნივთიერებების (ცილები, გლუკოზა, შარდოვანა, მარილები და სხვა) კონცენტრაციაზეა დამოკიდებული. შარდის შედარებით სიმკვრივეს არეომეტრის (ურომეტრის) მეშვეობით განსაზღვრავენ. გამოსაკვლევი შარდის ტემპერატურა 15 (+- 3) 0C უნდა იყოს. გამოსაკვლევი შარდის ტემპერატურის 3 გრადუსით მომატება შედარებითი სიმკვრივის ცვლილებას იწვევს. დილის შარდის შედარებითი სიმკვრივე, რომელიც 1,018 მაჩვენებელს აჭარბებს, მოწმობს, რომ თირკმელებს შენარჩუნებული აქვს ფილტრაციის (კონცენტრაციის) უნარი და მათი დამატებითი კვლევის აუცილებლობას გამორიცხავს. საინტერესო ფაქტია ისიც, რომ შედარებითი სიმკვრივის ერთჯერად გამოკვლევას სადიაგნოსტიკო მნიშვნელობა არ გააჩნია. შარდის მაღალი შედარებითი სიმკვრივე შეიძლება გამოწვეული იყოს: მცირე რაოდენობის სითხის მიღებით; ღებინების, ოფლიანობის ან ფაღარათის დროს დიდი რაოდენობის სითხის დაკარგვით; გულ-სისხლძარღვთა სისტემის უკმარისობით ან თირკმელების დაავადებით (მათი კონცენტრაციული ფუნქციის დაურღვევლად) გამოწვეული შარდის გამოყოფის შემცირებით; შაქრიანი დიაბეტით. გლუკოზის ყოველი 10გ/ლ შედარებითი სიმკვრივის მაჩვენებელს 0,004-ით ზრდის. შედარებითი სიმკვრივის დაბალი მაჩვენებელი განპირობებულია: ჭარბი სითხის მიღების გამო განვითარებული პოლიურიით; პოლიურიით, რომელიც გამოწვეულია შარდმდენი პრეპარატების მიღებით ან დიდი ექსუდატების ან ტრანსუდატების გაწოვით; უცილო დიეტით ხანგრძლივი შიმშილის გამო; თირკმლის უკმარისობით (ქრონიკული გლომერულონეფრიტი, პიელონეფრიტი, ნეფროსკლეროზი, ამილოიდოზურად გადაგვარებული თირკმელი); უშაქრო დიაბეტით. ამ უკანასკნელ შემთხვევაში შედარებითი სიმკვრივე ხშირად 1,005-ზე დაბალია.

დღეღამური რაოდენობა

დღე-ღამის განმავლობაში ჯანმრთელი ადამიანი 1200-დან 1500 მილილიტრამდე შარდს გამოყოფს. დღეღამური დიურეზის შემცირება შესაძლოა დაკავშირებული იყოს ჭარბ ოფლდენასთან, ღებინებასთან, ფაღარათთან, შეშუპების მომატებასთან, იშვიათად - სეროზულ ღრუებში სითხის დაგროვებასთან. დიურეზის (შარდის გამოყოფის) მკვეთრ დაქვეითებას ოლიგურიას უწოდებენ, ხოლო შარდის ბუშტში შარდის მიწოდების შეწყვეტას - ანურიას. ანურიის ფორმებია: არენალური (ვითარდება ტრავმის დროს); პრერენალური (მძიმე სისხლნაკლულობის, მწვავე გულ-სისხლძარღვთა უკმარისობის, შეუკავებელი ღებინებისა და ფაღარათის დროს); რენალური (სეკრეტორული) (თირკმელებში არსებული პათოლოგიური პროცესების შედეგად); სუბრენალური (ექსკრეტორული ან ობტურაციული) (ქვებით თირკმელების სრული დაცობისას და შარდსადენების ახლოს განვითარებული სიმსივნის დროს, რომელიც შარდსადენებზე ზეწოლას ახდენს). იშურია შარდის ბუშტში შარდის შეგუბებაა, რომელიც დამოუკიდებლად მოშარდვის შეუძლებლობის შედეგად ვითარდება. იშურიის მიზეზებია: წინამდებარე ჯირკვლის (პროსტატის) ადენომა და კიბო; პროსტატის ანთებითი დაავადებები; ურეთრის სტრიქტურა; შარდის ბუშტიდან (შარდსადენი არხი) გამოსასვლელ მიდამოზე სიმსივნის ზეწოლა ან ამავე მიდამოს ქვით დახშობა; შარდის ბუშტის ნერვკუნთოვანი აპარატის დარღვევა. განასხვავებენ სრულ იშურიას (დამოუკიდებლად შარდის გამოყოფა შეუძლებელია), არასრულ იშურიას (დამოუკიდებლად მოშარდვის პროცესი შენარჩუნებულია, მაგრამ შარდის ბუშტში ნარჩენი შარდი რჩება) და პარადოქსალურს (ნევროლოგიური პათოლოგიის დროს შარდის გამოყოფის რთული დარღვევა). ცნობილია შარდის გამოყოფის დარღვევის კიდევ ერთი სახეობა. ეს პოლიურიაა - დღეღამური დიურეზის გაძლიერება. ის შეშუპებების შემცირებისას შეიმჩნევა. დღეღამური დიურეზის გაძლიერება (პოლიურია), რომელიც თან ახლავს ადამიანის მიერ მიღებული სითხეების რაოდენობის მომატებას, შეინიშნება შაქრიანი და უშაქრო დიაბეტის დროს. მკითხველი ალბათ დაგვეთანხმება, რომ შარდვის დარღვევის სახეობასა და ანალიზის შედეგებში გარკვევა არასპეციალისტისთვის საკმაოდ ძნელია. ამიტომაც არის აუცილებელი, ადამიანმა რაიმე უჩვეულოს (შარდის ამღვრევა, სუნის ან ფერის შეცვლა, რაოდენობის მომატება თუ შემცირება და სხვა) შემჩნევისთანავე მიმართოს ექიმს, უროლოგს ან ნეფროლოგს. ისიც გახსოვდეთ, რომ უფრო მეტად სასურველი შედეგი მხოლოდ დროული მიმართვისას და მკურნალობის დროული დაწყებისას დგება.