შარდვის დარღვევა და შარდის ბუშტის პათოლოგიები ქალებში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შარდვის დარღვევა და შარდის ბუშტის პათოლოგიები ქალებში

- ცნობილია, რომ ქალებს საშარდე გზების ანთება ხშირად ხვდებათ. რატომ არიან ქალები ასე მიდრეკილნი საშარდე გზების ინფექციებისკენ?

- ქალებში ხშირია საშარდე გზების აღმავალი ინფექცია, რაც მათი საშარდე გზების ანატომიური თავისებურებებით არის გამოწვეული. გამომწვევი ადვილად ხვდება შარდის ბუშტში, იქიდან კი შარდსაწვეთებსა და თირკმლის ფიალებში. ანატომიურად და ფიზიოლოგიურად საშარდე გზებს მჭიდრო კავშირი აქვს რეპროდუქციულ სისტემასთან. ამას განაპირობებს მოკლე ურეთრა, შარდსადინარის სიახლოვე სწორ ნაწლავსა და გარეთა სასქესო ორგანოებთან. გარდა ამისა, ორსულობის დროს იქმნება პირობები შარდის შეგუბებისა და მისი გადინების გართულებისთვის: საგრძნობლად არის გაგანიერებული თირკმლის ფიალები, დაგრძელებულია შარდსაწვეთები, შემცირებულია საშარდე გზების კუნთოვანი შრის ტონუსი, შარდის დენას აბრკოლებს გადიდებული საშვილოსნოს მექანიკური ზეწოლაც, ამიტომ ორსულთა მესამედს უვითარდება შარდის უკუშეტყორცნა შარდის ბუშტიდან შარდსაწვეთებში, რის შედეგადაც ინფექციის გამომწვევი საშარდე გზების ზედა ნაწილებში ვრცელდება.

- რა უწყობს ხელს საშარდე გზების ინფექციების განვითარებას?

- ეს ფაქტორებია:

  • მოუწესრიგებელი სქესობრივი ცხოვრება, სქესობრივი პარტნიორის ხშირი ცვლა;
  • პირადი და სქესობრივი ჰიგიენის დაუცველობა;
  • სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადებები (საშვილოსნოს ყელის, საშვილოსნოსა და მისი დამანატების ანთება), ქრონიკული ანთების კერების არსებობა ორგანიზმში, ენდოკრინული პათოლოგია (შაქრიანი დიაბეტი), საშარდე სისტემის პათლოგიები (შარდკენჭოვანი დაავადება, ქონიკული ცისტიტი, თირკმლის განვითარების ანომალიები).

- რა თავისებურებები ახასიათებს ქალებში საშარდე გზების ანთებით დაავადებებს?

- შარდგამომყოფი სისტემის დაავადებებიდან ქალებს უმთავრესად ემართებათ ურეთრიტი, ცისტიტი და პიელონეფრიტი. საკმაოდ ხშირია უსიმპტომო ბაქტერიურია. ხშირად ვხვდებით ასევე დაავადების ქრონიკულ ფორმებს. საშარდე გზების ინფექციების გამომწვევთა უმეტესობა გადაეცემა სქესობრივი გზით. იმ სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებს შორის, რომლებიც მიმდინარეობს როგორც სასქესო, ასევე საშარდე ორგანოების ანთებითი დაზიანებით, წამყვანი ადგილი უჭირავს გონორეას. ინფიცირება შესაძლებელია არა მარტო სქესობრივი კონტაქტის, არამედ პირადი ჰიგიენის ნივთებით - პირსახოცით, ღრუბლით, საპნით - ერთობლივი სარგებლობის დროსაც. გონოკოკი ადამიანის სხეულის გარეთ მცირე ხანს ცოცხლობს, მაგრამ გამომშრალსაც შეუძლია ადამიანის ინფიცირება. ქალებს ამ დროს გამოაჩნდებათ გონორეისთვის დამახასიათებელი სიმპტომები: წვა და ქავილი სასაქესო ორგანოების მიდამოში, ტკივილი შარდვის დროს. ამ სიმპტომებს ხშირად თან სდევს საშოდან მცირედი მოთეთრო-მოყვითალო გამონადენი. სქესობრივი კონტაქტის შედეგად ინფიცირების შემთხვევაში გონოკოკი თავდაპირველად ურეთრას აზიანებს, მერე კი საშვილოსნოს ყელს, საშვილოსნოს მილებსა და საკვერცხეებსაც.

- კიდევ რა იწვევს ქალებში ტკივილს შარდვის დროს?

- შარდვის თანმხლები ტკივილი მოსალოდნელია სასქესო ორგანოების დაავადებების, მაგალითად, ვულვიტის, ვულვოვაგინიტის დროს. ვულვოვაგინიტი ქალის გარეთა სასქესო ორგანოების ანთებაა. ეს დაავადება ვითარდება გარეთა სასქესო ორგანოების ძლიერი გაღიზიანების დროსაც. მათ აღიზიანებს გამონადენი საშარდე გზებიდან. გარდა შარდვის თანმხლები ტკივილისა, ქალი უჩივის გარეთა სასქესო ორგანოების შეშუპებას, ქავილსა და წვას. კიდევ ერთი დაავადება, რომელსაც თან ახლავს ტკივილი შარდვის დროს, ვესტიბულიტია (საშოს შესასვლელის ანთება). ამ დროს ჩნდება გამონადენი საშოდან, სხეულის ტემპერატურა იმატებს, ამას დაერთვის შემცივნება, ტკივილის შეგრძნება მუცლის ქვედა მიდამოში და შარდვის დროს. სალპინგიტი კიდევ ერთი პათოლოგიაა, რომლის დროსაც ზიანდება არა მარტო საშვილოსნო, არამედ საშვილოსნოს მილები, საკვერცხეები, აგრეთვე - მის გარშემო მდებარე ქსოვილები. ამ დაავადების ერთ-ერთი სიმპტომია ტკივილი შარდვის დროს. ხშირია ტკივილი მუცლისა და წელის არეში, ასევე - სხეულის ტემპერატურის მატება, გულისრევა, სასქესო ორგანოების შეშუპება, არარეგულარული, თანაც ხშირი სისხლდენა.

- რას გვეტყვით დეფლორაციის შემდგომ გართულებებზე?

- სქესობრივი ცხოვრების დაწყების შემდეგ ხშირად იჩენს თავს დეფლორაციის შემდგომი ცისტიტი (შარდის ბუშტის ანთება) და პიელიტი (თირკმლის ფიალების ანთება). სქესობრივი ცხოვრების დაწყებასთან ერთად საგრძნობლად იმატებს შარდის ბუშტში ბაქტერიების მოხვედრის ალბათობა. ინფიცირების განმეორებითი ეპიზოდები ვლინდება სქესობრივი აქტიდან 24 საათის განმავლობაში. ამ დროს აუცილებელია გინეკოლოგთან და/ან უროლოგთან მისვლა. დეფლორაციული ცისტიტის შემდეგ თითქმის ყოველი სქესობრივი აქტი იწვევს ცისტიტის გამწვავებას. ანტიბაქტერიული მკურნალობა იძლევა დროებით შედეგს და დროთა განმავლობაში ამაო ხდება. პოსტდეფლორაციული ცისტიტის მიზეზად დღეს შარდსადენი მილის გარეთა ხვრელის საშოში ჩაბრუნებას მიიჩნევენ. ეს გამოწვეულია ქალის საშარდე სისტემის ანატომიური თავისებურებებით, რომელთა შესახებაც ზემოთ მოგახსენეთ. ამის გამო ყოველი მომდევნო სქესობრივი აქტის შედგომ შარდსადენსა და შარდის ბუშტში გადადის საშოს ლორწო ბაქტერიული შიგთავსით, რაც ცისტიტის განვითარებისა და შემდგომი გამწვავების წინაპირობას ქმნის. ამ პრობლემის მოსაგვარებლად მარტივი ქირურგიული ჩარევაა საჭირო. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩამოყალიბდება მორეციდივე ცისტიტი და თავს იჩენს მომავალში პიელონეფრიტის განვითარების საფრთხე.

- რა თავისებურებები ახასიათებს ორსულის საშარდე სისტემას?

- ორსულობის პირველი სამი თვისა და ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ქალებს შარდვის გახშირება აღენიშნებათ. ეს ჰორმონული ცვლილებებისა და შარდის ბუშტზე გადიდებული საშვილოსნოს ზეწოლის ბრალია. გარდა ამისა, იზრდება საშარდე გზების (შარდის ბუშტის, შარდსადენის) ინფექციის განვითარების ალბათობაც. ბოლო ხანს სულ უფრო მეტად იპყრობს მეანების ყურადღებას საშარდე გზების ინფექცია, რომელიც არცთუ იშვიათად პირველად ვლინდება ორსულობის დროს. ორსულთა ექსტრაგენიტალური დაავადებებიდან შარდგამომყოფი გზების პათოლოგია სიხშირით მეორე ადგილს იკავებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების შემდეგ. ის მნიშვნელოვანია თავისი გართულებებითაც, რომლებიც ორსულობის, მშობიარობისა და ლოგინობის პერიოდში იჩენს თავს. შარდგამომყოფი სისტემის ინფექცია გადააქვს ასიდან 4-8 ორსულს. საშარდე გზების განსაკუთრებით გავრცელებულ ანთებით დაავადებებს მიეკუთვნება უსიმპტომო ბაქტერიურია - შარდში დიდი რაოდენობით ბაქტერიების აღმოჩენა კლინიკურ გამოვლინებათა გარეშე. ის, სხვადასხვა ავტორის მონაცემებით, ასიდან 2-13 შემთხვევაში გვხვდება. ისეთი დაავადებების წილად, როგორებიცაა შარდის ბუშტის ანთება (მწვავე ცისტიტი) და თირკმელების მწვავე ანთება (მწვავე პიელონეფიტი), 1-2% მოდის. საშარდე გზების ქვედა ნაწილის ანთებით დაავადებებს მიაკუთვნებენ ურერთრიტს, მწვავე ცისტიტს, უსიმპტომო ბაქტერიურიას.


- რა ხდება ქალის ორგანიზმში ლოგინობის ხანაში?

- ლოგინობის პერიოდში შარდის ბუშტი არასრულად იცლება, რაც ხელს უწყობს მიკრობების გამრავლებას და საშარდე გზების შემდგომ ინფიცირებას. სხვა მიზეზებიდან განსაკუთრებული ყურადღების ღირსია მშობიარობისას შარდის ბუშტის ტრავმა და შარდის ბუშტის კათეტერიზაცია.

- რა უნდა ქნან ორსულებმა, როგორ აიცილონ თავიდან ეს პათოლოგიები?

- ვინაიდან ორსულებს აქვთ განწყობა საშარდე გზების ინფექციების მიმართ, მიზანშეწონილია, ქალთა კონსულტაციაში აღრიცხვაზე აყვანისას ყველა ორსულს ჩაუტარდეს სკრინინგული კვლევა, რომელიც შარდის ბაქტერიული ნათესის გამოკვლევასაც მოიცავს.

- გარდა პიელონეფრიტისა, რომელი პათოლოგიები ემართებათ ხშირად ორსულებს?

- მწვავე ცისტიტი ორსულებში საშარდე გზების ერთ-ერთი განსაკუთრებით გავრცელებული დაავადებაა და უპირატესად პირველ ტრიმესტრში გვხვდება. დიაგნოსტიკისთვის მიმართავენ ლაბორატიულ მეთოდებს: სისხლისა და შარდის საერთო ანალიზს, შარდის ნალექის გამოკვლევას. შარდის ნალექში ამ დროს პათოლოგიური ცვლილებები შეინიშნება. გარდა ამისა, გამოკვლეული უნდა იქნეს თირკმელების გამომყოფი და ფილტრაციული უნარი. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ულტრასონოგრაფიულ კვლევას. მკურნალობის სქემა, პრეპარატისა და მისი დოზის შერჩევა ექიმის პრეროგატივაა. ამ დროს სასურველია, ანტიბაქტერიული მკურნალობა, შეძლებისდაგვარად, ორსულობის მე-12 კვირამდე გადაიდოს. II ტრიმესტრში შეიძლება ამოქსიცილინ/კლავურონატის, ცეფალოსპორინების მეორე თაობის გამოყენება, III ტრიმესტრში - III-IV თაობის ცეფალოსპორინებისა. უსიმპტომო ბაქტერიურია. ორსულები, რომლებსაც უსიმპტომო ბაქტერიურიას აღმოუჩენენ, აუცილებლად უნდა გამოიკვლიონ საშარდე გზების ფარულ დაავადებათა გამოსავლენად. უსიმპტომო ბაქტერიურიის ათიდან 3-4 შემთხვევაში ვითარდება მწვავე პიელონეფრიტი, ამიტომ აუცილებელია დროული პროფილაქტიკური მკურნალობა. მკურნალობის ეფექტურობა კონტროლდება შარდის დათესვით.

- ცნობილია, რომ ასაკოვან ქალებს გახშირებული შარდვა და შარდის შეუკავებლობა აწუხებთ. რისი ბრალია ეს?

- შარდის შეუკავებლობას უმთავრესად შარდის ბუშტის სფინქტერის დაზიანება იწვევს, რომლის მიზეზიც ასაკობრივი ცვლილებებია. სფინქტერის მოდუნებას ხელს უწყობს რამდენიმე მშობიარობა, საშვილოსნოს დაწევა და სხვა. კლინიკური სურათის მიხედვით შარდის შეუკავებლობის მქონე მოხუცი პაციენტები შეიძლება 4 ჯგუფად დავყოთ. ერთ ჯგუფში მოხვდებიან დაძაბვის შეუკავებლობის მქონე ქალები, რომლებიც დაძაბვის, მაგალითად, ცემინებისა და ხველის დროს ვერ იკავებენ შარდს. ასეთი რამ ხშირია საშვილოსნოს დაწევის დროს, შედარებით იშვიათად კი ამას შარდის ბუშტის სფინქტერის დაზიანება იწვევს. დაწეული საშვილოსნო ედება შარდის ბუშტს და თუ ეს უკანასკნელი აივსო, მცირედი დაძაბვაც კი საკმარისია შარდის უნებლიეთ გამოსაყოფად. მეორე ჯგუფში მოხვდებიან ქალები შარდის იმპერატიული შეუკავებლობით. ამ დროს ადამიანი თავს ვერ იკავებს და მოშარდვის სურვილის გაჩენისთანავე ისე შარდავს, რომ საპირფარეშომდე მისვლას ვერც კი ასწრებს. ამ დროს ქალი უჩივის შარდის ბუშტის დაცლის უეცარ სურვილს, რომლის მოთმენაც პრატიკულად შეუძლებელია. გარდა ამისა, მათ აწუხებთ გახშირებული შარდვა დღის განმავალობაში და ნიქტურია - ერთ ჯერზე ხშირად მოშარდვის სურვილი ღამით. ამ პათოლოგიის მიზეზებიდან განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს მენოპაუზასთან კავშირი, რაც მოწმობს, რომ ქალური ჰორმონის - ესტროგენის ხანგრძლივმა დეფიციტმა შესაძლოა გამოიწვიოს დეტრუზორის შეკუმშვის დარღვევა და მისი მომატებული აქტივობა.

- როგორ მკურნალობენ მოხუცებში შარდის შეუკავებლობას?

- შარდის შეუკავებლობის ხელშემწყობი ფაქტორებია საშარდე გზების ინფექცია, ზოგიერთი მედიკამენტი, ატროფიული ვაგინიტი, პასიური ცხოვრების წესი, ყაბზობა. მათ შექცევად ფაქტორებს უწოდებენ. არსებობს შეუქცევადი ფაქტორებიც: ნერვული სისტემის დაავადებები, ნერვულ-კუნთოვანი დაავადებები, გულის უკმარისობა და სხვა. ასეთ პაციენტებს ენიშნებათ მხოლოდ პირველი რიგის მკურნალობა, რადგან სპეციალური მკურნალობა ძალზე ინდივიდუალურია და ნაჩვენებია მათთვის, ვისაც აქვს თანდართული ტკივილი, ჰემატურია, მორეციდივე ინფექცია, სიმსივნე მენჯის ღრუში ან იტარებს სხივურ თერაპიას სიმსივნის გამო. დაძაბვის შეუკავებლობის შემთხვევაში, რომელიც ხშირად ასაკოვან ქალებს უვითარდებათ, პირველი რიგის მკურნალობის მეთოდად ინიშნება მენჯის კუნთის ვარჯიშები, დამატებითი ვაგინალური კონუსები, ასევე - ფიზიოთერაპიის კურსი. იმპერატიული შეუკავებლობა კარგად ემორჩილება კონსერვატიულ მკურნალობას (ანტიმუსკარინული პრეპარატები). თუ ამან შედეგი არ გამოიღო, ტარდება ნეიროსტიმულაცია, მენჯის ნერვების ბლოკადა, შარდის ბუშტის აუგმენტაცია, თუმცა ამ მეთოდების გამოყენება იშვიათად ხდება საჭირო.  როდესაც შარდის შეუკავებლობა სფინქტერის დაზიანებით არის განპირობებული, ტარდება ქირურგიული (ენდოსკოპიული ან ღია წესით) კორექცია.

- შარდის შეუკავებლობის პროფილაქტიკა შესაძლებელია?

- პროლაქტიკა გულისხმობს 40-50 წლიდან გინეკოლოგთან პერიოდულ ვიზიტს და საჭიროების შემთხვევაში უროლოგთან კონსულტაციებს.  ცისტიტის თავიდან ასაცილებლად დაიხსომეთ 13 წესი:

1. მკაცრად დაიცავით პირადი და სქესობრივი ჰიგიენის წესები:

  • ანოგენიტალიური მიდამო უნდა იყოს სუფთა და მშრალი.
  • ფიზიკური ვარჯიშის, აგრეთვე სქესობრივი აქტის წინ და შემდეგ აუცილებლად დაიცალეთ შარდის ბუშტი.
  • მენსტრუაციის დროს ხშირად გამოიცვალეთ ტამპონები და საფენები.
  • ყოველი დეფეკაციის შემდეგ სწორად შეასრულეთ გაწმენდის წესები - წინიდან უკან.

2. ხშირად და რეგულარულად დაიცალეთ შარდის ბუშტი, როგორც დღისით, ისე ღამითაც, რადგან მოშარდვიდან მოშარდვამდე ხანგრძლივი ინტერვალი ხელს უწყობს შარდის ბუშტში ინფექციის შეჭრას.

3. არ ატაროთ ძლიერ მოჭერილი ქვედა საცვალი.

4. ჩაიცვით თბილად, ერიდეთ გადაცივებას.

5. ატარეთ ბამბის საცვლები (არ იხმაროთ სინთეტიკა).

6. არ გამოიყენოთ ჰიგიენური აეროზოლები, ტამპონები და საფენები, რომლებიც არომატიზატორებს შეიცავს - ეს ქიმიური საშუალებები შესაძლოა ანთებითი რეაქციის მიზეზად იქცეს.

7. ნუ იბანავებთ დაბინძურებულ წყალსაცავში.

8. გახსოვდეთ, რომ ცისტიტით შეიძლება გართულდეს უროლოგიური, გინეკოლოგიური და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, თუ მკურნალობა ბოლომდე არ მიიყვანეთ ან თვითნებურად იმკურნალეთ. შარდის ბუშტის ინფიცირება შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმში არსებულმა ანთების ქრონიკულმა კერებმაც.

9. თუ გაქვთ მტკივნეული შარდვა, მაგრამ ბაქტერიული ინფექცია არ აღმოგაჩნდათ, გარეთა სასქესო ორგანოების დასაბანად საპონი აღარ გამოიყენოთ, დაიბანეთ მხოლოდ სუფთა წყლით - ბევრს საპნისადმი მომატებული მგრძნობელობა აღენიშნება. შესაძლოა, ტკივილის მიზეზიც ეს იყოს.

10. თუ თქვენი სამუშაო მუდმივად ჯდომას მოითხოვს, ყოველი 0,5-1 საათის შემდეგ მუშაობა შეწყვიტეთ, ადექით და ხუთიოდე წუთით გაიარ-გამოიარეთ.

11. იკვებეთ რეგულარულად და სრულყოფილად.

12. თუ ყაბზობას უჩივით, მიირთვით ბევრი ხილი, ბოსტნეული და უხეში ბოჭკოვანი საკვები (ღერღილი, ცეხვილი მარცვლეული, ქატო). თუ მიირთვით ცხარე კერძი, შემწვარი ან მწნილი, ბევრი წყალი დააყოლეთ.

13. ნუ მიეძალებით ალკოჰოლს.