კენჭები შარდის გამომყოფ სისტემაში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კენჭები შარდის გამომყოფ სისტემაში

რომელიც ხასიათდება შარდგამომყოფ სისტემაში, ანუ თირკმელებში, შარდსაწვეთებსა და შარდის ბუშტში კენჭების არსებობით. ის საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა. ცხოვრების მანძილზე საშარდე სისტემაში კენჭების განვითარების ალბათობა მამაკაცებთან 20%-ს შეადგენს, ქალებთან კი – 5-10%-ს. თურმე, პაციენტთა 50%-ს 5 წლის მანძილზე მეორე კენჭი უვითარდება.

კენჭის ჩამოყალიბების ყველაზე გავრცელებული მიზეზი შარდის მცირე მოცულობაა, შესაბამისად, დიდი რაოდენობით სითხის, კერძოდ კი, წყლის მიღება შარდკენჭოვანი დაავადების ყველაზე მნიშვნელოვან საპროფილაქტიკო საშუალებად მიიჩნევა.

მაინც რატომ ჩნდება კენჭები საშარდე გზებში, რა ზომისა და ლოკალიზაციის კენჭებია უფრო მეტად საშიში, როგორ უნდა ვუმკურნალოთ შარდკენჭოვან დაავადებას, ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე გვესაუბრება ექიმი-უროლოგი ვალერიანე კვახაჯელიძე:

– ბატონო ვალერი, რა იწვევს უხშირესად შარდკენჭოვანი დაავადების განვითარებას და ვინ არის ძირითადად რისკჯგუფში?

– შარდკენჭოვანი დაავადება ერთ-ერთი უძველესი უროლოგიური დაავადებაა და ამის დასტურია ის, რომ მუმიების შესწავლისას აღმოჩენილ იქნა როგორც თირკმელების, ისე შარდის ბუშტის კენჭები. მისი გამომწვევი მიზეზები მრავალფეროვანია და ბოლომდე შეუსწავლელია. კენჭის წარმოქმნას ხელს უწყობს როგორც გარეგანი, ასევე შინაგანი ფაქტორები, რომელთაგანაც ძირითადია:

გარეგანი ფაქტორებიდან – ალიმენტური (კვება), სქესი, ასაკი, სოციალური წარმოშობა, წყლის ქიმიური შემადგენლობა და ა.შ.

შინაგანი ფაქტორებიდან – ნივთიერებათა ცვლა, საშარდე გზების ანომალიები, გენეტიკური წინასწარგანწყობა.

მნიშვნელოვანია ასევე კენჭის წარმოქმნის კრისტალოიდური თეორია, რაც მოკლედ გულისხმობს იმას, რომ თუ მივიღებთ ნაკლები რაოდენობით სითხეს (2 ლიტრზე ნაკლებს), ვიქნებით კენჭების წარმოქმნის რისკჯგუფში.

– რა სახის კენჭები ვითარდება საშარდე სისტემაში და რაზეა თითოეული სახის კენჭოვანი წარმონაქმნის ჩამოყალიბება დამოკიდებული?

– თავად კენჭი წარმოადგენს „აისბერგის მწვერვალს“ სხვადასხვა მექანიზმის პათოგენეტიკური ურთიერთქმედებისას, ის არის „განგაშის პირველი ზარი“, რომელიც მიუთითებს დარღვევაზე როგორც ორგანიზმში, ასევე თირკმელსა და საზოგადოდ, საშარდე სისტემაში.

კენჭები ძალიან ბევრი სახეობისაა. კლინიკურად მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, შეიცავენ თუ არა ისინი კალციუმს, რადგან კალციუმის შემცველი კენჭები უფრო მკვრივია, რაც გასათვალისწინებელია კენჭოვანი დაავადების მკურნალობის მეთოდის არჩევისას. აღნიშნული კენჭები ორგანიზმში კალციუმის ცვლის რეგულაციის დარღვევისას ჩნდება. მნიშვნელოვანია ასევე ურატული კენჭები, რომლებიც ვითარდება შარდის დაბალი მჟავიანობის ფონზე, არსებობს რბილი კენჭები, რომლებიც არ ჩანს რენტგენოლოგიურ კვლევაზე, თუმცა, მათი მკურნალობა მედიკამენტურადაც შესაძლებელია, მათი ზომის მიუხედავად. კენჭების უმრავლესობა შერეული ტიპისაა.

– რომელ ასაკობრივ ჯგუფს მოიცავს შარდკენჭოვანი პათოლოგია ძირითადად და ქალებთან უფრო ხშირია თუ მამაკაცებთან?

– შარდკენჭოვანი დაავადება გვხვდება ყველა ასაკში, თუმცა, აღსანიშნავია, რომ ბავშვებთან მას სხვაგვარი გამოვლინება აქვს და ვლინდება უფრო ხშირად შარდოვანი ინფექციების ფონზე. სქესობრივი კუთხით თანაფარდობას რაც შეეხება, თითქმის თანაბარია ქალებსა და მამაკაცებთან. შარდის ბუშტის კენჭები უფრო ხშირად გვხვდება მამაკაცებთან. მიზეზი კი წინამდებარე ჯირკვლის (პროსტატის) ჰიპერპლაზია და ნარჩენი შარდია.

– მკითხველებს ხშირად აინტერესებთ, რომელი ლოკალიზაციისა და რა ზომის კენჭებია ყველაზე მეტად საშიში. იქნებ ცალკ-ცალკე დაახასიათოთ თირკმელში, შარდსაწვეთსა და შარდის ბუშტში არსებული კენჭები, რომელს რა სიმპტომები და ჩივილები ახლავს, რა ზომის კენჭებია გართულებების თვალსაზრისით ყველაზე საშიში?

– შარდკენჭოვანი დაავადებისთვის მნიშვნელოვანია 3 რამ:

1. კენჭის ადგილმდებარეობა;

2. კენჭის ზომა;

3. კენჭის მინეროლოგია ანუ შემადგენლობა.

ორი სიტყვით მოგახსენებთ შარდის გამომყოფი გზების ანატომიაზე – თირკმელს აქვს ზედა, შუა და ქვედა ფიალები, ანუ მცირე ზომის ჯიბეეები, სადაც გროვდება შარდი. აღნიშნული ჯიბეები შემდეგ ერთიანდებიან და ქმნიან თირკმლის მენჯს, საიდანაც შარდი გადადის შარდსაწვეთში, ამ უკანასკნელით კი ჩაედინება შარდის ბუშტში. ბუშტის გავსების შემდეგ ადამიანს ეშარდება და შარდსადენი მილით შარდი გარეთ გამოდის. კენჭები შეიძლება შეგვხვდეს ზემოთ ჩამოთვლილ ნებისმიერ ადგილას, თუმცა, ყველაზე საშიში და საყურადღებოა შარდსაწვეთის კენჭები, რადგანაც თირკმლიდან შარდსაწვეთში კენჭების გადმონაცვლებისას ისინი ხშირად სწორედ აქ ჩაეჭედებიან და თირკმლის მიერ გამომუშავებულ შარდს აღარ ატარებენ შარდის ბუშტამდე, ამის გამო შარდი გროვდება თირკმლის მენჯში, იჭიმება თირკმლის კაფსულა და ვითარდება ძალიან ძლიერი ტკივილი, ამ მდგომარებას ეწოდება თირკმლის ჭვალი (იგივე კოლიკა). ამიტომ, თუ კენჭი მდებარეობს თირკმელში, რა ზომისაც უნდა იყოს ის, შესაძლოა პაციენტს არანაირი სიმპტომი არ ჰქონდეს. რაც შეეხება შარდის ბუშტის კენჭებს, ისინი თითქმის ყოველთვის იწვევს შარდვის აქტის დარღვევებს, წვას და ტკივილს შარდვის დროს, სისხლიან შარდს, ხშირად შარდის შეკავებასაც.

– შარდკენჭოვანი დაავადების გართულებებიდან, საზოგადოდ, რომელია ყველაზე ხშირი და საშიში გართულება? შესაბამისად, აუხსენით მკითხველს, რატომ არის აუცილებელი შარდკენჭოვანი დაავადების დროული და სათანადო მკურნალობა, არსებული კენჭის ზომისა და ლოკალიზაციის მუდმივად კონტროლი?

– ჩვენ უკვე განვიხილეთ შარდკენჭოვანი დაავადების ერთი გართულება, როგორიცაა თირკმლის ჭვალი, ეს გართულება ყველაზე ხშირია და თუ თირკმლის ჭვალს თან დაერთო ინფექციური გართულებები, შესაძლოა განვითარდეს ისეთი საშიში დაავადება, როგორიცაა ობსტრუქციული პიელონეფრიტი ან უროსეფსისი. ამის გამო, დღევანდელი მონაცემებით, ევროპის უროლოგთა ასოციაცია გვეუბნება – თირკმელი უნდა იყოს თავისუფალი კენჭისგან, იმის მიუხედავად, რა ზომისაა და სად მდებარეობს ის.

– რას გულისხმობს თირკმლის ჭვალის (კოლიკის) დროს პირველი დახმარება? რა შეცდომებს უშვებენ ხოლმე ამ დროს და რა უნდა გაითვალისწინონ ადამიანებმა სასწრაფო დახმარების ბრიგადის მოსვლამდე?

– პირველი დახმარება არის ტკივილის გაყუჩება, მაგრამ თირკმლის კოლიკის დროს ძალიან ძლიერია ტკივილი და მისი გაყუჩება სახლის პირობებში ვერ ხერხდება, ხშირად საჭირო ხდება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახება და პაციენტის კლინიკაში გადაყვანა, სასწრაფოს მოსვლამდე კი ერთადერთი საშუალება ტკივილის შესამსუბუქებლად თბილი აბაზანაა.

– რას მოიცავს შარდკენჭოვანი დაავადების მკურნალობა? იქნებ ცალკ-ცალკე განიხილოთ თირკმლის, შარდსაწვეთისა და შარდის ბუშტის კენჭების შემთხვევაში შესაბამისი მიდგომები, როდის რა მეთოდი გამოიყენება, რომელი რა შემთხვევაშია უფრო ეფექტური და რეკომენდებული? როდის არის ენდოსკოპიური ჩარევა მიზანშეწონილი და როდის უკუნაჩვენები?

– შარკენჭოვანი დაავადების მკურნალობის მეთოდებიდან აღსანიშნავია კონსერვატიული, ანუ წამლებით მკურნალობა, ქირურგიული მკურნალობა და დისტანციური ლითოტრიფსია (ხალხში გავრცელებული ლაზერით მკურნალობის სახელით). როგორც ოპერაციული მკურნალობა, ასევე დისტანციური ლითოტრიფსია უხშირესად მხოლოდ შედეგის მკურნალობაა, მიზეზის აღმოსაფხვრელად კი საჭიროა მედიკამენტური მკურნალობის გაგრძელება, დინამიკაში დაკვირვება, შესაბამისი რეჟიმისა და ექიმის მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვა. მკურნალობაში მნიშვნელოვანია კენჭის ზომა: 8მმ-მდე კენჭები შესაძლოა გამოძევდეს მედიკამენტების დახმარებით, 20მმ-მდე კენჭები შესაძლოა დაფრაგმენტდეს დისტანციური ლითოტრიფსიით, 20 მმ-ზე მოზრდილი ზომის კენჭებისათვის კი უკვე არსებობს ქირურგიული, უხშირესად, ენდოსკოპიური მეთოდები, სადღეისოდ ძალიან იშვიათად შეიძლება საჭირო გახდეს განაკვეთი შარდკენჭოვანი დაავადების სამკურნალოდ.

– თანამედროვე მაღალტექნოლოგიური მეთოდებისა და საოცრად დახვეწილი აპარატურის არსებობისას, სადღეისოდ თუ ტარდება ღია წესით ოპერაციები კენჭების ელიმინაციისთვის, როდის ხდება ასეთი ჩარევები საჭირო?

– ღია წესით ოპერაციული მკურნალობა უხშირესად მაშინ ტარდება, როდესაც საჭიროა იმავდროულად საშარდე გზების ანომალიების კორეგირებაც.

– რა არის დისტანციური ლითოტრიფსია და რა უპირატესობა აქვს ამ მეთოდს მკუნალობის სხვა მეთოდებთან შედარებით? როგორც ცნობილია, ელექტრო-მაგნიტური იმპულსების გარდა, ლაზერიც წარმატებით გამოიყენება კენჭების დაშლა-დანაწევრებისათვის, შესაბამისად, რომელი სჯობს, ტრადიციული თუ ლაზერული ლითოტრიფსია?

– დისტანციური ლითოტრიპსია არის კენჭის დაფრაგმენტება ულტრაბგერითი ენერგიის კონცენტრირების საშუალებით 1მმ-იანი სიზუსტით. ეს მეთოდი, რა თქმა უნდა, ფართოდ გამოიყენება, რადგან არ საჭიროებს ანესთეზიას, არ არის მტკივნეული, არის ამბულატორიული მანიპულაცია, ანუ პაციენტი 40 წუთში მიდის სახლში, თუმცა, მასაც აქვს თავისი ჩვენებები, ის უფრო ხშირად გამოიყენება შარდსაწვეთის კენჭების სამკურნალოდ, უკუნაჩვენებია ორსულებისათვის და ისეთი მდგომარეობების დროს, როდესაც შეგუბებული შარდი უკვე დაინფიცირებულია, ასეთ დროს რეკომენდებულია ენდოსკოპიური მკურნალობა. სწორედ ენდოსკოპიურ ოპერაციებში უკვე კონტაქტურად ხდება კენჭის დაფრაგმენტება და ეს შესაძლოა მოხდეს პნევმატური ხელსაწყოებით, ელექტო-მაგნიტური და პიეზო-ელექტრული ან ლაზერის გამოყენებით. რაც დრო გადის, ლაზერული მეთოდიკა უფრო ფართოდ ინერგება უროლოგიაში, რადგან დახვეწილი ტექნიკა კომფორტულია ქირურგისთვის და ნაკლებ ზიანს აყენებს პაციენტს.

– მედიცინის განვითარების მაღალი ეტაპების მიუხედავად, ზოგი პაციენტი უარს აცხადებს მკურნალობის თანამედროვე კლასიკური მეთოდების გამოყენებაზე და კენჭების დაშლას არატრადიციული მეთოდებით, სხვადასხვა ნაყენითა და სითხეებით ცდილობს, რას გვეტყვით ამასთან დაკავშირებით, რამდენად რაციონალური და მიზანშეწონილია ეს გზა?

– ნაყენებით მკურნალობა მართლაც ფართოდაა გავრცელებული საქართველოში, ჯერჯერობით არ არსებობს კვლევა, რომელსაც დადასტურებული აქვს აღნიშნული მეთოდის შედეგიანობა. რა თქმა უნდა, რეკომენდაციას ამ კუთხით ვერ მივცემთ, თუმცა, ყველა ზემოთ აღნიშნული ნაყენი მიმართულია იმისკენ, რომ თირკმელმა გამოიმუშაოს ბევრი შარდი. ეს კი ხშირად ხელს უწყობს კენჭის გამოძევებას, თუმცა, არის ფატალურად დასრულებული შემთხვევებიც.

– რას გულისხმობს შარდკენჭოვანი დაავადების პრევენცია? რას ურჩევთ ამ კუთხით მკითხველს?

– შარდკენჭოვანი დაავადების ყველაზე კარგი პროფილაქტიკა – ეს არის 3 ლიტრამდე სითხის მიღება ზაფხულში, 2 ლიტრამდე – ზამთარში, თუ ამის უკუჩვენებები არ არსებობს.