გამონაკლისების გარდა, გამოკვლევა უტარდება ახალშეგროვებულ შარდს. უკიდურეს შემთხვევაში, შეიძლება მისი მაცივარში შენახვა არა უმეტეს 1,5 საათისა. თუ ანალიზისთვის ახალაღებული შარდის გამოყენება ვერ ხერხდება, მაშინ აუცილებელია შემდეგი მაკონსერვირებელი საშუალებების გამოყენება: ტოლუოლი (ყველაზე მისაღები კონსერვანტია; 2 მლ 100მლ შარდზე); თიმოლი (100-150 მლ შარდს დამატებულმა თიმოლის ერთმა კრისტალმა შეიძლება ცილაზე ცრუ დადებითი რეაქცია გამოიწვიოს); ფორმალინი (1
შარდის ფიზიკური თვისებები
ფერი
ნორმალური ახალი შარდის ფერი ჩალისფერიდან ქარვისფერ-ყვითლამდე მერყეობს. შარდის ფერი განპირობებულია მასში პიგმენტ უროქრომის (ბერძ. “ურონ” - შარდი, “ხრომა” - ფერი) არსებობით. შენახვის დროს შარდი მუქდება, რაც მასში არსებული ბილირუბინოიდების დაჟანგვის გამო ხდება. შარდის შეფერილობა შეიძლება შეიცვალოს ორგანიზმში მიმდინარე პათოლოგიური პროცესების შედეგად. მის ფერზე ზოგიერთი საკვები (ჭარხალი, სტაფილო, მოცვი) და სამკურნალო პრეპარატიც ახდენს გავლენას.
შარდის ფერი და მისი ცვლილების მიზეზები
1. უფერო განზავებული - დიაბეტი, შარდმდენების ან ალკოჰოლის მიღება.
2. რძისმაგვარი თეთრი - შარდსასქესო ტრაქტის ჩირქოვანი დაავადებები, ქილურია (შარდში ლიმფის არსებობა).
3. ნარინჯისფერი - ცხელება, ოფლის გამოყოფის გაძლიერება, კონცენტრირებული შარდი.
4. მოწითალო - მაკროჰემატურია, ჰემოგლობინურია.
5. მუქი ყვითელი, ზოგჯერ - მომწვანო-მორუხო ელფერით - შარდთან ერთად ნაღვლის პიგმენტების გამოყოფა, რაც მექანიკური ან პარენქიმული სიყვითლის დროს ხდება. მექანიკური სიყვითლის დროს შარდი მომწვანო-მოყვითალოა, პარენქიმულის დროს მომწვანო-რუხი ფერი დაჰკრავს (ლუდის ფერი), მაგრამ ეს განსხვავებები ყოველთვის არ არის მკვეთრი.
6. მომწვანო ყვითელი - შარდში ჩირქის დიდი რაოდენობით არსებობა.
7. ჭუჭყიანი ლურჯი ან მწვანე - ლპობადი შარდი ტიფის ან ქოლერის დროს; მეთილენის ლურჯი.
8. მუქი ყავისფერი, მოყავისფრო-წითელი ან ყვითელი ზეკონცენტრირებული შარდი - მწვავე ცხელება; ბილირუბინურია.
9. ყავისფერი, მოშავო-ყავისფერი ან შავი - სისხლდენა საშარდე ტრაქტში (მომატებული მჟავიანობის მქონე შარდში); ჰემოგლობინურია; პორფირია; მეტჰემოგლობინურია.
პრეპარატები, რომლებიც ფერს უცვლის შარდს
1. წითელი - ანტიპირინი, ამიდოპირინი, სანტონინი (შარდის ტუტე რეაქციის დროს).
2. ვარდისფერი - აცეტილსალიცილის მჟავას დიდი დოზა.
3. ყავისფერი - ფენოლი, კრეზოლი, ლიზოლი, დათვისყურა, აქტივირებული ნახშირი.
4. მუქი რუხი - სალოლი, ნაფტოლი.
გამჭვირვალობა
ჯანმრთელი ადამიანის ახალშეგროვებული შარდი გამჭვირვალეა, რადგან მასში შემავალი ყველა კომპონენტი გახსნილია. თუ გამოყოფილი შარდი მღვრიეა, ეს იმას ნიშნავს, რომ მასში დიდი რაოდენობითაა სისხლის ფორმიანი ელემენტები, შარდგამომყოფი გზების ეპითელური უჯრედები, მარილები, ცხიმები და მიკროორგანიზმები. ამღვრევის მიზეზის დადგენა საორიენტაციოდ სხვადასხვა საშუალებით არის შესაძლებელი. კერძოდ, თუ სინჯარაში არსებული 4-5 მილილიტრი შარდი გახურების შემდეგ გამჭვირვალე გახდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ამღვრევა შარდმჟავა მარილებმა (ურატებმა) გამოიწვია. თუ ამღვრეული შარდი გახურებისას არ შეიცვალა, მას კონცენტრირებული ძმარმჟავას 10-15 წვეთს ამატებენ - ნალექის ნაწილობრივი ან მთლიანი გაქრობა იმაზე მეტყველებს, რომ შარდის ამღვრევა ფოსფორმჟავას მარილებით (ფოსფატები) იყო გამოწვეული. თუ ამღვრეული შარდი მარილმჟავას დამატებისას ხდება გაჭვირვალე, მაშინ მასში კალციუმის ოქსალატები ყოფილა. შარდში დიდი რაოდენობით ცხიმების არსებობა მტკიცდება მაშინ, თუ ამღვრეულ შარდს ეთერთან ან ეთილის სპირტთან ერთად შეანჯღრევენ და შარდი გამჭვირვალე გახდება. თუ ზემოთ ჩამოთვლილი ყველა მეთოდის გამოყენების შემდეგ შარდი მღვრიე დარჩა, დიდია შანსი, მისი ამღვრევა მიკროორგანიზმებით იყოს გამოწვეული, რომელთა არსებობასაც მიკროსკოპიული გამოკვლევებით ადგენენ.