„ზამთრის ცისტიტი“ როგორ დავიცვათ თავი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

„ზამთრის ცისტიტი“ როგორ დავიცვათ თავი

– საკმაოდ უსიამოვნო პრობლემა, რომელიც უპირატესად ქალებს ექმნებათ, თუმცა ზოგჯერ ვერც კაცები გადაურჩებიან ხოლმე. მიჩიგანის უნივერსიტეტის მკლევართა აზრით, 24 წლის ასაკში ყოველი მესამე ქალისთვის ცისტიტი კარგად ნაცნობი პრობლემაა. ეს აიხსნება ქალისა და მამაკაცის შარდსადენის ანატომიური სხვაობით, ქალის შარდსადენი მოკლე და განიერია, შესაბამისად, ინფექციური აგენტები მასში ბევრად ადვილად აღწევენ, ვიდრე მამაკაცის გაცილებით გრძელ ურეთრაში.

გარდა ამისა, ქალის ორგანიზმში არსებობს პირდაპირი ლიმფური კავშირი საშარდე ბუშტსა და სასქესო ორგანოებს შორის, ამიტომ სასქესო ორგანოების ნებისმიერი ანთებითი პროცესისას (ენდომეტრიტი, საკვერცხეების ანთება, პარამეტრიტი) ინფექცია ლიმფური ან ჰემატოგენური გზით - სისხლით აღწევს შარდის ბუშტში.

საკმარისია ცივ ამინდში ცოტა შეგვცივდეს, დიდხანს ველოდოთ გაჩერებაზე ტრანსპორტს ან გათბობის გარეშე ავტომობილის სალონში ცივ სკამზე 15-20 წუთით დავჯდეთ, რომ შარდის ბუშტთან დაკავშირებული პრობლემები თითქმის გარდაუვალია.

დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის ექიმი მაია ღონღაძე გვესაუბრება, რამდენად უკავშირდება ცისტიტის გამწვავება წელიწადის ცივ პერიოდს და როგორ დავიცვათ თავი ზამთრის ცისტიტისგან.

- ზამთარში ქრონიკული ცისტიტის გამწვავების მიზეზად უპირატესად სიცივეს მიიჩნევენ. საკმაოდ ხშირად გვსმენია, საკმარისია შემცივდეს, მაშინვე მიხშირდება შარდვა, მეწყება წვა და შარდვის თანმდევი დისკომფორტიო. რამდენად სიმართლეა ეს?

- შეციების შემდგომ ამგვარი უსიამოვნო სიმპტომების დაწყება იმ ინფექციური პროცესის გააქტიურებას უკავშირდება, რომელიც მანამდე არსებობდა ორგანიზმში და იგი ბოლომდე განკურნებული არ იყო, უპირატესად ეს არის ბაქტერიული ინფექცია, ჩვეულებრივი ნაწლავის ჩხირი, რომელიც ხვდება შარდის ბუშტში და ანთებითი პროცესის გამწვავების პროვოცირებას ახდენს.

ცისტიტს ასევე ამწვავებს სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების გამომწვევი მიკროორგანიზმები, ზოგჯერ ის სქესობრივი პარტნიორის ცვლის თანმდევია - ანთებითი რეაქციით რეაგირებს შარდგამომყოფი არხი ახალ, მისთვის უჩვეულო მიკროფლორაზე.

ცისტიტი შეიძლება იყოს თირკმელების დაავადებების (პიელონეფრიტის, თირკმელკენჭოვანი დაავადების ან სხვა უროლოგიური პრობლემების) პირველი კლინიკური გამოვლინება.

გაცილებით იშვიათად გვხვდება არაინფექციური ცისტიტი, რომელიც რომელიმე სამკურნალო პრეპარატზე ან ჰიგიენურ საშუალებაზე ალერგიის შედეგია.

ასე რომ, სიცივე, თავისთავად, ცისტიტის გამომწვევი მიზეზი არ არის. უბრალოდ, ცივი ამინდები, ნესტი, ჰაერში გაზრდილი ტენიანობა, ქარები ასუსტებს სითბოს მიჩვეულ ორგანიზმს და მაშინვე იღვიძებენ მანამდე მყოფი ინფექციური აგენტები.

ხდება ისეც, რომ ცისტიტი ხშირად ერევათ სიცივეში გაძლიერებულ დიურეზში, როდესაც შეციების შემდგომ ხშირდება შარდვა.

სიცივეში ორგანიზმი მთლიანად ერთვება შინაგანი ორგანოების საჭირო რაოდენობით სითბოთი მომარაგებაზე, შესაბამისად, ძლიერდება და აქტიურდება თირკმელების ფუნქციებიც და ჩვენც ხშირად გვიწევს შარდის ბუშტის დაცლა. ეს ცისტიტი არ არის, ეს უბრალოდ ორგანიზმის თბორეგულაციურ პროცესებთან დაკავშირებული გაძლიერებული დიურეზია.

- თუ სიცივე ცისტიტის უშუალოდ გამომწვევ მიზეზს არ მიეკუთვნება, მაშინ რომელი ფაქტორებია მისი გამწვავების მაპროვოცირებელი?

- ამგვარ ფაქტორებს მიეკუთვნება ზოგიერთი ახალგაზრდა ქალის ჩაცმის სტილი, სიცივეში მოშიშვლებული წელისა და მუცლის არე. სხეულის ამ ნაწილების მუდმივი გადაციება კი თიკრმელებთან დაკავშირებულ სერიოზულ პრობლემებსაც იწვევს, რომლის ნეგატიურ შედეგებსაც საკმაოდ დიდი ხნის, ზოგჯერ კი მთელი ცხოვრების მანძილზეც იმკიან.

აღსანიშნავია მცირე მენჯის ღრუს ორგანოთა სისხლძარღვებში სისხლის ქრონიკული შეგუბება. შვებულებების, პიკნიკებისა და ექსკურსიების დრო ჩავლილია, შემოდგომით წვიმიან და ქარიან ამინდში სეირნობაც დიდად აღარ გვხიბლავს, დაგროვილი უამრავი საქმის კეთებისას მთელი დღე თითქმის გაუნძრევლად გვიწევს სამსახურებში ყოფნა, რაც ნეგატიურ კვალს ტოვებს როგორც საზოგადოდ ჯანმრთელობაზე, ისე შარდ-სასქესო სისტემის მდგომარეობზე, რაც ქრონიკული დაავადებების გამწვავებით იჩენს თავს.

ცისტიტის გამწვავების არსებითი მიზეზი არის იშვიათი შარდვაც, სიცივეში რატომღაც ადამიანები თავს არიდებენ ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დროულ დაკმაყოფილებას. შარდის ბუშტში შარდის შეგუბება კი ქმნის დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმებისთვის აქტიურად გამრავლების ხელსაყრელ პირობებს და ანთებითი პროცესის აქტივაციას უწყობს ხელს.

ცისტიტის გამწვავება დღის განმავლობაში მიღებული სითხის რაოდენობის შემცირებას უკავშირდება. წლის ცივ პერიოდებში ხომ წყალს გაცილებით ნაკლებად ვსვამთ, თუ ზაფხულში 1,5-2 ლიტრი სითხის მიღება არანაირი პრობლემა არ არის, შემოდგომასა და ზამთარში ამის შესახებ რატომღაც გვავიწყდება და ორგანიზმში სითხის მარაგის რეგულარული შევსების პროცესი ირღვევა. მართალია, სითხის დეფიციტი ცივ პერიოდში ისე აშკარად არ შეიგრძნობა, სამაგიეროდ, გაუწყლოების გამო შარდის კონცენტრაცია იზრდება და მასში გახსნილი მარილები აღიზიანებენ შარდის ბუშტის კედლებს.

ცისტიტის გამწვავება ზოგჯერ მწვავე რესპირატორული დაავადებითა და ანგინით, რაიმე სხვა ტიპის გადატანილი ინფექციით, აბორტისშემდგომი პერიოდით, საკვერცხეების ჰორმონული ფუნქციის მოშლითა და ნორმალური სქესობრივი ცხოვრების უქონლობითაც არის პროვოცირებული.

გასათვალისწინებელია, თუ ქალს ქრონიკული ცისტიტი აქვს, საკმაოდ მაღალია ალბათობა იმისა, რომ მას ორსულობისას პროცესი გაუმწვავდება, რამდენადაც ორსულობისას იცვლება ორგანიზმის ჰორმონული ფონი, ირღვევა საშოს მიკროფლორა და ქვეითდება იმუნიტეტი.

ამ ვითარებაში ორსულობამდე გამოწერილი ანტიბიოტიკები შესაძლოა უკუნაჩვენები იყოს ორსულობისთვის, ამიტომ არ შეიძლება ძველი დანიშნულებით სარგებლობა, აუცილებელია ექიმთან ვიზიტი და ორსულობის პროცესის გათვალისწინებით დადგენილი დანიშნულების მიღება.

- რომელია ცისტიტის გამწვავების მანიშნებელი პირველი სიმპტომები?

- დაავადება უეცრად იწყება და მწვავედ მიმდინარეობს, მისი პირველი სიმპტომებია ძლიერი და ხშირი შარდვის სურვილი (ყოველ 30-60 წუთში), წვა და ჭრის შეგრძნება შარდვისას და მისი დასრულების შემდგომ, ძლიერი სურვილის დროსაც კი გამოიყოფა მცირე რაოდენობის შარდი, იგრძნობა ძლიერად გამოხატული დისკომფორტი მუცლის ქვედა ნაწილში.

მოგვიანებით შარდში ჩნდება სისხლი, რომელიც ზოგჯერ შარდის ანალიზისას აღმოჩნდება ხოლმე, ზოგჯერ კი თვალითაც შესამჩნევია. შარდს გააჩნია მუქი ფერი და ზოგჯერ უსიამოვნო სუნიც დაჰკრავს.

თუ ამ სიმპტომებს თან ერთვის სხეულის ტემპერატურის მატება 38 და მეტი გრადუსით, ქავილი, ტკივილი წელისა და გვერდის არეში და ჩნდება გულისრევის შეგრძნებაც, ყველაფერი მიგვითითებს, რომ ინფექციამ აღმავალი ხასიათი შეიძინა და თირკმელებისკენ დაიძრა, ანუ პიელონეფრიტის კლინიკური სურათი იკვეთება. მწვავე ცისტიტი გრძელდება 7-10 დღე. თუ ის გახანგრძლივდა, მაშინ საჭიროა თირკმელების გამოკვლევა.

ეს უკვე სპეციალისტთან ვიზიტისთვის სერიოზული მიზეზია. დაუშვებელია ყოველგვარი თვითმკურნალობა, მაგალითად, ცისტიტის გამწვავებისას ქალების უმეტესობა ცდილობს დამოუკიდებლად გაუმკლავდეს ამ პრობლემას და ამ მიზნით იდებენ სათბურას ან თბილ ქსოვილებს წელისა და მუცლის არეში, რაც არასწორია. ყველაფრის მიზეზი შარდის ბუშტის ლორწოვან გარსზე არსებული ბაქტერიული ფლორის გამწვავებაა და მის მკურნალობას სჭირდება სპეციალური ანტიბაქტერიული პრეპარატები, ანტიბიოტიკები და უროსეპტიკები.

- რა ხდება სპეციალისტთან ვიზიტის შემდგომ და საზოგადოდ, რა პრინციპების დაცვით მიმდინარეობს გამწვავებული პროცესის მართვა?

- სპეციალისტთან ვიზიტისას, პირველ ყოვლისა, პაციენტი აბარებს საჭირო ანალიზებს, დიაგნოზის დასაზუსტებლად სადიაგნოზო კრიტერიუმები ეფუძნება: ანამნეზს, ფიზიკურ გასინჯვას, შარდის ანალიზს, შარდის ბაქტერიოლოგიურ კვლევას, ულტრაბგერით კვლევას (საჭიროებისას), კვლევის დამატებით მეთოდებს (საჭიროებისას).

შემდგომ იწყება კომპლექსური მკურნალობა. ხშირად დასაწყისში სასურველ შედეგს იძლევა ე.წ. ანთების საწინააღმდეგო, ანტისპაზმური და შარდმდენი ეფექტის მქონე ფიტოპრეპარატებით მკურნალობა, რომელთა მიღების შემდგომ მცირდება მტკივნეული სიმპტომები და ანთებითი პროცესი ქრება.

შორს წასული ფორმებისას კი აუცილებელია ფართო სპექტრის ანტიბიოტიკებით მკურნალობა, სითხის გაძლიერებული მიღება და დროებით სქესობრივი ცხოვრებისგან თავშეკავება.

- რისი გათვალისწინებაა საჭირო გამწვავებული ცისტიტის სამკურნალოდ ანტიბიოტიკების შერჩევისას?

- შემთხვევათა 80-95%-ში ცისტიტის გამომწვევი არის ჩვეულებრივი ნაწლავის ჩხირი, რომელიც ჩვენს ორგანიზმში ცხოვრობს. სწორედ ამიტომ ჩვენი იმუნიტეტი მასზე ცუდად რეაგირებს, რამდენადაც მას თავისიანად აღიქვამს, ამიტომ იმ ანტიბიოტიკებისადმი, რომლებიც პაციენტს უკვე მიღებული აქვს, ის რეზისტენტულია, მიჩვეულია და სწორედ პრეპარატების შერჩევისას გვმართებს რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინება. კერძოდ, ევროპის უროლოგთა ასოციაციის მიერ მოწოდებულია რეკომენდაცია, რომლის თანახმადაც, ცისტიტის მკურნალობისას დაუშვებელია ისეთი ანტიბიოტიკების დანიშვნა, რომელთა მიმართაც ორგანიზმის მდგრადობა 10-20%-ს აჭარბებს.

რადგან კაცებს ქალებისგან განსხვავებით გართულების ხელშემწყობი ფაქტორის არსებობის შანსი მეტი აქვთ, მიზანშეწონილია ისეთი მედიკამენტების გამოყენება, რომლებიც კარგად აღწევენ პროსტატის ქსოვილსა და სითხეში. კაცების მკურნალობის დროს მიზანი არა მხოლოდ შარდის ბაქტერიებისგან ერადიკაციაა, არამედ პროსტატის ინფექციის აღმოფხვრაც.

ანტიბიოტიკოთერაპია გრძელდება, ყველაზე ბევრი, 7 დღემდე და ეს დრო დამოკიდებულია შერჩეულ პრეპარატზე და არსებული რისკფაქტორების შეფასებაზეც. შედეგს მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ის, თუ რამდენად სწორად არის შერჩეული ანტიბიოტიკი.

- რას ითვალისწინებს სიმპტომური მკურნალობა?

- სიმპტომური მკურნალობის საზღვრებში პაციენტებს ენიშნებათ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები და გაძლიერებულად სითხის მიღება. მოსალოდნელი გამწვავების პროფილაქტიკისთვის ცისტიტის მკურნალობა ითვალისწინებს დამხმარე პრეპარატების მიღებასაც, როგორებიცაა მცენარეული უროსეპტიკები და ბაქტერიათა ლიოფილიზატები.

მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე დღეში იკლებს და ქრება მტკივნეული სიმპტომები, თუმცა მკურნალობის ბოლომდე მიყვანა აუცილებელია, რამდენადაც სწორედ ბოლომდე მიუყვანელი და დაუსრულებელი მკურნალობის შედეგია რეციდივები.

- რა ღონისძიებები ტარდება მკურნალობის შემდგომი რეაბილიტაციისა და მეთვალყურეობისათვის?

- მწვავე ცისტიტის მკურნალობის შემდგომი რუტინული მეთვალყურეობისთვის საკმარისია შარდის ანალიზი. მკურნალობის შემდეგ ასიმპტომურ პაციენტთა ბაქტერიოლოგიური კვლევა არ არის მიზანშეწონილი, ვინაიდან ასიმპტომური ბაქტერიურიის მკურნალობა აუცილებელია მხოლოდ ორსულების, უროლოგიური ჩარევისა და ოპერაციის წინ.

ქალებს, რომელთა სიმპტომებიც მკურნალობის ბოლოს არ ალაგდება ან ალაგდება და განმეორებით იჩენს თავს 2 კვირის მანძილზე, უნდა ჩატუარდეთ შარდის ბაქტერიოლოგიური კვლევა მგრძნობელობით. მამაკაცთა მკურნალობის შემდგომი მეთვალყურეობა კი უროლოგიურ შეფასებას ითვალისწინებს.

- როგორც ნებისმიერი სხვა ქრონიკული დაავადების გამწვავების თავიდან ასაცილებლად, ცისტიტის დროსაც მნიშვნელოვანია პროფილაქტიკა. რას გვირჩევდით?

- პირველ ყოვლისა, ჩავიცვათ ამინდის შესაბამისად და ვეცადოთ, წელი და მუცელი სიცივეში ყოველთვის დაფარული გვქონდეს;

ნ სასურველია შევინარჩუნოთ აქტივობა შემოდგომასა და ზამთარშიც, ყოველდღიური რამდენიმეწუთიანი სეირნობა ფეხით ან სპორტული დატვირთვები ძალიან კარგია;

ნ ნუ დაგვავიწყდება ყოველ სამ საათში ერთხელ სითხის მიღება. თუ ამ პერიოდში ჩვეულებრივი წყლის დალევა არ გვსიამოვნებს, შეგვიძლია ის უშაქრო ჩაით ან გაზგასული მინერალური სასმლით ჩავანაცვლოთ;

ნ ნუ გაგვიტაცებს სოლარიუმში ხანგრძლივი პროცედურები, რადგან ქრონიკული ცისტიტი შესაძლოა ამ დროსაც გამწვავდეს;

ნ მივაქციოთ ყურადღება კვების რაციონს და შევეცადოთ შევზღუდოთ ძლიერ მწარე, მჟავე, შემწვარი, მარილიანი და შებოლილი პროდუქტი. თუ მაინც მივიღებთ ასეთი სახის საკვებს, მივაყოლოთ მას დიდი რაოდენობით სითხე;

ნ მჯდომარე ცხოვრების წესისას, ვეცადოთ, ყოველ საათში მაინც წამოვდგეთ 5-10 წუთით და ვიმოძრაოთ;

ნ დავიცვათ ჯანსაღი და უსაფრთხო სქესობრივი ცხოვრების პრინციპები.

გვახსოვდეს, რომ პროფილაქტიკური ღონისძიებების დაცვა 50%-ით ამცირებს ცისტიტის გამწვავებას და მის რეციდივებს.