წანაზარდები სასქესო ორგანოებზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

წანაზარდები სასქესო ორგანოებზე

დიაგნოსტირება ძნელი არ არის - უმეტესად დათვალიერებაც საკმარისია, აი, მკურნალობა კი საკმაოდ რთულია და კომპლექსურ მიდგომას მოითხოვს. სასქესო ორგანოთა წანაზარდების დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე გვესაუბრება ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმი, უროლოგი გიორგი გოგეშვილი.

- უპრიანი იქნება, წანაზარდებზე საუბარი კონდილომებით დავიწყოთ. კონდილომა ადამიანის კანისა და ლორწოვანი გარსების დვრილისებრი წანაზარდია. ჩვეულებრივ, კონდილომები იმ ადგილებზე ჩნდება, რომლებიც მუდმივად განიცდის გაღიზიანებასა და ხახუნს.

განასხვავებენ ბრტყელ კონდილომას, რომელიც ფართო საფუძველზე, ფეხზე ზის და ყველაზე ხშირად სიფილისის მეორე პერიოდის ან ფრამბეზიის (ტროპიკული სპიროქეტოზი) გამოვლინებაა, და მახვილწვერა კონდილომას, რომელიც ვირუსული (პაპილომავირუსული) წარმოშობისაა. მას ნაწილაკოვანი აგებულება აქვს და ვიწრო ფეხზე ზის. წესისამებრ, ჩნდება გაღიზიანებულ, გამონაყოფებით დაბინძურებულ გარეთა სასქესო ორგანოების კანზე, დუნდულა კუნთებისა და საზარდულის ნაკეცებში, საშარდე არხის გარეთა ხვრელთან, სათესლე ჯირკვლების პარკზე, იშვიათად - ანუსის მიდამოში, ბოქვენზე, იღლიაში, პირის კუთხეში. გარეგნულად შესაძლოა ჰგავდეს მამლის ბიბილოს ან ყვავილოვან კომბოსტოს. ზედაპირი შესაძლოა დაუწყლულდეს. ვრცელდება სქესობრივი გზით და ქრონიკულად მიმდინარეობს. თავისთავად თითქმის არასოდეს ქრება.

დიაგნოსტირებისას აუცილებელია სპეციალური გამოკვლევები გონორეისა და სიფილისის გამოსარიცხად.

მკურნალობა უნდა ჩატარდეს სპეციალიზებულ დაწესებულებაში. აუცილებელია ორივე სქესობრივი პარტნიორის მკურნალობა.

ამჟამად არ არსებობს პრეპარატი, რომელსაც შეუძლია, ორგანიზმიდან განდევნოს ან გაანადგუროს სასქესო ორგანოთა პაპილომავირუსული ინფექციის გამომწვევი, ამიტომ მკურნალობა შემოიფარგლება კონდილომების მოცილებით (საამისოდ შემუშავებულია სხვადასხვა მეთოდი: კრიოთერაპია - თხევადი აზოტით მოცილება, კონცეტრირებული მჟავების გამოყენება, ელექტროდანითა და მაღალსიხშირიანი გამოსხივების წყაროთი მიღებული მაღალი ტემპერატურის საშუალებით, ლაზეროთერაპია) და იმუნიტეტის მაკორეგირებელი თერაპიით. საჭირო მეთოდი შეირჩევა ექიმისა და კლინიკის შესაძლებლობებისა და პროცედურის ღირებულების მიხედვით.

საზოგადოდ, ექიმისთვის ძნელი არ არის, გაათავისუფლოს პაციენტი დაავადების ადგილობრივი გამოვლინებისგან, მაგრამ არ ძალუძს, სისხლში მოცირკულირე ვირუსისგან თავის დაღწევაში დაეხმაროს. ვირუსმა ნებისმიერ წუთს შეიძლება ახალი კონდილომების გაჩენით შეგახსენოთ თავი. ეს რომ არ მოხდეს, უნდა ჩატარდეს რიგი ღონისძიება, უმთავრესად - იმუნომაკორეგირებელი თერაპიის კურსი, ამისთვის კი საჭიროა იმუნურ სტატუსზე სისხლის ანალიზის გაკეთება და იმუნოლოგის კონსულტაცია.

რბილი შანკრი ბაქტერიული ინფექციაა, რომელიც სქესობრივი გზით გადაედება. ეს დაავადება დღემდე იშვიათად გვხვდებოდა დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში, თუმცა მსოფლიოში ის უფრო მეტად არის გავრცელებული, ვიდრე სიფილისი. აშშ-ის ჯანდაცვის მუშაკები რბილი შანკრისა და სხვა, ადრე შედარებით იშვიათი სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების (სგგდ) მატებას ხსნიან პროსტიტუციისა და ნარკომანიის ზრდით, სამედიცინო პერსონალისა და სგგდ-ის წინააღმდეგ მებრძოლი ფონდების შიდსის წინააღმდეგ ბრძოლაზე გადართვით. განსაზღვრული როლი შესაძლოა შეასრულოს საერთაშორისო ტურიზმის გაფართოებამ და ქვეყნიდან ქვეყანაში სხვა ტიპის გადაადგილებებმაც.

ინფიცირების შემდეგ საინკუბაციო პერიოდი, ჩვეულებრივ, 4-7 დღე გრძელდება. ინფიცირების მთავარი ნიშანი სასქესო ორგანოებზე წყლულის გაჩენაა (სწორედ მას უწოდებენ რბილ შანკრს, სიფილისის დროს არსებული მაგარი შანკრისაგან განსხვავებით). თავდაპირველად ჩნდება ერთგვარი კვანძისმაგვარი გამონაზარდი, რომელსაც ირგვლივ ანთებადი გვირგვინი არტყია. 1-2 დღის შემდეგ იგი ჩირქით ივსება, სკდება და მკვეთრად შემოფარგლულ უსწორმასწოროკიდეებიან წყლულად გადაიქცევა. პაციენტთა დაახლოებით ნახევარს რამდენიმე ასეთი წყლული უვითარდება.

მამაკაცებს რბილი შანკრი ყველაზე ხშირად სასქესო ასოს თავზე ან გვირგვინოვან ღარზე (მიდამო, რომელიც ასოს თავს სხეულისგან მიჯნავს) უჩნდებათ.

ქალის სხეულზე წყლულები, ჩვეულებრივ, განლაგებულია საშოს შესასვლელთან ან მის მახლობლად (სასქესო ბაგეებზე, კლიტორზე, საშოში შესასვლელთან, საშოსა და სწორ ნაწლავს შორის მიდამოში), შედარებით იშვიათად - საშვილოსნოს ყელზე, კიდევ უფრო იშვიათად - სარძევე ჯირკვლებზე, თითებზე, ბარძაყზე და პირის ღრუში.

რბილი შანკრის კიდევ ერთი მკვეთრად გამოხატული კლინიკური ნიშანია საზარდულის ლიმფური კვანძების შესივება სხეულის იმ მხარეს, სადაც წყლულია განვითარებული. პაციენტების დაახლოებით ნახევარს ძლიერ შესივებული ლიმფური კვანძები, რომლებსაც ბუბონებსაც უწოდებენ, უსკდება და იქიდან სქელი ჩირქი სდის.

თუ არ ჩავთვლით ზემოთ ჩამოთვლილ მოვლენებს, რბილი შანკრი ჯანმრთელობას დიდ ზიანს არ აყენებს და მძიმე გართულებებს არ იწვევს. რბილი შანკრის დიაგნოსტირება დათვალიერებით მიღებული მონაცემების საფუძველზე ხდება.

მკურნალობა ტარდება ანტიბიოტიკებით. თუ მკურნალობის დაწყებიდან ერთი კვირის განმავლობაში შესამჩნევი გაუმჯობესება არ მოხდა, უნდა შემოწმდეს, სწორად არის თუ არა დასმული დიაგნოზი, ხომ არ აქვს პაციენტს სხვა სგგდ-ც, მაგალითად, შიდსი, ან ინფექციის გამომწვევი შტამი მედეგობას ხომ არ იჩენს დანიშნული ანტიბიოტიკის მიმართ.

ყველამ, ვისაც კი სქესობრივი კონტაქტი ჰქონდა დაავადებულთან დაავადების დაწყებიდან ათი დღის განმავლობაში, უნდა გაიაროს გამოკვლევა და ჩაიტაროს მკურნალობა კლინიკური ნიშნების არარსებობის შემთხვევაშიც კი.

მაგარი შანკრი უმტკივნეულო მკვრივი კვანძოვანი წითელი ან ვარდისფერი წარმონაქმნია. ის, ჩვეულებრივ, სიფილისის პირველ პერიოდში ჩნდება. შანკრის დიამეტრი 10-20 მილიმეტრია, მაგრამ სამედიცინო პრაქტიკაში გვხვდება როგორც პატარა ზომის, ჯუჯა, ასევე გიგანტური, 4-5-სანტიმეტრიანი წარმონაქმნები.

მაგარი შანკრი (მას უწოდებენ აგრეთვე პირველად სკლეროზს, პირველად სიფილომას, პირველად ეროზიას) ჩნდება ორგანიზმში სიფილისის გამომწვევის - მკრთალი ტრეპონემის - შეჭრის ადგილას. ამის კვალობაზე, უმეტესად ლოკალიზებულია სასქესო ორგანოებზე (ჩვეულებრივ, სასქესო ასოს თავზე, იშვიათად - ასოს კანზე, დიდ და მცირე სასქესო ბაგეებზე). გარდა ამისა, მაგარი შანკრი შეიძლება გაჩნდეს ტუჩის კუთხეში, პირის ღრუს ლორწოვან გარსზე, სარძევე ჯირკვლის თავზე, ანუსის მიდამოში. ზოგჯერ მაგარი შანკრი ლოკალიზდება შიგნითა ლორწოვან გარსებზე: საშვილოსნოს ყელზე, საშოს კედლებზე, ურეთრაში და სხვა.

ზოგიერთ შემთხვევაში სასქესო ასოს თავზე არსებული მაგარი შანკრი არა მარტო შეუმჩნეველია, არამედ მისი მოსინჯვაც შეუძლებელია. ასეთ დროს მაგარი შანკრი ეროზიის სახით გვხვდება, რომელიც დაფარულია მონაცრისფრო-ყვითელი ნადებით. ნადების ლაბორატორიული ანალიზით მასში დიდი რაოდენობით მკრთალი ტრეპონემის ნახვაა შესაძლებელი.

პაციენტთა 10-20%-ში მაგარი შანკრი ღრმა წყლულის ფორმით გვხვდება. ამ დროს აუცილებელია მისი რბილი შანკრისაგან დიფერენცირება.

სიფილისის მკურნალობა კომპლექსურია და რაც უფრო ადრე მიმართავს პაციენტი სპეციალისტს, მხოლოდ - ექიმ-სპეციალისტს, მით უფრო შედეგიანი და ნაკლებხარჯიანი იქნება.


სასქესო ასოს კიბოსწინარე დაავადებები

არსებობს რამდენიმე ისეთი დაავადება, რომელიც შეიძლება სასქესო ასოს კიბოდ გადაიქცეს.

  • კანის რქა - ასოს თავისა და ჩუჩის მფარავი ეპითელიუმის გაძლიერებული გარქოვანების შედეგია. ხშირად დაზიანებულ ადგილებში წარმოიქმნება და წარმოადგენს მკვრივ (ფრჩხილის სიმკვრივის მქონე) 2-3-სანტიმეტრიან გამონაზარდს, რომელსაც ყვითელი ან მოთეთრო ფერი აქვს.
  • მახვილწვერა კონდილომა - მის შესახებ ზემოთ უკვე მოგახსენეთ.
  • ბუშკე-ლევინშტეინის სიმსივნე ანუ გიგანტური კონდილომა - გარეგნულად მახვილწვერა კონდილომას ჰგავს, მაგრამ, ამ უკანასკნელისგან განსხვავებით, შესაძლოა ასოს ეპითელიუმის სიღრმეში შეაღწიოს. კიბოსწინარე დაავადებების მკურნალობა მათ მოშორებას გულისხმობს. საამისოდ სხვადასხვა გზა არსებობს: ამოკვეთა, ჩუჩის შემოჭრა, ელექტროკოაგულაცია, ლაზერით ზემოქმედება, სხვადასხვა ქიმიური ნივთიერების გამოყენება. მკურნალობის მეთოდი ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს.
  • საშვილოსნოს ყელის პოლიპი იშვიათად გარდაიქმნება კიბოდ, მაგრამ განსაკუთრებით საყურადღებოა ისეთი შემთხვევები, როცა საშვილოსნოს ყელის პოლიპები ხშირად განიცდის რეციდივს და წყლულდება. პოლიპების მოშორების შემდეგ აუცილებელია მათი ჰისტოლოგიური კვლევა. მორეციდივე პოლიპების დროს რეკომენდებულია ცერვიკალური არხის ლორწოვანი გარსის დიაგნოსტიკური გამოფხეკა. სამედიცინო პრაქტიკაში არცთუ იშვიათია ენდომეტრიუმის (საშვილოსნოს ლორწოვანის) და საშვილოსნოს სხეულის პოლიპიც. პროფილაქტიკა გულისხმობს გინეკოლოგთან რეგულარული გამოკვლევის ჩატარებას. დაავადების პირველივე ნიშნების, ციკლის დარღვევის, სუნიანი ან შეფერილი გამონადენის გაჩენისას ჯობს, რაც შეიძლება სწრაფად მიმართოთ გინეკოლოგს.

* * *

მინდა, ყურადღება კიდევ ერთ დაავადებაზე გავამახვილო. ეს გახლავთ სასქესო ასოს ფიბროპლასტიკური ინდურაცია ანუ პეირონის დაავადება. ის 1743 წელს აღმოუჩინა ლუდოვიკო მეთხუთმეტის პირადმა ქირურგმა თავის უავგუსტოეს პაციენტს.

ეს დაავადება ახალგაზრდა და საშუალო ასაკის მამაკაცებს ემართებათ. თავს იჩენს ტკივილით, რაც მამაკაცს აიძულებს, გულდასმით დაითვალიეროს სასქესო ორგანო. სწორედ ამ დროს აღმოაჩენს ის ასოში მკვრივ, მკვეთრი კონტურების მქონე კვანძს, ბალთას. პეირონის დაავადება ონკოლოგიურ დაავადებათა რიცხვს არ მიეკუთვნება, არც შარდვის პრობლემას აჩენს, მაგრამ ძალუძს, საკმაოდ დიდი ხნით დაასვას დაღი სქესობრივ ცხოვრებას.

დაავადების დაწყებიდან რამდენიმე თვის შემდეგ სასქესო ასო ერექციისას დეფორმირდება, მრუდდება. გამრუდების კუთხემ შესაძლოა 90 გრადუსს და უფრო მეტსაც მიაღწიოს, სხვაგვარად რომ ვთქვათ, სასქესო ასო შესაძლოა დიდი კუთხით ნებისმიერ მხარეს მოიხაროს. ჩნდება ერექციისა და სქესობრივი აქტის ნორმალურად ჩატარების პრობლემა.

პეირონის დაავადების შესახებ საერთო აზრი არ არსებობს. სასქესო ასოს შიგნით ორი ცილინდრული კამერაა, რომელთაც კავერნოზულ სხეულებს უწოდებენ. ერექციის დროს ეს კამერები სისხლით ივსება. ისინი უსაზღვროდ არ ფართოვდებიან - ამაში თეთრი გარსი უშლით ხელს. პეირონის დაავადების დროს სწორედ ამ გარსის დაზიანება (გაგლეჯა) ხდება, ბუნება კი "გარემონტების" დროს მას იმდენად სქელ, არაელასტიკურ "ნაკერს" ადებს, რომ პაციენტის მდგომარეობა სავალალოდ იცვლება.

პეირონის დაავადება თავისთავად არ იკურნება. მისი მკურნალობა მხოლოდ გამოცდილ უროლოგს ძალუძს. მედიკამენტურმა თერაპიამ, დასხივებამ, სტეროიდებისა თუ ე ვიტამინის ინექციებმა დაავადების დასაწყისში შესაძლოა გამოიღოს ეფექტი, მაგრამ არცთუ ისე დიდი. ბოლო ხანს წარმატებით იყენებენ ულტრაბგერის დარტყმით მეთოდს, მკურნალობის ვიბრაციულ მეთოდებს. მაშინ კი, როცა ბალთაში კალციუმის მარილები ჩალაგდება, მედიკამენტურ თერაპიაზე დროის დაკარგვა არ ღირს. საქმეში ქირურგია ერთვება. ხოლო თუ მამაკაცი პეირონის დაავადებასთან ერთად დეფორმაციის ან ტკივილის გამოც ვერ ახორციელებს სქესობრივ აქტს, უკვე სქესობრივი ასოს პროთეზირება ხდება საჭირო.

დასასრულ, მინდა გითხრათ, რომ როდესაც ადამიანი მისდევს ცხოვრების ჯანსაღ წესს, რომელშიც ნორმალური კვება, ზომიერი ფიზიკური თუ სქესობრივი ცხოვრება და, რა თქმა უნდა, ჰიგიენაც შედის, მაშინ მას არა მარტო ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებები, არამედ სხვა პრობლემებიც აუვლიან გვერდს.