შარდის შეკავება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შარდის შეკავება

რა არის შარდის შეკავება

შარდის შეკავება არის მდგომარეობა, რომლის დროსაც შეუძლებელი ხდება შარდის ბუშტის სრულად დაცლა. ეს მდგომარეობა შეიძლება იყოს მწვავე ან ქრონიკული. შარდის მწვავე შეკავება უეცრად ვითარდება და მცირე დროის განმავლობაში გრძელდება. პაციენტს არ შეუძლია შარდის გამოყოფა, მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ შარდის ბუშტი სავსეა. შარდის მწვავე შეკავება არის მდგომარეობა, რომლის მკურნალობაც სასიცოცხლო მნიშვნელობისაა და გადაუდებელ დახმარებას მოითხოვს. პაციენტს ამ დროს ხშირად ტკივილი და მნიშვნელოვანი დისკომფორტი აწუხებს.

შარდის ქრონიკული შეკავება შეიძლება ხანგრძლივი დროის განმავლობაში გრძელდებოდეს. შარდის ქრონიკული შეკავებისას პაციენტი შეიძლება შარდს გამოყოფდეს, თუმცა, შარდის ბუშტის სრულყოფილი დაცლა შარდისაგან ამ დროს არ ხდებოდეს. ხშირად, შარდის ქრონიკული შეკავებისას, პაციენტები ვერც გრძნობენ ამ პრობლემას, სანამ არ აღმოცენდება მეორე უკიდურესი მდგომარეობა – შარდის შეუკავებლობა. შარდის შეუკავებლობისას პაციენტი კარგავს მოშარდვის აქტის კონტროლის უნარს, რისი უხშირესი მიზეზიც შარდის შეკავების დროს არის საშარდე გზების ინფექცია. თავის მხრივ, ის დაკავშირებულია შეკავების შედეგად შეგუბებულ შარდში ბაქტერიების გამრავლებასთან.

რა იწვევს შარდის შეკავებას

შარდის შეკავების მიზეზი შეიძლება იყოს:

  • შარდსადენის ან შარდსაწვეთების ობსტრუქცია ანუ დახშობა;
  • ნერვის დაზიანება;
  • მედიკამენტები;
  • შარდის ბუშტის კუნტების სისუსტე.

შარდსადენის ობსტრუქცია

შარდსადენის ობსტრუქცია შარდის შეკავებას იწვევს ადამიანის სხეულიდან შარდის ნორმალური გამოყოფის, ეგრეთ წოდებული, პასაჟის ბლოკირების გზით. ასეთი ბლოკირების მიზეზი შეიძლება გახდეს პროსტატის, ანუ წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზია (ზომის მატება, რაც ხშირია ასაკოვნებთან), შარდსადენის შევიწროება ანუ სტრიქტურა, საშარდე გზების კენჭებით დახშობა, ცისტოცელე და რეტროცელე (შარდის ბუშტის ან სწორი ნაწლავის ზეწოლა საშოს კედლებზე ორგანოთა დაწევის გამო), ყაბზობა ანუ შეკრულობა, ზოგიერთი მდებარეობის სიმსივნე.

პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია – ეს მდგომარეობა არის მამაკაცთა შარდის შეკავების უხშირესი მიზეზი 50-60 წლის ასაკის შემდეგ. წინამდებარე ჯირკვალი ანუ პროსტატა გადიდებულია, თუმცა, ამის მიზეზი არაა სიმსივნური. ჩვეულებრივ, პროსტატა გარს ეკვრის შარდსადენსა და შარდის ბუშტის ყელს. გადიდებულმა ჯირკვალმა შეიძლება დაახშოს შარდსადენი და შარდის შეკავება გამოიწვიოს.

შარდსადენის (ურეთრის) სტრიქტურა – ეს არის შარდსადენის შევიწროება ან დახშობა, რაც შესაძლოა დაკავშირებული იყოს შარდსადენზე ქირურგიულ ჩარევასთან, გარკვეულ დაავადებებთან, საშარდე გზების განმეორებით ინფექციებთან ან დაზიანებასთან. მამაკაცებთან ურეთრის სტრიქტურის მიზეზი შეიძლება გახდეს პროსტატიტი, ანუ წინამდებარე ჯირკვლის ანთება (ეს არის წინამდებარე ჯირკვლისა და ზოგჯერ მის ირგვლივ არსებული არის ანთება, რასაც ხშირად თან ახლავს ტკივილი), ასოს ან შორისის არის ტრავმა, ქირურგიული ჩარევა პროსტატის ჰიპერპლაზიის გამო ან მისი სიმსივნე. რადგანაც მამაკაცების შარდსადენი ქალებისაზეგრძელია, შარდსადენის სტრიქტურა უფრო ხშირია მამაკაცებთან. სტრიქტურის მიზეზი შეიძლება გახდეს ზოგჯერ მენჯის ორგანოთა პროლაბსის (ცისტოცელე, რექტოცელე) ოპერაციული მკურნალობა. ხშირად ოპერაციული მკურნალობიდან რამდენიმე კვირის შემდეგ მდგომარეობა გამოსწორდება.

ურეთრის სტრიქტურა და შარდის მწვავე ან ქრონიკული შეკავება შეიძლება აღმოცენდეს მაშინ, როცა ვეღარ მოდუნდება შარდსადენის ირგვლივ არსებული კუნთები. ეს მდგომარეობა უფრო ხშირია მდედრობითი სქესის პაციენტთა შორის.

საშარდე გზების კენჭები – შარდის ბუშტში წარმოქმნილმა კენჭებმა შეიძლება შარდსადენისაკენ გადაინაცვლონ და მისი დახშობა გამოიწვიონ.

ცისტოცელე – ცისტოცელე არის მდგომარეობა, რომლის დროსაც შარდის ბუშტი აწვება საშოს კედლებს და თითქოს „იჭრება“ მასში. ასეთი მდგომარეობა ვითარდება, როცა ქალის შარდის ბუშტსა და საშოს შორის არსებული კუნთები სუსტდება, იწელება და შედეგად შარდის ბუშტის გადანაცვლებას იწვევს. შარდის ბუშტის ანომალურმა მდებარეობამ შეიძლება გამოიწვიოს შარდსადენის დახშობა.

რეტროცელე – რეტროცელე არის სწორი ნაწლავის „შეჭრა“ საშოს არეში. ის აღმოცენდება ცისტოცელეს მსგავსად, ოღონდ ამ შემთხვევაში დასუსტებულია კუნთები საშოსა და სწორ ნაწლავს შორის. სწორი ნაწლავის ზეწოლა ზოგჯერ შარდსადენის დახშობის მიზეზი ხდება.

ყაბზობა ანუ შეკურლობა – რიგ შემთხვევებში სწორ ნაწლავში განავლოვანი მასების დაგროვება შეიძლება შარდის ბუშტსა და შარდსადენზე ზეწოლის და შედეგად შარდის შეკავების მიზეზი გახდეს.

სიმსივნეები – შარდის ბუშტისა და შარდსადენის როგორც ავთვისებიანი, ასევე კეთილთისებიანი სიმსივნეების ზრდა შეიძლება შარდის ბუშტის გამოსავალი ნაწილისა და შარდსადენის დახშობის მიზეზი გახდეს.

ნერვი – შარდის შეკავების მიზეზი

ზოგჯერ შარდის შეკავებას შეიძლება განაპირობებდეს შარდის ბუშტისა და შარდსადენის სფინქტერის (მომჭერი კუნთი, რომლის შეკუმშვა-მოდუნება ბუშტში არსებული შარდის შეკავება-გამოყოფას არეგულირებს) მაკონტროლებელი ნერვის დაზიანება. თავის ტვინის ქერქს, ზურგის ტვინს და შარდის ბუშტსა და სფინქტერს შორის კავშირზე მრავალი ფაქტორი ზემოქმედებს. ნერვის დაზიანებისას ტვინი ვერ იღებს სიგნალს, რომ ბუშტი სავსეა, სფინქტერი ვერ დუნდება და შარდის გამოყოფაც ფერხდება. ნერვის პრობლემებთან დაკავშირებული შარდვის შეკავება ნებისმიერ ასაკში შეიძლება აღმოცენდეს. აღწერილი მექანიზმით შარდის შეკავების მიზეზი შეიძლება გახდეს:

  • მშობიარობა;
  • თავის ან ზურგის ტვინის ინფექცია ან ტრავმა;
  • შაქრიანი დიაბეტი;
  • ინსულტი;
  • გაფანტული სკლეროზი (ნერვული სისტემის დაავადება);
  • მენჯის არის დაზიანება ან ტრავმა;
  • მძიმე მეტალებით მოწამვლა.

ამასთან ერთად უნდა აღინიშნოს, რომ არსებობს თანდაყოლილი დეფექტები, რომელთა გამოც დარღვეულია კოორდინაცია ნერვულ სიგნალსა და თავისა და ზურგის ტვინს და შარდის ბუშტს შორის. ახალშობილთა შარდის შეკავების მიზეზი შეიძლება იყოს „სპინა ბიფიდა“ – ნერვული მილის განვითარების ანომალია, რომელიც ზურგის ტკივილს აზიანებს.

პაციენტთა მნიშვნელოვან ნაწილს შარდის შეკავების ეპიზოდი აქვს ოპერაციის შემდგომ პერიოდში. მიზეზი მარტივია – ანესთეზია ანუ გაუტკივარება, ქირურგიული ჩარევის დროს, ბლოკავს მტკივნეული სიგნალების გავრცელებას ნერვში, ოპერაციისას ტარდება სითხეების ინტრავენური გადასხმა სისხლის შესაძლო კარგვის საკომპენსაციოდ. ამ ორი ფაქტორის შერწყმა შარდის შეკავებას იწვევს. ანესთეზიიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ, ნერვის ფუნქცია სრულად აღდგება, შარდიც ნორმალურად გამოიყოფა.

მედიკამენტები

შარდის შეკავების მიზეზი მრავალი მედიკამენტი შეიძლება გახდეს. აღნიშნულის ძირითადი მექანიზმია შარდის ბუშტისა და წინამდებარე ჯირკვლის, ანუ პროსტატისაკენ იმპულსების გავრცელებაზე ზემოქმედება ან სფინქტერების (მომჭერი კუნთების) ტონუსზე ზეგავლენა. შარდის შეკავების გამომწვევ მედიკამენტთა შორისაა:

  • ანტიჰისტამინური საშუალებები – გამოიყენება ალერგიის სამკურნალოდ;
  • ანტიქოლინერგული/ანტისპაზმური საშუალებები – გამოიყენება საჭმლის მომნელებელი სისტემის სპაზმური ტკივილის, კუნთების კრამპისა და შარდის შეუკავებლობის დროს;
  • ტრიციკლური ანტიდეპრესანტები – გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ;
გარდა აღნიშნულისა, შარდის შეკავებას შეიძლება ხელი შეუწყონ შემდეგმა საშუალებებმა:
  • დეკონგესტანტები – გამოიყენება სურდოს დროს ცხვირის გაჭედვის საწინააღმდეგოდ;
  • ნიფედიპინი – წნევის დამწევი პრეპარატი;
  • კარბამაზეპინი – გულყრებისა და ზოგიერთი ტკივილის საწინააღმდეგო საშუალება;
  • დიაზეპამი;
  • ანთების საწინააღმდეგო არაჰორმონული საშუალებები – ფართოდ გამოიყენება ტკივილის წინააღმდეგ;
  • ამფეტამინები;
  • ოპიოიდური საანალგეზიო საშუალებები.

უნდა გავითვალისწინოთ, რომ ფართოდ გავრცელებული და გამოყენებული გაციების საწინააღმდეგო ტაბლეტები და „ჩაი“ შეიცავენ როგორც დეკონგესტანტებს, ასევე ანტიჰისტამინურ საშუალებებს, რაც ასაკოვან მამაკაცებთან, განსაკუთრებით წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზიის დროს, შეიძლება შარდის შეკავების მიზეზი გახდეს.

შარდის ბუშტის კედლების დასუსტება

ასაკის მატება და სიბერე შარდის ბუტის კუნთების დასუსტების მიზეზი შეიძლება გახდეს. შარდის ბუშტის კუნთების სისუსტე ხელს უშლის მის დაცლას და შარდის შეკავებას იწვევს.

ხშირია თუ არა შარდის შეკავება

შარდის შეკავების სიხშირე მატულობს მამრობითი სქესის პირებთან ასაკის მატებასთან ერთად.

აშშ-ის მონაცემებით მისი სიხშირეა:

  • 4,5-6,8-მდე ყოველ 1000 მამაკაცზე 40-დან 83 წლის ასაკობრივ ჯგუფში;
  • 100-მდე ყოველ 1000 მამაკაცზე 70 წლის ასაკისათვის;
  • 300-მდე ყოველ 1000 მამაკაცზე 80 წლის ასაკისათვის.

შარდის შეკავება ნაკლებად ხშირიაქალებთან, თუმცა, არა იშვიათი. ვინაიდან აღნიშნული მდგომარეობა მაინც მამაკაცურ პრობლემად ითვლება, პროსტატის ჰიპერპლაზიის გამო, ქალების შარდის შეკავების ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს.

შარდის შეკავების სიმპტომები

შარდის მწვავე შეკავების სიმპტომებია:

  • მოშარდვის შეუძლებლობა;
  • მტკივნეული შარდვა, მოშარდვის ძლიერი სურვილი;
  • ტკივილი და დისკომფორტი მუცლის ქვედა ნაწილში;
  • მუცლის ქვედა ნაწილის შებერვის შეგრძნება.

შარდის მმწვავე შეკავებისას აუცილებელია დაუყოვნებელი სამედიცინო დახმარება

შარდის ქრონიკული შეკავების სიმპტომებია:

  • გახშირებული შარდვა – უფრო ხშირად, ვიდრე დღე-ღამეში 8-ჯერ;
  • შარდის პირველი ნაკადის გაძნელებული გამოყოფა;
  • წყვეტილი შარდვა;
  • მოშარდვის ძლიერი სურვილის მიუხედავად მოშარდვის გაძნელება.
  • მოშარდვის დასრულების შემდეგ კვლავ მოშარვის სურვილი, დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება;
  • მუდმივი ზომიერი დისკომფორტი მუცლის ქვედა ნაწილსა და საშარდე გზებში.

ზოგიერთ ადამიანს შარდის ქრონიკული შეკავების დროს არა აქვს სიმპტომები და არც სამედიცინო დაწესებულებას მიმართავს. ასეთ დროს გართულებათა რისკი იზდება.

როდისაა აუცილებელი სამედიცინო დახმარება

აუცილებელია ექიმთან ვიზიტი, როცა პაციენტს აქვს:

  • მოშარდვის შეუძლებლობა;
  • მნიშვნელოვანი დისკომფორტი და ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში და საშარდე გზების არეში;

შარდის შეკავების დიაგნოზი

შარდის შეკავების დიაგნოზი ემყარება პაციენტის ფიზიკურ გასინჯვასა და მოშარვის შემდეგ ნარჩენი შარდის განსაზღვრას. თავად შარდის შეკავების მიზეზების დასადგენად შესაძლოა საჭირო გახდეს:

  • ცისტოსკოპია;
  • კომპიუტერული ტომოგრაფია;
  • უროდინამიკის (შარდის დინების) შესწავლა;
  • ელექტრომიოგრაფია.

ნარჩენი შარდის განსაზღვრა

მოშარდვის შემდეგ შარდის ბუშტში დარჩენილი შარდის მოცულობა შეიძლება განისაზღვროს ექოსკოპიურად ან შარდის ბუშტის კათეტერიზაციის მეშვეობით (სპეციალური წვრილი მილი – კათეტერი – თავსდება შარდის ბუშტში) გაიზომოს მოშარდვის პროცესის შემდეგ ბუშტში დარჩენილი შარდის მოცულობა.

კვლევის სპეციალური მეთოდები

შარდის შეკავების ზემოთ განხილული მიზეზების დიაგნოსტიკისთვის შესაძლოა საჭირო გახდეს სპაციალური კვლევები:

  • ცისტოსკოპია – შარდის ბუშტისა და შარდსადენის კედლების დათვალიერება;
  • კომპიუტერული ტომოგრაფია – კენჭების, ინფექციის კერის, სიმსივნეების, ტრავმული დაზიანების, ცისტების გამოსავლენად;
  • უროდინამიკური ტესტები – აღნიშნული კვლევები საშუალებას გვაძლევენ გამოვიკვლიოთ, როგორ გროვდება შარდი შარდის ბუშტში და როგორ ხდება მისი გამოყოფა. უროდინამიკურ ტესტთაგან აღსანიშნავია უროფლოუმეტრია, რომლითაც ისაზღვრება შარდის დინების სიჩქარე და მოცულობა.
  • ელექტრომიოგრაფია – განისაზღვრება შარდის ბუშტისა და სფინქტერების კუნთებისა და ნერვების ელექტრული აქტივობა.

როგორ ვუმკურნალოთ შარდის შეკავებას

არსებობს შარდის შეკავების მკურნალობის სხვადასხვა მეთოდი. იმის გათვალისწინებით, თუ რა არის შარდის შეკავების გამომწვევი მიზეზი, შესაძლოა ჩატარდეს:

  • შარდის ბუშტის დრენირება – ამ დროს ტარდება შარდის ბუშტის კათეტერიზაცია, რათა დაუყოვნებლივ დაიცალოს გადავსებული შარდის ბუშტი და არ დაზიანდეს. თუ შარდსადენის განვლადობა დარღვეულია შარდის ბუშტის ზემოთ, მუცლის ქვედა ნაწილში ტარდება განაკვეთი და კათეტერი მუცლის წინა კედლის გავლით თავსდება უშუალოდ შარდის ბუშტში;
  • შარდსადენის დილატაცია (გაფართოება) – ტარდება შადსადენის შევიწროების ანუ სტრიქტურის დროს. ამ მიზნით გამოიყენება კათეტერი ან მისი ნაირსახეობა, რომელსაც აქვს გასაბერი ბალონი;
  • შარდსადენის სტენტირება – ზოგჯერ შევიწროებულ (სტრიქტურის) არეში ჩაიდგმება სტენტი, რაც შეიძლება იყოს დროებითი ან მუდმივი ღონისძიება. სტენტი აფართოებს შევიწროებულ არეს.
  • დაინიშნოს პროსტატის ჰიპერპლაზიის საწინააღმდეგო პრეპარატები – ეს შეიძლება იყოს საშუალებები, რომლებიც აფერხებენ პროსტატის ზრდას ან ადუნებენ შარდის ბუშტისა და პროსტატის კუნთებს;
  • ოპერაციული მკურნალობა – ჰიპერტროფირებული წინამდებარე ჯირკვლის ქსოვილი შეიძლება მოაცილებულონ ტრანსურეთრულად (შარდსადენიდან) ან ღია წესით; ურეთრის სტრიქტურისას შესაძლოა ჩატარდეს ურეთროტომია. ოპერაციული მკურნალობა ტარდება ცისტოცელეს და რექტოცელეს დროსაც.

შარდის შეკავებისა და მისი მკურნალობის გართულებები

შარდის შეკავებისა და მისი მკურნალობისას შეიძლება აღმოცენდეს:

  • საშარდე გზების ინფექცია;
  • შარდის ბუშტის დაზიანება;
  • თირკმლის დაზიანება;
  • შარდის შეუკავებლობა პროსტატის ან სიმსივნის ოპერაციული მკურნალობის შემდეგ.

როგორ ავიცილოთ შარდის შეკავება

შარდის შეკავების თავიდან აცილება შეიძლება, თუ დროულად ვუმკურნალებთ მის გამომწვევ ზოგიერთ მიზეზს. აღნიშნულის მაგალითია პროსტატის ჰიპერპლაზიის დროული მკურნალობა, ამ დიაგნოზისას შარდის შეკავების გამომწვევი მედიკამენტების მიღების თავიდან აცილება; ცისტოცელესა და რექტოცელეს დროს სპეციალური ვარჯიში; ყაბზობისას სათანადო კვება და დროული ვიზიტი ექიმთან.