უროლოგია

სასქესო ასოს განვითარების მანკები

სასქესო ასოს განვითარების მანკები
ფიმოზი უკანასკნელ პერიოდში ანდროლოგები და უროლოგები ბიჭებს სულ უფრო ხშირად უსვამენ ფიმოზის დიაგნოზს, რომლის დროც სასქესო ასოს თავზე ჩუჩის გადაწევა შეუძლებელია. ახალშობილებთან ასეთი მდგომარეობა ფიზიოლოგიურია 1-1,5 წლამდე, ზოგჯერ 5 წლამდეც. თუ ჩუჩა ვერ გადადის, დაიწყო ანთება და გაჩნდა მიკროტრავმები, განვითარდება შეძენილი ნაწიბუროვანი ფიმოზი, რომლის მკურნალობაც მხოლოდ ქირურგიულია.

ანთების მიზეზია ჰიგიენის დარღვევა, ინფექციის შეჭრა, სმეგმის დაგროვება, ალერგია, სასქესო ორგანოების ფორმირების პროცესის დარღვევა, პენისის ტრავმები. ფიმოზზე მეტყველებს შარდვის გაძნელება და მტკივნეულობა, შარდის წვრილი ნაკადი და შარდვისას ჩუჩის ბურთისებურად გაბერვა. მოზრდილი ასაკის ბავშვებს ერექციისას აღენიშნებათ
მტკივნეულობა. იძულებით, თვითნებურად ასოს თავზე ჩუჩის გადაწევა იწვევს გაჭიმვას, ტკივილს, სისხლძარღვებზე ზეწოლას, მათ დისფუნქციას, პენისის ნეკროზულ ან განგრენოზულ დაზიანებას.

დაავადების გამოვლენა ადვილად შესაძლებელია ჩვეულებრივი, გარეგანი დათვალიერებისას.

უროლოგიური დაავადება შეიძლება გამოვლინდეს ჩივილებით ან უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს. ამიტომ, საჭიროა, ბავშვს პერიოდულად ჩაუტარდეს პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვა.

მეატოსტენოზი - ურეთრის
გარეთა ხვრელის შევიწროებაა, რაც შარდის გამოყოფას ართულებს. ამ პრობლემამ შეიძლება გამოიწვიოს შარდის გამომყოფი სისტემის ინფექციისა და თირკმლის უკმარისობის განვითარებაც კი.

მეატოსტენოზი შეიძლება იყოს როგორც თანდაყოლილი, ისე შეძენილი, რომლის მიზეზიც შეიძლება იყოს ტრავმა ან არანამკურნალევი ინფექციური დაავადება. მეატოსტენოზი შეიძლება განვითარდეს ასოს თავის ჩუჩის წარუმატებელი მოკვეთის შედეგადაც.

ბავშვებში მეატოსტენოზის ძირითადი სიმპტომია:

  • შარდის გართულებული გამოყოფა;
  • ტკივილი შარდვისას;
  • შებერილი შარდის ბუშტი.

დაავადების მკურნალობა მხოლოდ ქირურგიულია.


სასქესო ასოს თანდაყოლილი გამრუდება

ბავშვი ამ მდგომარეობით იბადება, მაგრამ იგი გამოვლინდება მხოლოდ 11-13 წლის ასაკში, როდესაც მას ეწყება ერექცია.

სიმპტომები:

  • ერექციისას მტკივნეულობა;
  • საშოში პენისის შეყვანის გაძნელება;
  • ერექციის დარღვევა.

პაციენტს აღენიშნება არა მარტო ესთეტიკური, არამედ შეიძლება ჰქონდეს შარდვის პრობლემაც. მიზეზი შეიძლება იყოს მუცლადყოფნის პერიოდში სასქესო ჰორმონების უკმარისობა. ჰორმონული დარღვევები ხშირად ვლინდება მოზარდობის ასაკშიც. ეფექტური მკურნალობა ქირურგიული ოპერაციაა.

ჰიპოსპადია ვაჟებთან გარეთა სასქესო ორგანოების განვითარების თანდაყოლილი მანკია, რომელსაც ახასიათებს შარდისგამომყოფი არხის არასწორი განლაგება.

ჰიპოსპადიის განვითარების მიზეზი შეიძლება იყოს ორგანიზმში ჰორმონული დარღვევები, გენეტიკური და ქრომოსომული მუტაციები.

აღნიშნული პათოლოგია იწვევს შარდის გამოყოფის გართულებას, ბავშვის ასაკის მატებასთან ერთად, იწვევს სასაქესო ასოს გამრუდებასა და მთელ რიგ სხვა პრობლემებს.

ჰიპოსპადიის ნიშნები და სიმპტომები:

  • შარსადენის ხვრელის არსებობა პენისის წვერის გარდა ნებისმიერ ადგილას;
  • პენისის მოხრა;
  • ჩუჩამ ხოლოდ პენისის ზედა ნახევარს ფარავს;
  • შარდვის დროს შხეფების გაფრქვევა.

ჰიპოსპადიის ღეროვანი ფორმა - ყველაზე გავრცელებულია. შარდსადენის ხვრელი შეიძლება არსებობდეს პენისის ნებისმიერ ადგილზე. ვერტიკალურ მდგომარეობაში შარდვა გართულებულია, რადგანაც შარსადენის ხვრელის განთავსების თავისებურების გამო, შარდის ნაკადი შეიძლება იყოს ქვემოდან. სასქესო ასო ხშირად გამრუდებულია.

ჰიპოსპადიის სათესლეს ფორმა - ყველაზე მძიმე ფორმაა. ამ ფორმის დროს სათესლე 2 ნაწილადაა გაყოფილი და მის ქვეშ იხსნება ურეთრა. პენისი განუვითარებელია და იშვიათად გამრუდებული, წააგავს ქალის გადიდებულ კლიტორს, ხოლო გაყოფილი სათესლე - ქალის სასქესო ორგანოებს. შარდვა შეუძლია მხოლოდ დამჯდარს, ამასთან შარდი ყოველთვის ხვდება სათესლეს კანზე, იწვევს ანთებასა და გაღიზიანებას.

ჰიპოსპადიის შორისის ფორმა - მეატუსი მოთავსებულია გაორებული სათესლეს უკან. ურეთრის გარეთა ხვრელი ჩვეულებრივ ფართოა, სასქესო ასო პატარა და ძლიერ გამრუდებული, ხშირად დამალულია სათესლეში. ჩუჩა გაყოფილია, კავერნოზული სხეული და სასქესო ასოს თავი განუვითარებელია. ხშირად თან ერთვის სათესლე პარკში ჯირკვლის ჩამოუსვლელობა, რაც ართულებს ბავშვის დაბადებისას მისი სქესის განსაზღვრას.

ზოგჯერ ჰიპოსპადიას თან ახლავს შარდის გამომყოფი არხის ხვრელის შევიწროება, რაც იწვევს შარდის ბუშტისა და თირკმელების დაავადებებს. ასევე ის შეიძლება თან ახლდეს შარდგამომყოფი სისტემის თანდაყოლილ პათოლოგიებს.