მუცლის ტკივილი თირკმლისა და შარდგამომყოფი ორგანოების დაავადებებისას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მუცლის ტკივილი თირკმლისა და შარდგამომყოფი ორგანოების დაავადებებისას

მუცლის ტკივილი რომ კუჭ-ნაწლავის ბრალია, ეს საკმაოდ გავრცელებული მცდარი შეხედულებაა.

მუცლის ტკივილი შესაძლოა ახლდეს როგორც საკუთრივ მუცლის ღრუს ორგანოთა პათოლოგიურ ცვლილებებს, ისე მენჯის ღრუსა და წელის არეში მდებარე ორგანოთა დაავადებებს. შესაბამისად, ცნობილია როგორც გასტროენტეროლოგიური, ისე გინეკოლოგიური, უროლოგიურ-ნეფროლოგიური, ნევროლოგიური ტიპის მუცლის ტკივილი.

რამდენად ხშირია სამედიცინო პრაქტიკაში მუცლის ტკივილით მიმდინარე პათოლოგიური მდგომარეობები თუ დაავადებები, როგორია მათთვის დამახასიათებელი მუცლის ტკივილი – ამ საკითხებზე მამაკაცის ჯანმრთელობის საქართველოს ასოციაციის პრეზიდენტი, ჯანმრთელობის სახლის უროლოგიური და ანდროლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი, უროლოგიის ეროვნული ცენტრის წამყვანი სპეციალისტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, გიორგი ბოჭორიშვილი გვესაუბრება:

– მუცლის ტკივილი მთელი რიგი დაავადებების, როგორც ზოგადქირურგიულის, ისე უროლოგიურის, გამოვლინებაა. ხასიათის მიხედვით ის შესაძლოა იყოს მწვავე, მოვლითი, ან ყრუ და პერიოდული.

უროლოგიურ-ნეფროლოგიურ პრაქტიკაში ყველაზე ხშირად ვხვდებით თირკმელკენჭოვანი დაავადებების, თირკმლის ტრავმის, ჰიდროპიონეფროზის, პარანეფრიტის, ცისტიტის, შარდის მწვავე შეკავების, სათესლე ჯირკვლის დანამატის მწვავე ანთების, სათესლე ჯირკვლის შემოგრეხის, პიელონეფრიტის და საშარდე სისტემის ანომალიებით პროვოცირებულ მუცლის ტკივილს.

უროლოგიურ ტკივილს ცალსახად მხოლოდ მუცლის ტკივილი არ ახასიათებს. თუმცა, თირკმელკენჭოვანი დაავადებისას, შარდსაწვეთის ჭვალისას, რაც უხშირესად მის სანათურში კენჭის გადაადგილებით არის განპირობებული, დამახასიათებელია მუცლის ტკივილი, უპირატესად, საზარდულის მიმართულებით.

სამედიცინო პრაქტიკაში თირკმლის ჭვალს ლათინურად „კოლიკა რენალის“ ეწოდება. ტერმინი „კოლიკა“ ნაწლავის ლათინური სახელიდან, „კოლონ“ მომდინარეობს. ესეც იმიტომ, რომ ე.წ. თირკმლისა და შარდსაწვეთის ჭვალი, ანუ „კოლიკა“, თავისი კლინიკური გამოვლინებით ნაწლავების სპასტიკურ ჭვალს ჩამოჰგავს.

ამგვარი შეტევითი ტკივილის მიზეზად ხშირად აპენდიქსის ანთებას მიიჩნევენ. სამწუხაროდ, ზოგადქირურგიულ მიმღებ განყოფილებაში ავადმყოფს საშარდე სისტემის ექოსკანირება პრაქტიკულად არ უტარდება და ჭიანაწლავის მწვავე ანთების დიაგნოზი, პრაქტიკულად, მხოლოდ საზარდულის არის პალპაციის საფუძველზე დგინდება. ამიტომაცაა, რომ ჩვენ დღესაც ვხვდებით ისეთ შემთხვევებს, როცა აპენდიციტის გამო ტარდება ოპერაცია და მუცლის ღრუს გახსნის შემდეგ ქირურგები იშვიათად ნახულობენ ნაწლავის რაიმე ცვლილებას, ჩატარებული ოპერაციის შემდეგ კი ავადმყოფს უახლდება შეტევითი ტკივილები. ამგვარ მუცლის ტკივილს „ყალბი მწვავე მუცელი“ ჰქვია. მისი გამომწვევია შარდსაწვეთის სანათურში კენჭის გადაადგილებისას მუცლის ფარის უკანა ფურცლის, ანუ რეტროპერიტონეუმის, გაღიზიანება, რომელშიც მრავლად არის ნერვული დაბოლოებები.

როგორც ცნობილია, თირკმლები და შარდსაწვეთი მუცლის ფარის უკანა ფურცლის მიღმა მდებარეობენ. შარდსაწვეთის კენჭის დროს, ან როცა საშარდე სისტემა გაგანიერებულია, შარდით გადავსებული, გადაბერილი თირკმელი ან შარდსაწვეთი მუცლის ფარს აღიზიანებს, შესაბამისად, ნებისმიერი პრობლემა, რომელიც ამ ორგანოების გაგანიერების და ანთების გამო პერიტონეუმის ფურცლის გაღიზიანებას გამოიწვევს, მუცლის ტკივილით გამოვლინდება. ამ დროს ტკივილი წელის არეში იწყება, ზოგჯერ ჭიპისკენ ან საზარდულისკენ ვრცელდება.

შექმნილ ვითარებაში საჭიროა დაავადების მიმდინარეობის სწორი შეფასება, აუცილებელია რადიოლოგიური კვლევების ჩატარება და დიაგნოზის დადგენა.

ასეთივე ხასიათის გადაცემითი ტკივილი მუცელში შესაძლოა განვითარდეს თირკმლის ტრავმისა და პერიტონეუმის უკანა სივრცეში – რეტროპერიტონეუმში, სისხლის კოლტების ჩაღვრის შედეგად. ამგვარი კლინიკური გამოვლინება ახასიათებს თირკმლის ჩირქგროვის (პიონეფროზის) რეტროპერიტონულ სივრცეში გავრცობასაც – პარანეფრიტს. ამ დროს საჭიროა დაავადების დეტალური ანამნეზის შედგენა, უნდა ჩატარდეს სწორი, მიზანმიმართული კვლევები, რაც გამართულ მკურნალობასა და შესაბამისად, განკურნებას უზრუნველყოფს.

– რა ტიპის ტკივილი იჩენს თავს ცისტიტებისას, როგორია მისი ლოკალიზაცია, ხასიათი და ხანგრძლივობა?

– ცისტიტი, მოგეხსენებათ, შარდის ბუშტის ანთებაა. მისი მწვავე მიმდინარეობისთვის დამახასიათებელია ბოქვენზედა არეში და ხშირად მუცლის ქვემო ნახევრის ტკივილი. ტკივილის ინტენსივობა პროგრესულად იკლებს დაავადების განკურნებასთან ერთად. ბევრად უფრო რთული სამკურნალოა ინტერსტიციული ცისტიტი, რომელიც უფრო ხშირად ქალებთან გვხვდება, მას ახასიათებს არა მარტო შარდის ბუშტის ლორწოვანის, ლორწქვეშა შრეების დაზიანებაც. მკურნალობის სირთულესაც ხშირად ეს განაპირობებს. მისი არსებობა სპეციალურ დადასტურებას საჭიროებს და მკურნალობაც შესაბამისად იგეგმება.

– რამდენად შესაძლებელია, მენჯის ღრუს სხვა ორგანოთა დაზიანება ცისტიტისთვის თანმდევ ტკივილად შეინიღბოს?

– ამგვარი ბოქვენზედა ხასიათის ტკივილია დამახასიათებელი შარდის მწვავე შეკავებისთვის, როცა შარდის ბუშტის ყელის არეში არსებული დაბრკოლების (მამაკაცებთან – პროსტატის გადიდების, ქალებთან – შარდის ბუშტის ყელის შევიწროების, ხშირია დიაბეტიანებთან) გამო, შარდის ბუშტი შარდითაა გადავსებული. ასეთი შარდის ბუშტი, ზოგჯერ, ბავშვის თავის ხელაა და ჭიპამდეც კი ვრცელდება. მასში ასეთ დროს რამდენიმე ლიტრი შარდია დაგროვილი.

მსგავს ვითარებაში დიაგნოსტიკა ემყარება ანამნეზის შეკრებას, ტარდება რადიოლოგიური (ექოსკოპიური) კვლევა. შემდეგ კი აუცილებელია შარდის ევაკუაცია ან შარდსადენიდან, ან ბოქვენზედა მიდგომით.

– მოდი, კიდევ ერთხელ განვუმარტოთ მკითხველს, როგორია თირკმელკენჭოვანი დაავადებისთვის თანმდევი მუცლის ტკივილი?

– თუ კენჭი თირკმლის ღრუოვანი ნაწილების (მენჯფიალოვანი სისტემა) გაგანიერებას იწვევს და შარდსაწვეთში ჯერ არ გადმოსულა, ავადმყოფები უპირატესად უჩივიან წელის არეში ტკივილს. თუ კენჭი შარდსაწვეთში გადმოინაცვლებს, ასეთ დროს წელის ტკივილს დაერთვის იმავე მხარეს მუცლის ტკივილიც, რომელიც ვრცელდება საზარდულისკენ. ხასიათის მიხედვით ტკივილი შეტევითია და ტკივილდადუმების შემდეგ ხშირად მოსალოდნელია მისი განმეორება.

ტკივილის გაჩენისას, რა თქმა უნდა, აუცილებელია პაციენტმა მიმართოს უროლოგს, რომელიც ანამნეზის შეკრების შემდეგ ჩაატარებს რადიოლოგიურ კვლევებს და განსაზღვრავს მკურნალობის ტაქტიკას. ტკივილის მოსახსნელად ჩვენ, წლებია, წარმატებით მივმართავთ გადაუდებელ ლითოტრიპსიას – კენჭის დაშლას სპეციალური ლითოტრიპტორით.

– რას გვეტყვით ნეფრიტებისთვის თანმდევ მუცლის ტკივილზე?

– გლომერულონეფრიტს და საერთოდ, ნეფროლოგიურ თირკმელს, როცა მენჯფიალოვანი სისტემის გაგანიერება არ არის, მუცლის ტკივილი არ ახასიათებს.

პიელონეფრიტს კი, რომელიც ხშირად ახლავს საშარდე გზებში შარდის შეგუბებას (უროსტაზს), წელისა და მუცლის არეში ტკივილი ახლავს, ამასთან, ტკივილის ინტენსივობა საშარდე გზებში შარდის შეგუბების ხარისხზეა დამოკიდებული.

ასეთივე ტკივილი უვლინდებათ ორსულებს გესტაციური პიელონეფრიტისას, რაც შარდსაწვეთზე ორსული საშვილოსნოს ზეწოლითაა განპირობებული. ამ ზეწოლისას თირკმლის მენჯფიალოვანი სისტემა გაგანიერებას იწყებს. მსგავს შემთხვევაშიც დიაგნოსტიკა ანამნეზს, ულტრაბგერით კვლევასა და ლაბორატორულ მონაცემებს ემყარება. შესაბამისად წყდება შარდის შეგუბების მოხსნის საკითხიც. თუ ამ სიტუაციას მოუხსნელი ჭვალი ან ინფექციაც ახლავს, სამკურნალოდ ხშირად ტარდება სტენტირება/ნეფროსტომია, ურეტერორენოსკოპია.

თუ ორსულთა თირკმლის მენჯფიალოვანი სისტემის გაგანიერება ორსული საშვილოსნოს შარდსაწვეთზე ზეწოლითაა გამოწვეული და არა შარდსაწვეთის სანათურში არსებული კენჭით, ძალზე ეფექტურია მუხლ-იდაყვის პოზის მიღება.

– იქნებ დეტალურად აგვიწეროთ, რა არის მუხლ-იდაყვის პოზა, ორსულობის რა ვადებზეა მისი მიღება მართებული და როდის იკრძალება?

– ორსულობის პროგრესირებასთან ერთად, უპირატესად, პირველმშობიარეებს აღენიშნებათ ორსული საშვილოსნოთი შარდსაწვეთზე ზეწოლა. ამის შედეგად ვითარდება თირკმლის ღრუოვან ნაწილებში შარდის შეგუბება და თირკმლის კაფსულის გადაჭიმვის გამო აღინიშნება მარჯვენამხრივი თირკმლის ჭვალი. ასეთი ჭვალის დროს ორსულს ვასწავლი ამ მუხლ-იდაყვის პოზას და რამდენიმე წუთში მათ ტკივილი უქრებათ.

მექანიზმი ამგვარია: ამ პოზაში დგომისას ორსული საშვილოსნო აღარ აწვება საშარდე გზებს და არ იწვევს უროსტაზს, შესაბამისად, ტკივილიც იკლებს და ქრება. ამგვარ სისტემურ ვარჯიშებს ორსულებს მშობიარობამდე ვურჩევთ და ისინიც ყოველდღიურად 5-6-ჯერ ასრულებენ, 10-15 წუთის განმავლობაში.

სხვათა შორის, ამ პოზით შესაძლებელია იმის დიფერენცირებაც, რითია გამოწვეული თირკმლის ჭვალი – შარდსაწვეთის სანათურში არსებული კენჭით და ამის მომყოლი შარდის შეგუბებით, თუ საშვილოსნოს ზეწოლით გამოწვეული შეგუბებით. სანათურში კენჭის არსებობისას მუხლ-იდაყვის პოზა არსებულ ჭვალს დაუყოვნებლივ არ ხსნის.

– როგორია სათესლე ჯირკვლის დაავადებებით განპირობებული მუცლის ტკივილი?

– თუ ვითარდება სათესლე ჯირკვლის დანამატის ანთება (ეპიდიდიმიტი), ან მწვავე ანთებით პროცესში სათესლე ჯირკვალიცაა (ორქიტი) ჩათრეული, ტკივილი საზარდულის მიმართულებით და ზოგჯერ ბოქვენზედა არეშიც ვრცელდება. ამას იწვევს ის, რომ ანთებითი ცვლილებები სათესლე ჯირკვლის ბაგირაკსა და მასში შემავალ სტრუქტურებზეც (სათესლე ჯირკვლის არტერია, ვენა, ნერვი და თესლგამომტანი სადინარი) ვრცელდება.

ანალოგიურია ტკივილი სათესლე ჯირკვლის მწვავე შემოგრეხისასაც. სწორი დიაგნოსტიკით, შესაფერისი და დროული მკურნალობით დადებითი შედეგი მიიღება.

არსებობს კიდევ ერთი პათოლოგიური მდგომარეობა, ტესტალგია, სათესლე ჯირკვლის ტკივილი, რომელიც უპირატესად სათესლე ჯირკვლის ნერვის ზეზღურბლოვანი გაღიზიანებითაა გამოწვეული. ასეთ დროს სათესლე ჯირკვლის სტრუქტურა გასინჯვითაც და ექოსკოპიურადაც, პრაქტიკულად, უცვლელია და ნორმალური. მკურნალობა სიმპტომურია.

– რამდენადაც ცნობილია, მუცლის ტკივილი ახასიათებს თირკმლის მოცულობით და მდებარეობით ანომალიებსაც, მათზე რას გვეტყვით?

– არსებობს თირკმლის მოცულობითი და მდებარეობითი ანომალიები, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიონ მუცლის არეში ტკივილი. მაგალითად, თირკმლის მდებარეობითი ანომალია – დისტოპია (გადაადგილება) მენჯის ღრუში, როცა დისტოპიური თირკმელი ჩვეული მდებარეობის მაგივრად მენჯის ღრუშია, ან კიდევ მოცულობითი ანომალია, როდესაც ავადმყოფს აქვს ნალისებრი თირკმელი, როცა ქვემო ან ზედა პოლუსები შეერთებულია ან, სულაც, ინგლისური შ-ის ან L-ის მაგვარი თირკმელი აქვს. თუ ამ ანომალიურ თირკმელებში შარდის შეგუბებაა, კენჭია ან რაიმე სხვა ანთებით-პათოლოგიური პროცესია, ავადმყოფი ასევე აღნიშნავს ტკივილს მუცლის არეში.

ამ შემთხვევაში დიაგნოსტიკა იწყება მარტივი ულტრაბგერითი კვლევით და შემდეგ კომპიუტერული ტომოგრაფია კონტრასტირებით და მკურნალობის ტაქტიკაც კვლევების მიხედვით განისაზღვრება.

ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო, რომ მუცლის ღრუში პალპირებული (ხელით გასინჯვით აღმოჩენილი) მოძრავი ან დისტოპირებული თირკმელი შეცდომით მუცლის ღრუს მოცულობით (სიმსივნურ) წარმონაქმნად არ მიიჩნიონ. რამდენადაც, მის ამოკვეთას, ზოგჯერ ერთადერთი თირკმლის არსებობისას, სავალალო შედეგები მოჰყვება. ჩემი ერთ-ერთი პირველი სამეცნიერო მოხსენება კიევში თითქმის 40 წლის წინ გამართულ საერთაშორისო კონგრესზე სწორედ ამ საკითხს ეხებოდა.

– დაბოლოს, ბატონო გოგი, რამდენად ხშირად იწვევს საშარდე სისტემის ანომალიები მუცლის ტკივილს?

– ანომალია დაავადებას არ ნიშნავს. ამდენად, თვითონ ანომალია, ან განვითარების ამა თუ იმ მანკის არსებობა, სპეციალურ და აუცილებელ მკურნალობას არ საჭიროებს. შესაბამისად, როგორც დისტოპიური თირკმელი მენჯის ღრუში, ნალისებრი თირკმელი, ფორმისა და სტრუქტურის სხვა ანომალიები, თუ მათში არ არის განვითარებული რაიმე დაავადება, რომელიც მათ გადიდებას ან მწვავე ანთებას განაპირობებს, მუცლის ტკივილს არ იწვევს.