შარდის შეუკავებლობის მიზეზები და მკურნალობის გზები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შარდის შეუკავებლობის მიზეზები და მკურნალობის გზები

ამ თემებზე გვესაუბრება ექიმი-უროლოგი ზაზა ბაინდურაშვილი.

– ბატონო ზაზა, რა მდგომარეობაა შარდის შეუკავებლობა?

– შარდის შეუკავებლობა – ეს არის უნებლიე შარდვა, რომელიც წარმოშობს როგორც ჰიგიენურ, ისე სოციალურ პრობლემებს. ეს პრობლემები მთელ მსოფლიოში უამრავ ადამიანს აწუხებს. თავდაპირველად ამ მდგომარეობას ყურადღებას არც კი აქცევენ, მაგრამ როდესაც პროცესი ღრმავდება, ცხოვრების ხარისხი უარესდება, ადამიანი საკუთარ თავში იკეტება და საზოგადოებას ემიჯნება.

– რა სახის შეიძლება იყოს შარდის შეუკავებლობა?

არსებობს შარდის შეუკავებლობის რამდენიმე სახე:

  • დაძაბვით გამოწვეული შარდის შეუკავებლობა. ის წარმოიშობა მაშინ, როდესაც მუცელში წნევა იმატებს და შარდის ბუშტზე ზეწოლა ხდება. მაგალითად, სიცილის, ცემინების, ხველების დროს. ამ მდგომარეობის ორი მთავარი მიზეზია შარდსაწვეთის ჰიპერკინეტიკა და მენჯის დიაფრაგმის ფუნქციის დაქვეითება. სხვა მიზეზებს შორის აღსანიშნავია შარდის ბუშტის მომჭერი კუნთის მოდუნება. ყოველივე ამის ფონზე შარდის ბუშტზე მცირე ზეწოლაც კი შარდის უნებლიე დაღვრას იწვევს.
  • შარდის ურგენტული შეუკავებლობა. ადამიანს უეცრად უჩნდება მოშარდვის ძლიერი სურვილი, რასაც შარდის უნებლიე გამოყოფა მოჰყვება. ეს უეცარი სურვილი შეიძლება წარმოიშვას წყლის ჩხრიალის გაგონებისას, პოზიციის უეცარი შეცვლისას ან ორგაზმის შემდეგ. ამ დროს შარდის ბუშტის კუნთი ზედმეტად აქტიური ხდება და უნებლიეთ იკუმშება, რასაც შარდის გამოყოფა მოჰყვება. ურგენტული შეუკავებლობა შესაძლოა გამოწვეული იყოს ნევროლოგიური დარღვევით, დიაბეტით, მიოპათიით (შარდის ბუშტის კუნთის დაზიანებით), საშარდე გზების ინფექციით.
  • შარდის ბუშტის გადავსებით გამოწვეული შარდის შეუკავებლობა. როცა შარდის ბუშტი ბოლომდე ვერ იცლება, ხდება მისი გადავსება, რაც მოშარდვის მუდმივ სურვილსა და შარდის უნებლიე გამოყოფას იწვევს. ამ დროს შარდის ბუშტის კუნთები მოშვებული და დასუსტებულია, სათანადოდ ვერ იკუმშება და თავის ფუნქციას ვერ ასრულებს. ამ ყველაფერს იწვევს შარდის ბუშტის მაინერვირებელი ნერვების დაზიანება დიაბეტის ან სხვა დაავადების დროს. შარდის ბუშტის გადავსება შესაძლოა შარდსაწვეთი მილის გაუვალობამაც გამოიწვიოს.
  • ფუნქციური შეუკავებლობა. ეს არის ფიზიკური ან მენტალური დარღვევის შედეგად წარმოშობილი შარდის შეუკავებლობა, როდესაც ადამიანს არ შესწევს უნარი, დროულად მიაშუროს საპირფარეშოს. ამ კატეგორიაში შედიან შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანები, რომლებიც ეტლით სარგებლობენ, ასევე – ართრიტით დაავადებულები, რომლებსაც სწრაფად მოძრაობა უჭირთ.
  • შერეული შეუკავებლობა. ამ უკანასკნელზე საუბრობენ, როდესაც ადამიანს ერთზე მეტი ტიპის შეუკავებლობა აწუხებს.

ცალკე განიხილავენ პედიატრიულ შარდის შეუკავებლობას, რომელიც შესაძლოა გამოწვეული იყოს შარდგამომყოფი სისტემის სტრუქტურული განუვითარებლობით, ნევროლოგიური დარღვევით, ინფექციით, ანთებით. ზოგჯერ ბავშვს არ აქვს გამომუშავებული საპირფარეშოში სურვილისამებრ შესვლის უნარი, ზოგჯერ კი, თამაშით ზედმეტად გართულს, ფიზიოლოგიური მოთხოვნილება ავიწყდება.

– რომელ ასაკშია უფრო ხშირი ეს პრობლემა? მამაკაცებს უფრო ხშირად უვლინდებათ თუ ქალებს და რა არის ამის მიზეზი?

– შარდვის შეუკავებლობა არის ასაკოვანთა დაავადება, განსაკუთრებით ხშირია 50 წელზე მეტი ხნის ქალებსა და კაცებთან. მოზრდილი ასაკის ყოველი სამი ქალიდან ერთს შარდის შეუკავებლობის ჩივილები აქვს, მამაკაცებთან კი ეს მაჩვენებელი 14 ერთზეა. ეს განპირობებულია ანატომიური თავისებურებებით და ასევე ქალის ორგანიზმში მშობიარობის შემდგომი ცვლილებებით.

– რა იწვევს ბავშვთა შარდის შეუკავებლობას?

– ენურეზი განსაკუთრებით ბავშვებს შორის არის გავრცელებული. განასხვავებენ მის პირველად და მეორეულ ფორმებს.

პირველად ღამის ენურეზს საფუძვლად უდევს მოშარდვის რეფლექსის გამოუმუშავებლობა.

მეორეული ღამის ენურეზის დროს კი უკვე გამომუშავებული შარდის შეკავების რეფლექსი ქრება.

პირველადი ღამის ენურეზი ძილის დროს შარდის ბუშტის უნებლიე დაცლაა, რაც კვირაში ორჯერ მაინც ხდება. ასეთ დიაგნოზს, წესისამებრ, უსვამენ 5 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებს, რომლებსაც ჩვილობიდანვე არ ჰქონიათ მშრალი პერიოდი და არ აღენიშნებათ საშარდე სისტემის ორგანოთა დაზიანება.

ღამის ენურეზი მულტიფაქტორული მდგომარეობაა. ეს იმას ნიშნავს, რომ მას მრავალი მიზეზი აქვს, მათ შორის:

  • გენეტიკური ფაქტორი;
  • გამოღვიძების პროცესის დარღვევა;
  • შარდის ბუშტის დაცლის კონტროლის უნარის დარღვევა;
  • ენდოკრინული ფაქტორი;
  • ფსიქოლოგიური ხასიათის მომენტები;
  • უროდინამიკური პრობლემები;
  • საშარდე გზების ინფექციები;
  • ხერხემლის სვეტის დაზიანება.

ღამის პირველადი ენურეზი არ უკავშირდება მენტალურ თუ ქცევით დარღვევებს, ძილის წინ მიღებული სითხის რაოდენობას, თუმცა მკურნალობის უეფექტობა მოგვიანებით აჩენს პრობლემებს. ის სათავეს უდებს დაბალ თვითშეფასებას, ოჯახურ სტრესს, სოციალურ იზოლაციას.

დადგენილია, რომ თუ რომელიმე მშობელს ენურეზი ჰქონდა, ალბათობა იმისა, რომ იგივე პრობლემა ბავშვსაც ექნება, 40-45%-ია. თუ ორივე მშობელს ჰქონდა ენურეზი, შესაძლებლობა 70-77%-მდე იმატებს.

ამჟამად დადგენილია ზოგიერთ ქრომოსომაზე ენურეზის მიმართ პასუხისმგებელი გენების ლოკალიზაცია და სპეციფიკური მექანიზმების შესწავლა მიმდინარეობს.

– როგორ ხდება დიაგნოსტირება და რა სახის ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევებია ამ დროს საჭირო?

– დიაგნოზი, უპირველესად, ემყარება პაციენტის ისტორიასა და გასინჯვას, ამის შემდეგ კი საჭიროა შარდის ანალიზი, დღიურის წარმოება, სადაც აღნუსხავთ, რამდენ სითხეს სვამთ, რამდენჯერ, როდის და რამდენს შარდავთ, შეუკავებლობის რამდენი ეპიზოდი ფიქსირდება და დღე-ღამის რომელ მონაკვეთში. ასევე მნიშვნელოვანია ნარჩენი – მოშარდვის შემდეგ ბუშტში დარჩენილი შარდის – მოცულობის განსაზღვრა, რაც კათეტერით ან ულტრაბგერით ხდება. თუ მოშარდვის შემდეგ შარდის ბუშტში ბევრი შარდია, სავარაუდოა საშარდე გზების ობსტრუქცია, ინერვაციის მოშლა ან კუნთების პათოლოგია.

– როგორია მკურნალობა და როდის შეიძლება განიხილონ შარდის შეუკავებლობის ქირურგიული მეთოდით მკურნალობის საკითხი?

– მკურნალობისას, თავდაპირველად, ყოველთვის ნაკლებინვაზიურ მიდგომას ენიჭება უპირატესობა და თუ ამან შედეგი არ გამოიღო, მერეღა მიმართავენ ინვაზიურ მეთოდებს. არაინვაზიური მეთოდები ადამიანს შარდის შეკავების უნარის გამომუშავებაში ეხმარება. ესენია:

  • შარდის ბუშტის ტრენირება. ვიცით, რომ ურგენტული შეუკავებლობისას, მოშარდვის სურვილის აღმოცენების შემდეგ, თითქმის არ რჩება დრო საპირფარეშომდე მისასვლელად – შარდის ბუშტი მაშინვე იკუმშება და უნებლიე შარდვა იწყება. შარდის ბუშტის ტრენირებით კი გამოვიმუშავებთ შეკავების უნარს და ნელ-ნელა ვზრდით დროს მოშარდვამდე. თავდაპირველად ვცდილობთ, მოშარდვა დაახლოებით 10 წუთით შევაყოვნოთ, მერე და მერე ნელ-ნელა ვუმატებთ. კარგი შედეგი იქნება, თუ მოშარდვიდან მოშარდვამდე ინტერვალს 2.5-დან 3.5 საათამდე გავზრდით;
  • შარდის ბუშტის ორმაგი დაცლა. მოშარდვის შემდეგ ცოტა ხანს საპირფარეშოში ვრჩებით და რამდენიმე წუთის შემდეგ ხელახლა მოშარდვას ვცდილობთ. ეს ტექნიკა გვეხმარება, ბოლომდე დავცალოთ შარდის ბუშტი, რათა თავიდან ავიცილოთ მასში შარდის ჩარჩენა და გადავსება;
  • მოშარდვის გრაფიკის შედგენა. გრაფიკი გვეხმარება, წინასწარ განსაზღვრულ დროს შევიდეთ საპირფარეშოში. ასე ნაკლები შანსი რჩება, მოშარდვის სურვილი არახელსაყრელ სიტუაციაში გაგვიჩნდეს. მოშარდვიდან მოშარდვამდე ინტერვალი დაახლოებით 2-4 საათი უნდა იყოს;
  • ვარჯიში. სითხისა და კვების მოწესრიგებასთან ერთად, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ფიზიკურ აქტიურობას. ძალიან კარგია მენჯის დიაფრაგმის ვარჯიში, რომელსაც კეგელის ვარჯიშს უწოდებენ. ის განსაკუთრებით ეფექტურია სტრესული და ურგენტული შეუკავებლობისას. კეგელის ვარჯიში შემდეგნაირად სრულდება: წარმოიდგინეთ, რომ შარდის შეკავებას ცდილობთ, დაახლოებით 5 წამით შეკუმშეთ კუნთები, რომლებსაც შარდის შეკავებისას იყენებთ, მერე კი 5 წამით მოადუნეთ. თუ გერთულათ, დაიწყეთ 2 წამით. შეკუმშვის ხანგრძლივობა ნელ-ნელა 10 წამამდე გაზარდეთ. ვარჯიში საჭიროა ყოველდღე, დღეში სამჯერ, ყოველ ჯერზე – 10 ვარჯიში;
  • ელექტრული სტიმულაცია. ელექტროდები თავსდება სწორ ნაწლავში ან ვაგინაში, რათა მენჯის დიაფრაგმის კუნთების სტიმულირება მოახდინოს და გაამაგროს ისინი. ეს ტექნიკა ეფექტურია სტრესული და ურგენტული შეუკავებლობისას, თუმცა საკმაოდ გაჭიანურებული პროცესია. ამ ყველაფერთან ერთად გამოიყენება მედიკამენტები, ხელოვნური სამედიცინო საშუალებები, ინტერვენციული თერაპია. ხელოვნური სამედიცინო საშუალებაა, მაგალითად, ტამპონი, რომელსაც შარდსაწვეთში იდებენ ისეთი აქტივობის წინ, როდესაც მოსალოდნელია შარდის უნებლიე გამოყოფა (მაგალითად, ჩოგბურთის თამაშისას) და გამოიღებენ მოშარდვამდე. არსებობს ვაგინაში მოსათავსებელი სილიკონის საშუალებაც, რომელსაც პესარის უწოდებენ. მას იყენებენ, როდესაც შეუკავებლობა გამოწვეულია პროლაფსით. ინტერვენციული თერაპია მოიაზრებს შარდსაწვეთის ირგვლივ მოცულობის გამზრდელი სინთეზური საშუალების შეყვანას, რომელიც ასქელებს შარდსადენის კედელს და ავიწროებს გამავალ მილს, სქელი კედელი კი სფინქტერის მეტი ძალით დახურვას უზრუნველყოფს. თუმცა ეს პროცედურა ნაკლებეფექტურია. ასევე იყენებენ ბოტულინის ტოქსინს, როდესაც შარდის ბუშტი ზედმეტად აქტიურია, და ნერვის სტიმულაციას – კანქვეშ ინერგება მოწყობილობა, რომელიც ელექტრულ სტიმულებს გზავნის შარდის ბუშტის მაკონტროლებელი ნერვისკენ და ამგვარად შარდვის პროცესს არეგულირებს.

თუ ეს ყველაფერი უშედეგო აღმოჩნდა, ხდება ქირურგიული ჩარევა, რომელიც რამდენიმე მიდგომას მოიცავს, ესენია:

  • ლენტის პროცედურა – მას სტრესული შეუკავებლობისას მიმართავენ. ამ დროს შარდსაწვეთს სწორ პოზიციაში აფიქსირებენ;
  • კოლპოსუსპენზია – მუცლის ქვედა ნაწილში განაკვეთს აკეთებენ და შარდის ბუშტის ყელს მაღლა სწევენ. ეფექტურია სტრესული შეუკავებლობისას;
  • სლინგ-პროცედურა – გულისხმობს შარდის ბუშტის ყელის ირგვლივ ბანდაჟის მოთავსებას და საკმაოდ ეფექტურია. კიდევ ერთი მიღებული მეთოდია შარდის ბუშტის ხელოვნური სფინქტერის ჩადგმა, თუმცა ამ შემთხვევაში გამორიცხული არ არის გვერდითი ეფექტი. შესაძლოა, გაფუჭდეს სფინქტერის მაკონტროლებელი მექანიზმი. ამ შემთხვევაში მოწყობილობა უნდა ამოიღონ. ბევრს რცხვენია შარდის შეუკავებლობის, ამიტომ თავს არიდებენ ექიმთან მისვლას. ეს, რა თქმა უნდა, არასწორი მიდგომაა. ექიმთან მისვლა აუცილებელია, რათა პრობლემა მალე მოგვარდეს, მდგომარეობა არ გართულდეს და ადამიანმა სრულფასოვანი ცხოვრებით იცხოვროს.