ღამის პრობლემები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2019

ღამის პრობლემები

ღამის პრობლემები
პოლუცია (ღამის პოლუცია, დღის პოლუცია)
პოლუცია (ლათ. "პოლუტუმ" - დასვრა) უნებლიე თესლდანთხევაა (ეაკულაცია), რომელსაც არც სქესობრივი აქტი უძღვის წინ და არც მასტურბაცია. განასხვავებენ ღამისა და დღის პოლუციას. ღამის პოლუცია ნორმალური ფიზიოლოგიური მოვლენაა, რომელიც რეგულარული სქესობრივი ცხოვრების ან რეგულარული მასტურბაციული პრაქტიკის დაწყებამდე კვირაში 1-2-ჯერ ან უფრო იშვიათად მეორდება. მოზარდებში ღამის პოლუციის დაწყება სქესობრივი სიმწიფის განსაზღვრული ეტაპის მიღწევის დასტურია. ღამის პოლუცია ძირითადად ეროტიკული შინაარსის სიზმრების დროს ხდება. ის ზრდასრულ, მოწიფულ მამაკაცებსაც ემართებათ ხანგრძლივი თავშეკავებისას. ყველა ხსენებულ შემთხვევაში პოლუციას აქვს ჩანაცვლებითი (ვიკარული) ხასიათი - იწვევს პერიოდულ ეაკულაციას და ამით ხელს უშლის მამაკაცის სასქესო ორგანოებში შეგუბების განვითარებას. პოლუცია იმ მამაკაცებშიც შეიმჩნევა, რომლებიც სექსუალურ ცხოვრებას ეწევიან, მაგრამ მათი ინდივიდუალური სქესობრივი მოთხოვნილებები სექსუალურ აქტიურობას არ შეესაბამება. ჩვეულებრივ, პოლუცია 13-14 წლის ყმაწვილებში გვხვდება, წესისამებრ, ძილში. პირველი თესლდანთხევა როგორც 10, ისე 15 წლის ასაკში ნორმალურია, აი, 5 წლის ასაკში კი ეს პათოლოგიაა და არა "სექსის მომავალი გიგანტის" ნიშანი. გახშირებული პოლუცია (ყოველდღე ან ყოველ მეორე დღეს, ან ღამის განმავლობაში რამდენჯერმე სქესობრივი აქტის შემდეგაც კი) არცთუ იშვიათად თანხვდება ორგაზმისა და ერექციის შესამჩნევ შესუსტებას (ზოგჯერ - ერექციის უქონლობას), დაღლილობას და  მოდუნებას, უგუნებობას და თავის დამძიმების შეგრძნებას. ღამის პოლუციას, თუ ის ნორმის ფარგლებშია, მკურნალობა არ სჭირდება. სქესობრივი ცხოვრების მოწესრიგების შემდეგ იგი თავისთავად გაივლის.
ნაადრევი თესლდანთხევა
ნაადრევი თესლდანთხევა მამაკაცების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა. მას ათიდან სამი მამაკაცი უჩივის. დარღვევის არსი ის არის, რომ ეაკულაცია (თესლდანთხევა) სქესობრივი აქტის დაწყებისთანავე ან დაწყებამდე ხდება. ნაადრევი ეაკულაცია მამაკაცსა და მის პარტნიორს სრულფასოვანი სქესობრივი ცხოვრების საშუალებას არ აძლევს და ხშირად იქცევა ფსიქოლოგიური პრობლემების მიზეზად. ნაადრევი თესლდანთხევა პირველადიც შეიძლება იყოს და მეორეულიც. პირველი მათგანი ვლინდება სქესობრივი ცხოვრების საწყის პერიოდში და უმეტესად აღელვებისა და ჭარბი აღგზნებულობის შედეგია. სქესობრივი ცხოვრების მოწესრიგების შემდეგ ის, წესისამებრ, გაივლის და სპეციფიკურ მკურნალობას არ საჭიროებს. მეორეული ნაადრევი თესლდანთხევა შეძენილია (თანდაყოლილი არ არის) და ვითარდება ურეთრისა და წინამდებარე ჯირკვლის (პროსტატის) ამა თუ იმ ანთებითი დაავადების, ერექციული დისფუნქციისა და სხვა პრობლემების გამო. ნაადრევი თესლდანთხევის მკურნალობა კომპლექსურ მიდგომას მოითხოვს. მკურნალობის კურსი, კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, ყველა პაციენტისთვის ინდივიდუალური უნდა იყოს.  ჩვეულებრივ, მისი მიზანია იმ ფაქტორის მოცილება, რომლის გამოც ხდება ნაადრევი ეაკულაცია და მამაკაცის მიერ სქესობრივი აქტის ხანგრძლივობის კონტროლის უნარის გამომუშავება. ამის კვალობაზე, ტარდება: . იმ დაავადების მკურნალობა, რომელიც ნაადრევი თესლდანთხევის უშუალო მიზეზია;
. სქესობრივი და ქცევითი თერაპია;
. მედიკამენტური მკურნალობა სპეციალური პრეპარატებით;
. რეფლექსოთერაპია;
. ქირურგიული მკურნალობა.
გვიანი ეაკულაცია
სქესობრივი სიახლოვე რთული ფსიქოფიზიოლოგიური პროცესია, რომელშიც ორი ადამიანი მონაწილეობს. ამასთანავე, ორივეს თანაბარი უფლება აქვს და თანაბრად აგებენ პასუხს ერთმანეთის მდგომარეობაზე, და თუ მამაკაცს რამე არ გამოსდის, მიზეზი უწინარეს ყოვლისა პარტნიორებს შორის არცთუ მოწესრიგებულ ურთიერთობაში უნდა ვეძებოთ. გვიანი თესლდანთხევა ამის საუკეთესო დასტურია. გვიანი ეაკულაცია ის მდგომარეობაა, როცა მამაკაცი არ განიმუხტება სქესობრივი შერწყმის დროს. ამის მიზეზი ასაკიც არის: ასაკში შესული მამაკაცის სასქესო ორგანო ფრიქციებზე უფრო ნაკლებად რეაგირებს, ვიდრე ახალგაზრდისა. შესაბამისად, ასაკთან ერთად ამ ანომალიის წარმოშობის ალბათობა იმატებს. დაგვიანებული ეაკულაცია შესაძლოა რომელიმე დაავადებით, მაგალითად, დიაბეტით, ასევე მუცლის ღრუს ორგანოებზე ოპერაციული ჩარევით, შიშით და ზოგიერთი სხვა მიზეზითაც იყოს გამოწვეული, თუმცა მამაკაცისთვის ამ მეტად არასასიამოვნო მოვლენის გამშვები მექანიზმი მაინც წმინდა ფსიქოლოგიური პრობლემებია, უფრო ზუსტად, სქესობრივი ქცევის პრობლემები. ის მაშინ იჩენს თავს, როცა მამაკაცი სათანადოდ ვერ აღეგზნება, ვინაიდან პარტნიორი ფრიგიდულია ან საპასუხო ალერსს არ იმეტებს, ანდა, პირიქით, დათრგუნულია ქალის სექსუალური აქტივობით. ამ დროს მამაკაცი შეიძლება ჩაიკეტოს, შეიბოჭოს და ორგაზმამდე ვერ მიიყვანოს სქესობრივი აქტი. ასეთი რამ, ჩვეულებრივ, მაშინ ხდება, როცა ქალი და მამაკაცი პირველად აღმოჩნდებიან სქესობრივი პარტნიორების როლში. ისეც ხდება, რომ მამაკაცი თავს იკავებს, ვთქვათ, შიშის გამო, რათა პარტნიორი არასასურველი ორსულობისგან გადაარჩინოს. ამ მდგომარეობაში მამაკაცი შესაძლოა ქალმაც ჩააყენოს საკუთარი ნევროზული საქციელით და არასასურველი ორსულობის შიშით. ვარიანტი უამრავია. თუ ბოლოს და ბოლოს განმუხტვა მოხდა, თუნდაც მეორე პაემნის დროს, მაშინ ეს პათოლოგიად აღარ განიხილება. თუ გნებავთ, ასეთი რამ მეორედაც არ შეგემთხვეთ, პირველი, რაც უნდა გააკეთოთ, ის არის, რომ შეზღუდოთ ალკოჰოლის მოხმარება. თავდაპირველად ალკოჰოლი აღმგზნებად მოქმედებს და ძლიერ ერექციას იწვევს, მაგრამ მოგვიანებით ის თრგუნავს ზურგის ტვინის რეფლექსებს, რამაც შესაძლოა მარტო ეაკულაციის კი არა, ერექციის შეუძლებლობაც გამოიწვიოს. არასოდეს დაივიწყოთ, რომ აქტში ორი ადამიანი მონაწილეობს. თუ მხოლოდ იმაზე იფიქრებთ, როგორ უნდა მოიქცეთ, შესაძლოა, ფიასკო განიცადოთ. თუ პარტნიორთან სრული ჰარმონია გაქვთ, მაშინ ასეთი რამ არ გემუქრებათ. დამხმარედ ფანტაზიას უხმეთ. სექსუალური წარმოსახვები მამაკაცს აღაგზნებს და ნებისყოფის ძალით მათი ჩახშობა საჭირო არ არის. პირიქით, სრული თავისუფლება მიანიჭეთ. გაიხსენეთ წარსული სასიყვარულო ეპიზოდები, ეროტიკული ჟურნალის გვერდი ან ფილმის გულახდილი კადრები. ბოლოს და ბოლოს, რაღა დროს პურიტანელობაა, როცა საწოლში სასურველ ქალთან ერთად წევხართ! დაბოლოს, თუ გვიანი ეაკულაცია იშვიათად ხდება, ნერვიულობად არ ღირს, მაგრამ თუ ნორმად იქცა, მოგიწევთ, სექსოლოგთან ახლო ურთიერთობა დაამყაროთ.
სექსსომნია
როდესაც ტორონტოელი იან ლიუდექსი გაუპატიურებისთვის დააპატიმრეს და სასამართლოს გადასცეს, დაცვის მხარემ წარმოუდგენელი არგუმენტი მოიშველია - განსასჯელმა ეს მძინარემ გააკეთაო. და ეს მართალი აღმოჩნდა! იქნებ დაუჯერებელი მოგეჩვენოთ, მაგრამ ლიუდექსი, რომელსაც 2005 წელს 33 წელი შეუსრულდა, ლუნატიზმით, მთვარეულობით იყო შეპყრობილი. "სექსი ძილში" - ასე ითარგმნება სექსსომნია -  სასწაულად აღარ მოგეჩვენებათ, თუ გაიხსენებთ ე. წ. პარასომნიის ისეთ შემთხვევებს, როცა მთვარეულები ძილში ჭამდნენ ან მანქანის საჭეს მართავდნენ (უკანასკნელი ვარიანტი არაერთხელ არის დაფიქსირებული მედიცინის ისტორიაში). მოკლედ, ტორონტოს ბავშვთა და მოზარდთა ძილის ცენტრის დირექტორის, დოქტორ კოლინ შაპიროს ახსნა-განმარტების წყალობით, რომელიც დაცვის მოწმედ გამოდიოდა, ეჭვმიტანილი სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის ძილის მედიცინის აკადემია სექსსომნიას არ აღიარებს, ამერიკულ სამედიცინო ჟურნალებში გაჩნდა ფსიქიატრებისა თუ ნევროლოგების სტატიები, სადაც ზემოხსენებული მოვლენების დამადასტურებელი ფაქტებია მოყვანილი. ჯერჯერობით ოფიციალურად სულ 71 ასეთი შემთხვევაა ცნობილი, თუმცა ნიუ-ჰემპშირის შტატის უნივერსიტეტის ფსიქოლოგს მაიკლ მეგანს - ძილის დროს სექსის შესახებ ("შლეეპსეხ: უნცოვერედ") წიგნის ავტორს - მიაჩნია, რომ მათი რიცხვი გაცილებით მეტია. მისი თქმით, მისივე ვებ-საიტზე 1000-ზე მეტი ისეთი ადამიანის კომენტარია დატოვებული, რომლებიც ამ დარღვევით იტანჯებიან. არადა, როგორც აღმოჩნდა, ამ პრობლემის მკურნალობა დიდ სირთულეს არ წარმოადგენს - ტრანკვილიზატორი კლონაზეპამი მას იოლად ერევა. ფსიქოლოგს მიაჩნია, რომ საჭიროა, ადამიანებს ინფორმაცია მიეწოდოთ, თუნდაც იმისათვის, რომ იცოდნენ, ვის სთხოვონ დახმარება.

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
ღვიძლის დაცვა -60 აბი
ფასი: 42.9
5 HPT დეპრესიის საწინააღმდეგო -60 აბი
ფასი: 49.5
მხედველობის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 44.9
ჯირკვლის ჯანმრთელობის ხელშეწყობისთვის-30აბი
ფასი: 69.9
დიეტოლოგია
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
ჟურნალში Neurology გამოქვეყნდა ახალი კვლევის შედეგები, რომელთა თანახმადაც,_ ტრანსცხიმების ხშირად გამოყენება (მაგალითად კარტოფილი-ფრის)
კატეგორიის სხვა სტატიები
უროლოგიურ პრობლემას ადამიანები ხშირად სირცხვილის გამო მალავენ. ამასთანავე, საზოგადოებაში
ვარიკოცელე სათესლე ბაგირაკის ვენური წნულის ვარიკოზული გაგანიერებაა.
მამაკაცთა ფიმოზი შეიძლება იყოს თანდაყოლილიც და შეძენილიც (უმრავლეს შემთხვევაში).
შარდვის დარღვევა სიმპტომების მთელი ჯგუფია, რომელთაგან თითოეული შეიძლება
გაკეთებული მაქვს პროსტატის ოპერაცია (ტური). ამ შემთხვევაში სქესობრივი კავშირის დამყარება პარტნიორთან ხომ არ გამოიწვევს ჯანმრთელობის გაუარესებას?
ცისტიტი შარდსასქესო სისტემის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. ხშირად ის
ხველის მკურნალობა არა მარტო მედიკამენტებით, არამედ ალტერნატიული საშუალებებითაცაა შესაძლებელი,
კბილის ზომამ სიგრძეში შეადგინა 3,72 სმ. პაციენტმა ექიმს მიმართა მწვავე ტკივილის გამო. კბილმა, ანომალური ზომების გამო, გამოიწვია ზედა ყბის ანთება.
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
ტვინის სისხლძარღვების გაწმენდა უმნიშვნელოვანესი პროცედურაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად